ლეილა ხონელიძე
სსიპ ილ. ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ამ ბოლო დროს ხშირად ვაკვირდები, როგორ აქტიურდება ხოლმე სოციალური ქსელი ამა თუ იმ კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. მაგალითად, ყოველ 14 აპრილს სოციალური ქსელის საერთო კედელზე ერთი ჩასეირნებაც კმარა, რომ ვნახოთ, რამდენ ღონისძიებას ვუძღვნით ხოლმე ამ დღეს, რა ხოტბას ვასხამთ და დითირამბებს ვუძღვნით ქართულ ენას, როგორ მოგვწონს თავი ქართული ანბანის უნიკალურობით, რამდენ ვიქტორინასა თუ კონკურსს ვატარებთ, როგორ „ვებრძვით“ ბარბარიზმებს, ენის წაბილწვა-დამახინჯების თითოეულ ფაქტს, თუმცა საკითხავია, რა მოჰყვება შედეგად ჩვენს გარჯა-ფაციფუცს? – ჩვენი მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრება? შეურყვნელი ქართული ენა (თავისი სილამაზით, მშვენიერებით, კეთილხმოვანებით, ფერით, მუსიკით, სიბრძნით, სიღრმით)? ის ენა ქართული, რომელსაც შეუძლია გამოთქვას ყველაფერი, რაც თქმულა და რაც არ თქმულა სამყაროს შექმნის დღიდან თუ თანამედროვე თინეიჯერების მიერ ჟარგონებით, ბარბარიზმებით წაბილწული, გაღარიბებული ენა, რომლითაც „ურჩია“-საც, „ჰკითხა“-საც, „უპასუხა“-საც, „დაარიგა“-საც, „უბრძანა“-საც, „მიმართა“-საც, „უსაყვედურა“-საც „უთხრა“ ზმნით გამოხატავენ, ის ენა, რომელზე მოსაუბრე ჟურნალისტიც ამგვარ კითხვას უსვამს რესპონდენტს – „თქვენ ვინ დაგაუწყათ ამ ღონისძიების შესახებ“ (და ეს „დაგაუწყათ“ არათუ ყურს არავის მოსჭრის, პირიქით, უმალ აიტაცებენ სხვებიც!).
ამიტომაც ჯიუტად ვაგრძელებთ სიტყვიერების მასწავლებლები იმის კეთებას, რაშიც, როგორც მკითხველს შეიძლებოდა მოსჩვენებოდა, სხვები დავამუნათე – ანუ ვიქტორინა-კონკურსებსაც ვატარებთ, სხვა ღონისძიებებსაც, ქართული ენის სილამაზეზეც ბევრს ვესაუბრებით, მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებასაც ვცდილობთ.
ახლაც ქართული ენის კვირეულია ჩვენს სკოლაში (თავისი უამრავი აქტივობითა თუ ღონისძიებით). მე ერთ-ერთ მათგანზე მინდა გესაუბროთ, რომელიც მეთერთმეტე კლასში განვახორციელეთ – პროექტი „მეგობარი (ერთი სიტყვის კვალდაკვალ)“. იდეა ნამდვილად არაა ჩემი, ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორს დავესესხე. ბავშვები, მთელი თვის განმავლობაში, იკვლევდნენ ამ სიტყვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, რაც შემაჯამებელ გაკვეთილზე პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს.
ელენე ჩხარტიშვილმა მოიძია მასალები სიტყვა „მეგობრის“ ეტიმოლოგიაზე, ვრცლად ისაუბრა „მეგობრის“ „გობ“ („გობი“) სახელური ფუძისაგან წარმოშობის შესახებ, არც ამ მოსაზრების კონტრარგუმენტები დავიწყებია და არც სხვა მოსაზრება „მეგობარ“ ფუძის ამოსავლად ზმნური ფუძის „გუობ (გუობს, შეგუება)“ მიჩნევის შესახებ. დაასახელა და გააანალიზა „მე-არ“ კონფიქსით ნაწარმოები კიდევ ათი სახელი სხვადასხვა ლექსიკონიდან, ისაუბრა თითოეული მათგანის ამოსავალ ლექსიკურ ერთეულზე და თავისი დასკვნაც შემოგვთავაზა იმის შესახებ, თუ რატომ მიაჩნია უფრო ლოგიკურად „მე-გობ-არ“ ფორმის „გუობ“ ზმნური ფუძიდან წარმოშობა.
