გვესაუბრება შახვალათ ნაბიევი,
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის
საჯარო სკოლის დირექტორი
✅ კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს ყველა სკოლა დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პროცესი მიმდინარეობს და სასწავლო წლის ბოლომდე ასე უნდა ვიმუშაოთ. დისტანციურ სწავლებას გარკვეული პრობლემები ახლავს და ეს ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად არ იყვნენ არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები და არც მშობლები.
✅ დღეს არსებობს უამრავი პლატფორმა და პროგრამა, რომლებიც სკოლებში დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად უნდა გამოვიყენოთ, სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად. ონლაინ სწავლებისას სკოლებში იყენებენ შემდეგ პლატფორმებს: Microsoft Teams , Zoom, Feedc, Skype, ასევე, სოციალურ ქსელებს: „Messenger“, „Facebook“, „WhatsApp“ და სხვა.
✅ ზოგი პედაგოგი ამბობს, რომ გაუჭირდა მოსწავლეთა დარეგისტრირება და პროგრამის ფუნქციებში გარკვევა, რამაც ბევრი დრო წაიღო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაოს დასაწყისი რთულია, მაგრამ როცა პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით ვმუშაობთ, დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
✅ დისტანციური სწავლების ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებაში სკოლის ადმინისტრაციისა და კლასის დამრიგებლების როლი დიდია. ამიტომ, სკოლის ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ პრინციპებს:
1) მასწავლებლის ეფექტური კოორდინაციის ორგანიზება;
2) მშობლების ინფორმირება და ამ საქმიანობაში მათი ჩართვა;
3) ეფექტური მეთოდების გამოყენება და მოსწავლეებისთვის პოზიტიური უკუკავშირის მიცემა;
4) მუდმივი მონიტორინგი.
✅ ჩვენი სკოლის მაგალითზე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიჭირდა მოსწავლეების დარეგისტრირება, მოსწავლეების და მშობლების ჩაბმა ამ პროცესში. პირველ რიგში, ჩვენ წინაშე დადგა საკითხი, აქვს თუ არა ყველა ბავშვს ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისი ტექნიკური საშუალება?
✅ ოჯახებში ბავშვების ინტერნეტთან წვდომის დადგენის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ გაკვეთილები ჩავატაროთ Facebook-ისა და WhatsApp-ის საშუალებით იმიტომ, რომ მშობლების უმრავლესობას უწყვეტი ინტერნეტი არ აქვს და მობილური ინტერნეტი რომ გამოიყენოს ამ ქსელებისთვის. დავიწყეთ მუშაობა. ბავშვებისთვის საინტერესო იყო და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ პროცესში. ამის შემდეგ, გადავედით პორტალზე მუშაობაზე. ეს ჩვენთვის უფრო ადვილი იყო, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და მშობლებთან გვქონდა კონტაქტი.
✅ გაუჭირდათ ასაკოვან მასწავლებლებს, რომლებსაც ინტერნეტითა და კომპიუტერით სარგებლობის საკმარისი უნარ-ჩვევები არ ჰქონდათ. ახალგაზრდა პედაგოგების დახმარებით და თანამშრომლობის საფუძველზე, უკვე ისინიც ჩართულნი არიან ამ პროცესში. გამოცდილი პედაგოგები, პარალელურად, მუშაობენ Microsoft Teams-ით და WhatsApp-ით, ძირითადად,WhatsApp-ით უგზავნიან უკუკავშირებს მშობლებს, რომ ისინი მუდმივად ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში და დაეხმარონ შვილებს.
✅ საკლასო ოთახში ჩატარებული ცოცხალი გაკვეთილი და ონლაინ ჩატარებული გაკვეთილი მასწავლებლებისგან განსხვავებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. დისტანციური სწავლების დროს მასწავლებელი ფრთხილად უნდა იყოს უკუკავშირის მიცემაში. პოზიტიური უკუკავშირი მოსწავლეს დამატებით სტიმულს აძლევს. დავალებები ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეთა ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. მასწავლებელმა უნდა დახარჯოს მთელი თავისი ცოდნა და უნარები, რომ ბავშვები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.