წლების წინ ახლად უნივერსიტეტდამთავრებულმა ახალგაზრდამ ქუთაისში შეუვალობით ცნობილი კაცის, პირველი სკოლის დირექტორ ილია გენძეხაძის, კაბინეტის კარი შეაღო და საკუთარი თავი წარუდგინა. დიდხანს ისაუბრეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, სიმკაცრით ცნობილმა ბატონმა ილიამ, ყოველგვარი რეკომენდატორების გარეშე, ისტორია-სამართალმცოდნეობის მასწავლებლად დანიშნა უცნობი ახალგაზრდა, ენდი ნემსიწვერიძე. ლადო ასათიანის მსგავსად ცაგერიდან ჩამოსული ბიჭი ქუთაისმა გულში ჩაიკრა და მშობლიური კალთა გადააფარა. მანაც დედასავით გაითავისა ქალაქი, რომელსაც არაერთი ლამაზი სტრიქონი უძღვნა. მისთვის ეს ქალაქი ყოველთვის იდგა „ღმერთივით, ჩაფლული ფიფქთა სისპეტაკეში“. მერე ამ ახალგაზრდამ, წლების განმავლობაში, ქალაქის ორ სკოლას – 37-ესა და მე-7-ს უხელმძღვანელა, ლექსების ორი კრებული – „უბელო რაშები“ და „სიცოცხლის ალავერდი“ გამოსცა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა, იშრომა, იღვაწა, შესანიშნავი ოჯახი შექმნა, მეუღლესთან ერთად ქვეყანას ორი ვაჟკაცი აღუზარდა და 57 წლის წინ, 17 მარტს დაბადებულმა, იმავე 17 მარტს, საკუთარ დაბადების დღეზე, დატოვა საწუთრო-წუთისოფელი.
სწორედ ეს კაცი გაიხსენეს 30 აპრილს ქუთაისის პირველ სკოლაში გამართულ შემოქმედებით საღამოზე, რომლის ლაიტმოტივად მისივე სიტყვები იქცა: „უბრალოდ გულში სამშობლო მიდევს, სიცოცხლეზე რომ ბევრად მეტია!“ მოსწავლეთა მიერ მაღალმხატვრულად წარმოდგენილი ლიტერატურული კომპოზიცია გაამდიდრა ენდი ნემსიწვერიძის ლექსებზე შექმნილმა მანანა იმედაძის, კოტე მალანიასა და კახა გრძელიშვილის სიმღერებმა, რომლებიც შეასრულეს: ირმა მალანიამ, სკოლის პედაგოგებმა – მიმი ჯავახიშვილმა და ლალი მიქაძემ. რექვიემივით გაისმა მარიკა კვალიაშვილის „ვაი, შენ, წუთისოფელო“, ბექა ბანძელაძის შესრულებით. ლიტერატურულ-მუსიკალურმა სპექტაკლმა სევდანარევი ემოცია გამოიწვია.
ენდი ნემსიწვერიძის შემოქმედებასა და პედაგოგიურ ღვაწლზე ისაუბრეს საზოგადოების წარმომადგენლებმა: პირველი სკოლის დირექტორმა, ქ-ნმა სალომე სარალიძემ, ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქუთაისის დელეგატმა, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბ-ნმა გია ბასილაძემ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა, ქ-ნმა მარინა მარჯანიშვილმა, პირველი სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ბ-ნმა ალეკო ბელთაძემ, 30-ე სკოლის დირექტორმა, საკრებულოს წევრმა, ბ-ნმა მიხეილ გიორგაძემ, ექიმმა და ქველმოქმედმა, ბ-ნმა გოჩა ბაკურაძემ, ენდი ნემსიწვერიძის მეუღლემ, ქ-ნმა მადონა ჯაიანმა. შემოქმედებითი საღამოს ავტორი გახლდათ პედაგოგი ლალი მიქაძე.