ელიზავეტა ჯინჭველაშვილმა „მეგობარ“ ფუძისაგან წარმოქმნილი სიტყვები (მეგობრობს, დამეგობრება, დაამეგობრებს, დაიმეგობრებს, დამეგობრებული, სამეგობრო, მეგობრული…), „მეგობრის“ სინონიმები (დოსტი, ამფსონი, არიფი, ტოლი, ამხანაგი, ტოლ-ამხანაგი, ძმაბიჭი, ძმაკაცი, ყონაღი, ნამგალა…) და ანტონიმები(მტერი, არამეგობარი) გაგვაცნო.
ლიზი შონიამ მეგობრის მეგრულ (მოჯგირე – სიტყვა „ჯგირ“-იდან მიღებული) და სვანურ (აფხნეგ/აფხანიკ/აფხანაკი) შესატყვისებზე ისაუბრა და მეგრულ-სვანური ანდაზებიც გაგვაცნო მეგობარსა და მეგობრობაზე („მოჯგირე გიჭყორუნი, მარდიელ ორდა, ნტერ გოფერუნი, ფრთხილას ორდა“; „მოჯგირეს უძინი, მაღაზას გუძინია“; „ჩიდ მაჩეენე ლეზიზ ჯვეედია შუკვს ხოჩა აფხნეგ როქ ლი“; „აფხნეგი გუუღა თხეერესიი ქახვებრგიიელ“.
საბა ჯობავამ ისაუბრა ანდაზებსა და გამონათქვამებზე მეგობრობის შესახებ უცხოურ ენებში. როგორც თავადვე აღნიშნა, მან ეს ანდაზები შინაარსობრივად დააჯგუფა და ინგლისური, ფრანგული, ესპანური, იტალიური, გერმანული, არაბული ანდაზები შემოგვთავაზა ამგვარი კლასიფიკაციით: მეგობარი გაჭირვებაში; მეგობარი-საგანძური; მეგობარი-ჩვენი ანარეკლი; მეგობარი-ცხოვრებისეული არჩევანი; მეგობრობა სამუდამოა.
ქრისტი გოგიშვილმა წარმოგვიდგინა ანდაზები მეგობრობაზე. მან შემდეგნაირად დააჯგუფა მოძიებული მასალა: მეგობრობის მნიშვნელობა და ფასი; ნამდვილი და ყალბი მეგობრები; მეგობრის ძალა და მხარდაჭერა; ცუდი მეგობრები; მეგობრის პოვნა და დაკარგვა.
მარიამ თოშხუამ სხვადასხვა ავტორის გამონათქვამები შემოგვთავაზა მეგობარსა და მეგობრობაზე. სულხან-საბას „კარგი ამხანაგისადმი“ მიძღვნილი საგალობლით დაიწყო და არაერთი ფრანგი, ინგლისელი, რომაელი, ბერძენი, გერმანელი ავტორის ციტატა გაგვაცნო.
ანი კოზმავამ მოიძია, როგორ აისახა მეგობრობა ლიტერატურაში. უნდა აღინიშნოს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების უბადლო მეგობრობაზე საუბართან ერთად არ დავიწყებია ქართველი თუ უცხოელი მწერლებიც, წაგვიკითხა შოთა იათაშვილის „მეგობრობა“, მუხრან მაჭავარიანის „ღმერთო, მიცოცხლე მეგობრები“, ისიკავა ტაკუბოკუს „მეგობარს გული გადავუშალე და მომეჩვენა: ამ საუბარში რაღაც დავკარგე და გავღარიბდი. მყისვე დავტოვე მისი ოთახი“.
ლიზი კუხალეიშვილმა მოიძია ის ფილმები, რომლებიც მეგობრების ურთიერთობებს, მეგობრობის წყალობით გადალახულ დაბრკოლებებსა და მეგობრულ მხარდაჭერას ეხება და პრეზენტაცია დაასრულა იმით, რომ ჯანსუღ კახიძის „მეგობარს ჩახედე თვალებში“ მოასმენინა აუდიტორიას, მეგობრობაზე შექმნილ სხვა სიმღერებთან ერთად.
არ ვიცი, რა დარჩება მათ მეხსიერებაში ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, მაგრამ საპრეზენტაციო თემებზე მუშაობა სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციების მოძიებას, დახარისხებას, საკუთარი აზრის გადმოცემას, სხვებისთვის გაზიარებას მიაჩვევდა და ქართული ენის სიმდიდრეში კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა, ნათელია.