განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის საბოლოო მიზანია, განათლების ყველა საფეხურზე, სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ვინტერესდებით, გარკვეული პერიოდულობით, იმ უწყების მიერ გაწეული საქმიანობით, რომლის ძირითადი ფუნქცია ისეთი ეფექტური მექანიზმების დანერგვაა, რომელთა ამოქმედებამაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა უზრუნველყოს სკოლებშიც, პროფესიულ სასწავლებლებშიც და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. საჯარო სკოლებს ავტორიზაციის ვადა 2022 წელს ეწურებათ, ამიტომ მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე გვიამბობს.
— ბატონო გიორგი, ჩვენთან ბოლო ინტერვიუში თქვენ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეთ. რა ეტაპზეა ეს პროცესი?
— დიახ, მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ ჩვენ გავხდით უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის სრული წევრი (ENQA). დარჩენილია ფორმალური პროცედურა, რის შემდეგაც წევრობა ოქტომბერში ოფიციალურად დადასტურდება. სრული წევრის სტატუსის მოპოვება გულისხმობს იმას, რომ ევროპელმა პარტნიორებმა აღიარეს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი განათლების სფეროში არა მხოლოდ წარმატებით დანერგა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015), არამედ ასევე წარმატებით ახორციელებს პროცესის ადმინისტრირებას. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ENQA-ს ექსპერტების მიერ ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგად შემუშავებულ დასკვნას, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზგასმული იყო ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების შეფასების პროცესებში დამსაქმებლისა და სტუდენტის ჩართვის მნიშვნელობის თაობაზე. ექსპერტთა მხრიდან ასევე დადებითად შეფასდა ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა, ჯგუფის თავმჯდომარის რანგში. თუმცა, დასკვნაში ასევე ასახული იყო რეკომენდაციაც ექსპერტთა პროფესიული განვითარების კუთხით, რასაც, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. კერძოდ, ექსპერტთა მომზადება სისტემური მიდგომით უნდა განხორციელდეს. ჩვენ გვქონდა მოლოდინი ამ მიმართულებით, რისთვისაც, შეიძლება ითქვას, რომ მოვემზადეთ კიდეც, ვგულისხმობ ხარისხის სკოლის შექმნას ცენტრში, რაც უზრუნველყოფს ექსპერტთა მომზადება-გადამზადების ინსტიტუციონალიზებას.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 2018 წელს ცენტრმა მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. შედეგად ცენტრი გახდა პირველი ორგანიზაცია რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს სამედიცინო მიმართულების პროგრამები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნული სტატუსი ცენტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ საერთაშორისო დონეზე განახორციელოს მედიცინის პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიცინის პროგრამების ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებები. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარების მოპოვება ასევე გულისხმობს, რომ ცენტრის მიერ აკრედიტებული სამედიცინო პროგრამები აღიარებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულები, 2023 წლიდან, შეძლებენ აშშ-სა და კანადაში პროფესიაში შესასვლელად საჭირო გამოცდებზე დარეგისტრირებასა და დასაქმებას.
— რა ეტაპზეა ხარისხის სკოლის შექმნა და სხვა ფუნქციაც ხომ არ დაეკისრება მას?
— ამჟამად ჩვენთან რეორგანიზაცია მიმდინარეობს და, მისი დასრულებისთანავე, ხარისხის სკოლაც დაიწყებს ფუნქციონირებას. ექსპერტთა უწყვეტ რეჟიმში მომზადება-გადამზადების გარდა, ხარისხის სკოლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც ექნება, კერძოდ, ის განახორციელებს ე.წ. თემატურ ანალიზებს, რის მნიშვნელობაზეც ასევე უთითებდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფი. მუდმივი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გარდა, ცენტრის გამართული მუშაობისთვის ასევე აუცილებელია, უწყვეტ რეჟიმში დაკვირვების შედეგად, სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება მათი გამოსწორების მიზნით. მაგალითად, თემატური ანალიზის ერთ-ერთი საგანი შეიძლება იყოს სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის საკითხი, ანუ რამდენად ადეკვატურია არსებული სტანდარტები იმისთვის, რომ პროგრამა შევაფასოთ და განვავითაროთ. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა საკითხიც დაექვემდებარება თემატურ ანალიზს და საბოლოოდ, კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი იქნება საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და გასავითარებლად.
— რა პერსპექტივაა ხარისხის განვითარებისთვის ENQA-ში გაერთიანება?
— პირველ რიგში, ეს არის პლატფორმა ხარისხის განვითარებაზე მომუშავე გავლენიან და ავტორიტეტულ ინსტიტუტებთან ურთიერთობისთვის. ამჯერად, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრს ვგულისხმობ (EQAR). გზა ამ ორგანიზაციისკენ სწორედ ENQA-მ გაგვიხსნა. გაწევრიანებაზე განაცხადი გაკეთებული გვაქვს და დღე-დღეზე ველოდებით დადებით პასუხს. დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი ცენტრი მალევე გაჩნდება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპულ რუკაზე. ეს ერთგვარი „ჩემპიონთა ლიგაა“ ევროპის მასშტაბით და ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ ჩვენ ვართ ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც წარმატებით და ეფექტურად იყენებს ხარისხის განვითარების მექანიზმებს, რომ ჩვენ მიერ აკრედიტებულ პროგრამებს აღიარებს ENQA-ში რეგისტრირებული ყველა ევროპული ქვეყანა და ინფორმაცია ქართული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება მთელი ევროპისათვის. დამეთანხმებით, ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც უცხოეთში განათლების მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მათთვის სასურველ პროგრამაზე განათლების მიღებას საქართველოში ისურვებენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემუშავდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და განახლებული კლასიფიკატორი. ჩარჩოს ფუნქციაა განსაზღვროს, რა კომპეტენციებს იძენს ადამიანი განათლების სხვადასხვა საფეხურზე. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ განახლებული კლასიფიკატორი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებას საერთაშორისო დონეზე. დანერგვის ეტაპი 2-წლიანია და ამ ვადის გასვლის შემდეგ შევა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ სტუდენტს უცხოეთში სწავლის გაგრძელებისა თუ პროფესიული საქმიანობისთვის ნაკლები ბარიერების გადალახვა მოუწევს.
— რა სიახლეებია პროფესიულ განათლებაში ხარისხის განვითარების კუთხით?
— მიმდინარე წელი მრავალმხრივ იყო საინტერესო პროფესიული განათლებისთვის. მათ შესახებ თქვენი გაზეთიც წერდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის, ავტორიზაციის ახალი სტანდარტებია, რომელზე მუშაობაც მალე დასრულდება და ოქტომბრიდან უკვე ამოქმედდება. განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ახალი სტანდარტები თვისებრივ ინდიკატორებზე და განვითარებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია პროფესიული მომზადება-გადამზადების ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც მოკლე დროში პროფესიის ათვისებასა და დასაქმებაზეა გათვლილი. სასიხარულოა, რომ სისტემისადმი ინტერესი დამსაქმებელთა მხრიდან დღითი დღე იზრდება.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი