მიმდინარე წლის 12-13 აპრილს, ბათუმში, სკოლა „ევრო 2000“-ის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და მასწავლებლის, ინგა ბაგრატიონის ორგანიზებით, წელს მეორედ, უნდა ჩატარებულიყო არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია, თემაზე – „ქართული მარტო ენაა?!“ მასპინძელი სკოლის მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ღონისძიება გადაიდო, თუმცა კონფერენციის მონაწილეებმა მომზადებული თემების პრეზენტაციები ადგილებზე, საკუთარ სკოლებში გამართეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი, ერთობლივი კონფერენცია სოფელ კარტიკამის სკოლაში გამართეს, სადაც წარადგინეს საინტერესო ნამუშევარი „ენის ცოდნა – ხიდი ახალ შესაძლებლობებთან“.
ენა ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ სხვადასხვა ხალხის კულტურის ისტორია. მასში ასახულია დროის მსვლელობით შეცვლილი მსოფლმხედველობა, ტრადიციები და ურთიერთობები.
პირველწყაროების კვლევა იმ ენაზე, რომელზეც ისინი დაიწერა, მკვლევარს აძლევს საშუალებას, დაინახოს ისტორიული მოვლენები იმდროინდელი ადამიანების თვალით. მაგალითად, ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფიური ტექსტები ან შუა საუკუნეების მატიანეები არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებს გადმოსცემს, არამედ იმდროინდელი საზოგადოების აზროვნების ფორმებსაც.
ენის ცვლილება ასევე ასახავს ისტორიულ პროცესებს. ახალი სიტყვების გაჩენა, უცხოური გავლენები და გრამატიკული სტრუქტურების განვითარება მიუთითებს ომებზე, ვაჭრობაზე, კულტურულ გაცვლაზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე. მაგალითად, ინგლისურ ენაში ლათინური და ფრანგული სიტყვების შემოსვლა ნორმანთა დაპყრობის შედეგია, ხოლო ქართულ ენაში არაბული და სპარსული სიტყვები რეგიონში ისტორიული კავშირების მაჩვენებელია.
ენის შესწავლა არა მხოლოდ კომუნიკაციისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიის კვლევის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტიცაა. ენით ვსწავლობთ წარსულს, ვიგებთ, როგორ ფიქრობდნენ ადამიანები სხვადასხვა ეპოქაში და როგორ შეიცვალა მათი მსოფლმხედველობა საუკუნეების განმავლობაში.
„ქართული ენა: ენის ცოდნა – ხიდი ახალ შესაძლებლობებთან“ – ეს ზუსტად გამოხატავს იმ რეალობას, რომელსაც არაქართულენოვანი მოსახლეობა საქართველოში ყოველდღიურად აწყდება.
საქართველოში ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მათ შორის ჩვენც. ხშირად ვაწყდებით სირთულეებს, როდესაც კარგად არ ვიცით ენა. მაგრამ როგორც კი ვიწყებთ ქართულზე ფიქრს არა როგორც დაბრკოლებაზე, არამედ როგორც ხიდზე, ყველაფერი იცვლება. როდესაც არაქართულენოვანი მოსახლეობა სწავლობს ქართულს, ის არა მხოლოდ სიტყვებს ითვისებს, არამედ საზოგადოების ნაწილად იქცევა. როცა ენა ვიცით, განათლებაზე სრული წვდომა გვაქვს. ენის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, ჩავერთოთ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებში, ვიაქტიუროთ პროექტებში და დავიცვათ ჩვენი აკადემიური ინტერესები. განათლების სფეროში მოქმედებს „1+4 პროგრამა“, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ერთი წელი ქართულ ენას ინტენსიურად სწავლობენ და შემდეგ, ოთხი წელი, საბაკალავრო განათლებას ქართულად იღებენ; „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის საშუალებითაც კონსულტან-მასწავლებლები აქტიურად ეხმარებიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ქართული ენის ათვისებაში, მასწავლებლებს პროფესიულ სრულყოფაში. მათი დამსახურებაცაა, დღეს ჩვენ ასე თავდაჯერებულად რომ ვსაუბრობთ ქართულად. ეს პროგრამები გახდა ახალი გზა ახალგაზრდებისთვის, ახალი შესაძლებლობა სწავლის გაგრძელების ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში, რათა შემდეგ წარმატებით ინტეგრირდნენ აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში.
შრომით ბაზარზე ინტეგრაცია
ენის ცოდნა ზრდის დასაქმების შანსებს – შეგვიძლია ვიმუშაოთ ქართულ კომპანიებში და წავიწიოთ წინ კარიერულად. ამის მაგალითები უხვად გვაქვს – არაქართველი ახალგაზრდები უკვე მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბანკები, მომსახურების ინდუსტრია და სახელმწიფო უწყებები.
იურიდიული და ადმინისტრაციული პროცესების გაგება
ენის ცოდნის გარეშე ადამიანი ვერ ერკვევა კანონებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში. როდესაც ქართულად ვკითხულობთ, ვიცით ჩვენი უფლებები და უკვე შეგვიძლია თავიც დავიცვათ.
ჯანდაცვაზე დამოუკიდებელი წვდომა
როდესაც ვიცით ქართული, შეგვიძლია სწორად ავუხსნათ ექიმს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მივიღოთ უკეთესი მომსახურება და თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.
ენა – გზა სიყვარულამდე
არსებობს ლინგვისტიკური სტერეოტიპი, რომლის მიხედვით ენა არის მხოლოდ კომუნიკაციის მექანიზმი. მაგრამ ენა ასე უბრალო რამე არ არის.
ენაში არსებობს ბევრი სუბიექტური ელემენტი, და ერთ-ერთი არის ხალხის გაგება.
ადრე, როცა არ ვიცოდი ქართული ენა, ვუცქერდი ჩემ ირგვლივ ქართველებს — როგორ ლაპარაკობდნენ, როგორ იქცეოდნენ, როგორ ცხოვრობდნენ და ვერ ვუგებდი მათ. ხშირად მეჩვენებოდა, რომ უცხონი იყვნენ ჩემთვის. სინამდვილეში, მე ვერ ვუგებდი მათ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მესმოდა მათი ენა.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ჩვენთან კლასში, ქართულის მასწავლებლად, შემოვიდა კონსულტანტ-მასწავლებელი ნინელი გოგოლაძე. მისი დახმარებით დავიწყე ქართული ენის შესწავლა და აღმოვაჩინე ჩემში ახალი სამყარო, ახალი შესაძლებლობები. დავიწყე სწავლა გულით, ჩემთვის და არა მხოლოდ გაკვეთილებისთვის.
თითქოს ყველაფერი შეიცვალა. დავიწყე მეტის გაგება, როცა სიტყვების მიღმა დავინახე გრძნობები, ემოციები, ფიქრი და მივხვდი – ენა მხოლოდ სიტყვები არ არის, ენა არის გონების კარი, კულტურის სარკე, გულის ხმა.
რაც მეტად ვუახლოვდებოდი ქართულ ენას, მით მეტად ვიწყებდი მათი ფიქრის, ტკივილის, სიყვარულისა და სიხარულის გაგებას. დღეს, როცა ვუყურებ ქართველ ხალხს, მათ სახეებს, ღიმილს, საუბარს, აღარ ვგრძნობ უცხოობას, პირიქით – მგონია, რომ ეს ჩემი ხალხია, ჩემი სივრცეა. უბრალოდ აქამდე ეს კარი დაკეტილი იყო და ახლა ვხედავ, რომ ამ კარის გასაღები იყო ენა. ძალიან მიხარია, რომ ეს გასაღები უკვე ხელთ მაქვს.
ბევრს ქართული ენა შეიძლება სრულიად ახალ გასაღებად მოგეჩვენოთ, ისეთად, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ გასაღებებისგან, რომლებსაც მიჩვეული ხართ. მისი უნიკალური ანბანი, მისი ბგერები და გრამატიკა, თავდაპირველად, ჩემსავით, თქვენც შეიძლება ცოტა რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნუ დაგაბრკოლებთ! ისევე როგორც ნებისმიერი ახალი უნარი, ქართულის სწავლაც მოგზაურობაა და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, რაღაც მართლაც განსაკუთრებულის გახსნასთან გვაახლოებს.
მაშ, კონკრეტულად რისი გახსნა შეუძლია ქართულ ენას ჩვენთვის?
♦ საქართველოსთან უფრო ღრმა კავშირი
აქ უბრალოდ, ცხოვრების მიღმა, ქართულად საუბარი საშუალებას მაძლევს, მართლაც შევიგრძნო ამ ქვეყნის გული და სული. გავიგო ხუმრობები, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ, ტრადიციული სიმღერების ტექსტები და უფროსების მიერ მოყოლილი ამბები. ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მარტივად შემიძლია ორიენტაცია, იქნება ეს ჩემი საყვარელი ხაჭაპურის შეკვეთა თუ წიგნების კითხვა. ეს არ არის მხოლოდ პრაქტიკულობა; ეს არის ნამდვილად სახლში ყოფნის შეგრძნება და ქართული სტუმართმოყვარეობის ნიუანსების გაგება.
♦ მდიდარი ისტორიისა და კულტურის ხელმისაწვდომობა
საქართველო ათასობით წლის ისტორიით გამოირჩევა, რომელიც სავსეა უძველესი ლეგენდებით, მამაცი მეფეებითა და დედოფლებით, და თვალწარმტაცი არქიტექტურით. ქართული ენა პირდაპირ კავშირია ამ წარმოუდგენელ მემკვიდრეობასთან. მისი მეშვეობით შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ პოემებს, კლასიკურ ლიტერატურასა და ისტორიულ ნაწარმოებებს, მოვიპოვოთ ისეთი ცოდნა, რომელსაც ვერც ერთი თარგმანი სრულად ვერ გადმოსცემს.
♦ ახალი მეგობრობა და პერსპექტივები
ენა ანგრევს ბარიერებს. როდესაც ქართულად ვსაუბრობთ, კარს ვაღებთ ადგილობრივებთან ნამდვილი მეგობრობისთვის. შევძლებთ გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება და მოვუსმინოთ მათსას, გავეცნოთ მათ ცხოვრებას, ოცნებებს და სამყაროს დანახვის მათ უნიკალურ გზას. ეს კავშირები შეიძლება წარმოუდგენლად გამამდიდრებელი იყოს, გააფართოოს ჩვენი საკუთარი გაგება კაცობრიობის შესახებ და ააშენოს ხიდები კულტურებს შორის.
♦ თქვენი ნიჭის გაძლიერება!
ნებისმიერი ახალი ენის სწავლა ფანტასტიკურია! ის აუმჯობესებს ჩქვენს მეხსიერებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და კრეატიულობასაც კი. ის გვასწავლის განსხვავებულად აზროვნებას და ადამიანის გამოხატვის მრავალფეროვნების დაფასებას. ქართული ენის უნიკალური სტრუქტურა შესანიშნავად ავარჯიშებს ჩვენს ნიჭს და გვაჩვენებს, რამდენად მოქნილი და ადაპტირებადი შეიძლება იყოს ის.
ქართულ ენაში ნასწავლი თითოეული სიტყვა თავსატეხის პატარა ნაწილს ჰგავს. რაც უფრო მეტ ნაწილს ვაგროვებთ, მით უფრო ნათლად ვიწყებთ დიდი სურათის – ქართული ცხოვრებისა და კულტურის ცოცხალი, ლამაზი გამოსახულების – დანახვას. თავდაპირველად, შეიძლება დიდ თავსატეხად მოგვეჩვენოს, მაგრამ მოთმინებითა და ცნობისმოყვარეობით აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ნაწილი იდეალურად ერგება თავის ადგილს.
ასე რომ, მიიღეთ გამოწვევა! იყავით ცნობისმოყვარე, დასვით კითხვები და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების – ასე ვსწავლობთ. ქართული ენა არ არის მხოლოდ სასკოლო საგანი; ეს არის თავგადასავალი, რომელიც გელოდებათ. ეს თქვენი პირადი გასაღებია ახალი სამყაროს გასახსნელად, რომელიც სავსეა აღმოჩენებით, კავშირებითა და დაუვიწყარი გამოცდილებით.
დღეს, ჩემი სურვილია, რომ უმაღლესში სწავლა გავაგრძელო საქართველოში, ქართულად, რადგან ვიცი: ეს ჩემი ქვეყანაა, ეს ჩემი ხალხია, და მე აღარ ვარ გარედან მოსული უცხო – მე ვარ ნაწილი მთელი ამ სურათისა.
ახლა მინდა, კიდევ უფრო ახლოს ვიყო ამ ხალხთან, და სწორედ ეს სიახლოვე ქმნის უამრავ ახალ შესაძლებლობას. თვითონ ეს კონფერენციაც შესაძლებლობაა – შესაძლებლობა იმის, რომ გავიზარდოთ, უკეთ გავუგოთ ადამიანებმა ერთმანეთს
საბოლოდ, მინდა ვთქვა, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჩემს „სახლში“, ჩემს ხალხთან, აქამდე არსებობდა ერთადერთი ბარიერი – ენა. ენა, რომელიც თვითონ იყო ყველა კითხვის პასუხი. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც გასტეხს ძველ ბორბალს – ბორბალს, რომელიც მუდამ ტრიალებდა ეთნიკური უმცირესობების თავზე და საქართველოში უცხოდ ყოფნის პრობლემას ქმნიდა.
ქართულმა ენამ ბევრი ჩვენგანი გააერთიანა. ეს არის არა მხოლოდ სწავლა, არამედ ურთიერთობა, მეგობრობა, ნდობა. ენის ცოდნა გვაჩვენებს, რომ ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს საქართველოს მომავალში.
ანჟელა სააკიანი, მილენა ბაღნიქიანი, არმან აბაჯიანი – ვარევანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები
ნინელი გოგოლაძე – საკონფერენციო თემის ხელმძღვანელი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარევანის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
P.S. მილენამ და არმანმა ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა. სწავლის გაგრძელებას ქართულ უნივერსიტეტებში გეგმავენ. წარმატებას ვუსურვებთ მათ და მათ თანაკლასელ, თანატოლ აბიტურიენტებს.