ეპილეფსია ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც თავის ტვინის ნეირონების უჩვეულო აღგზნება ფიქსირდება, რაც, საბოლოოდ, სიმპტომურ დონეზე, გულყრით გამოიხატება. ეპილეფსია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ რადგან მე ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი ვარ, ბავშვებთან დაკავშირებით ვისაუბრებ. ალბათ, საინტერესოა თუ რა გამოწვევებს ხვდებიან ბავშვები და მშობლები, ეპილეფსიასთან დაკავშირებით, ადრეულ ასაკში, როგორია ბაღის და შემდგომ, უკვე სკოლის მზაობა ეპილეფსიის მქონე ბავშვის მისაღებად.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გულყრა ავტომატურად არ გულისხმობს ეპილეფსიის დიაგნოზს, ბავშვებს შესაძლოა, სხვადასხვა გარემო პირობებით განუვითარდეთ გულყრა, როგორიცაა: მაღალი ტემპერატურა, სტრესი, სხვადასხვა მედიკამენტის ჭარბი დოზა და სხვა. მაშინ როდის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ეპილეფსიასთან? როცა გვაქვს ორი ან მეტი არაპროვოცირებული გულყრის გამოვლენა, 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის შუალედში.
ეპილეფსიის მიზეზი შესაძლოა, იყოს თანდაყოლილი თავის ტვინის ტრავმები ან ინფექციები, სიმსივნეები, გენეტიკური დაავადებები, გენეტიკური წინასწარგანწყობა (ოჯახური გულყრები), პერინატალური დაზიანებები მუცლადყოფნის დროს, როცა მშობელი იღებს სასმელს ან რაიმე დამაზიანებელ ნივთიერებას. ასევე, ეპილეფსია შესაძლოა, განვითარდეს ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების დროსაც.
ეპილეფსიის დიაგნოსტირებისთვის, პირველ რიგში, პედიატრს უნდა მიმართოთ, რომელსაც დეტალურად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია გულყრის პროცესის შესახებ. შემდგომ კი, ხდება ნევროლოგთან და ეპილეფტოლოგთან გადამისამართება. დიაგნოსტირების დროს, მნიშვნელოვანია როგორც გულყრის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე სისხლის ანალიზი, ელექტროენცეფალოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და დამატებითი კვლევები, საჭიროებებიდან გამომდინარე.
დიაგნოსტირების პროცესში მნიშვნელოვანია გულყრის კატეგორიზაცია. გულყრები ორ დიდ ჯგუფად იყოფა, ესენია: გენერალიზებული და პარციალური (ფოკალური) გულყრები. მოდით ავხსნათ, რა განსხვავებაა მათ შორის და რა კატეგორიის გულყრებს მოიცავს ორივე მათგანი.
გენერალიზებული გულყრა გულისხმობს, როცა თავის ტვინში ნეირონული აღგზნება ფიქსირდება ორივე ჰემისფეროს მიმართ და შეუძლებელია ეპილეფსიური კერის დაფიქსირება. ასეთ გულყრებს მიეკუთვნება აბსანსი, მიოკლონური, კლონური, ტონური, ტონურ-კლონური და ატონური გულყრები.
♦აბსანსის ტიპის გულყრა 3-12 წლამდე ბავშვებში გვხვდება და გულისხმობს მზერის უეცარ ფიქსაციას ერთ წერტილზე, რაც ხშირად უყურადღებობას და „ფიქრებში წასვლას“ გვაგონებს. ამ დროს, თუ ბავშვს გაესაუბრებით და რაიმე ინსტრუქციას მისცემთ, ვერ შეასრულებს. აბსანსის ტიპის გულყრა, ასევე, გულისხმობს რამდენიმე თანმიდმევრული მოძრაობის შესრულებას, რასაც ხშირად ჩვენ სტერეოტიპული ქცევით ან დაბნეულობით ვხსნით. შესაბამისად, აბსანსის ტიპის გულყრა დაკვირვებას საჭიროებს, რადგან ხშირად გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველია ან სხვა ტიპის დარღვევას მიაწერენ ხოლმე.
♦ მიოკლონური გულყრის დროს ვითარდება კუნთების უეცარი შეკუმშვა და ბავშვი სხეულის ზედა ნაწილს და თავს უკან სწევს, ეს მოძრაობა მხოლოდ 1-2 წამი გრძელდება.
♦ ატონურ გულყრებს „დავარდნის გულყრებსაც“ უწოდებენ, ხასიათდება კუნთების უეცარი მოდუნებით და ცნობიერების დაკარგვით. პროცესი რამდენიმე წამი გრძელდება და შემდეგ ბავშვს ისევ უბრუნდება ცნობიერება.
♦ ტონურ-კლონურ გულყრებს „დიდ გულყრებსაც“ უწოდებენ. გულყრა იწყება ცნობიერების უეცარი დაკარგვით, დავარდნით, კუნთების დაჭიმულობით, რაც გადადის კრუნჩხვაში, რთულდება სუნთქვის პროცესი, კანი ლურჯდება, შესაძლოა, განვითარდეს უეცარი შარდვა ან დეფეკაცია. გულყრა გრძელდება არაუმეტეს 5 წუთისა, შემდეგ კი, გადადის ძილის ფაზაში. გაღვიძების შემდგომ, ადამიანს არაფერი არ ახსოვს და უჩვეულო დაღლილობას გრძნობს, შესაძლოა, გაუგრძელდეს თავის ტკივილებიც.
♦ მეორე დიდ ჯგუფს მიეკუთვნება პარციალური (ფოკალური) გულყრები, რომლებიც ხასიათდება თავის ტვინში ერთი კონკრეტული ლოკალიზაციით. პარციალური გულყრები იწყება სპეციფიკური აურის შეგრძნებით – ეს შეიძლება იყოს გაურკვეველი სუნი, ხმაური ყურებში, უცნაური შეგრძნება მუცელში. პარციალურ გულყრებს ახასიათებს სენსორული, ქცევითი, მოტორული და გონებრივი ფუნქციების დაქვეითება.
პარციალური გულყრებიც ორ ჯგუფად იყოფა: მარტივი და კომპლექსური. მარტივი პარციალური გულყრის დროს ცნობიერება შენარჩუნებულია, მაგრამ ადამიანს სპეციფიკური შეგრძნებები ეუფლება – ეს შეიძლება იყოს ტკივილის, შიმშილის შეგრძნებები, ტაქტილური გამოვლინებები კანზე, ტემპერატურის ცვლილება. თუ გულყრა გრძელდება ცნობიერების შეცვლით, რომელსაც თან სდევს გაუგებარი მოტორული მოძრაობები — პირის, თვალების, კბილების, სახის გრიმასები, ღეჭვა, მაშინ სახეზეა კომპლექსური პარციალური გულყრა.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ეპილეფსიასთან დაკავშირებული იმ სინდრომების შესახებ, რომელიც ეპილეფსიის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ სპეციფიკური კლინიკური მახასიათებლებით ხასიათდება – ასეთია „ახალშობილთა სპაზმები – ვესტის სინდრომი“, 3 თვიდან 1 წლამდე, რომელიც ხასიათდება ქვედა კიდურების უეცარი გაჭიმვით და თავისა და მხრების წინ წამოწევით. მეორე სინდრომი კი – „ლენოქს გასტოს სინდრომი“ რამდენიმე ტიპის გულყრის მონაცვლეობით ხასიათდება და, ასევე, ხშირად თან ახლავს ინტელექტუალური სფეროს განვითარების შეფერხება.
ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ტიპის გულყრების მიმოხილვის შემდეგ, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენ თვალწინ ბავშვს ეპილეფსიური შეტევა აქვს? პირველ რიგში, დავაფინოთ იატაკზე რბილი ნაჭერი და ბავშვი გვერდულად დავაწვინოთ, შევხსნათ საყელოს ღილი და მივცეთ თავისუფლად სუნთქვის საშუალება; ამოვუდოთ თავქვეშ პატარა ნაჭერი, გავაღოთ ფანჯრები. არ ჩაუდოთ ბავშვს პირში არაფერი, რადგან ხშირად ჰგონიათ, რომ ამ დროს შესაძლებელია, ბავშვმა ენა გადაყლაპოს, რაც ეპილეფსიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სტერეოტიპულ შეხედულებას წარმოადგენს. არ სცადოთ კრუნჩხვის გაკავება, რადგან ეს არაფერს შეცვლის ამ დროს და შესაძლოა, ბავშვმა რამე დაიზიანოს.
გულყრა რამდენიმე წუთი გრძელდება, არა უმეტესს 5 წუთისა, თუ მეტად გაგრძელდა, აუცილებად გამოუძახეთ სამედიცინო დახმარებას. გულყრის გაგრძელებას „ეპილეფსიური სტატუსი“ ჰქვია, რაც საშიშია სიცოცხლისთვის. უჟანგბადობა თავის ტვინში ნეირონების კვდომას იწვევს, რაც, საბოლოოდ, ფატალური შედეგით სრულდება.
ეპილეფსიის დიაგნოზი ავტომატურად არ გულისხმობს ინტელექტუალურ დარღვევას, ხშირად ეპილეფსიის მქონე ბავშვებს საშუალო ინტელექტუალური მაჩვენებელი აქვთ. ეპილეფსიის მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მედიკამენტოზურ მკურნალობას უკავია. მკურნალობა ხორციელდება ანტიკონვულსანტების (გულყრის შემაკავებელი) მიღებით. გარდა გულყრების შეკავებისა, ამ მედიკამენტებს ხშირად გვერდითი ეფექტებიც აქვთ – როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, მოდუნება, ძილიანობა, გაღიზიანებადობა, რაც საბოლოოდ, ნეგატიურად აისახება ეპილეფსიის მქონე ბავშვის აკადემიური უნარების განვითარებაზე.
ეპილეფსია ერთ-ერთი საკმაოდ სტიგმატიზებული დაავადებაა, რომელიც ბავშვების ცხოვრების ყველა სფეროზე მოქმედებს და ხშირად მათ იზოლირებას იწვევს. გულყრების მოულოდნელი ეფექტიდან გამომდინარე, ხშირად, მშობლები ცდილობენ, ბავშვი სულ სახლში იყოს, არ ჩაერთოს სხვადასხვა, მისი ასაკის შესაბამის,. აქტივობებში, რაც ზრდის ბავშვის სხვებზე დამოკიდებულების ხარისხს. ასევე, ხშირად მშობლები ფიქრობენ, თუ ბავშვს ყველა სურვილს შეუსრულებენ და არ გამოიყენებენ ქცევის მართვის სტრატეგიებს, ამით გულყრის პროცესს თავიდან აირიდებენ, რაც საბოლოოდ იწვევს ბავშვის ქცევით პრობლემებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ეპილეფსიის მქონე ბავშვს ჰქონდეს რუტინა — ყოველდღიური აქტივობები, რომელიც წინასწარა არის ორგანიზებული; მოწესრიგებული ძილის და კვების განრიგი, მედიკამენტის მიღება; იყოს ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რაც მისთვის უსაფრთხოა, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,
სასწავლო პროცესის დროს კი, მნიშვნელოვანია, ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ, ბავშვის გულყრის ტიპის შესახებ და შეეძლოთ პირველადი სამედიცინო დამხარების გაწევა. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ბაღის და სკოლის აქტივობებში. მშობელმა აუცილებლად უნდა გააცნოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტებს ნევროლოგის რეკომენდაციები, მაგალითად ის „თრიგერები“, რომელიც ხშირად გულყრის პროვოცირებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, თუ ბავშვს, დიდი გულყრის სახელით ცნობილი, ტონურ-კლონური გულყრა ახასიათებს, ეს მაინც არაა მისი ბაღისგან და სკოლისგან იზოლირების მიზეზი. ამ სიტუაციაში სპეციალისტებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვი სუფთა ტანსაცმლით და, გულყრის შემდგომ, დასვენების საშუალება მისცენ.
სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, მშობელმა მიმართოს ნეიროფსიქოლოგსაც, რათა მან შეაფასოს ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები, როგორიცაა: აღქმა, ყურადღება, მეტყველება, მეხსიერება და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიგეგმოს ბავშვზე მორგებული ინდივიდუალური გეგმა. ასევე, სასურველია, თანაკლასელებს მივაწოდოთ ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ, არა ბავშვზე ყურადღების გამახვილებით, არამედ როგორც მდგომარეობით, რომელიც შესაძლოა მათ გარშემო ადამიანებს ჰქონდეთ.
7 წლამდე ასაკის ბავშვებთან, ეპილეფსიის დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად არ ხორციელდება სახელმწიფო რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამებით სარგებლობა, ასევე, ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართვა, მაგრამ თუ ბავშვს, ეპილეფსიის გარდა, განვითარების შეფერეხება ან განსაკუთრებული საჭიროება აქვს, ამ შემთხვევაში, ის შესაბამისი პროგრამებით სარგებლობს.
სოფო მელაძე – ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი