დისტანციური სწავლების პროცესი ბევრ სკოლაში (უმეტესად – კერძო სკოლებში) უკვე მიმდინარეობს. ბავშვები ონლაინ რეჟიმში მეცადინეობენ და მათი დამოკიდებულება სწავლების ამ მეთოდის მიმართ არაერთგვაროვანია. თუმცა, ყველას მოსწონს ბევრი თავისუფალი დრო. ანასტასია ერთ-ერთი კერძო სკოლის მეთერთმეტეკლასელია, მას ყველა საგანში უტარდება ონლაინ გაკვეთილები (დღეში – ორი), სამი დღის მონაცვლებით, რეგულარულად იღებს დავალებებს. დისტანციური სწავლების პლუსად, პირველ რიგში, იმას ასახელებს, რომ დილით ადრე ადგომა არ უწევს, სკოლაში რომ არ დააგვიანდეს და გამოძინების საშუალება აქვს. „ასევე, შესაძლებლობა მაქვს, სწავლის პროცესში კომფორტულად ვიყო (ვჭამო, წამოვწვე და ა.შ.), ანუ სტრესი ბევრად ნაკლებია. რაც შეეხება მინუსებს – კლასში მონაწილეობა უფრო რთულია/შემცირებულია, გაკვეთილების მერე დარჩენა და გაუგებარი მასალის გარკვევა არ გამოდის.
დისტანციური სწავლება, ჩემ შემთხვევაში, მუშაობს, ანუ ჩემს კლასში ყველა მონდომებულია, რომ იმუშაოს და ვმუშაობთ კიდეც, ყველა ხელს ვუწყობთ ერთმანეთს. მაგრამ ისეთი სკოლებისთვის, სადაც ბავშვები არ არიან მოტივირებულები (ბევრია ასეთი სკოლა), ვფიქრობ, არ იმუშავებს და არც მუშაობს.“
დისტანციური სწავლება უფრო ეფექტურად და სწრაფად კერძო სკოლებმა დაიწყეს, ისინი გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევას როგორც ტექნიკური მზადყოფნითა და პედაგოგთა კვალიფიკაციით, ასევე მოსწავლეების უნარ-ჩვევებით, სრულყოფილად მართონ ონლაინ პროცესები. სანდრო მეოთხეკლასელია, დაწყებითი საფეხურის მოსწავლე, მის სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე არდადეგების გამოცხადებისთანავე გადავიდნენ, ჯერ დავალებებს ასრულებდნენ, შემდეგ კი ონლაინ გაკვეთილები დაეწყოთ. „დისტანციურ სწავლებაში მომწონს ონლაინ გაკვეთილები და პლუს ის, რომ ონლაინ გაკვეთილებში მასწავლებელი ვერ გხედავს და შეგიძლია იცუღლუტო, შეგიძლია სათამაშო აიღო ჩუმად ქვევით და ითამაშო ჩუმად.
ის არ მომწონს, რომ ზოგჯერ ონლაინ გაკვეთილები ჭედავს და რთულია გაგება, რისი თქმა უნდათ მასწავლებლებს. კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ ძალიან მენატრება სკოლა და ძალიან მომენატრა დერეფნები, კლასი, მასწავლებლები, კლასელები…
მომწონს ის, რომ დიდი ვადებია დავალებებს შორის და შეგიძლია კარგად გადაანაწილო დრო, შეზღუდული არ გაქვს დრო. თავისუფალი დროც მეტი გაქვს და შეგიძლია, აკეთო რაც გინდა ის, სანამ დავალების გაკეთების დრო არ მოვა. მომწონს ასევე ის, რომ კომპიუტერთან მუშაობა მიწევს.“ – ამბობს სანდრო.
არიან ისეთებიც, ვისაც დისტანციური სწავლება არ მოსწონს და მათაც საკუთარი არგუმენტები აქვთ:
ნანიკო, მე-9 კლასი: „მე თავიდანვე დისტანციურად სწავლების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან არ მიმაჩნდა, რომ რაიმე შედეგი ექნებოდა. პირველ რიგში, ვერ ვხვდებოდი როგორი პრინციპებით იქნებოდა სწავლება, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს 2 გამოცდა მაქვს (ან შეიძლება უკვე აღარ) ჩასაბარებელი, მით უმეტეს, საჭირო იყო ჩემთვის მასწავლებლებთან კვირაში 5-ჯერ მომზადება. ახლა დისტანციურად ვმუშაობ მაინც ამ გამოცდებზე (გერმანული, მათემატიკა).
მათემატიკის მასწავლებელმა შექმნა სპეციალური ბლოგი, სადაც დავალებებს დებს და ჩვენ უნდა შევასრულოთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავალებებს გვაძლევს, მარტის 2 კვირა უკვე დავკარგეთ, დასვენებების გამო, მე-9 კლასის პროგრამა კი ძალიან რთულია და ძალიან ბევრი მასალაა, რომლის გავლა, მით უმეტეს დისტანციურად, ძალიან რთულია.
გერმანულის მასწავლებელთანაც იმავე პრინციპით ვმუშაობ, დავალებებს გვაძლევს, ჩვენ ვასრულებთ და სპეციალურ აპლიკაციაში ვაქვეყნებთ ან მეილზე ვუგზავნით. ამ ტიპის დისტანციურ სწავლებას კიდევ არა უშავს, მაგრამ ეს ვიდეო გაკვეთილები არ მომწონს, მარტო იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ მოსწავლე და მასწავლებელი ესწრებიან, რადგან ძალიან რთულია, ვიდეო გაკვეთილით ერთმა მასწავლებელმა მთელ კლასს აუხსნას რაიმე სახის მასალა, განსაკუთრებით თუ ეს მათემატიკის, ქიმიის ან ფიზიკის გაკვეთილებს ეხება.
რა თქმა უნდა, დისტანციურ სწავლებას კარგი მხარეებიც აქვს. პირველ რიგში, კარგია ის, რომ ასეთ ვითარებაში, რაიმე სახის საშუალება მაინც გვაქვს, რომ ვისწავლოთ, ასევე, სახლიდან მუშაობის ძალიან კარგი საშუალებაა და ზოგისთვის შეიძლება ასეთი ტიპის სწავლება მისაღები იყოს. თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ როდესაც ამდენი ხანი სკოლაში სწავლობ და უცბად გიწევს, რომ დისტანციურად ისწავლო, ძალიან რთულია და არამომგებიანი.“
საბა, მეათეკლასელი: „ჩემი აზრით, დისტანციურ სწავლას შედეგი არ ექნება. მე ვგულისხმობ ვიდეო გაკვეთილებს, რადგან სწავლების ამ ფორმის გამოყენებით, შეუძლებელია დავალების შემოწმება, დამოუკიდებელი სამუშაოს ჩატარება და, ასევე, მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა. უკეთეს სწავლების ხერხად მივიჩნევ, უბრალოდ, დავალებებისა და რაიმე მასალების მოცემას, რათა მოსწავლეები არ მოდუნდნენ და განვლილი მასალა არ დაავიწყდეთ. ონლაინ გაკვეთილის ჩატარება კი, იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ამას კლასის უმრავლესობა მოითხოვს, მაგალითად, როდესაც მოსწავლეები რაიმე საკითხს ვერ გაიგებენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ონლაინ სწავლების საუკეთესო გზა მასალების გადმოგზავნა და მოსწავლეებთან კომუნიკაციაა, მაგრამ არა ონლაინ გაკვეთილი, რადგან სწავლების ეს ფორმა კლასში მუშაობას ვერ ჩაანაცვლებს.“
ვხედავთ, რომ არაერთგვაროვანია მოსწავლეების დამოკიდებულება დისტანციური სწავლების მიმართ, ეს იმ სკოლებში, სადაც პროცესი უკვე დაიწყო. ბევრ სკოლაში და, სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში ონლაინ სწავლებაზე,ჯერჯერობით, ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამ ხარვეზის შესავსებად, განათლების სამინისტრო, საქართველოს პირველ არხთან ერთად, 30 მარტიდან, იწყებს პროექტს „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებში, ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, შესაძლებლობა ექნება, აქტიურად ჩაერთოს პროგრამაში და მოისმინოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. კვალიფიციური პედაგოგები ჩაატარებენ გაკვეთილებს, ასევე, აბიტურიენტებსაც გაუწევენ კონსულტაციებს, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ამისთვის „აბიტურიენტის საათი“ დაინიშნება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ცალკე საგაკვეთილო ბადე მომზადდება, სადაც ისინი ქართულ ენას შეისწავლიან. ტელეგაკვეთილების საშუალებით მათ მშობლიურ ენაშიც ჩაუტარდებათ მეცადინეობა, უახლოეს მომავალში, სხვა საგნებიც დაემატება. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეების საჭიროებები. ყველა გაკვეთილს ჟესტური ენის თარჯიმანი თარგმნის.
რაც მთავარია, ითქვა, რომ „ტელესკოლა“ კრიზისის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. „ტელესკოლის“ ერთ-ერთმა პედაგოგმა, გია მურღულიამ, თავის ფეისბუქგვერდზე, ეს პროექტი ასე შეაფასა: „ტელესკოლა” – ადგილი, სადაც საკლასო ოთახი მთელი საქართველოა!“
რამდენად წარმატებულად იმუშავებს პროექტი, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს, მთავარია, რომ პროცესი დაიწყო, რადგან უძრაობას ყოველთვის მოძრაობა სჯობს.
ლალი თვალაბეიშვილი