29 ივნისი, შაბათი, 2024

დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა

spot_img
დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ  გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: 
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და  შედის საკუთარ  გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და  სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში  5 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  17 და 18 ივლისს  ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები