25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ვისწავლოთ ვირუსთან ერთად გონივრულად და სიფრთხილით თანაცხოვრება

spot_img

 

ილია ყიფშიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელია, მამა ამავე სკოლის დირექტორია, დედა – მასწავლებელი. ამბობს, რომ ეს მისთვის პრივილეგია არასოდეს ყოფილა, პირიქით, მასწავლებლის შვილობა ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენდა მის წარმატებაზე: „ოჯახისგან მაქვს დაწესებული მორალური ბარიერი, მეკუთვნის თუ არა, ყოველთვის, პირველ რიგში, გზა სხვას უნდა დავუთმო. ვფიქრობ, სამოქალაქო კლუბის ლიდერიც ვერ გავხდებოდი, რომ არა ის დემოკრატიულობის და თანასწორობის პრინციპი, რაც პროგრამა „მომავლის თაობას“ მოჰყვა. მეათე კლასში ვიყავი, როცა ეს პროგრამა ჩვენს სკოლაში შემოვიდა და ფარული კენჭისყრით ამირჩიეს მოსწავლეებმა. პროგრამამ „მომავლის თაობა“ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა სასკოლო ცხოვრებაში, გაგვააქტიურა მოსწავლეები, მოგვცა ჩვენი ყველა იდეის განხორციელების შესაძლებლობა და უნარი, რათა გვემუშავა სკოლისგან დამოუკიდებლად, თუმცა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით. მოკლედ რომ ვთქვათ, „მომავლის თაობა“ სამოქალაქო საზოგადოების ფართომასშტაბიანი განვითარების პროგრამაა და ძალიან პატივსაცემია ყველა ის ადამიანი, ვისაც მის შექმნაში წვლილი მიუძღვის – პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენი განსაკუთრებული ენერგიის წყარო კი თეა შელიაა, პროგრამის კოორდინატორი იმერეთში, რომელიც მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს და გადამდები ენთუზიაზმით მუშაობს“.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც მოსახლეობას მეტ ინფორმაციას მიაწოდებს. ცენტრის მესვეურებს მიაჩნიათ, საგანგებო ვითარების პირობებში, დისტანციური კონფერენციები ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ფორმაა ინფორმაციის დიდ აუდიტორიაზე გასავრცელებლად. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, „ტელესკოლის“ პარალელურად, „მომავლის თაობის“ ფეისბუქგვერდზე, აქტიურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ვებინარები, ვიდეოკონკურსები, ონლაინ კონფერენციები თემებზე: „ოჯახური კონფლიქტები, გაღიზიანებადობა და ინტერესთა სხვადასხვაობა“; „არასრულწლოვნებზე თამბაქოსა და ალკოჰოლის მიყიდვა – არსებული კანონები“; „სახალხო დამცველის მანდატი და შესაძლებლობები“ და მრავალი სხვა.

პროგრამა „მომავლის თაობის“ მცირე  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის სამოქალაქო კლუბ „ვექტორის“ წევრების ინიციატივით შექმნილ Facebookგვერდზე – „სამოქალაქო მედია“, ვექტორელები სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ.  მათი მიზანია, საინფორმაციო ვიდეორგოლებით, სიუჟეტებითა და ონლაინტრენინგებით, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება სამოქალაქო განათლების თემებზე. როგორც ილიამ გვითხრა, თავდაპირველად, სოფლის მოსახლეობა, სამოქალაქო კლუბის საქმიანობის მიმართ, ნიჰილისტურად იყო განწყობილი. მათ მიაჩნდათ, რომ მოსწავლეებს არ შეეძლოთ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება.

მათი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც დაინახეს ჩვენ მიერ განხორციელებული სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების შედეგები, რომელიც თემის მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა. პროგრამამომავლის თაობახელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, გვასწავლის ორგანიზებულ მუშაობას დემოკრატიულ გარემოში, გარკვეული პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რასაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს მოქალაქეობრივად აქტიური თაობის ჩამოყალიბებაში – ამბობს ილია.

ერთ-ერთი ასეთი შემეცნებითი და ინფორმაციული აქტივობა იყო ონლაინ კონფერენცია კორონავირუსის შესახებ, რომელიც სწორედ ილიას ინიციატივით ჩატარდა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძესთან ერთად. ილია სპიკერს ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა და ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვა. ამბობს, რომ მისი მიზანი კომპეტენტური პირის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი, გაეროს ცენტრალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (EWEC) წევრი;  შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი; ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების წევრი

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი, კარგა ხანია, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ყველგან საუბრის მთავარი თემაა, ჩვენ ,ჯერ კიდევ, მის შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობთ. ინფორმაციის მატების პარალელურად, შეკითხვებიც მრავლდება. მედიისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით მუდმივად გვესმის სიახლეები ვირუსის შესახებ, თუმცა მაინც გვიჩნდება გარკვეული შეკითხვები და რჩება ბუნდოვანებები, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებთ, რადგან არ გვაქვს უშუალო კონტაქტი კომპეტენტურ პირებთან. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, მსმენელისთვის ისეთი ფორმატი შემეთავაზებინა, სადაც,  ყოველგვარი შუამავლების გარეშე, თავად შეძლებდნენ სტუმრისთვის კითხვების დასმას და ამომწურავი პასუხების მიღებას. ბატონი გიორგი ხშირად მინახავს  ტელევიზიით და მისმა საინტერესო საუბარმა მაფიქრებინა, რომ უძლიერესი პროფესიონალია ჯანდაცვის სფეროში. ჩავთვალე, რომ ბატონი გიორგი საუკეთესო სპიკერი იქნებოდა ამ ლაივ ჩართვისთვის. პროფესიონალიზმის გარდა, კეთილშობილი ადამიანია,  ყოველთვის მხარს უჭერს საინტერესო ინიციატივებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ ინიცირებულს.“ – გვიამბობს ილია.

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სპიკერთან საუბარი, გეგმის მიხედვით, 40 წუთი უნდა გაგრძელებულიყო, მსმენელს ბევრი კითხვის დასმა მოუწია და სპიკერმაც არც ერთი შეკითხვა არ დატოვა უპასუხოდ, ჩართვა ორ საათს გაგრძელდა.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა საკითხს შეეხო. მსმენელს – მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს გააცნო, თუ რა უნდა იცოდნენ უცნობი ვირუსის შესახებ; რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ; როგორია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვალიფიციური რეკომენდაციები და ა.შ. „ვექტორელების“ შეფასებით, მათ ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მოისმინეს, რამაც მნიშვნელოვნად აამაღლა მსმენელთა ცნობიერების დონე მსოფლიოს მთავარი გამოწვევის – კორონავირუსის შესახებ.

„ბატონმა გიორგიმ, პირველ რიგში, გაგვაცნო, თუ რასთან გვაქვს საქმე. გვესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, სხვადასხვა ქვეყნების მიერ ვირუსთან საბრძოლველად არჩეულ განსხვავებულ სტრატეგიებზე, ქართულ მიდგომასა და ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე. ასევე გვითხრა, რომ, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ლაბორატორია მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, თუმცა ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, დაახლოებით, 18 თვე დასჭირდება. მისი ვარაუდით, ვაქცინაზე ადრე შეიქმნება წამალი, თუმცა, ბუნებრივია, მას ისეთივე ეფექტი ვერ ექნება, როგორიც ვაქცინას. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ოქტომბერში უნდა ველოდოთ ვირუსის განმეორებით ტალღას, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე დღეს არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, არ ჩავვარდეთ პანიკაში და ვისწავლოთ ვირუსთან ერთად გონივრულად და სიფრთხილით თანაცხოვრება. ასევე, მოგვცა საინტერესო რჩევები ორგანიზმის გასაძლიერებლად იმ შემთხვევისთვის თუ, სამწუხაროდ, ვირუსი შეგვხვდება, ჩვენი ორგანიზმი მას სათანადოდ მომზადებული რომ დახვდეს. გვირჩია, ყოველდღიურად მივიღოთ ბოსტნეული და ხილი: ვაშლი, კივი, ფორთოხალი და ა.შ. აგრეთვე, მნიშვნელოვანია მოზარდებში ძილის ნორმალური რეჟიმისა და, არსებული სტრესული სიტუაციის მიუხედავად, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.

