ქართულ ოჯახებში, განსაკუთრებით რეგიონებში, ბიჭის დაბადებას უფრო აღმატებულად ხვდებიან… თუმცა, ამ წერილის გმირს დაბადებაც გამორჩეული ხვდა – 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში, 4 ბიჭის შემდეგ, ნანატრ შვილად მოევლინა სამყაროს. ვერ გეტყვით, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს პედაგოგ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში, თუმცა, სავარაუდოდ, დიდ სიხარულს გამოიწვევდა (სხვათა შორის, მოგვიანებით, ოჯახს მეხუთე ბიჭიც შეეძინა). ახალდაბადებულს სახელიც ლამაზი შეურჩიეს – ნონა. ალბათ, მაშინ მხოლოდ არსთა გამრიგემ თუ იცოდა, ამ ერთი ბანალური ფაქტით, დიდი ეპოქა რომ დაიბადა – ეპოქა, სახელად ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ვარსკვლავად დაებედა მე-20 საუკუნის საქართველოს ცის კაბადონს, თუმცა არა მხოლოდ მას – მსოფლიოსაც ერთგვარი ბიძგი მისცა და მისი შარავანდედი არც მიმდინარე საუკუნეში გახუნდება. ეს ეპოქა მსოფლიოს ხუთგზის, ოლიმპიადის თერთმეტგზის ჩემპიონობას და სხვა უამრავ ტიტულს მოიცავს. ის იყო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, საქართველოს მრავალგზის ტრიუმფატორი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და პირველი ქალი, რომელსაც ეს წოდება ვაჟებში მიენიჭა… და აქ მხოლოდ მისი კარიერის უმთავრესი მომენტები ვახსენეთ, თორემ ეს ზღვაში წვეთია, საერთო მონაგართან შედარებით.
თუმცა, პატარას ტირილს მალე ისეთი ამბები მოჰყვა, ამაზე ფიქრისთვის არავის ეცალა. ამ დროს მეორე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობდა, გოგონას დაბადებიდან თვე-ნახევარში კი გერმანიამ მაშინდელი სსრკ-ს საზღვრები გადმოლახა და ომიც მთელი ძალით გაიშალა… მისი ბავშვობაც ომსა თუ პოსტნაომარ პერიოდს დაემთხვა, თუმცა მას არასოდეს უთქვამს, რომ მძიმე და ცუდი ბავშვობა ჰქონდა. ალბათ, მათ ოჯახსაც უჭირდა, რადგან ომში ყველას უჭირს – ომი ხომ გაჭირვების და ნგრევისაა. საერთო გარემო მათზეც მოახდენდა გავლენას, თუმცა პატარა ნონას ხასიათის ჩამოყალიბებაში სწორედ ბავშვობამ ითამაშა დიდი როლი; სწორედ ბავშვობამ გამოაწრთო და ჩამოაყალიბა იმ მხედრად, მეფე-დედოფლის დაშამათება რომ აქცია პროფესიად.
ბუნებრივია, 6-შვილიან ოჯახში მოთამაშის პოვნა არ გაჭირდებოდა და სათამაშოდ ბავშვებს ჭიშკარს იქით წასვლა არ მოუწევდათ. პატარა ნონაც თავის ძმებთან თამაშობდა „ბიჭურ“ თამაშობებს, ფეხბურთით დაწყებული, რითაც კი მოზარდი ბიჭები შეიძლება გაერთონ. მისი ხასიათიც მაშინ ჩამოყალიბდა – მებრძოლი, გაუტეხელი, ჟინიანი და მიმწოლი, რომელიც ცდილობდა, ძმებს, ზოგადად – ბიჭებს არ ჩამორჩენოდა, არ დაეთმო მათთვის არაფერი და ნაცარტუტად ექცია „სუსტი სქესის“ განმარტება, რასაც მერე მთელი ცხოვრება წარმატებით ახერხებდა, ანგრევდა გენდერულ ჯებირებს. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ შეიძულა მარცხი და მიზნად მხოლოდ გამარჯვება დაისახა. ერთხელ, თურმე, ტესტის პასუხად, 2 ყაიმი გირჩევნიათ თუ თითო მოგება-წაგებაო, უყოყმანოდ უპასუხია – თითო მოგება-წაგებაო. ამ თემაზე საუბრისას ისიც განმარტა, რომ თამაშისას არასოდეს ფიქრობს ყაიმზე, მხოლოდ მოგებაზე.
ეტყობა, გაფრინდაშვილების ოჯახში ჩვეულებრივი, საბავშვო თამაშების გარდა, უფრო მაღალ მატერიებზეც ფიქრობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ნონას სწორედ ძმებმა ასწავლეს ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში, თუმცა მაშინ ვერც ისინი წარმოიდგენდნენ, რამხელა ტალანტს აძლევდნენ გასაქანს. ოღონდ მხოლოდ ტალანტი, ნიჭი, გინდაც მონდომება შედეგს ბოლომდე ვერ გამოიღებს, თუ იღბალი, თავისი უხილავი „ბედი მდევარი“ საჭირო დროს სწორ ადგილას არ დახვდა. ნონასთვის ასეთად სახელოვანი მწვრთნელი ვახტანგ ქარსელაძე იქცა, რომელმაც, 1953 წლის ზაფხულში, ბათუმში, ადგილობრივ შეჯიბრებაზე, ზუგდიდის გუნდის წევრ 12 წლის გოგონაში უტყუარად ამოიცნო უსაზღვრო ტალანტი… იქამდე კი იყო პირველი ნაბიჯები საჭადრაკო დაფასთან ზუგდიდში, სადაც მშობლებმა მიიყვანეს ჭადრაკის წრეზე, წარმატებები კი ძაფზე აცმული მძივებივით მიჰყვა ერთმანეთს. მით უფრო, პატარა გოგონა ნამდვილად გამოირჩეოდა ნიჭიერებით და პატარაობიდანვე აღწევდა წარმატებებს. ასე თანდათან მოვიდა ის დრო, როცა ზუგდიდი მისთვის შეზღუდულ ასპარეზად გადაიქცა და უფრო დიდ არენას ითხოვდა. სწორედ მაშინ შეხვდა ვახტანგ ქარსელაძეც, რომელიც დაჟინებით ურჩევდა მშობლებს ნონას თბილისში გადაყვანას. ისინიც დაეთანხმნენ და 1954 წლის სექტემბერში ნონა, სწავლის გასაგრძელებლად და ჭადრაკში დასაოსტატებლად, თბილისში, დეიდას და მის მეუღლეს ჩააბარეს…
მისი სპორტული კარიერა ზღაპრული ამირანივით, დღითი დღე კი არა, საათობრივად იზრდებოდა და წარმატება წარმატებას მოსდევდა: თბილისში გადასვლიდან მეორე წელსვე, ნონა გაფრინდაშვილი თბილისის ქალთა ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, მალე კი რიგაში მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაშიც კარგად ითამაშა; 1956 წელს 2 დიდი გამარჯვება მოიპოვა – ჯერ თბილისის ჩემპიონი გახდა ქალებში, მერე – საქართველოსი და ასე თანდათან აიკინძა გამარჯვების მძივები ძაფზე… ამით კიდევ უფრო „დიდ ავიაციაში“ გასვლის დრო დადგა და 1960 წელს მანაც თამამად შეაღო მსოფლიოს ჭადრაკის მწვერვალებისკენ მიმავალი კარი – გვიან შემოდგომაზე, რიგაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის მე-20 ჩემპიონატი გაიმართა. საკავშირო პირველობა ყოველთვის დიდი ტურნირი იყო, ლამის მსოფლიოს ჩემპიონატის ტოლფასი, რადგან ჯერ აქ უნდა გეჯობნა 15 ქვეყნის მეტოქეთათვის, თუმცა ამ კონკრეტულ შეჯიბრებას დამატებითი ფაქტორიც ახლდა: უნდა გამოევლინა მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირზე წამსვლელი ოთხეული. ნონა მეოთხე ადგილზე გავიდა და იქ წასვლის უფლება მოიპოვა. იმ დღეებში, იმჟამად, მსოფლიოს ესტონელმა ჩემპიონმა მიხეილ ტალმა თქვა, რომ ნონა პრეტენდენტთა ტურნირში პირველი ადგილისთვის იბრძოლებდა. მისი სიტყვები ზუსტად ასრულდა – 1961 წელს გამართული ეს შეჯიბრება მართლაც გაფრინდაშვილმა მოიგო, 16-დან 12 ქულით და 2-ით გაუსწრო უახლოეს მდევარს.
ამით გაფრინდაშვილი იმ რუბიკონს მიადგა, რომლის იქითაც სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იდო და ისიც თამამად შეხვდა ამ ახალ გამოწვევას, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, არათუ უკან დახევა, ყოყმანიც კი მისი სტილი არ იყო და მუდამ მაქსიმუმზე ფიქრობდა. ეს ტიტულიც ასეთი მაქსიმუმი იყო, რომლისკენაც ამდენი წელიწადი ისწრაფვოდა. არადა, მეტოქე სოლიდური ჰყავდა – მსოფლიოს რიგით მესამე ჩემპიონი ელისაბედ ბიკოვა (უცხოურ წყაროებში მას ელიზავეტას უწოდებენ, რაც, რაღა დაგიმალოთ და, მეც უფრო სწორი ვერსია მგონია), რომელსაც, იმხანად, სამჯერ ჰქონდა მოპოვებული ეს გვირგვინი… მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრა მაშინდელი იუგოსლავიის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართა, რომელიც დღეს სერბეთის შემადგენლობაშია და ნონა გაფრინდაშვილის ზედამაჯერებელი უპირატესობით დასრულდა – 9:2. ბიკოვამ რაც მოახერხა, 4 შეხვედრის ყაიმით დასრულება იყო, სხვა პარტიებში კი ვერაფერი მოუხერხა ზუგდიდიდან მოვარდნილ ტაიფუნს, რომელმაც, უბრალოდ, გადათელა. ნონამ ვადამდე გაინაღდა ტიტული – ბოლო 5 პარტია არც გამართულა, რადგან ვეღარაფერს შეცვლიდა. ცნობილი ფაქტია: ბიკოვა ისე გაამწარა მარცხის საშიშროებამ, რომ მაგიდის ქვეშ ფეხებს ურტყამდა ნონას. თუმცა ქართველი ხომ შეჩვეული იყო სიძნელეებთან ჭიდილს, ბიკოვას კი კარგად არ სცოდნია, სალ კლდეს რომ შეეჩეხა, მტკიცე ნერვების მქონე მეტოქეს.
ბიკოვას ალა კუშნირი მოჰყვა, რომელსაც 3-ჯერ შეხვდა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში და სამივეჯერ უპრობლემოდ დაიცვა. შედარებით, ბოლო მატჩში გაუჭირდა, თუმცა ისიც თავის სასარგებლოდ დაასრულა, ამის შემდეგ კი ქართველების ჯერი დადგა: ნონა გაფრინდაშვილმა, მეხუთე საჩემპიონო შეხვედრაში, ნანა ალექსანდრია დაამარცხა, მეექვსე მცდელობაზე კი, მეტოქედ მაია ჩიბურდანიძე ჰყავდა, რომელთანაც დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინიც დაუთმო. ამის შემდეგ, ჩიბურდანიძემაც 5-ჯერ მოიპოვა ეს ტიტული, მეტოქეებად კი ხან ნანა ალექსანდრია, ხან ნანა იოსელიანი ჰყავდა. იყვნენ ირინა ლევიტინა და ელენე ახმილოვსკაიაც, თუმცა, ეს უკანასკნელი მაშინ ქართველთა რძალი იყო და თბილისში ცხოვრობდა.
ეს იყო საქართველოში ჭადრაკის აყვავების პერიოდი, რაც ნონას ფაქტორმა და მისმა ფენომენალურმა მიღწევებმა გამოიწვია. მის ნაკვალევზე წამოვიდა ის პირველი თაობა, რომელიც გვერდში ამოუდგა ნონას და, მასთან ერთად, გუნდურშიც დაიპყრო საჭადრაკო მწვერვალები – მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი… მოგვიანებით, ახალი თაობაც წამოვიდა – ქეთევან კახიანი, ქეთევან არახამია და კიდევ ბევრი სხვა, ცოტა უფრო გვიან – თეა ლანჩავას თაობა.
ეს ჯაჭვი 90-იანი წლების ძნელბედობამ გაწყვიტა, თუმცა ეპოქა კი შევქმენით… ნონამ და მისმა თაობამ გუნდურშიც ძალიან დიდი წარმატებები მოიპოვა და პირადის მსგავსად, საჩემპიონო ტიტულები გუნდურშიც საშინაო საქმედ იქცა. წლების განმავლობაში ქართველი მოჭადრაკეები არავის უთმობდნენ საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონობას. მაშინდელ საბჭოთა კავშირში ნაკრებში ისე არავინ შეგიყვანდა, რუსებს 2-3 თავით თუ არ აღემატებოდი, ხშირად კი იმ გუნდში 4-ივე მოჭადრაკე ქართველი იყო – სამივე ძირითადი და ერთი – სათადარიგო. მათ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გააგრძელეს წარმატებით თამაში. სწორედ ამ პერიოდში თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ხუან ანტონიო სამარანჩმა, რომ არა საქართველო, არ ვიცი, სად იქნებოდა ჭადრაკის სამშობლოო. ასე განუსაზღვრა ესპანელმა ჩინოვნიკმა ინდურ თამაშს სამშობლო, ნონა კი იმ კატეგორიაშია, რომელთა სახელის ხსენებაც საკმარისია იმის გასაგებად, თუ ვისზეა საუბარი, გვარის დამატება საჭირო არაა.
თუმცა ნონა გაფრინდაშვილის ფენომენი მხოლოდ ტიტულებსა და მედლებში არაა – როგორც ყველა ლიდერმა, მანაც დიდი გარდატეხა შეიტანა თავის ეპოქაში, უპირველესად – მენტალური, და სამყარო შეცვალა… ერთხელ ცნობილმა ჟურნალისტმა, მერაბ რატიშვილმა მითხრა, ნონამ ქალები „ქუხნიდან“ გამოიყვანაო. მართლაც, მან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაამსხვრია სტერეოტიპები, მაგალითად, „ქალი ქუხნაში“ და დაამტკიცა, რომ არ არსებობს ქალური და კაცური პროფესიები თუ ცალკეული სფეროები; რომ ადამიანური შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და ადამიანი თუ მონდომებს, ყველაფერი გამოუვა. გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკე იყო, ვინც მამაკაცებთან დაიწყო საჭადრაკო პარტიები და დიდი წარმატებითაც. მან უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა უცხოეთშიც კი, რაც იმ ქვეყნის პირობებში ძნელი საქმე იყო, თუმცა ის ჭადრაკის მეფედ მსოფლიომ აღიარა. ის საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია და მაშინ, იმ ძნელბედობის დროს, მისი ავტორიტეტი ბევრჯერ დაგვეხმარა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების აწყობა-ჩამოყალიბებაში. ერთ ინტერვიუში თავად ბრძანა, ჭადრაკმა ყველაზე მთავარი – ხალხის სიყვარული მომცა, ბავშვებიც კი მცნობენ ქუჩაშიო. დაგვეთანხმებით, მართლაც არაფერია ხალხის სიყვარულზე უფრო დიდი ჯილდო.
როგორც უკვე ვთქვით, ბავშვობაში ბიჭების წრეში აღზრდამ მას ხასიათიც სხვანაირი მისცა — უფრო კაცივით მებრძოლი და არა ქალურად რბილი და სუსტი. ცხადია, ეს გენეტიკამაც განაპირობა, მაგრამ, ფემინისტურად ნუ გამიგებთ და ნონა გაფრინდაშვილი უფრო კაცივით შემტევია, მამაკაცივით პირდაპირი. საუბარში, მანერებში უფრო საკუთარ თავში დაჯერებული კაცის პოზიცია გამოსჭვივის… მინახავს კამათის დროსაც, ან მაშინ, როცა პირად აზრს აფიქსირებდა და ყოველთვის მხიბლავდა მისი პირდაპირობა, შეუპოვრობა… აქაოდა, ქალი ვარო, ამის შიშით არ ერიდებოდა კაცებთან კამათს და ბოლომდე იცავდა თავის პოზიციას, რაც სიმართლედ მიაჩნდა. მახსოვს, ერთხელ, შორეულ 90-იანებში, როგორ მტკიცედ დაუდგა უცხოეთში წასვლის მსურველ ახალგაზრდა სპორტსმენს და მისი პოზიციით გაოგნებულმა როგორ უყვირა, რა გაგიკეთებია ჯერ შენი ქვეყნისთვის, ასე რომ ევაჭრებიო. ის არც ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ერიდებოდა და არ მიმართავდა რევერანსებს, აქაოდა, ვინმე არ გამიბრაზდესო, არც იმ მოსალოდნელ შედეგზე ფიქრობდა, რაც ამ ქვეყანაში ხელისუფლებასთან დაპირისპირებას შეიძლება მოჰყვეს. მისი ძალიან ბევრი ინტერვიუ წამიკითხავს, ბევრი გამოსვლა მომისმენია, პირადადაც ბევრჯერ შევსწრებივარ მის გამოსვლებს თუ პიროვნულ საუბრებს, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზა მეუცნაურა, რაც დღემდე ვერ ავხსენი. ერთხელ „სარბიელში“, მის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილმა ჟურნალისტმა, აწ გარდაცვლილმა ავთანდილ გურასაშვილმა, ორგვერდიანი ინტერვიუ ჩაიწერა და იქ თქვა – რას ამბობ, მეუღლეს ჭადრაკს როგორ ვეთამაშებოდიო… მისი მეუღლე, პროფესიით ექიმი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი იყო, თუმცა მეუღლეს რატომ არ ეთამაშებოდა ჭადრაკს, ვერ გეტყვით.
ნონა გაფრინდაშვილი „დიდ ჭადრაკს“ აღარ თამაშობს, მაგრამ ჭადრაკი მაინც არ ეთმობა და ვეტერანებში აგრძელებს გამოსვლას. იქაც ისეთივე შემართებით და იმავე პრინციპით თამაშობს – არავითარი ყაიმი, მხოლოდ მოგება! შედეგად, ვეტერანებშიც რამდენჯერმე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი… ვეტერანებში როცა ვთამაშობ, ესაა ჩემი დასვენებაო, – თქვა ერთხელ და ჯერ არც აპირებს დასვენებას – არც ჭადრაკში, არც ცხოვრებაში და ყველგან ძველებურად შეუპოვარია. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს ასე შემართებით.
ირაკლი თავაძე