თამარ კერესელიძე
სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
უცხო ენის სწავლება დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და მუდამ ახლის ძიებას მოითხოვს. ამ მიზნით ჩავერთე საერთაშორისო პროექტში, რომელიც საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნულმა აკადემიამ (GNAEB) განახორციელა. პროექტი ითვალისწინებდა ერთკვირიან ტრენინგებს ინგლისის ბაქსვუდის სკოლაში. ტრენინგებს ატარებდა ბაქსვუდის სკოლის დირექტორის მოადგილე მაიკლ შო (Michael Shaw). ასევე სისტემატურად ვესწრებოდით საგაკვეთილო პროცესებს. მსურს გაგიზიაროთ ერთ-ერთი გაკვეთილი, საინტერესო აქტივობებით დატვირთული, რომლის მსგავსი ჩავატარე ჩემს მოსწავლეებთან. გაკვეთილმა დიდი მოწონება და ჩართულობა გამოიწვია.
გაკვეთილი მოიცავს წერითი, კერძოდ, წერილის წერის უნარის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა უცხო ენის საფუძვლიანად შესწავლისთვის.
WRITING THE LETTER
დონე: საბაზო, საშუალო
ასაკი: 14-17
საკლასო ორგანიზების ტიპი: საერთო საკლასო, წყვილური, ინდივიდუალური
მიზანი:
♦ მოსწავლეებმა ისაუბრონ წერითი სამუშაოს შესრულების შესახებ;
♦ შეძლონ წერილის დაწერა შესაბამისი გრამატიკული ფორმების გამოყენებით;
♦ გაიმრავალფეროვნონ ლექსიკური მარაგი.
პროცედურები:
- მასწავლებელი ნომრავს მოსწავლეებს – 1 და 2. პირველი ნომრები გამოდიან და მაწავლებელი მათ აძლევს წერილის ნიმუშს, რომელიც მის მაგიდაზე დევს. მეორე ნომერი მოსწავლეები რჩებიან მერხებთან. პირველი ნომერი მოსწავლეები კითხულობენ წერილს და წინადადებებით ან სიტყვებით კარნახობენ თავიანთ მეწყვილეებს. ისინი იწერენ წინასწარ მომზადებულ თაბახის ფურცლებზე. 3-4 წუთის გასვლის შემდეგ, მასწავლებლის მითითებით, ისინი ცვლიან როლებს. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს წერილებს და ისინი თავად ამოწმებენ შესრულებული სამუშაოს შედეგს.
- მასწავლებელი წყვილებში ურიგებს მოსწავლეებს იმავე წერილს და სთხოვს მის წაკითხვას. შემდეგ მასწავლებელი კითხვებს სვამს წერილში მოცემულ ხაზგასმულ წინადადებებზე და განიხილავენ თუ რომელ დროს ან გრამატიკულ ჯგუფს მიეკუთვნება.
მასწავლებელი ასევე ამოწმებს სიტყვებს, რომელსაც თვლის, რომ უცხო იქნება მოსწავლეებისათვის და ფლიფჩარტზე ან დაფაზე აწერინებს მათ შესატყვის ქართულ მნიშვნელობებს.
- მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს სლაიდშოუსა და ფლიფჩარტზე ჩამოწერილ კითხვებს და აძლევს დროს, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები და გასცენ პასუხი წყვილებში.
მიცემული დროის გასვლის შემდეგ, მასწავლებელი კითხულობს კითხვებს და მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს კლასის წინაშე.
შეკითხვები შესაძლოა, იყოს მსგავსი ტიპის:
Speaking
⇒ What phrases and language makes a good letter?
⇒ What is the difference between a letter to a friend and teacher?
⇒ What are past and present tenses and can you give examples?
⇒ Why are you practicing letters?
⇒ What makes a good piece of writing?
⇒ What do you often do?
⇒ What is your weekend routine?
⇒ Tell your partner about something that you have never done.
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს წერილის დაწერის მოკლე ინსტრუქციას და მათთან ერთად განიხილავს თუ რა ეტაპები უნდა დაიცვან და შეასრულონ იმისათვის, რომ მათი ნამუშევარი იყოს სრულყოფილი.
მაგალითად,
Letter
⇒ Write a letter to friend using following grammar: past simple and past continuous;
⇒ Extra – present perfect and 1st conditional;
⇒ The letter must tell your friend the following: your weekend routine and something you often do;
⇒ What you are doing now and your plans for the weekend;
⇒ Something that you have never done, but would like to;
⇒ Plans for next week, if it is sunny.
რჩევები და რეკომენდაციები:
♦ წერილის თემა, ფორმატი და სირთულე შეგიძლიათ შეარჩიოთ კლასის და მოსწავლეების საჭიროების მიხედვით;
♦ ეს აქტივობები გათვლილია 35-წუთიანი საგაკვეთილო პროცესისათვის. სადაც 45-წუთიანი გაკვეთილებია, შეგიძლიათ მოსწავლეებს, წერილის დასაწერად, გაკვეთილზევე მისცეთ დრო.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს გაუადვილებს წერითი უნარების ჩამოყალიბებას. ისინი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით შექმნიან ამბავს, რომელსაც გაუზიარებენ ახლობლებს. ასევე, შეისწავლიან წერილის წერის ეტაპებს და ძირითად პრინციპებს, შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ წერილის მიწერას ნებისმიერი ადამიანისათვის ნებისმიერ თემაზე.