ერთი არაჩვეულებრივი გოგონა, 16 წლის თამარ ყიფიანი მინდა გაგაცნოთ, თვითნასწავლი მხატვარი ძამას ხეობიდან. მისი პორტრეტები, რომლებიც უსაზღვრო ემოციას გადმოსცემენ, სიჩუმით მეტყველებენ. თამარი ემოციების მხატვარია, მისი პირველი პორტრეტის შთაგონება დედის სახე იყო. პირველად სახლის კედლებზე ხატავდა. ყირამალა ადამიანები, ცარცისფერ კედლებზე, მის ბავშვურ ემოციას გადმოგვცემენ. თამარი სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ახლა მისი ერთადერთი მიზანი არჩეული პროფესიის მალე დაუფლებაა.
⇒ დავიბადე სოფელ ზღუდერში. ჩემი სოფელი, პატარაობიდან, უზომოდ მიყვარს. ხუთი წლისამ უარი განვაცხადე ქარელში საცხოვრებლად გადასვლაზე და ამავე ასაკში გავხდი ზღუდერის საჯარო სკოლის პირველკლასელი. დედა პედაგოგია, მამა — იურისტი. რადგან მუსიკა ძალიან მიყვარდა, ექვსი წლის ასაკში ქარელის მუსიკალური სკოლის მოსწავლე გავხდი, ფორტეპიანოს განხრით. მუსიკალური სკოლა უმაღლეს ქულებზე დავამთავრე, ასევე წარჩინებით დავასრულე ცხრა კლასი და საჩუქრად კომპიუტერი გადმომეცა. თოთხმეტი წლის ასაკში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც ქარელობაზე მომიწყო კულტურის სახლმა. ვმონაწილეობდი კონკურსში „გაყინული ემოცია“, სადაც პირველი ადგილი მოვიპოვე და მეორე დღესვე გაიმართა ჩემი პერსონალური გამოფენა თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. მიყვარს წერა. ვარ დამწყები პროზაიკოსი, ჩემი ნოველა დაიბეჭდა პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ მიერ გამოცემულ წიგნში. შემდეგ წელს, ამავე კონკურსში ხატვის განხრით ვმონაწილეობდი და ჩემი ნამუშევარი სამაგიდო კალენდრის ყდაზე დაიბეჭდა.
♦ თამარ, გვიამბე შენს სოფელზე, ყოველდღიურ პრობლემებსა და საჭიროებებზე, დისტანციურ სწავლებასა და იმ რეალობაზე, რომელშიც პანდემიის გამო აღმოჩნდით…
⇒ ჩემი სოფელი ძალიან მოწყენილია, რადგან აქ ისეთი ფუსფუსი აღარ არის, როგორიც ადრე იყო… მაგრამ, ზაფხულობით ზღუდერი, ყურადღებისგან გათამამებული, მაინც ახერხებს სიცარიელის შევსებას. ბალახისფრად აყვავებული, მაღალ, ცისფერ მთებში ჩაკარგული სოფელი, გაჟღენთილია ბუნების მუსიკის ჰანგებით და ყოველი მხრიდან მოდის ხმაურის ექო… ძამას წმინდა ხეობის სანახავად, ადამიანები სხვადასხვა მხრიდან მოდიან, სასულიერო პირები ტაო-კლარჯეთსაც ადარებენ. სოფელი დასასვენებლად ყველაზე კომფორტული ადგილია, რადგან აქ, ქალაქის ხმაურიან ცხოვრებას მოსწყდება თუ არა ადამიანი, რელაქსაციის პერიოდში, ყველანაირი კომფორტი ექმნება. სოფელი ტურისტულად პერსპექტიულ ადგილასაა გაშენებული. გასულ წელს, ზღუდერი ერთ-ერთი ახალგაზრდული ბანაკის ლოკაცია იყო. მსგავსი პროექტები ეხმარება როგორც სოფლის განვითარებას, ასევე ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას.
სამწუხაროდ, სოფელი დაცლის პირასაა. აქ დარჩენილ ახალგაზრდებს არ აქვთ მრავალფეროვნების ფუფუნება და მოტივაცია. ვფიქრობ, ბავშვები არ უნდა დაისაჯონ მხოლოდ იმიტომ, რომ სოფელში დაიბადნენ. სკოლაც მოწყენილია, დაიცალა… აღარ ისმის პირველკლასელების ლაღი კისკისი… წარმოიდგინეთ, კლასში ერთი მერხია, ერთი სკამი და ერთი პატარა ჩანთა, დერეფნებში კი „უხმაურო სიმშვიდე“ დაეხეტება, მოსწავლეების მაგივრად. მაგრამ მაინც ძალიან გამიმართლა, აქ რომ ვისწავლე… აქ მასწავლებლები არაფრისგან ქმნიან მთელ სამყაროს, რომელშიც ხელჩაკიდებულები, ჩვენთან ერთად, მოგზაურობენ…
დისტანციური სწავლების მეთოდი, ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, კარგი გამოსავალია, მაგრამ ზღუდერის საჯარო სკოლის რეალობასთან აცდენილია, რადგან სოფელში საკაბელო ინტერნეტი არ არის. ძალიან რთულია და წარმოუდგენელი, ინტერნეტის გარეშე, იმუშაო დისტანციურად. რა თქმა უნდა, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, თითქოს ჩემი სამყარო ერთ პატარა ეკრანშია მოქცეული. გაკვეთილის აღქმაც რთულია, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ერთადერთი გამოსავალია. სოფელში საკაბელო ინტერნეტი აუცილებელია, რათა ბავშვებმა დისტანციური გაკვეთილებით შეძლონ განათლების მიღება.
♦ რა ასაკიდან დაიწყე ხატვა?
⇒ ჩემი თავი არ მახსოვს ფურცლის ან ფანქრის გარეშე, გონებაში აღბეჭდილი პირველი მოგონებაც თეთრ კედლებზე დახატული ადამიანები იყო. როცა რამე მწყინდა, თავდაყირა ადამიანებს ვხატავდი, ცარცისფერი კედელი იყო ჩემი თავშესაფარი. დაახლოებით სამი წლის ვიყავი, ფანქარი პირველად რომ დავიჭირე ხელში…
♦ ვინ ან რა იყო შენი პირველი ნახატის შთაგონების წყარო?
⇒ გაუცნობიერებლად, ყოველთვის, ადამიანებს ვხატავდი, ყველა დედაჩემს ჰგავდა… პირველი პორტრეტის შთაგონებაც დედა იყო.
♦ ვინ არიან შენი ნამუშევრების პროტოტიპები — რეალური ადამიანები თუ გამოგონილი პერსონაჟები?
⇒ ჩემი ინსპირაციის წყარო ადამიანის სახეა, სავსე ემოციით და ღრმა გამოხედვით. მე ვხატავ ადამიანის სახეებს, რომლებიც სიჩუმით მეტყველებენ, ხშირად ვხატავ ავტოპორტრეტებს, ამით თითქოს საკუთარი სამყაროს იდუმალი პერსონაჟი ვხდები…
♦ შენ მიერ წაკითხული წიგნის ლიტერატურული პერსონაჟი თუ დაგიხატავს?
⇒ დიახ, ჩემთვის, წიგნებს შორის, ფავორიტი „ოსტატი და მარგარიტაა“, კითხვის პროცესში საკმაოდ გამიტაცა მისტიურმა სამყარომ და ვოლანდის პერსონაჟმა. სწორედ ბულგაკოვის კითხვის პარალელურად, დავიწყე ადამიანების ხატვა სხვადასხვა ფერის თვალებით.
♦ ნამუშევრებში დიდ ემოციას დებ, ძირითადად, ადამიანის სევდას ხატავ. პერსონაჟების უმეტესობა დარდს და ტკივილს გადმოგვცემს… როგორია შენი, როგორც „ემოციების მხატვრის“ თვალით დანახული თანამედროვე ადამიანი, დღევანდელი რეალობა?
