19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვინც ქიმია იცის, ის სამყაროს უფრო რეალისტურად აღიქვამს – ინტერვიუ ელიზბარ ელიზბარაშვილთან

spot_img

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა  IChO-2021  2 აგვისტოს საზეიმო ცერემონიალით დაიხურა. ამ განწყობას საქართველოს ნაკრების საკმაოდ წარმატებული ასპარეზობა კიდევ უფრო საზეიმოს ხდიდა – ჩვენმა მოსწავლეებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ქიმიის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადის – IChO-2021 ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ: 

➡🟥 ქეთევან პერანიძე – IChO-ს დებიუტანტი, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე (მე-10 კლასი), რომელმაც მედლის მოპოვება შეძლო. მან თავი ორგანული ქიმიის ურთულეს საკითხებს გაართვა. ბოლო წლების ქიმიის ოლიმპიადებიდან წლევანდელი ამოცანები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.

➡🟥 ნინო აბესაძე – საქართველოს ქიმიის ნაკრების ისტორიაში პირველი მონაწილე, რომელმაც სამ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და ბოლოს მაინც მედლით დაამთავრა ასპარეზობა.

➡🟥 იოანე კაპანაძე – ჩვენი ნაკრების ისტორიაში პირველი მონაწილე, რომელმაც მეცადინეობის ყველაზე მოკლე პერიოდში შეძლო IChO-ს მედალოსანი გამხდარიყო.

➡🟥 ნაკრების მეოთხე წევრი მეათეკლასელი ლიზი დარჩიაა, რომელსაც ორი თვის წინ ჩატარებული მენდელეევის ოლიმპიადის შედეგებიდან (5%) ძალიან დიდი წინსვლა აქვს (28%), ეს კი, მომავალი ოლიმპიადისთვის, კარგი პერსპექტივის იმედს აჩენს.

ამჯერად ოლიმპიადის შესახებ ამ მცირე ინფორმაციით არ შემოვიფარგლები და ჩვენი მკითხველი, ამ საქმის სულისჩამდგმელსა და გუნდის ლიდერთან, ელიზბარ ელიზბარაშვილთან ინტერვიუდან, ბევრ უცნობ და მნიშვნელოვან დეტალს შეიტყობს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ისტორიიდან, მათ შორის იმასაც, თუ როგორ აღმოჩნდა, სულ რაღაც, სამწლიანი ოლიმპიური ისტორიის მქონე ქვეყანა მასშტაბური ოლიმპიადის მასპინძელი. რესპონდენტთან, ოლიმპიადის გარდა, სკოლაში ქიმიის სწავლების პროლემებზეც ვისაუბრებ და ცოტა იმ „ქიმიურ რე-აქციებზეც“, რომელიც ასე გვეხმარება სამყაროს შეცნობაში. ელიზბარ ელიზბარაშვილის პროზაული ქიმიიდან დანახული სამყარო კი ასეთია: „ჩვენი ჩასახვა, დაბადება და ზრდა ატომების შეერთების მექანიზმით მიმდინარეობს. შემდეგ, მიმოცვლის რეაქციის მსგავსი მექანიზმებით, გზადაგზა ვპოულობთ მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრებს და ბოლოს დაშლის რეაქციებსაც მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნევთ. მაგრამ ვიკარგებით ჩვენ და არა ჩვენი ატომები; ახალ-ახალი კავშირების ძიებაში, ისინი უსასრულო ხეტიალს აგრძელებენ“.

ელიზბარ ელიზბარაშვილი

 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის მენეჯერი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, სამეცნიეროშემეცნებითი ჟურნალისქიმიის უწყებანიმთავარი რედაქტორი, ინტერნეტგაზეთ Mastsavlebeli.ge ბლოგერი.

 

                                            📌 ქიმიის ოლიმპიური ისტორია

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა 1968 წელს დაარსდა, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში. მის გაფართოებას ცოტა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოდან ყველანაირი პოლიტიკური საზღვარი დაინგრა და დღეს მასში 80-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. ყოველ წელს ოლიმპიადის მონაწილეთა რაოდენობას, მინიმუმ, ორი-სამი ქვეყანა ემატება. ჩვენმა ქვეყანამ პირველი განაცხადი, ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილის თაობაზე, 2012 წელს გამოთქვა. თუმცა,  ოლიმპიადის რეგულაციების მიხედვით, რადგან ახალი პრეტენდენტი ქვეყანა ვალდებულია, ორი წლის განმავლობაში, დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდეს/აკვირდებოდეს ოლიმპიადის მომზადება-მსვლელობას და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გუნდის წაყვანის უფლება, ბუნებრივია, იმავე წელს ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ამის გარდა, მონაწილეობის მსურველი ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს – აუცილებელი პირობაა ადგილობრივი შესარჩევი კონკურსების ჩატარება ძალიან გამჭვირვალედ და ეროვნულ დონეზე.  ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველო ყველა ამ პარამეტრს აკმაყოფილებდა. ფორმალურად გავიარეთ ორწლიანი სადამკვირვებლო პერიოდი და 2014 წელს, პირველად, წარვდექით ოლიმპიადაზე მოსწავლეებით, ანუ სრულფასოვნად ჩავერთეთ.

📌ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა და პირველი ბრინჯაო

ოლიმპიადის გამოცდილება როგორც აჩვენებს, ახალ ქვეყნებს ყოველთვის უჭირთ შედეგების მიღწევა, მედლების აღება, ვინაიდან პროგრამა დრამატულად განსხვავებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისგან. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში ასეა. ოლიმპიადის მოტივაცია და მიზანი ნიჭიერი ბავშვების პოვნაა, რომლებიც გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო პროგრამის ცოდნა მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ასეთი სტატისტიკური მონაცემებია – დაახლოებით, მეექვსე-მეშვიდე წლიდან იწყებენ მედლების მიღებას. თუმცა, არის ისეთი ქვეყნებიც (მათ შორის ევროპული, ჩვენზე განვითარებული), რომლებმაც 20-30 წლის შემდეგ მიიღეს მედალი. ამ კუთხით, ჩვენ გაგვიმართლა – მესამე წელსვე (2016) ავიღეთ პირველი ბრინჯაოს მედალი. გაგვიმართლა იმ თვალსაზრისითაც, რომ მალე გავხდით ილიმპიადის მასპინძელი ქვეყანა.

საერთოდ, ოლიმპიადის ჩატარდება, მინიმუმ, სამი წლით ადრე იგეგმება, ეს იმისთვის კეთდება, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს სურვილის გამოთქმა, რომ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ამისათვის ის ვალდებულია, ოლიმპიურ კომიტეტში სამი წლით ადრე გააკეთოს განაცხადი, ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს განაცხადს და სცნობს პრეტენდენტ ქვეყნად. მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება – ამ პერიოდში (სამი წლის განმავლობაში), პრეტენდენტი ქვეყანა, ყოველ წელს, უნდა წარდგეს კომიტეტის წინაშე და მოახსენოს, როგორ ემზადება ოლიმპიადისთვის. 2016 წლისთვისაც სწორედ ამ რეგულაციების დაცვით დაიგეგმა ოლიმპიადა – ჯერ ესპანეთში, რომელიც მალევე ამოვარდა მასპინძლობის სიიდან, შემდეგ – რუსეთში, მაგრამ 2015 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ვერ ჩაატარებდა 2016 წლის ოლიმპიადას. ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა, რადგან 2016 წლის ოლიმპიადის ჩავარდნა ნიშნავდა ყველა შემდგომი ოლიმპიადების ჩატარების თარიღებისა და თანმიმდევრობის არევას. ამიტომ, საორგანიზაციო კომიტეტმა ყველა ქვეყანას მიმართა თხოვნით, იქნებ რომელიმეს აეღო საკუთარ თავზე ოლიმპიადის მასპინძლობა. სამწუხაროდ, ყველამ უარი განაცხადა, უფრო სწორად, არავის ეყო გამბედაობა, ასე ნაჩქარევად გადაეწყვიტა ოლიმპიადის ჩატარება.

ერთადერთი, რაც მოხერხდა, ის იყო, რომ პაკისტანში 2020-ში ჩასატარებელი ქიმიის ოლიმპიადა  გადმოიტანეს 2016 წელს. ოლიმპიური კომიტეტის წესებიდან გამომდინარე, იანვრისთვის, 10-15 კაციანი სამეთვალყურეო საბჭო  ჩავიდა პაკისტანში და  ადგილზე შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები და ოლიმპიადის ჩატარებისთვის საჭირო მზადების თითოეული დეტალი. პაკისტანიდან დაბრუნებულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ოლიმპიადა პაკისტანში ვერ ჩატარდებოდა. ამიტომ, ხელახლა მოგვწერეს მონაწილე ქვეყნებს თხოვნით – იქნებ რომელიმეს აგვეღო ჩვენს თავზე ოლიმპიადის მასპინძლობა. აი, მაშინ საქართველომ გააკეთა განაცხადი, რომ ჩაატარებდა ოლიმპიადას. ვერავინ იჯერებდა, რომ ასეთ მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა ამას შეძლებდა, მით უმეტეს, საქართველო სულ მესამედ მონაწილეობდა ოლიმპიადაში. საერთაშორისო კომიტეტს დახმარება ვთხოვეთ, რომ ამოცანების შედგენა და სამეცნიერო ნაწილი თავის თავზე აეღოთ (საოლიმპიადე ამოცანების მომზადებას, მინიმუმ, ორი წელი სჭირდება, ამისთვის ფიზიკურად არც დრო გვქონდა და არც საკმარისი ადამიანური რესურსი). ცხადია, დაგვთანხმდნენ იმ პირობით, რომ ყველაფერ დანარჩენს ჩვენ გავაკეთებდით (ეს დანარჩენი უზარმაზარი რაოდენობის სამუშაოს და პლუს უზარმაზარ ბიუჯეტს ითვალისწინებდა). საბედნიეროდ, ისე აეწყო ყველაფერი, სამთავრობო სტრუქტურებისა თუ კერძო სტრუქტურების ჩათვლით, რომ ეს ოლიმპიადა შედგა, საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა და ჩვენ გავხდით მასპინძელი ქვეყანა. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ისტორიაში ეს ოლიმპიადა დარჩა, როგორც ექსტრაორდინარული ოლიმპიადა (ახლაც ასე მოიხსენიებენ). 80 ქვეყნიდან 74-მა მოახერხა ჩამოსვლა და რაც მთავარია, ჩვენ პირველი ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. მას შემდეგ დავიწყეთ მედლების აღება და ჩვენს დროშაზე უკვე 13 ვარსკვლავია – ჩვენი მონაპოვარი ქიმიის ოლიმპიადაში – 12 მედალი და ერთი დიპლომი.

საინტერესოა ისიც, რომ წელს პირველად გავედით გუნდით, რომლეშიც ორი მონაწილე მეათეკლასელი იყო. რეალურად, მეათეკლასელი ძალიან პატარაა, რადგან ოლიმპიადის ამოცანებში, რაოდენობრივად, ორგანული ქიმიის საკითხები ბევრია, მათ კი, ჯერ სკოლაში ნასწავლიც არ აქვთ. თუმცა პენიძემ და დარჩიამ იმდენი მოახერხეს, რომ უფროსკლასელები უკან  მოიტოვეს ეროვნულ შესარჩევ ტურში და საერთაშორისო ოლიმპიადაზეც გვასახელეს.|

📌ოლიმპიური სამზადისი

საქართველოს პროფესიულ ქიმიკოსთა ასოციაციას გახსნილი გვაქვს ჯგუფი ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის და მთელი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვამეცადინოთ მოსწავლეები. პ ცხადია, გვინდა, რომ ამ ჯგუფში კიდევ უფრო მეტი მოსწავლე იყოს ჩართული ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ მომავალ წელსაც მეცადინეობების დიდ ნაწილს ონლაინ რეჟიმში ჩავატარებთ, რათა არათბილისის სკოლის მოსწავლეებსაც ჰქონდეთ მეცადინეობის საშუალება.

თუმცა, ქიმიის ოლიმპიადა პრაქტიკულ ტურსაც ითვალისწინებს, და ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული უნარ ჩვევების გამომუშავება, რაშიც მუდმივად მხარში გვიდგას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. მოსწავლეები კვირაში ერთ დღეს ლაბორატორიულ მეცადინეობებს გადიან მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენთან მუდმივად 10-15 მოსწავლე ემზადება, საერთაშორისო ოლიმპიადაზე კი, წესის მიხედვით, 4 მოსწავლე გაგვყავს. თავიდან ჰუნდში ბიჭები ჭარბობდნენ, წელს კი პირიქით იყო .

📌ქიმია სკოლაში და კავშირი ოლიმპიურ შედეგებთან

როგორც სხვა დანარჩენ საგნებში, ქიმიაშიც საკმაოდ რთული და მძიმე სიტუაციაა, სკოლებში სწავლების თვალსაზრისით. ამას რამდენმე  ძირითადი მიზეზი აქვს: ერთი, რომ სკოლებში არ არის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ქიმია კი ის მეცნიერებაა, რომელიც დაფაზე კი არა, ლაბორატორიაში ისწავლება ქიმიური ექსპერიმენტი  კარგი სატყუარაა , რითაც შეიძლება ბავშვი დაინტერესდეს.

მეორე ის სტერეოტიპია, რომლის თანახმადაც ბევრს ჰგონია, რომ ქიმია რთული სასწავლო კურსია და იგი მხოლოდ იმან უნდა ისწავლოს, ვისაც სამომავლოდ ქიმიკოსობა სურს.  მასწავლებელმა მათ უნდა დაანახოს, რომ თითოეულ ადამიანს, ცხოვრების მანძილზე, მისი გარკვეული დოზით ცოდნა სჭირდება.

მოსწავლეს ეს რომ ასეთი სახით შესთავაზო ქიმია, აუცილებლად გჭირდება ლაბორატორიული ბაზა და მეორე – ადამიანური რესურსი, მასწავლებლები, რომელთაც თავისუფლად შეეძლებათ ამ ლაბორატორიული ბაზის გამოყენება. სამწუხაროდ, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში, ვინაიდან, ტრადიციულად, ჩვენი უნივერსიტეტები, როცა მასწავლებლებს ამზადებდნენ, არ ატარებდნენ ლაბორატორიულ მეცადინეობებს. სამწუხაროდ, სადემონსტრაციო ცდები იყო, ასე ვთქვათ, „მოდაში“ და სტუდენტი, რომელიც  მასწავლებელი უნდა გამხდარიყო, თვითონ კი არ ატარებდა ექსპერიმენტს, უბრალოდ მომზირალი იყო ამ სადემონსტრაციო ცდის. შემდეგ, როცა თვითონ დადგა ამ ვალდებულების წინაშე, რომ თავად უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი, აღმოჩნდა, რომ ამას ვეღარ აკეთებს. იშვიათი გამონაკლისია, ვინც მოახერხა გადაიარაღება – ამ ცოდნის შეძენა და იმ სკოლებში, სადაც ასეთი მასწავლებლები ჰყავთ, შედარებით, კარგად მიდის ქიმიის სწავლების პროცესი.

თუმცა, იმის თქმა, რომ ჩვენთან მოსული ბავშვების წარმატებაში სკოლა არაფერ შუაშია, არასწორია, ამას ვერ ვიტყვი. ჩვენი ერთ-ერთი მენტორის, თინათინ ბუთხუზის მოსწავლეები ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ამ ოლიმპიადაზე, რაც სწორედ მისი მუშაობის შედეგია. ადრე დემირელის სკოლაში ასწავლიდა და დემირელის სკოლა იყო ჩვენი ნაკრების ძირითადი ბაზა, ახლა ვეკუას სკოლაშია და ვეკუას სკოლა გახდა ეს ძირითადი ბაზა. სადაც წავიდა, ყველგან პოულობს ისეთ ბავშვებს და ისე აყვარებს ქიმიას, რომ შემდეგ ისინი დამოუკიდებლად იწყებენ ქიმიის შესწავლას და კარგ შედეგებს აღწევენ საერთაშორისო ოლიმპიადებზეც. მართალია, საოლიმპიადო მომზადებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ამოცანების შესწავლაში, მაგრამ ინტერესის გაღვიძებაზე მაინც სკოლაა პასუხისმგებელი და უმთავრესი – თუ მოინდომებენ, ამას ყველა შეძლებს.

📌 კვალიფიციური მასწავლებლების პრობლემა

რაოდენობის თვალსაზრისით, ეს ნამდვილად პრობლემაა. სკოლების რაოდენობის მიხედვით რომ გადავხედოთ, ძალიან პატარა პროცენტი გვყავს ისეთი კვალიფიციური მასწავლებელი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ცხადია, კვალიფიციური კადრების რაოდენობა, ტრენინგების თუ სხვა ფაქტორების გამო, მათივე მოტივაციიდან გამომდინარე, იცვლება. ვერ ვიტყვით, რომ გაყინული ვართ, მაგრამ, ჩემი გადასახედიდან, საკმარისი ტემპი არ არის, ვგულისხმობ განახლებისა და წინსვლის ტემპს. ცხადია, მასწავლებელთა სახლი უამრავი რაოდენობის ტრენინგებს ატარებს, მიუხედავად ამდენი დანახარჯისა და მცდელობისა, საერთო შედეგებს რომ გადავხედავთ, ეს მაინც არ არის საკმარისი.

ამის მიზეზი შეიძლება მასწავლებლის დაბალი მოტივაციაც იყოს – მან ხელახლა უნდა ისწავლოს ძალიან ბევრი რამ და ამიტომ უნდა უღირდეს ამისთვის დროის ხარჯვა და შრომა. ამის გარდა, გარკვეულწილად, მისაღები გამოცდების არჩევითი საგნების ჩამონათვლიდან ქიმიის საგნის მოხსნამაც იმოქმედა. მეტიც, ვფიქრობ, დიდი დარტმა მიაყენა ქიმიის სწავლებას – ეს დემოტივაციას უკეთებს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. მოკლედ, ბევრი პრობლემაა. გარკვეულწილად, უნივერსიტეტებიც სცოდავენ, ისინი უნდა ითხოვდნენ გარკვეულ მიმართულებებზე ქიმიის ჩაბარებას. პატარ-პატარა პრობლემების ჯაჭვია, რომელიც, საბოლოო ჯამში, უკვე ძალიან დიდ პრობლემად იქცევა. საიდან უნდა დაიწყოს ამ ყველაფრის მოგვარება, ეს უკვე ძალიან ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია, რომ სკოლაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა შეიცვალოს მასწავლებელიც და გარემოც. ამისთვის კი, პირველ რიგში, უნივერსიტეტებმა უნდა შეცვალონ მიდგომები. მოჯადოებული ციკლივით არის და ეს წრე ვიღაცამ სადღაც უნდა გაარღვიოს.

📌ვინ ირჩევს ქიმიას?

ქიმიით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა ბევრი არ არის, წელიწადში, შეიძლება, 20-30 სტუდენტი იყოს, რომელთაც უყვართ ეს მეცნიერება და გადაწყვეტილი აქვთ ქიმიკოსობა. ძირითადად, ეს ახალგაზრდები ორ უნივერსიტეტში გადანაწილდებიან ხოლმე – აგრარულ და სან-დიეგოს უნივერსიტეტებში, სადაც ქიმიას თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილ ლაბორატორიებში სწავლობენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ქიმიის პროგრამაზე სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისად, სტუდენტთა რაოდენობა უფრო მეტია, თუმცა ქიმიით დაინტერესებული სტუდენტების რაოდენობა 20-25%-ია.

სახელწიფო უნივერსიტეტებში ცხადია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის პროგრამაა ლიდერი.

ორ უნივერსიტეტში ვასწავლი და ძალიან გამიკვირდა, როცა წელს ისეთმა წარმატებულმა სტუდენტებმა, რომლებიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც წესი, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში აგრძელებენ სწავლას ან ინდუსტრიაში ან  საზღვარგარეთ მიდიან, ბევრმა გამოაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვთ, სკოლაში მასწავლებლად დაიწყონ მუშაობა. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან სასიკეთოდ მენიშნა. ალბათ, სხვა უნივერსიტეტებშიც და სხვა პროგრამების კურსდამთავრებულებისგანაც არის მსგავსი მცდელობები, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი ტენდენცია დაიწყო.

📌 „პატივისცემით ქიმიას“ – ბლოგებში ახსნილი ქიმიური „რე-აქციები“

ჩემ მიერ გამოცემული სამივე წიგნი – „პატივისცემით ქიმიას“, „ქიმიური რე-აქციები“ და …., პრაქტიკულად, ბლოგების კრებულია, რომელიც mastsavlebeli.ge-ში ქვეყნდება ხოლმე. 2012 წლიდან, ჟურნალის დაარსების დღიდან, დავთანხმდი, რომ ამ ტიპის ბლოგები მეწერა ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი – ქიმიას საზოგადოებაში ცუდი იმიჯი აქვს, თითქოს ეს არის საშიში მეცნიერება, რომელიც იწვევს დაავადებებს, ეკოლოგიას ებრძვის და ავნებს ჯანმრთელობას. არადა, რეალური სიტუაცია პირიქითაა. აი, ამ ბლოგებით სწორედ ამის თქმა მინდოდა მკითხველისთვის. მინდოდა, ქიმიის საკითხებზე დამეწერა არაქიმიკოსებისთვის გასაგებად და მარტივად – ნუ გეშინიათ ქიმიის, ისწავლეთ და ნახავთ, საშიშის ნაცვლად, ძალიან სასარგებლოა. და მეორე მიზეზი – მინდა, მასწავლებლებს და მოსწავლეებს დავანახო, რომ ქიმია არ არის დაფის მეცნიერება და არც მხოლოდ ლაბორატორიის მეცნიერება, ქიმია სამყაროს მეცნიერებაა. იმისათვის, რომ გაიგო რატომ არის ჩაი გემრიელი, ან ფოთოლი მწვანე, ან შეიტყო როგორ უნდა მომზადდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უნდა იცოდე ქიმია და მიჰყვე სამყაროს კანონებს, უბრალოდ, ქიმიური ფორმულების გამოყენებით. აი, ეს მინდოდა მეჩვენებინა და ამას ვცდილობდი ჩემს ბლოგებში, რომელიც შემდეგ წიგნებად შეიკრა. რამდენად გამომდის, ეს უკვე მკითხველის შესაფასებელია.

📌მასწავლებლის ნდობა და გამართლებული არჩევანი

ამ საგნის მიმართ ინტერესი სკოლიდანვე მქონდა. საბჭოთა სკოლის დროს, ალბათ, იცით, თუ მოსწავლე კარგად სწავლობდა, მას ყველა საგანი კარგად უნდა ესწავლა. ცხადია, მეც ამ ფერხულში ვიყავი ჩართული. მაგრამ ის, რომ მე ქიმიის შესწავლა გადავწყვიტე, მასწავლებლის დამსახურებაა. მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებელი, ქიმიკოსი – ლენა მახარაშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. დიახ, მისი დამსახურებაა, რადგან მან ძალიან მოკლედ და კონკრეტულად ამიხსნა, რატომ იყო ქიმია კარგი და თუ მე ამ მიმართულებით წავიდოდი, რა პერსპექტივა შეიძლება მქონოდა. ვენდე მას და ჩავაბარე ქიმიის ფაკულტეტზე. საბედნიეროდ, იქაც გამიმართლა და შემხვდა საყოველთაოდ ცნობილი პროფესორი – გოგი ჭირაქაძე, რომელიც წლების განმავლობაში ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანული ქიმიის კათედრის გამგე იყო. ამ ადამიანმა კიდევ უფრო განმიმტკიცა ის განცდა, რომ სწორად მოვიქეცი, როცა ვენდე ქიმიის მასწავლებელს და ქიმია ავირჩიე. მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი, თუმცა, რეალურად სხვა ალტერნატივა არც არასოდეს განმიხილავს.

📌„როგორ უნდა ვუშველოთ ქიმიას?“

ახლა, უცებ, რაც მახსენდება, ერთ-ერთი წიგნის შესავალ ნაწილში მაქვს ასეთი ფრაზა ნათქვამი და თქვენთანაც ამას გავიმეორებ – ადამიანს თუ თაფლი უყვარს, მან ფუტკრების ცხოვრება უნდა იცოდეს – რა ხდება სკაში და თუ სამყარო უყვარს, მაშინ სამყაროს კანონები და მოლეკულების ცხოვრება უნდა იცოდეს, მოლეკულების ცხოვრება კი, ქიმიის ცოდნაა. აქედან გამომდინარე, ვინც ქიმია იცის, ის სამყაროს უფრო რეალისტურად აღიქვამს, უფრო სწორად, იცის, რისი ეშინოდეს და რისი არა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები