კავკასიის ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნებით. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერების და ეთნოჯგუფების ტრადიციები და კულტურა ნაწილობრივ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ საკმარისია ერთხელ მაინც მოხვდე ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც დუხობორები ცხოვრობენ და შეუმჩნეველი დაგრჩეთ მათი ლამაზად მოჩუქურთმებული, თეთრად და ცისფრად შეღებილი, აივნებიანი სახლები, ასევე ამ ხალხის საზეიმო ჩაცმულობა, სრულიად განსხვავებული ტრადიციები და კულტურა, რამაც ჩემი დაინტერესება გამოიწვია, საკონფერენციო თემადაც ამიტომ შევთავაზე ჩემს მოსწავლეებს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის XI კლასელებს – მარიანა აპოიანს და მილენა არაქელიანს. მათ საინტერესო ინფორმაცია შეაგროვეს ჯავახეთში მცხოვრები დუხობორების შესახებ და კარგი პრეზენტაციაც გამოუვიდათ. ბათუმის კონფერენციის მონაწილეებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი კულტურული მოვლენის შესახებ შეიტყვეს ჯავახი მოსწავლეებისგან.
მარეხ მელიქიძე – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
🔎 ვინ არიან დუხობორები
დუხობორები ძველი რუსული სექტაა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და პროტესტანტიზმთან არის ახლოს. მისი სწავლების მთავარი არსი ისაა, რომ ადამიანს ღმერთთან ურთიერთობისთვის არანაირი შუამავალი – მღვდელი არ სჭირდება. ამიტომ, დუხობორები უარყოფენ რელიგიურ სიმბოლიკას – ეკლესიას, ჯვარს, ლიტურგიასა და ხატებს, რადგან ისინი ადამიანებმა შექმნეს.
🔎 დუხობორები საქართველოში
დუხობორები საქართველოში 1840-იან წლებში დასახლდნენ. მათ ჯავახეთში რვა სოფელი გააშენეს, რომლებსაც სამშობლოდან წამოღებული სახელები დაარქვეს: ტამბოვკა, ბოგდანოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, სამება-ტროიცოვკა, როდიონოვკა, რომლებიც შედის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ჯავახეთში მათ დასახლებას ჰქონდა მკაფიო საზღვრები. ამ ტერიტორიას თავად და მათი მეზობელი სოფლების მაცხოვრებლებიც დუხობორიას უწოდებდნენ.
დუხობორებმა თავიანთ სოფლებში ჩამოაყალიბეს კომუნები, ჰქონდათ საერთო ბეღლები და სასადილოები, მისდევდნენ მესაქონლეობას, სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. დასახლებისთანავე, ააშენეს ობოლთა სახლი. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ, განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. დუხობორების ხელმძღვანელი იყო ილარიონ კალმიკოვი, შემდეგ კი მისი რძალი – ლუკერია კალმიკოვა. მათი რეზიდენცია იყო გორელოვკაში, ობოლთა სახლში.
🔎 დუხობორების რელიგია
დუხობორები (სულისთვის მებრძოლნი) – პროტესტანტული მიმდინარეობა, 1750 წელს გამოეყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩამოყალიბდა როგორც არა მხოლოდ რელიგიური მიმდინარეობა, არამედ რუსი ხალხის ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი.
ისინი უარს ამბობდნენ საღვთო წერილსა და საღვთო წიგნებზე, მოძღვრებას და წესებს გადასცემდნენ ზეპირად, სწამდათ რეინკარნაციის; არ აღიარებდნენ პირველი ცოდვის მემკვიდრეობით გადაცემას და მათ თეოლოგიურ სისტემაში ჭარბობს სიმბოლიზმი.
🔎 დუხობორების კულტურა
დაახლოებით მე-18 საუკუნის მიწურულს, ეს სახელწოდება შეიცვალა, რადგან ისინი სულის კარნახს მისდევდნენ. ლუხრქრპტ ნიშნავს სულით მებრძოლს – ასე განგვიმარტა გორელოვკაში მცხოვრებმა დუხობორმა, ნიკოლაი სუხაროვკოვმა.
გორელოვკა ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2065 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც სოფელში ხეები არ იზრდება. ადგილობრივები ზამთარში სათბობად ძროხის ნაკელს იყენებდნენ, ახლა სოფელი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.
დუხობორები დღემდე ინარჩუნებენ საკუთარ კულტურასა და რელიგიას, თუმცა, მოსახლეობის შემცირების გამო, გაქრობის საშიშროების წინაშე დგანან.