21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

spot_img

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა და მხოლოდ ამის შემდეგ გვესაუბრა განხორციელებული აქტივობების შესახებ. გავითვალისწინებ მის რჩევას და მეც საბოლოო პროდუქტის შექმნით დავიწყებ, რათა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გავხადო გაზიარებული მასალა. პირველ რიგში, მოსწავლეების ნამუშევრებს დიდი რუდუნებით მოვათავსებ ელექტრონულ წიგნში – https://bookcreator.com/, სექტემბერში დავგეგმავ კონფერენციას თემაზე: „ზაფხულის არდადეგები“, სადაც მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციის შესაძლებლობა მიეცემათ . მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა, მიიღებენ უკუკავშირს როგორც თანაკლასელებისგან, ისე პედაგოგებისგან. გარდა ამისა, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ მოწველ სტუმრებს, იმავე სკოლის მოსწავლეებს.

ვიკითხოთ ერთად

მნიშვნელოვანია, რომ არდადეგებზე წასაკითხი წიგნების სწორად შერჩევა და წაკითხვა შევძლოთ და სარგებელი მივიღოთ. აუცილებელია თითოეული მოსწავლის ჩართვა კითხვის პროცესში, მრავალფეროვანი ტექსტებიდან ის ირჩევს სასურველს, საჭიროების შემთხვევაში, გავუზიაროთ შესაფერისი წიგნის ელექტრონული ვერსიაც. წაკითხული ტექსტის პრეზენტაციას გადაცემის სახე უნდა მივცეთ. მოსწავლემ წიგნის ემოცია ვიდეოს სახით უნდა წარმოადგინოს. ინტერვიუერად მოისაზრება დედ-მამა, ბებია-ბაბუა, და-ძმა, მეგობარი, რესპონდენტად კი – მოსწავლე. ზედაპირული კითხვის პროცესის თავიდან ასაცილებლად ორივე მხარე ითვალისწინებს მასწავლებლის რეკომენდაციებს.

რეკომენდაციები რესპონდენტისთვის:

ეცადე გაიაქტიურო ის ცოდნა, რაც გაგაჩნია და ხაზი გაუსვი იმ სიტყვებს, რომლის მნიშვნელობა შენთვის უცნობია. მოძებნე ლექსიკონში სიტყვის ზუსტი განმარტება;

მონიშნე და ამოიწერე სიტყვები, ფრაზები, მნიშვნელოვანი აზრების შემცველი წინადადებები. კითხვისას წინასწარ გამოთქვი შენი ვარაუდები, წაკითხვის შემდეგ კი დარწმუნდი და გაგვიზიარე, რამდენად გამართლდა შენი მოლოდინები;

გააცოცხლე შინაარსი ვიზუალურ ელემენტებად, ესკიზნოტირების (ვიზუალური ჩანაწერები) საშუალებით გადმოეცი ტექსტის შინაარსი თანმიმდევრობით;

ისაუბრე თავდაჯერებულად და ეცადე, მსმენელი შენ მიერ წაკითხული წიგნით დააინტერესო. იმისათვის, რომ შეძლო მათზე ზემოქმედება, აუხსენი, რით იყო გამორჩეული წიგნის შინაარსი, რა იპოვე ღირებული და რისთვის უნდა წაიკითხონ სხვებმაც ეს წიგნი? აღნიშნე მისი პრაქტიკული გამოყენების აუცილებლობა.

რეკომენდაციები ინტერვიუერისთვის:

მოიპოვე რესპონდენტის ნდობა, წარადგინე მაყურებლის წინაშე, მადლობა გადაუხადე ინტერვიუში მონაწილეობისთვის. მოუსმინე გულისყურით და აცადე ბოლომდე თქვას სათქმელი.

სთხოვე წიგნის წარდგენა, დაასახელოს ავტორი, ჰკითხეთ: რამდენად ესადაგება ტექსტის სათაური მისივე შინაარსს? რატომ მიგაჩნიათ შესაბამისი ფრაზა ან წინადადება ყველაზე მნიშვნელოვნად? რა მოხდებოდა, რომ…? შენ როგორ მოიქცეოდი გმირის ადგილას? რა შეგმატა ამ წიგნის კითხვამ? რაზე დაგაფიქრა? როგორ შეგცვალა?

დაემშვიდობეთ რესპონდენტს და მაყურებელს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეთ მძაფრი ემოციებისთვის და შთაბეჭდილებებისთვის.

ზოგჯერ, საბოლოო პროდუქტის მისაღებად, რეკომენდაციები საკმარისი არ არის, რადგან თვალის მიდევნება, მიმდინარე განმავითარებელი შეფასებების გაკეთება საზაფხულო დავალებების შესრულების პროცესში ვერ ხერხდება. ამიტომ გადავწყვიტე, მე ვიყო მოდელი ჩემი მოსწავლეებისთვის და გავიარო იგივე გზა, რასაც მათგან მოველი. ლინდა მალალი ჰანთის წიგნის „თევზი ხეზე“ ემოციას გადავცემ ჩემს მოსწავლეებს და ვამოგზაურებ პატარა გოგონას, ელის სამყაროში, გავუმხელ წარმატების საიდუმლოს. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან დათვური სამსახური, ვინაიდან მოსწავლეებს სხვადასხვა ტექსტებზე მოუწევთ მუშაობა.

პატარა მებოსტნეები

ამ აქტივობის მოფიქრება არ გამჭირვებია, რადგან ვარ არა მარტო მასწავლებელი, არამედ მებოსტნეობის სპეციალობაზე პროგრამის ხელმძღვანელიც.

მოსწავლეებს საშუალება უნდა მივცეთ, ადრეული ასაკიდან იყვნენ თვითდასაქმებულნი და მართავდნენ საკუთარ “მეურნეობას“.

მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, შემოუღობეთ სულ პატარა ზომის მიწის ნაკვეთი ბავშვებს, რომელსაც დაარქმევთ ნიას , ლუკას , მარიამის ან რატის ბოსტანს. ვისაც სოფელი არ აქვს ამ შემთხვევაში მიწის ნაკვთი შეიძლება ჩაანაცვლოს ქოთნის მცენარეებმაც.

    

გაფხვიერებულ და გამზადებულ ნიადაგზე ისინი დარგავენ პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის ან ნებისმიერი ბოსტნეულის ჩითილებს, მასივების სახით, რომელიც მათემატიკის გაკვეთილიდან კარგად ახსოვთ. დააკვირდებიან მცენარის ზრდა-განვითარებას და აღრიცხვებს აწარმოებენ დღიურში. მათ ევალებათ ნიადაგის გაფხვიერება, მიწის შემოყრა, სარეველა ბალახების მოსპობა, გამოკვება, მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა აგროტექნიკური მეთოდებით, მაგ: მცენარეებისთვის ცოცხალი ხოჭოების ხელით მოცილება, ქილაში შეგროვება და სხვ.

მოსწავლის საქმიანობას მეთვალყურე და მეწყვილე სჭირდება. როდესაც ნაყოფს მოისხამს, საკუთარ ნაშრომს დიდი სიხარულით დაითვლის და მიღებულ შედეგებს სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით წარმოადგენს. მონაცემთა ჯგუფში შეიტანს შემდეგ მონაცემებს: ცრუ ყვავილების რაოდენობა, დაზიანებული, დაავადებული ნაყოფი, ჯანსაღი ნაყოფი.

