საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია, ესგ ადმინისტრაციული რეგულაციებისგან თავისუფალი, სისტემური ხედვის დოკუმენტი გახდეს და რომ ესგ-ში ცვლილებების განხორციელების შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია შეტანილი. ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი ვარიანტი უფრო მარტივი ენით და დიზაინით იქნება შექმნილი.
„ეროვნული სასწავლო გეგმა არის ორგანიზმი, რომელიც რეალურად გეზს აძლევს და კარნახობს სკოლებს, როგორ უნდა ააწყონ თავიანთი შიდა სასკოლო გეგმები. მაგრამ, რიგ შემთხვევაში, ესგ–სთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია, რომ ძალიან ბევრ რამეს ვკარნახობთ და ამბობდნენ – მოგვეცით თავისუფლება და იმის საშუალება, საფეხურის მიზანზე გავიდეთ, მაგრამ როგორ გავალთ, რა მიდგომით, რა მეთოდით – ამას ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია ამ თვალსაზრისით მოხდა. ჩვენ გვინდა, რომ სკოლამ თავად განსაზღვროს საკუთარი სასკოლო საზოგადოების განვითარების გზა.
ეროვნული სასწავლო გეგმა საფეხურის მიზანს უკარნახებს (სკოლებს), თუმცა, როგორ და რა მიდგომით მივლენ ამ მიზანთან, ამას თავად განსაზღვრავენ. სკოლების სურვილი იყო, მეტი ავტონომიურობა და თავისუფლება ჰქონოდათ, გამოეყენებინათ უფრო მეტი რესურსი, სიმართლე გითხრათ, ამის საშუალებას არსებული ეროვნული სასწავლო გეგმაც იძლეოდა, მაგრამ სასკოლო საზოგადოებას სურდა, ეს უფრო გახსნილად დაენახა. დოკუმენტი ყოფილიყო უფრო მარტივი, აღქმადი იმისთვის, რომ ეს იყოს სამაგიდე წიგნი და ყველასთვის გამოსაყენებლი,“ – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ზოგადი განათლების მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია სასწავლო ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელდა. „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებით პროექტი გვაქვს, რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებს, უკვე ინიცირებულია და პარლამენტშია წარდგენილი“.
თამარ მახარაშვილმა სკოლების ავტორიზაციის საკითხზეც ისაუბრა: „სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2023 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და განაცხადი შემოტანილი აქვს 339 საჯარო სკოლას. უკვე ავტორიზებულია 130 საჯარო სკოლა. ამასთან, ავტორიზაციის ვადა გაიზარდა 6-დან 9 წლამდე“. ასევე, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – სკოლების მშნებლობა-რეაბილიტაციაზე, სკოლის დირექტორის განახლებულ სტანდარტზე, დირექტორების არჩევნებზე, სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების სისტემაზე, მასწავლებლის პროფესიისადმი ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერაზე, ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური და ბილინგვური განათლების მიმართულებაზე. მისი თქმით, ბილინგვურ განათლებაში ჩართულია 36 ბაღი და 180 სკოლა, 2030 წლამდე 300-ივე არაქართულენოვანი სკოლა დაიფარება.
რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებას, აღნიშნა, რომ 692 საჯარო სკოლაში, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო დაწესებულების 1700 მანდატური იცავს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.
მინისტრის მოადგილემ კანონმდებლებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო, სკოლამდელი განათლების მიმართულებით – ქვეყანაში ფუნქციონირებს 1704 საჯარო და 323 კერძო ბაღი. არაქართულენოვანი 45 საბავშვო ბაღიდან 36-ში ბილინგვური განათლების პროგრამა ინერგება. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულია 20291 პირი საგანმანათლებლო მიმართულებით, მათ შორის 9262 აღმზრდელი და 7520 აღმზრდელის თანაშემწე. აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობის მიმართულებით.
თამარ მახარაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს განათლების მინისტრის კიდევ ორი მოადგილე წარუდგენს ანალოგიურ ანგარიშს. უახლოეს პერიოდში კი პარლამენტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმენს და როგორც თამარ მახარაშვილმა თქვა, ის ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთებს განაცხადს: „ძალიან მალე, მასწავლებლების, მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით და მათ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც, მინისტრი დაწვრილებით მოგვახსენებს და ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთებს განაცხადს“.