ტექსტის იდეალური სტრუქტურა და ბედისწერის ნიშანი
ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის ეცნიერებათა დოქტორი, საბავშვო მწერალი, მენტორი მასწავლებელი
ლიტერატურული ნაწარმოების ბედს, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მისი სტრუქტურაც განსაზღვრავს.
კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკითხველები ყოფითი (საინფორმაციო) და რელიგიური ტექსტების გაჩენას მოჰყვა, ასე განისაზღვრა ამ ტიპის ლიტერატურის ფორმატი: თიხის წიგნებზე ამოტვიფრული გილგამეშის ეპოსი (რელიგიური და ყოფის ამსახველი ტექსტებით), ავესტას გათები, ორმოცდათხუთმეტ წიგნად დაწერილი ძველი აღთქმა და ოთხ წიგნად დაწერილი ახალი სახარება. ამ ტექსტების მიზანი ნათელი იყო: მკაფიო და მოკლე აღწერებითა და შეგონებებით გაეფართოებინა მიმდევართა წრე, გადაეცა ინფორმაცია, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მხატვრულმა ლიტერატურამ ჩამოყალიბების ვრცელი გზა გამოიარა:
♦ ამბები ლექსებად, ანუ ჟანრი პოემა, რომელიც კაცობრიობის მხატვრული აზროვნების საწყისთან დგას და განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს;
♦ ფილოსოფოსების მიერ შექმნილი ტრაქტატები;
♦ მცირე (დიდაქტიკური) პროზა – იგავ-არაკი;
♦ რომანი, რომელმაც ფორმის სრულყოფა XIX-XX საუკუნეების ლიტერატურაში შეძლო.
ჩვენი მიზანი რომანის ჟანრის ფორმირების საკითხის გაანალიზებაა. მაგალითად, როგორ ხდება ისე, რომ ზოგიერთი სქელტანიანი ტექსტი გამორჩეული ინტერესის საგნად გადაიქცევა, ჰყავს ბევრი მკითხველი.
რომანი რთული სტრუქტურის მქონე ჟანრია.
რომანისტი ქმნის ლიტერატურას, რომლის მოცულობა თანამედროვე მკითხველს ნაკლებად იზიდავს.
გასული საუკუნე ამ ჟანრის განსაკუთრებული აღზევების საუკუნე იყო, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა, რომელთა ჩამოთვლა ახლა შორს წაგვიყვანს, ჩვენი ამოცანა თანამედროვე რომანის თავისებურებათა და მკითხველის მოთხოვნათა გარკვევაა ჟანრის მიმართ.
როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის რომანი
თანამედროვე ავტორი, თუ მას საკუთარი ლიტერატურის მკითხველისთვის შეთავაზება სურს, აცნობიერებს (უნდა აცნობიერებდეს), რომ მას უდროო (დაკავებულ) მკითხველთან ექნება ურთიერთობა.
ოდესღაც, როცა საბავშვო ლიტერატურის დამუშავება და მისი შესწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ ამგვარი სტრუქტურის ტექსტები (ქვეთავებად დანაწევრებული და მრავალამბიანი) ოდესმე ზრდასრულ მკითხველსაც მიიზიდავს.
რომანის (ჟანრის) ერთგვარი გადახალისება, ანუ მისი განსხვავებული ფორმით წარმოდგენა XX საუკუნის პირველ ნახევარში სცადეს მწერლებმა. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი, ნორვეგიელი მწერალი, კნუტ ჰამსუნი წერს შესანიშნავ რომანს „შიმშილი“, რომლის შინაარსობრივად ერთიანი სიუჟეტი ოთხ ამბად არის დაწერილი, რაც, ჩვენი აზრით, მკითხველს მოწყენისა და ტექსტის მიმართ გულაცრუების საშუალებას არ უტოვებს. რომანს, რომლის ყოველი მომდევნო ქვეთავი ერთი და იმავე პერსონაჟის ერთსა და იმავე თავგადასავალს ყვება, კითხულობ ბოლომდე და ინტერესით. ეს ავტორის მიერ მოფიქრებული საუკეთესო ხერხია მკითხველში ინტერესის გადასარჩენად.
ამავე ხერხს მიმართავს ჟან პოლ სარტრი თავის, როგორც მას უწოდებენ, „იდეალურ რომანში“ „გულისრევა“. ამბები თარიღებად და დღეებად იყოფა, რაც, ვფიქრობთ, მკითხველს მონოტონურობის განცდის დაძლევაში ეხმარება. სხვაგვარად შეუძლებელია, ინტერესით წაიკითხოს მსგავსი შინაარსისა და რთული სისტემის მქონე რომანი.
XX საუკუნის რომანებიდან ასევე აღსანიშნავია უილიამ ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარება“. ოთხი ამბავი და ოთხი მთხრობელი.
ქართული რომანებიდან, საკითხის ანალიზისას, ახლახან გამოცემული „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ მაგონდება, რომლის ავტორი მწერალი დავით ქართველიშვილია. ტექსტი აქაც ოთხ ეპიზოდად არის წარმოდგენილი და ამბავი ოთხ სხვადასხვა პერსონაჟს ეხება, რაც მკითხველს მანამდე არსებულ გამოცდილებას, რომელიც რომანების უმრავლესობის კითხვისას დაუგროვდა, რადიკალურად უცვლის. ამ რომანში აღწერილია დაკარგული და ბედისმაძიებელი ადამიანების სრულიად განხვავებული ისტორიები, რომლებსაც ანგელოზების ქალაქი აერთიანებს.
არის თუ არა რომანის წარმატების საიდუმლო მწერლის მიერ განსაკუთრებული სტრუქტურის შემუშავება?
ჩვენს ეპოქაში ახალი ხერხებისა და სტილის ძიება, ვფიქრობთ, მწერლების (რომანისტების) მთავარი ამოცანა უნდა გახდეს, რადგან წინა საუკუნის რომანის ისტორია აჩვენებს, თუ რა ტიპის ლიტერატურა აღწევს საბოლოო მიზანს – ნათლად აღიბეჭდოს კაცობრიობის მეხსიერებაში.