ნინო წიკლაური
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. კურტლარის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
ჩემი ამბავი იწყება 2010 წლის სექტემბრიდან, როცა პირველად შევხვდი კურტლარელებს…
არა, უფრო ადრე, 2007 წელს ჩატარდა კვლევა, იყო თუ არა მზად, ერთი მხრივ, არაქართულენოვანი სკოლა და, მეორე მხრივ, ადგილობრივი საზოგადოება ქართული ენის ინტენსიური სწავლებისათვის. ამ კვლევაში მივიღე მონაწილეობა ინტერვიუერად. მაშინ სტუდენტი ვიყავი და მხიბლავდა მთელი ქვემო ქართლის სოფლების შემორბენა, მოგზაურობა და ახალ ადამიანებთან შეხვედრა.
შემდეგ რუმინეთში წავედი ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამით, სადაც საშუალება გვქონდა ახალგაზრდებს, გვემუშავა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხალისე მასწავლებლებად.
მერე იყო რუსთავის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობა და, პარალელურად, არასამთავრობო სექტორთან უწყვეტი კავშირი.
2010 წელს გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიარე ყველა ეტაპი, ტრენინგებიც – რთული და მღელვარე წუთები და მოვხვდი სოფ. კურტლარის სკოლაში. გადავიარე იაღლუჯას მთა და ჩავედი სოფელში…
სკოლა იყო პატარა, ავარიულ შენობაში განთავსებული… მოგვიანებით, საპატიო დამსწრეებად, გაკვეთილებზე თაგვებიც მესწრებოდნენ ზოგჯერ…
პირველ სასწავლო დღეს მამა გამყვა სკოლაში. მაშინდელი დირექტორი მამას შეპირდა, რომ შვილივით გამიფრთხილდებოდა და იქ არაფერი გამიჭირდებოდა. დღესაც დიდი სითბოთი და პატივისცემით იხსენებენ ჩემი კოლეგები იმ დღეს. ახლა უფრო მეტად თბილი და ახლო ურთიერთობა მაქვს კოლეგებთან, ახალ დირექციასთან და თემის წარმომადგენლებთან. როდესაც ტრანსპორტს ველოდები, ბევრი ადგილობრივი მეპატიჟება შინ, ბევრი მხვდება დიდი სითბოთი და მოწიწებით.
რატომ არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარების პროგრამა? ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი ქვეყნის სამსახურში… ეს ჩემი გზაა.
ჩემს ამბავს, ალბათ, დიდ მადლიერებას დავარქმევდი – მადლობელია ყველა ის სკოლადამთავრებული, რომელიც შედგა პიროვნებად, პროფესიონალად და ახლა სწორ გზაზე დგას; მადლიერია მოსწავლეთა დიდი ნაწილი მხიარული და საინტერესო, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი გაკვეთილისა და აქტივობისათვის; ცალკე გამოვყოფ იმ პედაგოგებს, რომელთაც ისწავლეს ქართული ენა ბ1 დონეზე, გაიარეს კიდევ დამატებითი ეტაპები და გახდნენ უფროსი მასწავლებლები… და მე ყველას მადლობელი ვარ – კეთილის მსურველისაც და პირიქითაც. თითოეულმა მათგანმა გამზარდა და დამაფიქრა ბევრ რამეზე… სხვათა შორის, როცა ღიად გადავუხადე მადლობა ერთ დამამთავრებელ კლასს, ბავშვები გაოცებულები შემომყურებდნენ – მათ პირველად უხდიდა მადლობას მასწავლებელი (ასე მითხრეს). მადლობელი ვარ ყველა იმ სტრუქტურის თუ ადამიანის, ვინც მე საშუალება მომცა, ვყოფილიყავი ამ ადგილას საჭირო დროს.
ყველაფერი, ცხადია, სიამტკბილობითა და ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. კაცნი ვართ. მაგრამ, მე მინდა, მხოლოდ კარგზე და განსავითარებელზე, სასურველზე გავამახვილო ყურადღება.
კარგია ის, რომ მოძველებული და ავარიული შენობის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შენობაში ვართ. ისიც ძალიან კარგია, რომ ყოველწლიურად იკლებს ნაადრევი ქორწინების შემთხვევათა რაოდენობა და სულ უფრო მეტი გოგონა აგრძელებს სწავლას კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში. მეტი ოჯახისთვის იქცა გოგონათა განათლება და გაძლიერება პრიორიტეტი. და ეს გოგონებიც დიდი სიხარულით მხვდებიან გზაზე – ქალაქში, სოფელში… და უშურველად მიზიარებენ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს…
ვაჟებზე რა ვთქვა?
ვფიქრობ, არაფორმარულმა განათლებამაც უნდა იტვირთოს თავისი წილი ყმაწვილთა სააზროვნო კურსის განათლებისაკენ შემოტრიალების საქმეში. ჩემი დაკვირვებით, იკლებს სწავლაზე ორიენტირებული ბიჭების ისედაც სავალალო რაოდენობა და ეს უკვე საგანგაშოა.
ჩემი ამბიდან სასიხარულო კიდევ ისაა, რომ ქართულენოვან, ქართულ კულტურასთან ინტეგრაციას აღარ უშინდებიან დღევანდელი მოზარდები: ერთად ვუყურებთ და შემდეგ განვიხილავთ ქართულ ან ქართულად გახმოვანებულ ფილმებს, ვკითხულობთ ორიგინალ თუ ნათარგმნ ლიტერატურას, ვუსმენთ ქართულ მუსიკას ჟანრთა მრავალფეროვნების გათვალისწინებით… ვცეკვავთ ქართულს, ვმღერით ქართულად და გვიხარია. მხოლოდ გაკვეთილებით, ცხადია, არ შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა.
რთულია ბევრი რამ – გზაც, უტრანსპორტობაც, ოჯახურ ცხოვრებასთან შეთავსება ამ სირთულეების, სხვადასხვა სახის, ხასიათის დამოკიდებულებები და კიდევ ბევრი რამ… ამ ყოველდღიურობაში გამოკრთება ხოლმე საინტერესო კადრი და ვცდილობ, ხელიდან არ გამექცეს. ასეა ჩემი ბევრი კოლეგა – ძალიან საინტერესო ფოტოალბომებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული. მე მარტო არ ვარ.
მარტო არ ვარ მაშინაც, როცა ჩემი კოლეგების მიერ დაწერილ-შედგენილი სახელმძღვანელოთი ვმუშაობ ამაყად; არც მაშინ, როცა ცენტრის თუ დირექციის მხარდაჭერას ვხედავ ინიციატივების თუ სხვადასხვა წამოწყების საქმეში; არც მაშინ, როცა რამე გვჭირდება და ერთმანეთს ვუდგავართ მხარში კოლეგები, როგორც ერთი დიდი ოჯახი…
ერთი დიდი ოჯახი ვართ ერთი მუჭა ქვეყანა – ერთმანეთის იმედად, გზად და ხიდად.