კეთებით სწავლება საშუალებას მისცემს, ზუსტი ინსტრუქციების, ექსპერიმენტების საფუძველზე, მოიპოვოს სასურველი ინფორმაცია, აზრიანი პრაქტიკის მაგალითზე შეაფასოს საკუთარი წარმატება. საგანთა შორის ინტეგრირებაც ამაღლებს მიღებული პროდუქტის ხარისხს. მონაცემთა ანალიზის მიხედვით აგებულ დიაგრამებს მოსწავლეები სკოლაში მოსვლისთანავე წარმოადგენენ, ნებისმიერი ფორმატით (მატერიალურად , ელექტრონულად). მიიღებენ ეფექტურ უკუკავშირს და პატარა მებოსტნის სერტიფიკატს.

ერთი ფოტოს ისტორია

დავალება „აამეტყველე ფოტო” სახალისო და შემოქმედებითია. განწყობა ესადაგება სოციალურ-კულტურულ წიგნიერებას. მოსწავლეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ როგორც რესურსის შექმნასთან, ისე ფოტოების არჩევასთან დაკავშირებით. თუ ბავშვი დამოუკიდებლად, სასწავლო ვიდეოს დახმარებით, ვერ შეძლებს რესურსის შექმნას, შეუძლია დაძველებულ თაბახის ფურცელზე დააწებოს ფოტოს ასლი და დაურთოს ტექსტი. მისი სურვილის შესაბამისად ხდება ფოტოების შერჩევაც: ა) ირჩევს ერთ ძველ ფოტოს საოჯახო ალბომიდან; ბ) თვითონ იღებს ერთ ან რამდენიმე შინაარსიან ფოტოს. საბოლოო პროდუქტის შექმნა ხდება მეტად საინტერესო, ციფრული პროგრამის დახმარებით. ვირჩევთ შექმნას სპეციალური ღილაკის საშუალებით, ვტვირთავთ ფოტოს ან რამდენიმე ფოტოს თანმიმდევრობით და ვამატებთ ხმის ჩანაწერს, შესაძლებელია ჩანაწერი ორ ენაზე გაკეთდეს.

https://www.fotobabble.com/app/#/fotobabble/search/nc

მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელია ძალიან მარტივად, Microsoft Office 365-ის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

რეკომენდაციები:

⇒ ყურადღებით დააკვირდი ფოტოს/ფოტოებს. მოიფიქრე ამბავი და სურათის მიხედვით შეადგინე ნაცნობი, სახალისო ,ემოციებით დატვირთული ტექსტი;

⇒ საინტერესოდ გადმოეცი აზრები, ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქვი მთავარი აზრი, გამოკვეთე შესაბამისი დეტალები;

⇒ დაიცავი ტექსტის სტრუქტურა, დაწერე დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული;

⇒ შეარჩიე შესაფერისი სიტყვები, დაიცავი გრამატიკული წესები, სწორად დასვი სასვენი ნიშნები.

დასრულებულ დავალებას მოსწავლეები ლინკის საშუალებით გამიზიარებენ.

დრონის თვალით დანახული გზავნილი მონატრებული მეგობრებისთვის

შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა საყვარელმა მესამეკლასელებმა, თვალდახუჭული და ხელჩაკიდებული გამიყვანეს სკოლის ეზოში, სადაც საოცარი სიურპრიზი მელოდა. თვალები გავახილე და სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა – ბუნების საოცრებებით, პატარა ხელებით შექმნეს ეს სილამაზე. ჩვენ მას სიყვარულის გზავნილი დავარქვით. ახლა კი მინდა, რომ მონატრების გზავნილი თითოეულმა მოსწავლემ შექმნას.

სადაც არ უნდა იყოს ბავშვი, ზღვაზე, მთაში თუ ბარში, ყველგან შეძლებს დავალების შესრულებას. რესურსებად გამოიყენებს ქვიშას, ქვებს, ნიჟარებს, გირჩებს, გამხმარ წიწვებს, ყვავილებს, სოკოებს და სხვა. ააწყობს ჯადოსნურ სიტყვებს და მონატრების და სიყვარულის გზავნილს ასახავს ფირზე.

თეა ალიმბარაშვილი – სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა დაწყებითი-I-IV წამყვანი მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები