3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

spot_imgspot_img

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის (naec.ge) ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 93%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

ნინო წერეთელი: „ყველა აბიტურიენტს მინდა ვუსურვო წარმატება. ნუ იღელვებენ, მშვიდად იყვნენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დავხვდეთ კომფორტული, მშვიდი გარემო, რათა ბოლომდე შეძლონ თავიანთი ცოდნის დადასტურება.

პირველ სესიაზე რეგისტრაცია იწყება 8 საათზე, მეორე სესია – 2 საათზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ ზუსტად 8 საათზე და მეორე სესიაზე გამსვლელები – ზუსტად 2 საათზე გამოცხადნენ საგამოცდო ცენტრებში. ეს იქნება აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ არ დაიგვიანებენ საგამოცდო პროცესზე. ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, იგივე დამოკიდებულებაა, რომ დაგვიანებული აბიტურიენტი ვერ შევა საგამოცდო სივრცეში და, რა თქმა უნდა, ის უკვე კარგავს ჩარიცხვის უფლებას.

აუცილებლად იქონიონ თან საგამოცდო ბარათი და ყველა საგამოცდო ბარათზე წერია როგორც ქალაქი, პირველ რიგში, ასევე საგამოცდო ცენტრის სახელწოდება და მისამართი და რაც ყველაზე მთავარია, ეს გახლავთ დრო, როდის იწყება რეგისტრაცია – საგანი, თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო. კიდევ ერთხელ ვურჩევ, არ დაიგვიანონ. საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა, ეს ის ორი აუცილებელი ატრიბუტია, რითაც უნდა გამოცხადნენ, ყოველ მიზეზგარეშე გამოცდაზე.

მე ხშირად ვიმეორებ ამას და გავმეორდები, რომ გამოცდის წინა დღეს, ვისაც როგორ უყვარს დასვენება (ვიღაცას კარგი მუსიკის მოსმენა უნდა, ვიღაცას სრულიად სიჩუმეში უნდა ყოფნა…), ისე დაისვენონ. არც ერთი წიგნი, არც ერთი სახელმძღვანელო არ გადაშალონ, ეს არის ყველაზე კარგი – გამოცდის წინა დღის მშვიდ გარემოში გატარება, ამას ფსიქოლოგებიც გვირჩევენ.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, დამთავრდება 22 ივლისს, მაგრამ ყველა გამოცდა, როგორც ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო, საგრანტო კონკურსი, მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდები დასრულდება 23 ივლისს. მზად ვართ, მოვემსახუროთ 80 000 ადამიანს. მთელი გულით და სულით ვუსურვებ მათ წარმატებას“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საგამოცდო ცენტრები მოინახულა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ. იგი დღეს თბილისის №39 და №177ე საჯარო სკოლებს ეწვია. განათლების მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი ნინო წერეთელი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.

მინისტრმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძე: „ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 39 000 ახალგაზრდა დარეგისტრირდა. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი წარმატება ვუსურვო.

დღეს გავეცანით საგამოცდო სივრცეებს. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალ სტანდარტზე, ამაზე მიუთითებს ის მასშტაბური წინასწარი სამუშაოები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სხვადასხვა უწყებასთან აქტიური თანამშრომლობით, განახორციელა.

ეს დღე  ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ძლიერი მომავლისკენ კიდევ  ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ახალგაზრდები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადიან.

მჯერა, დღეს ისინი თავიანთ ცოდნასა და უნარებს მაქსიმალურად გამოავლენენ, რათა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელონ განათლების მიღება ქვეყნის საკეთილდღეოდ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, სრულად არის მობილიზებული, რომ გამოცდები ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული გამოცდების ჩატარების უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის დამკვიდრებული“.

საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.

♦ ♦ ♦

2025 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:

⇒ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

⇒ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

⇒ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

⇒ მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. 2025 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება