ულამაზესი სოფელი ველევი რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ველეულის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში სოფელი XVII საუკუნიდან მოიხსენიება. მის წარმოშობასა და სახელწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე გადმოცემა არსებობს, რომლებიც სოლომონ მეფის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ადრე დაობლებული ტახტის მემკვიდრე, პატარა სოლომონი, ერთგულ ადამიანებს მტრისგან დასაცავად რაჭაში გადმოუხიზნავთ და, საწალიკეს მთის ძირას, მტრისთვის ხელმიუწვდომელი ადგილისთვის შეუფარებიათ. გაუჩეხავთ ტყე, აუგიათ სათვალთვალო კოშკი, გაუშენებიათ სოფელი და აქ ზრდიდნენ მომავალ მეფეს. როცა სოლომონი წამოიზარდა და მისი წასვლის დრო დადგა, დანანებია შეჩვეულ კარ-მიდამოსთან განშორება და სევდამორეულს უთქვამს: „ველევი, ამ ადგილს ველევიო“. მოგვიანებით, სოლომონ მეფის პატივსაცემად, სოფლისთვის ველევი დაურქმევიათ. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად კი, რაჭაში გამოხიზნულ და წულუკიძის სასახლეში თავშეფარებულ ჭაბუკ სოლომონ მეფეს განმარტოება და ცხენით სეირნობა უყვარდა. მდინარის პირას უნახავს ულამაზესი ველი, რომელიც კარგი სავარჯიშო ადგილი ყოფილა, ჭაბუკი მეფე აქ, ხშირად, თანატოლებთან ერთად მოდიოდა. როცა დრო დადგა რაჭიდან გამგზავრების, სინანულით უთქვამს: – „ველევი ველევს“ და ეს ველი თავისი ერთგულებისთვის უჩუქებია. ისინი ველზე ჩამოსახლებულან და, სოლომონ მეფის პატივსაცემად, სოფლისთვის ველევი დაურქმევიათ.
სოფელში შემორჩენილია გვიანი ფეოდალური ხანის სამების ეკლესიის ნაშთები, რომლის რესტავრაციაც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. სოფელ ველევის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებისაგან სხვადასხვა გამოსახულებებით დამშვენებული გაბუნის კლდე, რომელიც სოფელს ზემოდან დაჰყურებს. კლდის ნაწილი უგუმბათო ეკლესიას ჰგავს, ნაწილი მზეზე მიფიცხებულ, ჩამომსხდარ მოხუცებს მოგაგონებთ, ერთიც – მშვიდად მწოლიარე, ხახადაღებულ ლომს. კლდის თავზე, გორის წვერში, გორისტევის წმ. გიორგის სახელობის სალოცავის უძველესი ნაშთია, ის ველეულას ხეობის სოფლების (კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი) საერთო სალოცავია.
სოფელ ველევის საჯარო სკოლაში, სკოლის დაარსების 150 წლის იუბილე აღინიშნა. სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს – ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებს – ღირსშესანიშნავი დღე ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და სოფლის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„ეს დღე წარსულისათვის მივიწყების ფერფლის შემოცლა, ღვაწლმოსილი ადამიანების გახსენების და ამაგის დაფასების იყო. შევეცადეთ, სკოლაში სასწავლო წლის დაწყება სკოლის დაარსების 150 წლისთავის აღნიშვნით გაგველამაზებინა. იუბილე მხოლოდ აღინიშნა, რადგან საზეიმო განწყობა არც ბუნებისაგან მოყენებული ტკივილის გამო გვქონდა და არც თემში შექმნილი სიტუაციის გამო.
მაგრამ ცხოვრება თავის გზით მიდის. ჩვენც მივყვებით მძიმე ტვირთითა და ტკივილით. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება, სოფელი სულ უფრო და უფრო კეთილმოწყობილი ხდება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც რთული მდგომარეობაა – დაცლილი სოფლები და 2 ბავშვი სკოლაში!“ – ამბობს ველევის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე.
ველევის სკოლა 150 წლის წინ, 1873 წელს, გახსნილა. ზუსტი თარიღის დადგენაში სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ველევის სკოლაში 1984-1989 წლებში განათლების სამინისტროს მიერ ისტორიის მასწავლებლად მოვლინებული, ამჟამად კი ხობის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის, გოგიტა ჩიტაიას მიერ მოწოდებული მასალა დაგვეხმარა. გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის 166-ე ნომრის მიხედვით, ერთკლასიანი სკოლები ყოფილა რაჭის სოფლებში: ნიკორწმინდაში, ხოტევში, ველევში, ამბროლაურში, სხვავაში, აბარში, ღებში, წესში, სადმელში, ზნაკვაში, ბუგეულში, ხვანჭკარასა და ბაჯში.
არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს ის ადამიანები, ვინც საუკუნე-ნახევრის წინ და კიდევ უფრო ადრე დაინახა განათლების მნიშვნელობა და იფიქრა თავის კუთხეში ამ სიკეთის შემოტანაზე. უფროსი თაობის ადამიანების გადმოცემით, ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქრისტეფორე კვიტაშვილს. მას ბევრი უშრომია, რომ ველევში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული სკოლა გახსნილიყო. მთავრობაში საქმის მოგვარების შემდეგ, როცა სკოლის შენობისათვის ადგილის გამოყოფა დამდგარა დღის წესრიგში, თავისი მიწის ნაკვეთი, ტბელაური, მიუცია სოფლისთვის და მისივე ხელმძღვანელობით, მოსახლეობას, საკუთარი ძალებით, ხის დათლილი მორებისგან ოროთახიანი შენობა აუგია. ამ სკოლას ძველად „ჯარგვალა სკოლის“ სახელით იხსენიებდნენ. პირველი მასწავლებელი პეტრე მესხი ყოფილა კვირიკეწმინდიდან, რომელიც „პეტრე უჩიტელის“ სახელითაა ცნობილი. გოგიტა ჩიტაიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პეტრე მესხზე ადრე, მასწავლებლად იასონ კიკვაძე ყოფილა. „მასწავლებელ იასონ კიკვაძის ცნობით, 1881 წლის 30 ნოემბრისათვის სოფელ ველევის სკოლაში სწავლობდა მხოლოდ ათი მოსწავლე, მათგან ღარიბი იყო ხუთი. იასონ კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბი მოსწავლეებისათვის უფასოდ დასარიგებლად ერთხელაც არ მიუღიათ“ (ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების მონაცემთა ბაზა, ტბილისი, 2017). როგორც ჩანს სოფლის უხუცესთა მახსოვრობა პეტრე მესხის იქით არ მიდის.
შვიდწლიანი სკოლის გახსნაზეც ქრისტეფორე კვიტაშვილის შთამომავალს, გიორგი კვიტაშვილს უზრუნია. კვიტაშვილების კუთვნილი ადგილი, რომელსაც სასახლის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ძველები, სოფლისათვის გადაუცია. დამოუკიდებელი საქართველოს დროს გახსნილა არასრული შვიდწლიანი სკოლა, კლასების ნაწილი საკუთარ სახლში განუთავსებია, ნაწილი კი – შეძლებული გლეხების ოჯახებში, ახალი სასკოლო შენობის აგებამდე. საბჭოთა პერიოდში ქვის შენობა აგებულა. მშენებლობაზე ბერძნები მუშაობდნენ, საკვებით, მორიგეობით, სოფელი უზრუნველყოფდა. სახურავად სოფელში არსებული სამების სახელობის ეკლესიის თუნუქის სახურავი გამოუყენებიათ. ეკლესიისათვის სახურავის ახდის სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა ეკლესიის მახლობლად მცხოვრები ბესო გორგიაშვილი. იგი თურმე თოფით დარაჯობდა სალოცავს და მისი შიშით ვერავინ ბედავდა ეკლესიისათვის ხელის ხლებას, მაგრამ აქტივისტ კომკავშირლებს, სოფლის მაშინდელი მესვეურების ხელშეწყობით, მაინც მოუხერხებიათ განზრახვის სისრულეში მოყვანა: შენს სათიბებს ჯოგი შესევიაო საწალიკეზე და სათიბების მისახედად გაუტყუებიათ მთაში. იქ ასული კი მიმხვდარა ოინს და მაშინვე დაბრუნებულა, მაგრამ ეკლესია უკვე სახურავახდილი დახვედრია. რაღას იზამდა, მხოლოდ ეს უთქვამს: თუ თქვენ მაგ მასალა გამოგადგეთ, მე ძაღლი დამიკალითო. მართლაც, რთული გზა განვლო ველევის სკოლამ. ერთხელ, დიდთოვლობისას, სახურავი ჩანგრეულა, ორჯერ კი დამწვარა – პირველად 30-იან წლებში, სკოლის პირველი დირექტორი პანტელეიმონ მაცაბერიძე, ციმბირში გადაუსახლებიათ, მეუღლემ მუდმივი შიშის ქვეშ გაზარდა 3 ბავშვი; მეორედ – 1970 წელს, ხანძრისგან ყველაფერი განადგურებულა, თუნუქი სულ დამდნარა, ამბობდნენ – ახდა ბესო გორგიაშვილის ნათქვამიო. როცა შენობა აღუდგენიათ, შენობისთვის სარტყელი მოუვლიათ. რომ არა ეს სარტყელი, 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს, ვერავინ გამოასწრებდა შენობიდან, რადგან კედელი ორ მხარეს ჩამოინგრა, სახურავი კი სარტყელზე დარჩა გაკიდებული. სოფელში ამბობენ, სალოცავის მადლმა დაიცვა შთამომავლობა უბედურებისაგანო.
სკოლას, სხვადასხვა დროს, ხელმძღვანელობდნენ: დისიონ ჭიჭინაძე – თლუღიდან, ქრისტეფორე დოხნაძე – ნიკორწმინდიდან, აგრაფინა სირაძე – შხივანიდან, გრიგოლ კაციტაძე – ხოტევიდან, ვასილ ენუქიძე – წკადისიდან, 1973 წლიდან 1981 წლამდე – იოსებ გოგსაძე იყო დირექტორი,1981 წლიდან კი სკოლას ეკატერინე ჭიჭინაძე ხელმძღვანელობს.
სკოლის დაარსებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ქრისტეფორე და გიორგი კვიტაშვილების შთამომავალი, დავით კვიტაშვილი. მან წინაპართა სურათები უსახსოვრა სკოლას, აგრეთვე პირველი დირექტორის ქალიშვილი ციცო მაცაბერიძე და სკოლის კურსდამთავრებულები. გაიხსენეს ყველა ის ადამიანი, ვინც ამაგი დასდო ველევის სკოლას, ქრისტეფორე კვიტაშვილიდან დაწყებული დღემდე. ქალბატონი ეკატერინე საუბარში მადლიერებით იხსენებს გოჩა მაცაბერიძესა და იური ჩიხრაძეს, რომლებიც მოსწავლეებს, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფენ, ასევე, ქალბატონ ირინა გოცირიძეს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მიწისძვრის შედეგად დანგრეული სკოლის შენობის აღდგენაში – ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, თავად პენსიონერი ქალბატონი, სკოლას უგზავნიდა საკანცელარიო ნივთებს, მოსწავლეებს – სახელმძღვანელოებს. „მძიმე 90-იანი წლები ამ ადამიანებმა გადაგვატანინეს მატერიალური და მორალური მხარში დგომით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ასევე, ბატონი თამაზ ვაშაძე, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამშენებლო საქმიანობის ხელმძღვანელი რაჭაში, რომლის მხარდაჭერითა და სოფლის მაშინდელი ხელმძღვანელის, იოსებ გოგსაძისა და ჩემი მცდელობით, აგრეთვე, ამბროლაურის პრეფექტის, ბატონ გოჩა ბიჭაშვილის მხარდაჭერით, იმავე წელს მოხერხდა ახალ შენობაში შემოსვლა; ბატონმა ალეკო გოცირიძემ, რომელიც სკოლის შეფი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, მოსული მასწავლებლებისთვის, სკოლის სასწავლო-საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე, ოროთახიანი მასწავლებელთა სახლი აგვიგო,“ – გვიამბობს ქალბატონი ეკატერინე.
აღსანიშნავია, რომ სკოლას მრავალი გამოჩენილი პიროვნება ჰყავს აღზრდილი: ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი – ბიძინა მაცაბერიძე; საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი – დარიკო ჩიხრაძე; საქართველოს ორგზის მოწვევის პარლამენტის წევრი – იური ჩიხრაძე; ინჟინერ კონსტრუქტორი, სამების ეკლესიის პროექტის ავტორი – თემურ მაცაბერიძე და სხვ.
ეკატერინე ჭიჭინაძე ველევის საჯარო სკოლას 1981 წლიდან უდგას სათავეში. სკოლის ფუნქციონირებაში, მიღწევებში, თაობათა აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამაგდარ დირექტორს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ სკოლის ცოცხალ მატიანეს. ახლახან, გაწეული ღვაწლისთვის, ქალბატონ ეკატერინეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა. „42 წელია სკოლის დირექტორი ვარ. ჩემი მებრძოლი ხასიათით არ შემიძლია მიღწეულით დაკმაყოფილება, სულ ახლის ძიებაში ვარ. სკოლის მართვაში ვითვალისწინებ მართვის თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და მრავალ სხვას.
ჩემი დირექტორობის პერიოდში ბევრი სიძნელის გადალახვა მოგვიწია. საკმაოდ რთული იყო 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული სკოლის შენობის აღდგენის პროცესი, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებითა და დაუღალავი ბრძოლით შევძელით, იმავე წელს შემოვსულიყავით 54 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ახალ შენობაში. გავუძელით კუპონების პერიოდს, ველევსა და ამბროლაურს შორის, ბურშების გზით, თითქმის ყოველკვირა ფეხით სიარულს, ათას ტრენინგს, არ ჩამოვრჩენილვართ დროის მოთხოვნებს და ვფიქრობ, ვპასუხობთ თანამედროვეობის გამოწვევებს.
სკოლა მუდმივად განიცდიდა კვალიფიციური კადრის ნაკლებობას, ხშირი იყო კადრების დენადობა, ჭირდა მათი დამაგრება მაღალმთიან სოფელში. ნიჭიერ მოსწავლეებს შევაყვარეთ ეს პროფესია და სხვა გზებითაც შევძელით სკოლის ადგილობრივი, კვალიფიციური კადრით დაკომპლექტება. დღეს, სკოლის 8 პედაგოგიდან, 5 სერტიფიცირებულია, მათგან ერთი – წამყვანი და ექსპერტი. მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიკატი არ აქვთ, სხვებსაც არ მივიჩნევ არაკვალიფიციურად.
ვისურვებდი: სანამ მზე ივლის ცის კამარაზე, მთვარე იქნება ცის კაბადონზე, ჩიტი ჩიორა საძირკველს გასკვნის, ქარი იქნება მიმტანი ამბის, მანამდე იყოს ველევში სკოლა, მანამ იცოცხლოს ჩვენმა სოფელმა!“
ლალი ბიბილაშვილი, ველევის საჯარო სკოლაში, 1991 წლიდან დღემდე, ქიმიის მასწავლებლად მუშაობს. დამწყები პედაგოგისთვის, თავდაპირველად, რთული იყო მაღალმთიანი სოფლის მკაცრ პირობებთან შეგუება, თუმცა სკოლის გარემო იმდენად მოეწონა, რომ 32 წელია საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. „ყოველთვის მნიშვნელოვანია დამწყები პედაგოგისთვის, როგორ გარემოში მოხვდები. ამ მხრივ, ნამდვილად გამიმართლა, დამხვდა თბილი, ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე აგებული გარემო, სწორედ ამან განაპირობა, რომ არსად წასვლაზე აღარ მიფიქრია და მეუღლესთან ერთად სოფელში დავრჩი. თითოეული ოჯახი მნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლისთვის. ჩვენი სკოლა, პედაგოგები, დირექტორის ხელმძღვანელობით, წარმოვადგენთ თემის ბირთვს.
ჩემთვის საამაყოა და, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაა, გერქვას იმ სკოლის პედაგოგი, რომელსაც 150-წლიანი ისტორია აქვს. არა გაქვს უფლება, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგების ტრადიციები არ გააგრძელო და თან არ პასუხობდე თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენს სკოლას ვუსურვებდი მხოლოდ ერთს და ყველაზე მნიშვნელოვანს – მოსწავლეთა სიმრავლეს“.
ლიზი გოგსაძე, სოფელ ველევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. ის მცირეკონტინგენტიან სკოლაში მის ძმასთან – ნიკასთან ერთად დადის, ნიკა მეხუთე კლასშია. ყოველ დილით სკოლისკენ ხელიხელჩაკიდებულები მიდიან. მას ერთადერთი სურვილი აქვს, თუნდაც ერთი თანაკლასელი ჰყავდეს. „სკოლის ჭიშკარს რომ შემოვაღებთ, ეზოში არავინაა. სკოლის კარი ჩვენთვისაა ღია, თითქოს ჩვენ გველოდება მოწყენილი, დადუმებული, რომ ავახმაუროთ, გავახალისოთ. როცა ნიკას გაკვეთილები უმთავრდება, ვთხოვ, დამელოდოს, არ მინდა, სკოლაში სულ მარტო დავრჩე. თითქოს ნიკას გარეშე ირგვლივ უფრო მოწყენილი და სევდიანია ყველაფერი: საკლასო ოთახი, მერხები, დერეფანი, ეზო… სულ ვნატრობ, ნეტავ, ერთი თანაკლასელი მაინც მყავდეს. ნიკაც ამას ნატრობს.
ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. აქ ვისწავლე წერა-კითხვა, ვიძენ ცოდნას, მასწავლებლები, საგნის გარდა, მასწავლიან ერთგულებას, სიყვარულს, მეგობრობას… თუმცა მეგობრები ვერ შევიძინე, რაზეც ძალიან მწყდება გული. მხოლოდ ზაფხულის მეგობრები მყავს და მთელი წელი ველოდები მათ ჩამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ზაფხულის არდადეგები, რომ მეგობრებს შევხვდე. რას ვუსურვებ ჩემს სკოლას? მინდა, ბევრმა ბავშვმა აახმაუროს საკლასო ოთახები, ეზო… ვიცი, რომ ეს სურვილი ძნელი ასასრულებელია, მაგრამ ქვეყნად შეუძლებელიც ხომ არაფერია? ყველაფერი შეიძლება მოხდეს… იმედი მაქვს, ჩვენი ნატვრაც ასრულდება“.