21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება –  კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია

spot_img

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ პროცესში 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში გრძელდება სკოლების მონიტორინგი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები