2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის სახ. ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანი გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.
გთავაზობთ ინტერვიუს 2025 წლის გამარჯვებულთან.
ეს გამარჯვება ჩემთვის ნიშნავს რეგიონის გამარჯვებას და უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი თემისა და სკოლის წინაშე
30 სექტემბერი ჩემს ცხოვრებაში იქცა დღედ, როცა ულამაზესი და დაუვიწყარი ისტორია დაიწერა, ისტორია სავსე ოცნებებით, სიყვარულითა და იმ შრომით, რომელსაც დიდი რუდუნებით ვეწეოდი წლების განმავლობაში. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლის, ქალბატონი ირინა ხანთაძისა და ეროვნული ჯილდოს დირექტორის, ქალბატონი თამარ გურგენიძის მიმართ. ასევე, ჩემი დიდი პატივისცემა და მადლიერება ჟიურის თითოეულ წევრს ნდობისა და აღიარებისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ სპონსორს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს“ ფინანსური მხარდაჭერისთვის, აგრეთვე სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს.
იმ საღამოს ჩემ გვერდით იდგა ოთხი გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალი. ოთხივე სხვადასხვა მიმართულებით აკეთებს დიდ და ფასდაუდებელ საქმეს განათლების სფეროში.
რთულია, ვისაუბრო ჟიურის გადასახედიდან, რატომ შეაჩერეს არჩევანი ჩემზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჟიურის გადაწყვეტილება არ იყო რაიმე კონკრეტული პროექტისა თუ გაკვეთილის შეფასების შედეგად მიღებული. ვფიქრობ, ისინი ეძებდნენ ისტორიას, სადაც პედაგოგის მრავალწლიანი საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული ჯანსაღ საზოგადოებრივ წესრიგთან, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასთან და პროფესიულ ღირებულებებთან.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობა, უნივერსიტეტსა თუ სკოლაში, მიმართულია იმაზე, რომ განათლება მხოლოდ საგნობრივი ცოდნა კი არა, არამედ მოქალაქეობრივი ცნობიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ტოლერანტული კულტურის ფორმირება გახდეს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მრავალფეროვნება და განსხვავებული იდენტობების თანაცხოვრება ყოველდღიური რეალობაა. სწორედ აქ ვხედავ ჩემს როლს, ვიყო შუამავალი, ვინც მიღებულ ცოდნასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას შორის ხიდს აშენებს.
შესაძლოა სწორედ იმ კონტექსტმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ჩემი საქმიანობა ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ სკოლაზე, არამედ რეგიონზე, სადაც ვმუშაობ. ჩემი სადისერტაციო ნაშრომიც – „სახელთა ბრუნება ქართულსა და სომხურში“ იმის დასტურია, რომ რეგიონში სახელმწიფო ენის მნიშვნელობა გაიზარდოს, მასწავლებლებს გაუადვილდეთ სწავლა-სწავლების პროცესი, სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ხომ შეუძლებელია სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამოქალაქო ცნობიერების არსებობა. ამიტომაც, ეს გამარჯვება ნიშნავს რეგიონის გამარჯვებას და უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი თემისა და სკოლის წინაშე.
სამოქალაქო განათლება ჩემთვის არა მარტო საგანია, არამედ ცხოვრების სკოლაა
მით უმეტეს თუ მრავალფეროვან რეგიონში ასწავლი, ყოველდღე ხედავ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა და თანაცხოვრება განსხვავების მიუხედავად. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს შევუქმნა გარემო, სადაც ისინი სწავლობენ არა მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს, არამედ ადამიანობას. ვცდილობ, მოსწავლეებს გავუზიარო ღირებულებები, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებას აყალიბებს – თანასწორობა, თავისუფლება, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა და ემპათია. მათ ვასწავლი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი ხმა და ამ ხმის გამოყენება შეძლონ გონივრულად, მშვიდად და სამართლიანად, ისწავლონ, რომ სამოქალაქო ცნობიერება იწყება საკუთარი კლასიდან – ერთმანეთის მოსმენით, თანადგომითა და საერთო წესების პატივისცემით. როცა მოსწავლემ იცის საკუთარი უფლებისა და სხვისი უფლების თანასწორად აღქმა, მაშინ იწყება ნამდვილი დემოკრატიული განათლება.
დღეს, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი საკითხი დგას
მთავარი გამოწვევა – რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, ძალიან ცოტაა პროფესიული კომპეტენციის მქონე მასწავლებელი. ერთ-ერთ პროექტში ვმუშაობდი ტრენერად, სადაც მიწევდა გადამზადებული მასწავლებლის გაკვეთილზე დასწრება და მისთვის პროფესიული დახმარების გაწევა. ამ მონიტორინგის პროცესში, რეგიონში აღმოვაჩინე ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც არანაირი უმაღლესი განათლება არ გააჩნდათ. ასწავლიან სახელმწიფო ენას, რომელზეც თავად ვერ საუბრობენ. ეს ყველაფერი კი კომპლექსურად დასტურდება იმით, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული ამდენი მატერიალური რესურსის მიუხედავად, წიგნიერების დონის მაჩვენებელი კრიტიკას ვერ უძლებს. ვფიქრობ, სახელმწიფომ მასწავლებელს უნდა შეუქმნას ისეთი მოტივაცია, რომ საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი სკოლით დაინტერესდეს.
მინდა აღვნიშნო სკოლების დეცენტრალიზაციის საკითხიც. ვერა და ვერ მიაღწია სკოლამ, რომ იყოს დამოუკიდებელი. სკოლას უნდა მისცენ დაფინანსება, სკოლების განვითარებისთვის ბიუჯეტის გამოყოფაა აუცილებელი.
რაც შეეხება სკოლების ინფრასტრუქტურას, ეს საკითხი ჯერ ისევ გამოწვევაა ქვეყანაში. სოფლებში ბევრი მოძველებული შენობაა, აი ისეთი, შესვლა რომ შეგეზარება. როდესაც სკოლას არ აქვს სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები, ლაბორატორიები ან ტექნოლოგიური საშუალებები, სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ თეორიულად, რაც მოსწავლეთა მოტივაციის დონეს ფაქტობრივად აქრობს. ინფრასტრუქტურის გაუმართაობა გამორიცხავს შშმ მოსწავლეთა სრულფასოვან ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში. სასადილოების არარსებობა სკოლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე, ისე მათ ჩართულობაზე სწავლა-სწავლების პროცესში.
მასწავლებლის პროფესიაში მაქსიმუმი არ იზომება მხოლოდ ტიტულებითა და ჯილდოებით
მასწავლებლობა, პროფესიათა შორის, ალბათ, ყველაზე ღირსეული პროფესიაა და მას დაფასება და საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება.
ადამიანები ხედავენ შედეგს – წარმატებულ მოსწავლეებს, აქტიურ სკოლებს, მაგრამ ვერ ამჩნევენ იმ დიდ ძალისხმევას, ემოციურ და ინტელექტუალურ შრომას, რაც ამ ყველაფრის მიღმა დგას. დღეს თანამედროვე მასწავლებელი „დაღლილი და დაბნეულია“. დაღლილია მუდმივი რეფორმებით. გარკვეულწილად, მასწავლებელი დაფასებულია სიტყვიერად, თუმცა საჭიროა, მასწავლებელს შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც რეალურ მხარდაჭერას იგრძნობს – ექნება ღირსეული პირობები და პროფესიულ განვითრებას შეძლებს. მხოლოდ ასე იქნება ეს პროფესია, ნამდვილი ღირსების სიმბოლო.
მასწავლებლის პროფესიაში მაქსიმუმი არ იზომება მხოლოდ ტიტულებითა და ჯილდოებით. თუ მასწავლებელმა შეძლო მოსწავლეში ინტერესის გაღვიძება ცოდნის მიმართ, თუ შენი გაკვეთილები ცხოვრების გაკვეთილებად იქცევა, თუ შენი შრომით ყალიბდებიან მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, გრძნობენ და სხვებზე ზრუნავენ, თუ შენს სკოლაში შექმნი გარემოს, სადაც მოსწავლეები ბედნიერები არიან და წლების შემდეგ მოსწავლე გეტყვის – „თქვენი წყალობით, მე ახლა ეს შემიძლია“ – ეს არის „საუკეთესო“ მასწავლებლის მაქსიმუმის საზომი.
დღესაც, მიუხედავად ბევრი საგანმანათლებლო პროექტისა, პერიფერიებში მცხოვრები მოსწავლეები და მასწავლებლები ხშირად უთანასწოროდ გრძნობენ თავს დედაქალაქის მოსწავლეებთან შედარებით.
ამ განცდას იწვევს პირველი და ყველაზე თვალსაჩინო მიზეზი – ინფრასტრუქტურა, რესურსების ნაკლებობა და შესაძლებლობებზე შეზღუდული წვდომა.
რეგიონებში ბევრი სკოლა კვლავ დგას ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა: არასაკმარისი სასწავლო სივრცე, გათბობის სისტემა, თანამედროვე წიგნებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი ან სასადილო. ასევე, რეგიონში მცხოვრები ბავშვები ვერ ღებულობენ სათანადო არაფორმალურ განათლებას, რომელიც ხშირად ფორმალურ განათლებაზე უფრო მეტ როლს თამაშობს. მაგალითად, ბავშვები არ არიან ნამყოფი თეატრში, კონოში, მუზეუმებში, შესაბამისად, არ იციან ქცევის წესები და ხშირად უცხოვდებიან და ემიჯნებიან საზოგადოებას.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიული განვითარებაა. დედაქალაქის მასწავლებლებს უფრო მარტივად შუძლიათ მონაწილეობა საგანმანათლებლო ინიციატივებში. თუმცა, ამ მოცემულობას მეორე მხარეც აქვს – პერიფერიებში მოღვაწე მასწავლებლები, ხშირად იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე არსებული გარემო აძლევს ამის საშუალებას. ისინი ხდებიან ლიდერები, ორგანიზატორები და საკუთარ თემში ცვლილებების ინიციატორები. სწორედ ამ პირობებში იზრდება ის პროფესიული სიმტკიცე და პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგჯერ დიდი ქალაქის კომფორტში ვერ ყალიბდება.
ყველაზე დიდი ბედნიერება იყო დაჯილდოების შემდეგ, მიღებული სიყვარული და ის ემოცია, რომელიც ჩემს რეგიონში და ჩემს სკოლაში დამხვდა.
მოსწავლეების გაბრწყინებული და ბედნიერი თვალები, მოსმენილი ფრაზა – „მას., თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებდით!“ მოქმედი თუ ყოფილი სტუდენტების შეტყობინებები, უსაზღვრო სიყვარულითა და მადლიერებით გაჟღენთილი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო ამდენი წლის გულწრფელი დამოკიდებულების შედეგი საკუთარი საქმის მიმართ.
რაც შეეხება მომავალს, მინდა, გავაძლიერო მუშაობა მოსწავლეების პიროვნული და მოქალაქეობრივი განვითარების მიმართულებით, რათა ცოდნასთან ერთად, მათ ჰქონდეთ უნარი – იმოქმედონ, თავისუფლად გამოხატონ აზრი, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას, რადგან აღნიშნული უნარები ქმნის აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეს. ასევე შევეცდები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო ინტერაქტიული და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას. მინდა ვითანამშრომლო ათეულის წევრებთან და მათი დახმარებით გავამდიდრო ჩვენი საგაკვეთილო პროცესი. მაგალითად, პირველ რიგში, ვაპირებ მოვიწვიო მასწავლებელი და მწერალი დათია ბადალაშვილი. გავაცნო მოსწავლეებს მისი შემოქმედება, ასევე მოვიწვიო შალვა მინდაძე და გავეცნოთ მის ტექნოლოგიურ მიღწევებს საგაკვეთილო სივრცეებში და ა.შ.