ინგა ცათიაშვილი
ბირკიანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი
საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით კი განათლების კუთხით, მრავალი გამოწვევა დგას. განათლება, როგორც მომავლის საყრდენი, ხშირად არ არის ხელმისაწვდომი იმ დონეზე, რაც საჭიროა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. როგორც პედაგოგი, ჩემი უპირველესი ამოცანაა, ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის განვითარებას, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა.
ენის ბარიერი – მთავარი დაბრკოლება სრულყოფილი განათლებისკენ
ეროვნული უმცირესობების დიდი ნაწილი სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, რაც მრავალი წინარე მიზეზით არის განპირობებული. სტატისტიკის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და კითხულობს სიტყვებს. ეს ენობრივი ბარიერი განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან მოსწავლეებს უჭირთ სასწავლო მასალის სრულფასოვანი აღქმა.
პანკისის ხეობის ქისტი მოსწავლეების შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია – უმრავლესობა გამართულად საუბრობს ქართულ ენაზე და სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს. ეს მიღწევა ცხადყოფს, რომ სწორი მიდგომითა და მეტი ძალისხმევით, ენობრივი ბარიერის დაძლევა შესაძლებელია.
განათლების პოლიტიკა და სახელმწიფო პროგრამები: მიღწევები და გასაუმჯობესებელი საკითხები
განათლების სამინისტროს პროგრამა „4+1“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ერთწლიან მოსამზადებელ კურსს გულისხმობს, დასაფასებელი ინიციატივაა. ამ პროგრამის მეშვეობით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვი იზრდება. თუმცა, ენის ბარიერის დასაძლევად ეს საკმარისი არ არის.
მნიშვნელოვანია, რომ ენის სწავლას მეტი ყურადღება მიექცეს სკოლაშივე. საჭიროა შემუშავდეს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც განავითარებს მოსწავლეების ქართული ენის უნარებს და ხელს შეუწყობს ბილინგვური სახელმძღვანელოების დანერგვას. სამწუხაროდ, ბევრ სკოლას ჯერ კიდევ არ აქვს მსგავსი რესურსები, რის გამოც უამრავი მოსწავლე სათანადო განათლებას ვერ იღებს. ამ მხრივ, მთავრობის მხარდაჭერა და დამატებითი ინვესტიციები გადამწყვეტია.
ასევე, გაცვლითი პროგრამები და ბანაკები, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულად ქართულენოვან გარემოში გაატარებენ დროს, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ენის შესწავლას, არამედ კულტურულ ინტეგრაციასაც. სასიხარულოა, რომ მსგავსი აქტივობების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს რეგიონებში.
მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება: ბილინგვური სწავლების მნიშვნელობა და აუცილებლობა
როგორც პედაგოგს, მიმაჩნია, რომ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიებში, განსაკუთრებით კი ბილინგვური სწავლების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია. ეს არის სისტემური ცვლილება, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს.
ბილინგვური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში მოსწავლის მშობლიური ენისა და სახელმწიფო ენის თანაბრად გამოყენებას. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თავიდანვე შეინარჩუნონ მშობლიური ენა და კულტურული იდენტობა, ხოლო ამავდროულად ეფექტურად შეისწავლონ ქართული ენა. ეს ამცირებს სტრესს და სასწავლო პროცესს უფრო კომფორტულს ხდის, რაც საბოლოოდ განათლების ხარისხზე დადებითად აისახება.
მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა უნდა მოიცავდეს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს:
⇔ მრავალენოვანი გარემოს მართვა: მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ კლასში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ორივე ენის გამოყენება იქნება წახალისებული და მხარდაჭერილი.
⇔ ეფექტური მეთოდოლოგიები: პროგრამა უნდა მოიცავდეს ინტერაქციული, კომუნიკაციური და პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს ენის პრაქტიკულ გამოყენებას.
⇔ კულტურული მგრძნობელობა და ინკლუზიურობა: მასწავლებლები უნდა იყვნენ გაცნობიერებულნი ეთნიკური უმცირესობების კულტურულ თავისებურებებში, რათა უკეთ გაუგონ მოსწავლეებს და შექმნან უსაფრთხო სასწავლო გარემო.
⇔ ადაპტირებული სასწავლო მასალები: კურსები უნდა მოიცავდეს სასწავლო მასალების ადაპტირებისა და შექმნის უნარებს, რათა ისინი უფრო გასაგები იყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის.
⇔ უკუკავშირისა და შეფასების სისტემები: მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ მოსწავლის პროგრესის სწორად შეფასება ბილინგვურ კონტექსტში, ენობრივი ბარიერის გამო დისკრიმინაციის გარეშე.
საერთაშორისო გამოცდილება – საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
ხორვატიისა და რუმინეთის გამოცდილება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლაში საინტერესოა. ხორვატიაში, ეთნიკური უმცირესობები საკუთარ ენაზე სწავლობენ სკოლაში, თუმცა სახელმწიფო ენასაც იგივე რაოდენობის საათები ეთმობა, რაც ორივე ენის უკეთ ათვისების საშუალებას იძლევა. რუმინეთში კი, ყველა საგნის, მათ შორის ბაზისური საგნების, სახელმწიფო ენაზე სწავლებაა გათვალისწინებული, ხოლო ეთნიკური უმცირესობების ისტორია, ლიტერატურა, რელიგია და გეოგრაფია მშობლიურ ენაზე ისწავლება. ეს მიდგომები გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია როგორც მშობლიური ენის შენარჩუნება, ისე სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე სწავლება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტეგრაციისთვის. საქართველოს მთავრობამ და განათლების სამინისტრომ აქტიურად უნდა შეისწავლოს ეს პრაქტიკები და მათი ადაპტირება მოახდინოს ქართულ რეალობაზე.
საზოგადოების ჩართულობა და სამომავლო პერსპექტივები
ხშირად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ნაადრევად ტოვებენ სკოლას, რაც მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. საჭიროა ერთობლივი ძალებით მუშაობა, რათა თითოეულ მოსწავლეს მიეწოდოს სათანადო განათლება. მთავრობის მხრიდან კი საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად განათლების მნიშვნელობის შესახებ.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის მომავალში კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი მცდელობა; საჭიროა როგორც განათლების სისტემის მხრიდან, ასევე უმცირესობების მხრიდანაც მზაობა და მიმღებლობა. უნდა შემუშავდეს მეტი რესურსი, მოეწყოს მეტი საინტეგრაციო აქტივობები და ბანაკები, რათა მათ უკეთ შეძლონ ქართულ გარემოში საუბარი და მეგობრების გაჩენა, თუმცა ასევე აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეთ მშობლიური ენის გაკვეთილები.
სამომავლო გეგმები მოიცავს:
♦ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიებში, განსაკუთრებით ბილინგვური სწავლების მიმართულებით;
♦ ტექნოლოგიური რესურსების გაზრდას – ელექტრონული სახელმძღვანელოების და ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმების შექმნას;
♦ მენტორობის პროგრამების დანერგვას, სადაც წარმატებული სტუდენტები ან პროფესიონალები გაუზიარებენ გამოცდილებას ახალგაზრდებს.
საბოლოოდ, ჩემი, როგორც გეოგრაფიის პედაგოგის და პანკისის ხეობის მკვიდრის მიზანია, თითოეულმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ისაუბროს როგორც გამართული ქართულით, ასევე მშობლიური ენით, და არ გაუჭირდეს საკუთარი თავის რეალიზება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ შევქმნათ ჰარმონიული და ძლიერი საზოგადოება, სადაც ყველა მოქალაქე თავს სრულფასოვან და ღირებულ წევრად იგრძნობს.
♦♦♦
ინგა ცათიაშვილი 27-წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგია. 1999 წელს დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ასწავლის ბირკიანის საჯარო სკოლაში გეოგრაფიასა და საგანს „ჩვენი საქართველო“. წლების განმავლობაში, მის ერთგულებას განათლებისადმი ალბათ ის გზაც მოწმობს, რომელსაც გადიოდა ფეხით, მძიმე პირობებში სკოლამდე – ომალო-ბირკიანი, რიყისა და ხიდის გავლით.
„კუპონების ეპოქაში“, დაბალი ანაზღაურების პირობებში, ინგა ცათიაშვილი მაქსიმალურად ეხმარებოდა მოსწავლეებს სახელმძღვანელოების შეძენაში, ზრუნავდა, რომ მოსწავლეებში ამაღლებულიყო მოტივაცია, რადგან დაინტერესებული იყო მათი კარიერული წინსვლით.
ქალბატონი ინგას პედაგოგიური თავდადება იმაშიც გამოიხატება, რომ ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამეცადინებდა მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის. იგი მთელ გულს უძღვნის მოსწავლეების კეთილდღეობასა და წარმატებას.