ია კოროშინაძე – ეს სახელი და გვარი მრავალი წელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის საყვარელი წიგნების მთარგმნელთან ასოცირდება. მას თარგმნილი აქვს კეიტ დაგლას უიგინის „რებეკა“ (ფერმა „მზიანი ნაკადულიდან“); პამელა ტრევერსის „მერი პოპინსი კარს აღებს“, „მერი პოპინსი პარკში“, „მერი პოპინსი და სახლი მეზობლად“, „მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე“, „მერი პოპინსი სამზარეულოში“, „მერი პოპინსი A-დან Z-მდე“; ჯეიმს მ. ბარის „პიტერ პენი“, ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის „პატარა პრინცესა“, „იდუმალი ბაღი“ და სხვა.
ჩემთვის კი, როგორც ლუსი მოდ მონდგომერის წითურთმიან პერსონაჟზე შეყვარებული ადამიანისთვის, ია კოროშინაძე, პირველ ყოვლისა, მწვანე მეზონინებში მცხოვრები ენის მთარგმნელია.
მთარგმნელს სწორედ ლუსი მოდ მონდგომერის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟზე, ამ სერიის წიგნებსა და თარგმნის პროცესზე ვესაუბრეთ.
♦ ია, თარგმნა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი საქმიანობაა, რომელსაც დიდი სიყვარულით, სიფრთხილითა და ენთუზიაზმით ეკიდებით. თქვენ ჯერ იყვარებთ წიგნს და შემდეგ თარგმნით მას, შესაბამისად, სათარგმნ ლიტერატურას თავად ირჩევთ. რატომ ენი მწვანე მეზონინებიდან? როდის აღმოაჩინეთ ლუსი მოდ მონტგომერი და მისი წითურთმიანი გოგო?
◊ მხატვრული ლიტერატურა ბავშვობიდან ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო და თარგმნის სურვილი სწორედ ბავშვობიდან გამოყოლილმა შთაბეჭდილებებმა გამიჩინა – დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებამ და გულისწყვეტამ, რომელიც „მერი პოპინსის“ ადაპტირებული გამოცემის წაკითხვის შემდეგ მდევდა. ასე რომ, საბავშვო ლიტერატურა და არაადაპტირებული პირველი ქართული თარგმანების ნიშა გააზრებული არჩევანი იყო. ჩემთვის ნაცნობ ავტორებსა და ნაწარმოებებს ყოველთვის მიზანმიმართულად ვირჩევდი. თუმცა „ენის სერია“ ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა.
ახალი დასრულებული მქონდა მუშაობა ფრენსის ბერნეტის წიგნზე „პატარა პრინცესა“, შემთხვევით, ერთ-ერთი ეკრანიზაციის სარეკლამო კადრებს რომ წავაწყდი. შთაბეჭდილება იმდენად მძაფრი იყო, რომ მონტგომერის ბიოგრაფიასა და რეცენზიებს, მისი შემოქმედების შესახებ, საგულდაგულოდ გავეცანი. როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ენის თავგადასავალი რვა ნაწილისაგან შედგებოდა და ქართულად პირველი ტომის მხოლოდ ადაპტირებული თარგმანები არსებობდა, გადავწყვიტე, რომ ის ქართველ მკითხველამდე აუცილებლად სრულად უნდა მომეტანა. გამომცემლობა არ მიძებნია, პირველი ტომის თარგმანი „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკაში განვათავსე. შემდეგ წიგნის ფესტივალზე, გადაცემა „ბიბლიოთეკის“ ჩაწერისას, სერია სამომავლო გეგმების პასუხად ვახსენე და ენის გზა გამომცემლობასთან „წიგნები ბათუმში“, სწორედ იქ გადაიკვეთა.
♦ ცოტა ხნის წინ, თქვენს პირად გვერდზე დაწერეთ, რომ მეექვსე წიგნის თარგმნაც დაასრულეთ. ახლა ენის მოყვარულების დიდ არმიას მისი მომნუსხველი თავგადასავლის წაკითხვა, შეიძლება ითქვას, სრულად შეგვიძლია. როგორი იყო ეს პერიოდი, როგორი საინტერესო ამბები და გამოწვევები ახლდა თან?
◊ სინამდვილეში, სრული სერია რვა ნაწილისგან შედგება. სათაურებიც ამხელს, რომ ენი პირველი ექვსი ტომის მთავარი მოქმედი გმირია. ბოლო ორი ნაწილი: „ცისარტყელას ველი“ და „რილა ინგლსაიდიდან“ ენის შვილების არანაკლებ საინტერესო და ამაღელვებელ თავგადასავლებზე გვიამბობს, რომლებშიც ენი უკანა ფლანგზე ინაცვლებს. თუმცა დასკვნით ნაწილში, რომელიც მის უდიდეს ტრაგედიაზე და პირველი მსოფლიო ომის ბევრისთვის უცნობ მოვლენებზე მოგვითხრობს, რამდენიმე ისეთი მონაკვეთია აღწერილი, წარმოუდგენელია, მისი თავგადასავალისგან გაიმიჯნოს, ენის ერთგული მკითხველისთვის საკვანძო არ აღმოჩნდეს ან გულგრილი დატოვოს. მეტიც, დასკვნით ნაწილს ნებისმიერი კრიტერიუმით პირველს გავუთანაბრებდი.
რაც შეეხება სამუშაო პროცესს, ის დიდწილად პანდემიის წლებს დაემთხვა და დროსთან ერთად ენთუზიაზმიც მეტი მქონდა. ნაწარმოებს მუშაობის პროცესში ვეცნობოდი და ეს ინტერესსა და ემოციას მიათმაგებდა. ავტორს გამორჩეულად მხატვრული, მდიდარი ლექსიკა და პოეტური ხედვა აქვს და თარგმნისას არაერთ წინადადებაზე წამომიძახია: „პოეტია!“ მთელი თავგადასავალი მართლაც პროზად მოტანილი პოეზიაა.
♦ ია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თარგმნა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ამ პროცესისას იყვარებთ არა მხოლოდ წიგნს, არამედ ავტორს. შესაბამისად, გსურთ, რომ ყველაფერი ისე იდეალურად გადმოიტანოთ ერთი ენიდან მეორეზე, როგორც ეს მწერალს გაახარებდა. ენის თარგმნისას თუ გქონიათ ეს განცდა, რომ გააკეთეთ ისეთი რამე, რასაც, დარწმუნებული ხართ, ლუსი მონტგომერი მოგიწონებდათ.
◊ ნებისმიერ თარგმანში ამოსავალი წერტილი ჩემთვის ავტორის ჩანაფიქრი და ემოციაა. დაუსრულებლად შემიძლია ვეძებო ან ხელაღებით შევცვალო სიტყვა თუ ის შინაარსობრივ მხარესთან ერთად იმ ემოციურ რკალს არ შემიკრავს, რომლის გადმოცემაც მას სურდა. ენის თავგადასავლის შემთხვევაში უფრო სხვა კუთხით გავამახვილებ ყურადღებას, რადგან უაღრესად მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, თამამი გადაწყვეტილება მივიღეთ: მონტგომერის პირად არქივში არსებობს ბრიტანელი გამომცემლისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც ის უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამს ამერიკული გამომცემლობის მიერ მეოთხე ნაწილის სათაურისა და ტექსტის იძულებითი შეცვლის გამო. ამერიკული რედაქციით „ენი ქარიანი ვერხვებიდან“ მცირედით, მაგრამ მაინც, შემოკლებული ვერსიით დაიბეჭდა. ბრიტანელი გამომცემლის საპასუხო წერილში ვკითხულობთ: „ინგლისელებმა ვერხვების შესახებ ცოტა რამ იციან, მაგრამ მათ ტირიფების ჩურჩულიც ესმით“; შესაბამისად, ბრიტანული რედაქციით სათაური ავტორისეულია „ენი ქარიანი ტირიფებიდან“, მაგრამ ტექსტი მასშიც მეტ-ნაკლებად შეცვლილია. ლიტერატურული საზოგადოება ერთობლივ ვერსიაზე დღემდე ვერ შეთანხმებულა. წიგნის პირვანდელი სახით გამოცემა, ვფიქრობ, გაბედული, მაგრამ სწორი ნაბიჯი იყო და მადლიერი ვარ, რომ გამომცემლობა ამ ინიციატივაზე დამთანხმდა.
♦ რადგან „ახალი განათლება“, პირველ ყოვლისა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ვრცელდება, საინტერესოა თქვენი, როგორც მთარგმნელის დაკვირვება შემდეგ თემაზე: რას გვასწავლის ეს სერია ბავშვის სამყაროსა და აღზრდის მეთოდებზე? მით უფრო რომ, მთავარი გმირი, როდესაც იზრდება, მასწავლებელი ხდება.
◊ 1893 წლიდან, მასწავლებლის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, თავად მონტგომერი პრინც ედუარდის კუნძულის არაერთ სკოლაში მუშაობდა. ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად, ის ბავშვთა უფლებების დამცველი იყო და მოგვიანებით სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღმზრდელთა გადამზადების კურსებიც კი ჩამოაყალიბა. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემატიკა მისი გამოცდილების მწვავე გამოძახილია. ის კანადის 1900-1922 წლებისა და უფრო ადრინდელი ხანის სინამდვილეს აღწერს, დრომოჭმულ ტრადიციებთან ერთად, საზოგადოებრივი ცხოვრებისა თუ დამოკიდებულებების მანკიერ მხარეებს დაუფარავად ამხელს და უპირისპირდება კიდეც. ავტორი ღიად ილაშქრებს სკოლასა თუ ოჯახებში ბავშვების ფიზიკურად დასჯის და ფსიქოლოგიური ზეწოლის წინააღმდეგ. მუშაობის პროცესში მუდმივად მიმყარდებოდა აზრი, რომ ბავშვის ბედნიერების საზომი სილაღეა და მის შესანარჩუნებლად თუ დასაბრუნებლად ყველა ფუნდამენტური უფლება უნდა იყოს დაცული. ეს იდეა ნაწარმოებს უწყვეტ ხაზად გასდევს. ევონლის სკოლაში მასწავლებლობისას, ახალბედა ენი, რომელიც მეგობრებთან საუბარში სწორედ ავტორის დამოკიდებულებების გამტარებელია, საწინააღმდეგოს ჩაიდენს. თუმცა: როგორია მისი სინანული, როგორ განიცდის და ეძებს გზას დასჯილ მოსწავლესთან საერთო ენის საპოვნელად? რას გააცნობიერებს და როგორ გააგრძელებს ურთიერთობას დანარჩენებთან? როგორია მისი დირექტორობის წლები სამერსაიდის სკოლაში, რას უპირისპირებს და როგორ იმარჯვებს მტრად მოკიდებულ გვართან? – ამ პარალელების გამოყენებით წარმოაჩენს ავტორი, რომ ის მოთმინებით, სამართლიანობითა და სიყვარულით ძერწავს, უკეთესობისკენ ცვლის გარემოცვას, რომელშიც არსებობს.
♦ დასასრულს, ვფიქრობ, ენის მომავალი მკითხველებისთვის საინტერესო იქნება სერიის თითოეული წიგნის მოკლე მიმოხილვა…
⇒ „ენი „მწვანე მეზონინებიდან“
„- ქალების მოსაცდელში შესვლა შევთავაზე, მაგრამ გადაჭრით მითხრა, რომ გარეთ დარჩენა ერჩივნა და დაამატა, აქ წარმოსახვას მეტი გასაქანი აქვსო. განსაკუთრებული ვინმეა!“ – ეუბნება ჰოუპტაუნის თავშესაფრიდან გამოგზავნილი ბავშვის წასაყვანად მისულ მეთიუ კათბერტს სადგურის უფროსი და ავტორი ნაწარმოებისა და მთავარი გმირის უმთავრესი ხიბლის საიდუმლოს ორიოდე წინადადებით გვიმხელს.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაზე უფრო „იღბლიანი შეცდომის“ წყალობით ის გაკნაჭული, ჭორფლიანი, წითური გოგონა ახალი ოჯახისა და ევონლელების ცნობიერებას უკეთესობისკენ შეცვლიდა და სიყვარულსა და სამართლიანობას მოწყურებული, მეამბოხე ობოლი, უკიდეგანო წარმოსახვის წყალობით, მკითხველთა მრავალი თაობის „მონათესავე სული“ გახდებოდა.
„- დანახვისთანავე მიგრძნო გულმა, რომ ის იყო ჩემი სახლი“ – უმხელს ხანგრძლივი მგზავრობის დასასრულს ლაქლაქით გაბრუებულ, მაგრამ უცნაურად კმაყოფილ მეთიუს სახლსა და ოჯახურ სითბოს დანატრებული ენი. მხოლოდ მასავით მგრძნობიარეს თუ დაუვლის ჟრუანტელი მძაფრი განცდისაგან, ტკივილამდე გაჩხვლეტს გულში ბედნიერებისაგან ანდაც გულნატკენი „იმედების სასაფლაოს“ გაიხსენებს, „ცრემლად დაიღვრება“ და „დარდის მორევში“ გადაეშვება.
თუ გაინტერესებს, როგორ შეიძლება გახდეს გილბერტ ბლაითის თავზე გადამტვრეული გრიფელის დაფა სწავლაში პაექრობის, მეგობრობისა და უდიდესი სიყვარულის დასაბამი ან როგორი თავგადასავლები ელის დაიანა ბარს ფათერაკებსა და უსიამოვნებებში გახვევის დიდოსტატთან ერთად, მაშინ ენი შირლის, იმავე ჯერალდინას, იმავე ლედი კორდელია ფიცჯერალდს ევონლიდან ინგლსაიდამდე ფეხდაფეხ გაჰყევი, რადგან არასდროს იცი მომდევნო მოსახვევი რას მოგიმზადებს.
⇒ „ენი ევონლიდან“
ენი შირლი უკვე დიდი გოგოა, ახლა თავად ასწავლის ბავშვებს ევონლის სკოლაში და მისთვის ჩვეული სიცოცხლის სიყვარულით, სიკეთით სავსე გულით და გონიერებით უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს.
ენი ისევ ცდილობს, დაინახოს მშვენიერება იქაც კი, სადაც ერთი შეხედვით მას არაფერი ესაქმება; ისევ ერთგული მეგობარი და ჩაგრულთა შემწეა, ისევ მართალი და პირდაპირი.
„- თავგადასავლები ფეხდაფეხ დაგდევს, ენი!“ – ეუბნება დაიანა ბარი მეგობარს. დიახ, ზოგიერთისთვის თავგადასავლები ცხოვრების წესია, თორემ სხვაგვარად საიხვის ჩამტყდარ სახურავში მაინცდამაინც ავდარში ვერ ჩაიჭედები, ვერც სახელგანთქმულ მწერალს დახვდები ცხვირშეღებილი და უბერებელ მის ლავანდასთან შესახვედრად ბედი არც „ექოს ქოხში“ მიგიყვანს, რომლის გადაღმაც იისფერ უსასრულობაში დამწყვდეული ექო თავისუფლების მოლოდინში ირინდება.
⇒ „ენი კუნძულიდან“
ცვლილებების დროა! ენი რენდმონდის სტუდენტი ხდება და კინგსპორტში ძველისძველი სასაფლაოს მახლობლად დასახლდება. იცით, რამდენ საიდუმლოს ინახავს საუკუნოვანი საფლავის ქვები? ცხოვრებას განსაკუთრებულ გემოს ხომ მოულოდნელობები აძლევს? იქნებ ძველი სასაფლაო აღმოჩნდეს ადგილი, რომელიც ისეთ მეგობარს შეგძენს, ბოლინბროკში მშობლიური სახლის კარს რომ შეგაღებინებს და დედის წერილებსაც გაპოვნინებს.
ყველა სახლს თავისი ისტორია აქვს და მეორე კურსელი ენი პატის თეთრი შრამელის, „პატის კერის“, სასურველი და დაუვიწყარი ბინადარი ხდება. სწორედ პატის ბაღში გამოუტყდება გილბერტი მას სიყვარულში, თუმცა დასმულ შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ ორი წლის შემდეგ ესთერ გრეის ბაღში მიიღებს და… მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე მოშრიალე ტირიფების ამბავს გაგიმხელდეთ, ოცნება განსაკუთრებულად გატკბება…
⇒ „ენი ქარიანი ტირიფებიდან“
ქარიანი ტირიფები
ლანდის შესახვევი
სამერსაიდი…
მისამართიც ასეთი უნდა, არა?
სხვა ვინ აღმოჩნდებოდა მსგავს მისამართზე, თუ არა ენი და, არც მეტი, არც ნაკლები, კოშკში დასახლდებოდა.
ენი სამერსაიდის სკოლის დირექტორია და ვალდებულებებთან ერთად პრინგლების ძლევამოსილ საგვარეულოსთან უწევს გამკლავება. პრინგლების, ტომგალონებისა და კემბელების ოჯახური ისტორიების მაგალითზე იოლად მიხვდები, თუ როგორ შეიძლება დაამახინჯოს ადამიანის ცნობიერება შურისძიების წყურვილმა, პატივმოყვარეობამ და ცრუმორწმუნეობამ. სწორედ დრომოჭმული დამოკიდებულებებისა და უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდება პატარა ელიზაბეთი, რომელსაც ენი სიცილს ასწავლის, სილაღეს დაუბრუნებს, ზღაპრული სამყაროს რუკას შეადგენინებს და ერთ მშვენიერ დღეს დიდი ხნის ნაოცნებარ „ხვალეში“ გააღვიძებს.
სად, როგორ ან რატომ? პასუხებს ქარიანი ტირიფებიდან გილბერტისთვის მიწერილ წერილებში ამოიკითხავ.
⇒ „ოცნების სახლი“
ენი „მწვანე მეზონინების“ პირველი, ხოლო „ოცნების სახლის“ ისტორიაში მეოთხე პატარძალია.
„ოთხ ქარში“ ქვეყნიერების ყველა ქარი ქრის, „ოცნების სახლში“ ოცნებები სრულდება, ხოლო უტეხი და ენაკვიმატი მის კორნელია ბრაიანტის, ულამაზესი ლესლი მურისა და სიტყვისა და საქმის ერთგული კაპიტან ჯიმის გამოჩენით ახალი თავგადასავლები იბადება.
მოგიზგიზე ბუხრის პირას საღამოობით ისინი იკრიბებიან, იოსებს რომ იცნობენ, და ათასი ჭორ-მართლის, ბრძნული თუ სახუმარო ამბის კორიანტელი ტრიალებს.
თუ გსურს შეიტყო, ვინ არიან „იოსების მოდგმისანი“, როგორ გაათავისუფლებს სიმართლე საბედისწერო შეცდომის მსხვერპლად ქცეულ ლესლი მურს ან რა საიდუმლოს ინახავს კაპიტან ჯიმის „ცხოვრების წიგნი“, მოასწარი, სანამ ენი და გილბერტი „ოცნების სახლის“ კარს გაიხურავენ და ბედნიერებითა და პირველი უდიდესი ტკივილით აღსავსე წლებს მასში სამუდამოდ გამოკეტავენ.
⇒ „ენი ინგლსაიდიდან“
„- როგორ შემეძლო, მათგან შორს ბედნიერი ვყოფილიყავი?.. ინგლსაიდ, მოვედი! – შესძახა ენიმ. ყველანი გარს ეხვივნენ… იცინოდნენ… ჟრიამულობდნენ…“
ენის უნდოდა თითოეულს ჩაჰხუტებოდა: ჯეიმზს, უოლტერს, დის, ნენს და ნაბოლარა შირლის. ბლაითები ექვსი შვილის მშობლები არიან. აი, სუზენ ბეიკერი კი საიდუმლოდ კიდევ ერთ წყვილ ფაჩუჩს ქსოვს.
„- ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ლამაზი ოჯახი ვართ…“ – ეუბნება დედას პატარა უოლტერი, როცა ახალშობილ დას, ბერტა-მარილას, პირველად ნახულობს.
ინგლსაიდი ბედნიერებისა და მშვენიერების სავანეა, სადაც უმცროსი ბლაითების თავგადასავლებში მათი ოთხფეხა მეგობრები და გლენელი თანატოლებიც მონაწილეობენ. თუ გაინტერესებს, ისე როგორ უნდა „გაურიგდე“ ღმერთს, რომ სურვილი შეგისრულოს, ნენ ბლაითს ჰკითხე. ჯემი კი იმაზე მოგიყვება, თუ რამ შეიძლება დაგათმობინოს სანუკვარი ლეკვი ისე, რომ გადაწყვეტილება არასდროს ინანო. და როცა უკეთ გაეცნობი „ცოცხალ წერილებს“, რომლებსაც ენი ბლაითი სამყაროს უწერს, შენც უთუოდ აღტაცებით შესძახებ: „- ოჯახიც ამას ჰქვია!“
გაგიმხელთ, რომ მეშვიდე და მერვე ნაწილების თარგმანი დასრულებულია და ორივე ტომი მკითხველისთვის საშობაო საჩუქრად მაქვს ჩაფიქრებული.