შემოდგომაზე, ბერლინში, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში, Eurodram-ის, ევროპის დრამის გაერთიანების წევრთა შეკრება ჩატარდა. ევროდრამის გაერთიანება ევროპის დრამატურგთა მონაცემთა ბაზებს აერთიანებს და მისი მიზანი თანამედროვე ევროპული პიესების გაცვლითი პროექტების ხელშეწყობა და მათი თეატრის მოყვარულებისთვის გაცნობა გახლავთ. რამდენიმე წელია, ქართველი დრამატურგების ნაწარმოებების ბაზა ყოველწლიურად ახლდება და არსებული თარგმანები ევროპელი სცენის მოყვარულებისთვის ცნობილია.
ევროდრამის შექმნის იდეა ეკუთვნის ფრანგ დრამატურგს, დომენიკ დოლმიეს, რომელიც ავტორია ქართული დრამატურგიის შესახებ წიგნის „ენების მთა, კავკასიის თეატრალური მწერლობის ანთოლოგია“. წლიური სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა მომავალი თანამშრომლობის განვითარებას, ევროდრამის პიესების მონაცემთა ბაზების საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში გაერთიანებასა და მომავალი პროექტების ხელშეწყობას.
კონფერენციის მასპინძელი იყო ევროდრამის გერმანული კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი, მთარგმნელი, ვოლფგანგ ბარტი. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პატარა ქვეყნების შემოქმედების წარმოჩენას. შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა თეატრ „ანტრაქტის“ საინტერესო წარმოდგენა ქურთ ემიგრანტ მსახიობთა მონაწილეობით. ახლო მომავალში, თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი დრამატურგების ორენოვანი (უკრაინული და ქართული) კრებულის გამოცემა იგეგმება.
ჩვენ დავინტერესდით, უფრო ახლოს გაგვეცნო ევროდრამის შექმნის ისტორია და მისი ავტორის, დომინიკ დოლმიეს საქმიანობა, მისი საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, რასაც დღევანდელ ინტერვიუში გვიამბობს.
⇒ სალამი ბატონო დოლმიე, თქვენ ბრძანდებით ავტორი წიგნისა „ენების მთა, კავკასიის თეატრალური მწერლობის ანთოლოგია“. შეიძლება, უფრო მეტი გვიამბოთ ამ ნაშრომის შესახებ?
⇒ ეს არის წიგნი, რომელიც კავკასიისა და ტრანსკავკასიის ხალხებისა და ენების დიდი მრავალფეროვნების პანორამას წარმოგვიდგენს. არსებითად, ეს ეპიზოდებია ტექსტებიდან, რომელსაც ფრანგულენოვან სივრცეში არსებული ყველა ცნობილი განმარტება და ავტორების ბიოგრაფია ახლავს, ფრანგი ქართველოლოგის, ბერნარ უტიეს წინასიტყვაობით (აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ბატონმა ბერნარ უტიემ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ასობით უნიკალური გამოცემა გადმოსცა. – მ.ს.). ეს ნაშრომი დასკვნითი ნაწილი იყო მანამდე ჩატარებული საქმიანობის, კერძოდ, 2002 წელს გამართული შეხვედრისა, რომელმაც მრავალი შესაძლებლობა გამოავლინა. ამ გამოცემის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი დარჩა და მალე საკოლექციო გამოცემა იქნება.
⇒ ცოტა ქართველმა იცის იმის შესახებ, რომ თქვენ საქართველოში ბევრჯერ გიმოგზაურიათ და თქვენი მოგზაურობის შესახებ მშვენიერი ქრონოლოგიაც გამოაქვეყნეთ. როგორ აღმოაჩინეთ საქართველო?
⇒ ეს ნორმალური ამბავია, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი. მე საქართველოში, პირველად, 1999 წელს ჩამოვედი, დანიელ მიტერანის ფონდის ხელშეწყობით. მრავალი საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მაგალითად, დავით საყვარელიძესთან, ლევან ხეთაგურთან, ირინე ღოღობერიძესთან. 2001 წელს, 25 ეროვნების 50 ხელოვანის ქარავანთან ერთად, 17 000 კილომეტრი გავიარეთ და პირველი ქვეყანა, რომელსაც ვესტუმრეთ, საქართველო იყო. გავიცანით ქართველი მეგობრები – ნათია ფარჯანაძე, ზაალ ჩიქობავა, გიორგი ნაკაშიძე. ჩვენი შეხვედრის შესახებ ფილმიც არსებობს. ეს არის ამბავი, როგორ შევქმენით გამოცემა L’Hiver და გამოვეცით, კოტე ყუბანეიშვილთან და ლაშა ბუღაძესთან ერთად. ქართული რეპერტუარიდან ფრანგულად მხოლოდ ერთი ნაწარმოები იყო წარმოდგენილი, რომელიც ჩვენმა გამომცემლობამ l’Espace გამოსცა, ახლა ათზე მეტია. პარიზში, ევროპისა და აღმოსავლეთის სახლთან ერთად, ქართველი ემიგრანტებიც მივიღე, მათ შორის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ქართული პოლიფონიური სიმღერის ანსამბლის მონაწილეობით, ბასტილიის ოპერაში კონცერტიც გავმართეთ. ძალიან დასამახსოვრებელი იყო.
⇒ ევროდრამის იდეა თავისთავად უნიკალური და ერთადერთია, რაც გულისხმობს დრამატურგების გაერთიანებას მთელი ევროპიდან, მათ დაკავშირებასა და სხვადასხვა ქვეყნის თეატრების გაცნობას. ჩვენმა ახლანდელმა შეხვედრამ ბერლინში თვალსაჩინო გახადა, რომ ეს იდეა მუშაობს და მოსწონთ. როგორ დაიწყო ევროდრამი და რა პროექტები განვითარდა დღემდე?
⇒ დასაწყისში, ეს იყო კომიტეტის საგამომცემლო სახლი. ამდენად, მიზანი იყო ევროპის დრამატურგიის ფრანგულ ენაზე თარგმნა. პირველი ათწლეული ასეც ვმუშაობდით. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინიციატივებიც განვახორციელეთ, თუმცა, გამჭვირვალობა, დემოკრატია თუ მიზანდასახულობა გვაკლდა. ზოგი მონაწილე იდეალურობას ითხოვდა და ეს მხოლოდ უაზრო, ფაშისტური იდეა იყო: როგორ შეიძლება კარგი გემოვნების მონოპოლია? ადამიანები განვსხვავდებით და ყველას სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. თანდათან, კომიტეტი გაიზარდა, ნეთვორქად გარდაიქმნა, მასში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ჩაერთვნენ და ეს გახდა მრავალმხრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი პიესა ითარგმნოს და გამოიცეს, თეატრებს გავაცნოთ, სცენაზე დაიდგას და თანამშრომლობა შედგეს.
⇒ თქვენ სხვადასხვა რეგიონის დრამატურგია შეისწავლეთ, რა გამოარჩევს მათ, მაგალითად, დევიდ ფერემ, ესპანური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჩვენთან საუბარში, ერთხელ, აღნიშნა ფრანგული და ესპანურენოვანი პუბლიკის განსხვავება…
⇒ თქვენი შეკითხვა ერთი კონფერენციის თემაც იქნებოდა, ამას მთელი კვლევები უპასუხებდა! რაც მთავარია, რეგიონების დრამატურგიაში ვხედავ მსგავსებას, ზოგჯერ საშინელ ისტორიას და იშვიათ იუმორს. დასავლეთ ევროპაში ჩვენ აბსურდის თეატრი გამოვიგონეთ, აღმოსავლეთში ამ აბსურდის რეალობაშიც ცხოვრობდნენ… აღმოსავლეთი უფრო კოლექტიურია, დასავლეთში ინდივიდუალიზმი და პიროვნება დგას ცენტრში.
⇒ როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელი, როგორ დაახასიათებდით საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებას და მის აქტუალურ თემებს დღეს?
⇒ უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე პარიზში არ ვარ, საფრანგეთის ლამაზ უღრან ტყეში ვცხოვრობ, პროექტზე „თეატრალური ფესტივალი ტყეში“ ვმუშაობდი და ამ შეკითხვის საუკეთესო ადრესატი ვერ ვიქნები. თუმცა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მრავალი წარმოდგენა იდგმება, რომლებიც ადამიანს ფიქრისთვის უფრო განაწყობს, ვიდრე გრძნობისთვის, უფრო კონცეპტუალურ და აბსტრაქტულ თემებზე. ჩემ მიერ შეთავაზებული ნაწარმოებები უფრო ორგანულია, მათში ამბებია, ხასიათები, სიტუაციები. მე მიყვარს, რომ თეატრი ოცნების წარმოებად რჩება. ამის საპირისპიროდ, ზოგჯერ, მოგვდის პიესები, რომლებიც ერთი შეხედვით მიმზიდველია, მაგრამ არსებითი ამბავი მათში არაფერია და სიცარიელეს ტოვებს, მხოლოდ გასართობი ხასიათი აქვს, ესეც ხდება.
⇒ როგორ ფიქრობთ, კარგი დრამატურგისთვის რა მახასიათებელია მთავარი, რას ასწავლიდით, თუ გარკვეული თანდაყოლილი თვისებაა საჭირო?
⇒ ორივე, რა თქმა უნდა! ადამიანების უნარები შეიძლება განსხვავდებოდეს და ეს კარგია, მაგრამ ცნობისმოყვარეობა, ცხოვრების აღქმა და თვალსაზრისის შეცვლის უნარი, რა თქმა უნდა, აუცილებელია — ისევე როგორც სიგიჟისა და წარმოსახვის გარკვეული დოზა.
⇒ საუბარში აღნიშნეთ, რომ ახალ გამოცემაზე მუშაობთ, რის შესახებ არის?
⇒ როგორც ყოველთვის! ახლა გავაგზავნე დასაბეჭდად უკრაინელი დრამატურგის, ნატალკა ვოროჟბიტის ორი ტექსტი, ასევე ფინისტის, რუსი სვეტლანა პეტრიჩუკის პიესა, ის ამჟამად მოსკოვშია დაპატიმრებული და მხარდაჭერას ვუცხადებთ. პროგრამაში გვაქვს: ესთერ ბოლის „დეტექტივი“, კოსოვოელი ჯეტონ ნეზიარჯის „ჰანდკეს პროექტი“, ალიე უმანელის „კვიპროსული ტრილოგია“, ანგლო-პალესტინელი ჰანა ხალილის „76 წლის ფრაგმენტები“, ლიბანელი ელიას ხურის „იობის მოგონება“, ფრანგი ისრაელელის „ზამთრის ოჯახი“, H2 ჰებრონი, რუმინელი ბოშას, ალინა სერბანის „დიდი სირცხვილი“ და სხვათა პიესები.
⇒ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, თქვენი პირველი სიტყვა იყო „გამარჯობა“. შეგიძლიათ, შეადაროთ, როგორი იყო საქართველო თქვენი პირველი ვიზიტისას და რა ცვლილებებს ხედავთ დღეს?
⇒ მე ვაღმერთებ საქართველოსა და ქართველებს, ასევე, ქართულ ენას. თბილისი ულამაზესი ქალაქია, ბათუმიც ასევე მიყვარს. ჩემი საუკეთესო მოგონება არის, როგორ ვიბანავე მდინარე ალაზანში ამაზონელ კინორეჟისორ, მიგელ საულოსთან ერთად. ვოცნებობ სვანეთში ისევ სტუმრობაზე. ამ დღეებში საქართველო ყურადღების ცენტრში იყო პარიზში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა, ჩვენი შეხვედრისთვის ვემზადებოდი. მოხარული ვარ, რომ ევროკანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიიღეთ და პროგრესი შესამჩნევია, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ქართველები, ასევე სომხები ჩემთვის ევროპული ერებია. როცა ვხედავთ ჩეჩნეთს, სირიას, უკრაინას… საქართველო, მიუხედავად ყველაფრისა, გადაურჩა ყველაზე უარესს, მაგრამ სიფხიზლე ყოველთვის გჭირდებათ. ჩვენ ასევე უნდა დავარწმუნოთ დასავლეთი, სადაც რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ ჩანს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ადგილი ევროკავშირში იქნება.
⇒ თქვენი გამოცდილებით, რით გამოირჩევა ქართული თეატრი და რას ურჩევდით ქართველ დრამატურგებს?
⇒ ეს შეუძლებელია, ათი წელია აქ არ ვყოფილვარ. ცხადია, ძველი თაობის ნაწარმოებები, სტურუა, გაბრიაძე, ჩხეიძე… ლეგენდად დარჩა. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, თეატრის პოპულარობამ, სპექტაკლებზე დამსწრე ახალგაზრდების რაოდენობამ გამაოგნა. 90-იანი წლების თაობის თეატრმა თავისი სიტყვა უკვე თქვა, ახლა ახალი თაობის თეატრსა და ქართველ ავტორებს ველოდებით, რომელთა ნაშრომები ფრანგულად იშვიათად გვხვდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველოდებით მთარგმნელების ახალ თაობას, რომლებსაც შეუძლიათ პროექტების აღება და დაცვა. თუმცა, ქართულ და ფრანგულ თეატრებს შორის მჭიდრო კავშირი, ჯერჯერობით, დასამყარებელია. გვსმენია თბილისში საინტერესო ინიციატივების შესახებ, თანამედროვე მწერლობის ირგვლივ, მაგრამ კომუნიკაციისა და გაცვლის მეტი სურვილი კარგი იქნებოდა. ჩვენ ასევე გვჭირდება მეტი შემოქმედებითი პერსპექტივები ფრანგულენოვან სცენებზე, მაშინ როცა ტენდენცია უფრო უინიციატივობისკენ იყო, დრამატურგიის ორგანიზების მზარდი სირთულის გათვალისწინებით. ბოლო წლებში, კლარა შვარცენბერგი იყო ქართული თეატრის საუკეთესო პრომოუტერი ფრანგულად, მის მიერ ორგანიზებული ქართული პიესების დადგმა წარმატებული იყო და კლარას მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა.
⇒ თქვენი საყვარელი ავტორებიც დაგვისახელეთ…
⇒ ბოლო დროს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინელი ნატალკა ვოროჟბიტის პიესამ „ცუდი გზები“. ქართულ ენაზე თარგმნილია მაკედონიელი გორან სტეფანოვსკის „დებარ მაალოს დემონი“, რომელიც სცენაზე დადგმას ჯერ კიდევ ელოდება. ადრე რუსთაველის თეატრს შევთავაზე, მაგრამ გადაიდო. საქართველოში უნდა ჩამოვიდე და ამ კითხვაზე უკეთ გიპასუხებთ მომავალში 🙂
ესაუბრა მაია სიმონიშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი,
საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის კომიტეტისა და ევროდრამის ქართული საორგანიზაციო კომიტეტის წევრი