ყოველთვის ვცდილობ, დავაკვირდე საზოგადოების ინტერესებს და შევთავაზო ინიციატივები იმ თემებზე, რომლებიც მათი ყურადღების ცენტრშია. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბატონ გიორგისთან, ახლო მომავალში კიდევ ვგეგმავთ მის ჩართვას ძალიან საინტერესო თემებზე და გვექნება სხვა მნიშვნელოვანი ლაივ ჩართვებიც, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. მთავარია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გვადევნოს თვალი ჩვენს ფეისბუქგვერდზე – „სამოქალაქო მედია“.

ილია, დისტანციური სწავლების მიმდინარეობაზე და იმ პრობლემებზეც გვესაუბრა, რომელსაც, თანატოლებთან ერთად, სწავლების პროცესში აწყდება. ამ „მოულოდნელად მოვარდნილ მეწყერს“, როგორც თავად უწოდებს, განათლების სისტემა ეფექტურად გაუმკლავდა: „მათ, ვისაც Wi-Fi  აქვთ, რა თქმა უნდა, ხარისხიანად და შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა პაკეტების შეძენა უწევთ, რომელთა გარკვეული ნაწილი, მართალია, იაფია, თუმცა, შესაბამისად, დაბალი ხარისხისაა, რაც იწვევს მთავარ პრობლემას – ონლაინ კავშირის ხარვეზით მოწოდებას. დასაწყისში ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემაც იყო, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელთაც რამდენიმე მოსწავლე ჰყავთ და მხოლოდ ერთი დამაკავშირებელი მოწყობილობა. თუმცა, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, ვფიქრობ, განათლების სამინისტრომ მაინც შეძლო ამ „მოულოდნელად მოვარდნილ მეწყერთან“ საკმაოდ ეფექტურად გამკლავება და მასწავლებლებმაც მალევე აუღეს ალღო განსხვავებულ ფორმატს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სასკოლო პროცესს ავსებს და ეხმარება „ტელესკოლის“ გაკვეთილებიც. ასე რომ, ნამდვილად დასაფასებელია მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მთლიანად სამინისტროს შრომა. ვფიქრობ, გონივრულია, აკადემიური წლის გამოცხადებაც დღის წესრიგში რომ აღარ დგას. თანატოლებს მინდა ვურჩიო, მიუხედავად კორონავირუსისა, იყვნენ კიდევ უფრო დიდი შემართებით, გაცილებით უფრო აქტიურები, მოვძებნოთ ისეთი ინიციატივები, რომლისთვისაც შეიძლება უკეთესი და მეტად მოსახერხებელიც კი იყოს ონლაინ რეჟიმი. მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენადაც შევძლებთ, არათუ დავმორჩილდეთ შექმნილ სიტუაციას, არამედ მაქსიმალურად ვეცადოთ მისი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება.

ჩვენი მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მოვძებნოთ მხარდამჭერები და პარტნიორები. ხშირად, შეიძლება, თანამშრომლობაზე უარიც მიიღოთ და დიდი იმედგაცრუებაც იგრძნოთ, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელია. მთავარია, არ დანებდეთ და მუდამ გახსოვდეთ, უინსტონ ჩერჩილის გენიალური სიტყვები: „წარმატება დასასრული არ არის, მარცხი სიკვდილი არ არის, მთავარი მხოლოდ გაგრძელების გამბედაობაა“.

მოამზადა მაკა ყიფიანმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები