სოფიო ბერიანიძე
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
2017 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. იმავე წელს მივიღე მონაწილეობა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და 4 წელი ვიმუშავე დამხმარე მასწავლებლად. 2021 წლის ოქტომბერში კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში გამგზავნეს კონსულტანტ-მასწავლებლად.
„არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2017 წელს, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში წავედი. კარგად მახსოვს პირველი დღე ამ სოფელში. ბიძაშვილმა წამიყვანა, პირველი, რამაც გამაოცა, ის იყო, რომ თურმე სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა და ასე დავდექი ჭაპალასთან. დღემდე ეს ადგილი ჩემთვის ლოდინთან და ვინმე ღვთისნიერის გამოჩენასთან ასოცირდება. ზოგჯერ ვხუმრობ კიდეც ხოლმე, ვინც ჭაპალასთან არ მდგარა, არ იცის რა არის იმედი. შუადღით მივედი მასპინძელ ოჯახში და, ტრადიციულად, უშაქრო ჩაით გამიმასპინძლდნენ (თაფლივით ტკბილ ჩაის ვსვამდი მანამდე). რა თქმა უნდა, ერთი სიტყვა არ ვიცოდი აზერბაიჯანულად და იმ დღიდან მივხვდი რა იყო ხელებით, ფეხებით ლაპარაკი. ნელ-ნელა უშაქრო ჩაისაც შევეგუე, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლასაც იმ იმედით, რომ ვინმე შემხვდებოდა და გადასახვევამდე მიმიყვანდა. მაგრამ, წვიმაში წასვლა პრობლემა იყო. მანქანას დავასველებდი, ასე რომ, წვიმა არ მიყვარს. ოჯახმა კარგად მიმიღო.
22 წლის ვიყავი, როცა პირველად შევედი კლასში. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა ვინ ვიყავი,რატომ ჩავედი მათთან. ყველა სათითაოდ მოდიოდა და მელაპარაკებოდა. მალე დავმეგობრდით. ბევრისთვის სტიმულის მიმცემი აღმოვჩნდი. დაფიქრდნენ იმაზე, რომ შეიძლება ისწავლო, მიიღო განათლება და დასაქმდე შენი პროფესიით. 4 წელი გავატარე ტალავერში და ამ დროის განმავლობაში, ყოველ წელს, ბავშვები წარმატებით აბარებდნენ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტებზე. კლასში ოფიციალური და ტრადიციული გაკვეთილები არ მქონია. მაქსიმალურად ვარგებდი გაკვეთილის თემებს მათ ინტერესებს. კინოკლუბი, მკითხველთა კლუბი და დამატებითი მეცადინეობები ახალგადმოსული ბავშვებისთვის უფრო საინტერესოს ხდიდა ჩვენს ურთიერთობას.
საინტერესოა, რომ მაღალ კლასებში შესვლის შემდეგ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება საგრძნობლად გაუმჯობესდა. სულ 4-5 წელი იყო ჩვენ შორის სხვაობა და ამიტომ უფრო მეგობრად მიმიღეს, ვიდრე მასწავლებლად. ნელ-ნელა მათ კულტურას გავეცანი და ყველა მათ ტრადიციაში ვიღებდი მონაწილეობას. ნებისმიერ სამზადისში ვერთვებოდი და ასე უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.
სამწუხაროა, მაგრამ ზოგს იმის განცდაც არ ჰქონდა, რომ საქართველოში ცხოვრობდა. ამიტომ ვცდილობდი, მათთვის არა მხოლოდ ენა, არამედ კულტურათა ურთიერთობებიც მესწავლებინა. ამისათვის ხშირად ვაწყობდით საინფორმაციო შეხვედრებს, ვეცნობოდით ერთმანეთის ტრადიციებს. ნებისმიერი მოსწავლისთვის მე მხოლოდ მათი მასწავლებელი კი არა, მეგობარიც ვარ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე მესაუბრონ და დავეხმარო პრობლემის გადაჭრაში. ის, რომ ბავშვებს ქართულის გაკვეთილზე შემოსვლა უხარიათ, ვთვლი, რომ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
2021 წლის ოქტომბერში გავხდი კონსულტანტ-მასწავლებელი დმანისის რაიონის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში. ეს ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ რუკაზე მოვძებნე სოფელი და ბევრი ფიქრის გარეშე გადავედი დმანისში, ახალ გარემოში, ახალ სკოლაში. ყველაფრის ახლიდან გავლა მომიწია. რა თქმა უნდა, ძველ სოფელს მიჩვეული ვიყავი. მყავდა იდეალური მასპინძელი ოჯახი, დღემდე ვსტუმრობ მათ. დმანისშიც გამიმართლა ოჯახშიც, გარემოშიც, ბავშვებშიც. რიგით მესამე ოჯახში ვარ ახლა. სულ ვამბობ, ოჯახებში მიმართლებს და ჩემს ქორწილში ბევრი აზერბაიჯანელი იქნება.
კონსულტანტ-მასწავლებლობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა და ვგრძნობ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებელთა მხრიდანაც, რადგან მათ ვუტარებთ სახელმწიფო ენის კურსს, რაც მათი პროფესიული ზრდისთვისაა აუცილებელი.
მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია, თუმცა ვფიქრობ, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.