დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოქედში „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიება ქართული ჭიდაობით დაიყო. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და სამახსოვრო თასები გადაეცათ. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, სოფლის ცენტრის სკვერში, ვაჟა-ფშაველას ძეგლი გვირგვინით შეამკეს. სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო ნახატების და ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა – წარმოდგენილი იყო მირზაანის დედათა მონასტერში მოღვაწე დედების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები; სოფელ ქვემოქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ეპიზოდები წარმოადგინეს.
„თავის ჩოხაზე უფრო ღარიბი“ – ასე მოიხსენიებდნენ მწერალს, რომელიც 1888 წლიდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადიმობდა. ვაჟა-ფშაველა იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა პიროვნებისა და შემოქმედებისადმი ინტერესი დროის გასვლასთან ერთად კი არ ნელდება, არამედ სულ უფრო მატულობს. დიდი შემოქმედის გარდა, ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო უკანასკნელი ჩოხა მეზობლისთვის ეჩუქებინა, ხელით დაეწნა ყვავილების გვირგვინი ნეფე-პატარძლისათვის, ენადირა გლეხებთან ერთად და ამასთანავე ეკამათა გრიგოლ რობაქიძესთან თავისუფალი ფილოსოფიის პრობლემებზე.
სახალხო დღესასწაულზე თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს ადგილობრივმა ხელოვანებმა: ანა წიკლაურმა – ნაქარგები და ხელით ნაქსოვი ნივთები, მხატვარმა ნოდარ დარძულმა ვაჟა-ფშაველას პორტრეტი გამოფინა; სადღესასწაულო კონცერტში, ადგილობრივ მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად, მონაწილეობდნენ: დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ლაშარელა“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „აონი“. მათმა მუსიკალურმა ნომრებმა დამსწრეთა დიდი ოვაციები დაიმსახურა.
ქვემოქედელებს ვაჟაობის დღესასწაული მიულოცეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჭიდაობაში ნიკოლაოს ილიადისმა. მან სიტყვითაც მიმართა ქვემოქედელებს: „ძალიან მიხარია ჩემ თანასოფლელებთან ერთად ვაჟაობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა. დიდი ხანია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ამიტომაც განსაკუთრებით ამაღელვებელია ასეთი დაფასება მშობლიური რაიონის მხრიდან – მომენიჭა დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ დავდიოდი სკოლაში, ყველა ჩემს საქმიანობას აქედან ჩაეყარა საფუძველი. მადლობელი ვარ ამისთვის და მოხარული ვარ, რომ თქვენ გვერდით ვარ“.
დასასრულ, ღონისძიების ინიციატორმა, ნუგზარ პაპიაშვილმა აღნიშნა, რომ ვაჟაობა აქ ყოველ წელს გაიმართება. თაობები იზრდებიან და უკეთეს დღესასწაულებსაც მოაწყობენ დიდი ვაჟას სახელის უკვდავსაყოფად, დასძინა მან.
მარიკა პოპიაშვილი