⇒ თანამედროვე რეალობა საკმაოდ ცივია. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, სხვა საუკუნეში დავბადებულიყავი, არ მომწონს ვირტუალური ურთიერთობები. ჩვენ, ძირითადად, ემოციურად დაცარიელებულები და დათრგუნულები ვართ. ხშირად, ნეგატივით ვიკვებებით. მართალი ხართ, ძირითადად, სევდას ვხატავ, იმას, რაც ჩემს სულს თან ახლავს და იმას, რასაც სხვის „სულში ხეტიალის“ დროს ვპოულობ.
♦ როგორ იბადება იდეა ახალი ნამუშევრის შესაქმნელად? საინტერესოა, იმ მომენტში, როგორია შენი განწყობა. ხატავ მაშინ, როცა ხარ აღელვებული, მხიარული, ბედნიერი, სევდიანი თუ…
⇒ არასოდეს დამიხატავს ბედნიერების დროს… სულიერი ფორიაქი, აღელვება იწვევს ჩემს ქვეცნობიერს დასახატად, ჩემთვის ძლიერი მუხტი ტრაგედიას მოაქვს. ტრაგედია აიძულებს ადამიანს, გახდეს უფრო ღრმა და იდუმალი…
ჩემი ნახატების ნახვისას დამთვალიერებელი თითქმის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ისინი სავსეა ემოციებით და ეს ემოციები გულწრფელია. იმასაც ამბობენ, რომ ნახატი ცოცხალია, შეეხები და თითქოს ისიც გრძნობს ამ შეხებას…
♦ რამდენ ნამუშევარს ითვლის შენი კოლექცია და რომელია შენთვის განსაკუთრებული?
⇒ ყველას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. თითოეული მათგანი ჩემი არსების ნაწილია. 14 წლისას უკვე 70-ზე მეტი ნამუშევარი მქონდა.
♦ რომელია შენთვის გამორჩეული ფერი?
⇒ ძირითადად, ფანქარში და გრაფიტში ვხატავ, ასევე, ვიყენებ გუაშს. იღბლიანი ვარ, რადგან ჩემს საყვარელ ფერში მთელი სამყაროა გახვეული, ბარათაშვილივით მეც ამ ფერში ვარ შეყვარებული: „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს…“
♦ რაზე ოცნებობ?
⇒ ჩემი ოცნება მრავალნაირია. ოცნებაში შექმნილი მაქვს საოცარი პლანეტა, რომელიც არარეალური და ჯადოსნურია. ოცნება ხომ ის გამონაკლისია, სადაც შეუზღუდავები ვართ წარმოსახვით სამყაროში… რეალობაში კი, ჩემი ოცნებაა, არასოდეს ვიყო სუსტი და უსუსური.
♦ ალბათ პროფესიაც არჩეული გაქვს…
⇒ პროფესიით ფსიქოლოგი მინდა გავხდე, რადგან მიყვარს ადამიანებისთვის რჩევების მიცემა. არ მღლის მათთან საუბარი, მათი მოსმენა. შემიძლია, უსიტყვოდ გამოვიცნო მათი ფიქრები… ყოველთვის მინდა დავეხმარო ადამიანებს და ვიყო მათი მხარდამჭერი.
♦ ფოტოგრაფიით ხარ გატაცებული, ყველაზე ხშირად რა ხვდება შენს ფოტოობიექტივში?
⇒ მიყვარს ესთეტიკა, ამიტომ, ხშირად, ლამაზ და სასიამოვნო დეტალებს ვიღებ. მომწონს პეიზაჟები. ჩემს ობიექტივში ხშირად ძაღლები პოზიორობენ.
♦ ამჟამად რაზე მუშაობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
⇒ ამჟამად ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები, ახლა ჩემი მიზანი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაა. ძალიან მინდა, სასურველ პროფესიას, რაც შეიძლება მალე, დავეუფლო.
♦ დაბოლოს, რა შეკითხვას დაუსვამ საკუთარ თავს?
⇒ და მაინც, ვინ ვარ მე?