მარიამ გოგიშვილი
სსიპ ქუთაისის №36 საჯარო სკოლის სპეციალური განათლების მასწავლებელი
თანამედროვე სკოლა და სასკოლო საზოგადოება საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი ერთ სივრცეში აერთიანებენ განსხვავებული თავისებურების მქონე ბავშვებს, თითოეულის ჩართულობით მიღებული მრავალფეროვნება კი ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავია. ინკლუზიური განათლების პირობებში ყველა მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობის სრულად რეალიზების საშუალება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომა, როდესაც ვაღიარებთ, რომ ყველა მოსწავლე უნიკალურია თავისი ინდივიდუალური, ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, აკადემიური საჭიროებებითა და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს.
ჩვენი სკოლის მიზანია კარგად ორგანიზებული ინკლუზიური გარემოს შექმნა, რადგან სწორედ ინკლუზიური განათლების პრინციპებმა მოგვცა შესაძლებლობა, მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების დახმარებით, ფორმალური და არაფორმალური ღონისძიებების ჩატარებით, ისე დავგეგმოთ სასწავლო პროცესი, რომ ჰარმონიაში მოვიდეს კლასსა და სკოლაში მიმდინარე აქტივობებთან.
სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი სკოლა არაერთ ღონისძიებას მართავს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა. მიზნად დავისახეთ ჩაგვეტარებინა დიდი სასკოლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მაქსიმალურად იქნებოდა ჩართული თითოეული მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. ეს ეხებოდა როგორც ტიპურ, ისე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენთვის პირველი იყო ამ მასშტაბის ღონისძიება, რომელშიც სრულად იყვნენ ჩართული როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ისე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათი შესაძლებლობების, ინტერესების, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის მაქსიმალური გათვალისწინებით. მზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადი, ამავდროულად, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის და ჩვენთვის. დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები, რომლებსაც ღონისძიების ორგანიზატორთან, ქალბატონ ქეთევან გუბელაძესთან ერთად, სპეციალური მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.
დეტალურად გავიარეთ თითოეული საკითხი, საკონცერტო ნომრების თანმიმდევრობა და დრო. გასათვალისწინებელი იყო მრავალი ფაქტორი, რათა მაქსიმალურად შეგვექმნა ინკლუზიური გარემო. შეირჩა ღონისძიების ჩასატარებელი სივრცე და მოხდა მისი ადაპტირება; სწორად და მიზანმიმართულად შეიქმნა და განაწილდა სხვადასხვა დეკორაცია, შეირჩა შესაბამისი განათება. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ჩემი, როგორც სპეციალური მასწავლებლის, ჩართულობის აუცილებლობა ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილედ, რაც თითოეული მოსწავლისთვის კიდევ უფრო სასიხარულო და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.
მაქსიმალურად ვეცადეთ, ზღაპრული გარემო შეგვექმნა, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად გამოგვივიდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ხალხური და საესტრადო სიმღერები, სამეჯლისო თუ ხალხური ცეკვები, საბალეტო ნომრები… თითოეული საკონცერტო ნომრის შესრულებისას სრულად იყო გათვალისწინებული მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროება. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ საკონცერტო ნომრები ეჩვენებინათ მაყურებლებისათვის, არამედ გაეცნოთ თავიანთი შემოქმედება და ნამუშევრები. ვიხილეთ მათი შექმნილი ნახატები, მოვისმინეთ ნორჩი პოეტის მიერ დაწერილი ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველივე მაქსიმალურად ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლებისა და სოციალიზაციის ხარისხის გაუმჯობესებას, მათთან მომუშავე სპეციალისტების, მშობლებისა და თანატოლების გაძლიერებას. და რაც მთავარია, დამსწრე საზოგადოებამ დაინახა რამხელა შესაძლებლობა და პოტენციალია თითოეულ მოსწავლეში.
იდეამ, მოსწავლეებისა თუ მასწავლებლებისთვის, დამსწრე საზოგადოებისთვის ერთი ზღაპრული დღე გვეჩუქებინა, ნამდვილად გაამართლა. იყო ბევრი სიხარულის ცრემლი, დადებითი ემოცია და წუთები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
მუშაობის პროცესმა დაგვანახა, რომ ინკლუზიური განათლება ემსახურება ყველას, ინდივიდუალური მხარდაჭერა და ინდივიდუალური მიდგომაც განურჩევლად ყველას სჭირდება.