ნანა ლომაია
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ხამისქურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ცხოვრობდე დემოკრატიული ქვეყანაში – თავისთავად ნიშნავს, აცნობიერებდე დემოკრატიულ კულტურას, რომელიც ამავე წყობის მქონე სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელია. მრავალფეროვან საზოგადოებებში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა გააზრება-გათავისება და პრაქტიკული გამოყენება უმნიშვნელოვანესია, რაც მოიცავს შემდეგ 4 მოდელს:
ღირებულებები (ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება; კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება), დამოკიდებულებები (კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა, პატივისცემა, მოქალაქეობრივი აზროვნება, პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა, გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება), უნარები (დამოუკიდებლად სწავლის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, ემპათია, მოქნილობა და შეგუების უნარი, ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები, თანამშრომლობისა და კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები), ცოდნა და კრიტიკული გააზრება (საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება; ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება; მსოფლიოს შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება).
სწორედ სკოლაა ის ადგილი, სადაც მოზარდებს შეუძლიათ ისწავლონ, პრაქტიკულად გამოსცადონ და გააცნობიერონ დემოკრატიული კულტურის არსი. ამიტომაც, ზემოთ აღნიშნულ კომპეტენციათა გააზრება-გათავისება და პრაქტიკული გამოყენება სკოლიდან უნდა იწყებოდეს. ეს ყოველივე შესაძლებელია როგორც სასწავლო პროცესის წარმმართველ პირთა მიერ მათი დემონსტრირებით, ასევე, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მოდელთან ინტეგრირებით. მით უფრო, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც იმავეს ეხმიანება. განათლების სისტემა ორიენტირებულია, ხელსაყრელი პირობები შექმნას საგანმანათლებლო სივრცეში ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება, საგნობრივი პროგრამების სწავლების პარალელურად. ამჯერად აღნიშნულს შევეხები ქართული ლიტერატურის სწავლებისას. კერძოდ, ამ სტატიის მიზანია დასახელებულ კომპეტენციათა მოდელების: ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარების, ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების საფუძვლების წარმოჩენა ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით. ვფიქრობ, მთავარი მოქმედი გმირის, ალუდა ქეთელაურის ქმედება მრავალმხრივ საყურადღებოა და სრულად მიესადაგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
პოემის მიხედვით, შურისძიების გრძნობით ანთებული გმირი სრულიად მოულოდნელად მტერში ღირსეულ ადამიანს აღმოაჩენს, მისივე ქმედებიდან გამომდინარე, რადგან პირველ ნაბიჯს ღირსების აღიარებისკენ მომაკვდავი მუცალი დგამს, როცა ალუდას გადაუგდებს თოფს, რათა მისი მფლობელი ისეთივე ვაჟკაცი იყოს, როგორიც თვითონაა („თოფიც ალუდას გადუგდო, ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა: ეხლა შენ იყოს რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა, სიტყვა გაუშრა პირზედა, დაბლა გაერთხა მიწასა“), ქეთელაურს სულიერად შეძრავს მტრის გაუტეხლობა, მებრძოლი ბუნება, უნარი მოწინააღმდეგე ადამიანში ვაჟკაცობის აღიარებისა. მასში უმალ იჩენს თავს სურვილი თავადაც დააფასოს ვაჟკაცში ღირსება, იყოს ემპათიური. ალუდამ დაიტირა იგი, გააპატიოსნა, არც მარჯვენა მოკვეთა და იარაღიც თან დაუტოვა. ამით უარყო შურისძიება, როგორც საზოგადოების ფუძემდებლური წესი. მას თანასოფლელებთან შეხვედრისას არ ერიდება აღიაროს გულისნადები: „გული გამიწყრა, არა ჰქნა, რაც საქმნელია ძნელადა“. თუმცა, თუ მამულის თავდაცვის ინტერესები მოითხოვს, იგი მომავალშიც გაილაშქრებს მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ისე, რომ ვაჟკაცის ღირსებას არ შელახავს „მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვჭრი მარჯვენას მაგათ ჯიბრითა!“ – იქადის ხევსურებზე გამწყრალი ქეთელაური.
ის ფაქტი, რომ აფორიაქებულ ალუდას მოსვენება აქვს დაკარგული, ღამითაც კოშმარულ სიზმრებს ხედავს, მისი სულიერი ფერისცვალების ნიშანია, რაც გამოწვეულია დიდი სინანულითა და ვაჟკაცობისადმი უდიდესი თანაგრძნობის წყურვილით. „ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა!“ ალუდას ამ სიტყვებში ჩანს უსამართლობის განცდა, სინდისის ქენჯნა, ფიქრი, ცხოვრების ახალი მორალის გამონახვის საჭიროებისა.
აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ, თანასოფლელთა მიერ გამოტანილი სასტიკი განაჩენის მიუხედავად, ალუდა უსაზღვროდ შემწყნარებლურია, თემის აუგად მოხსენიების უფლებას ოჯახის წევრებსაც არ აძლევს. მათგან მოკვეთილ ქეთელაურს მათთან, მშობლიურ მხარეში რჩება გული: „ერთხელ მაუნდა ალუდას, /ერთხელ მაბრუნვა თავისა/: მშვიდობით საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა…“
ზემოთ აღნიშნულსა თუ კიდევ მრავალ სხვა მნიშვნელოვან დეტალზე მოსწავლეთა ყურადღების გამახვილებით, ისინი შეძლებენ დაასკვნან, რომ ალუდას სახით ვაჟა-ფშაველამ გამოძერწა სრულიად ახალი, ჰუმანური ადამიანის სახე, რომლისთვისაც პიროვნებაში ღირსების დაფასება, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების აღიარება უმთავრესი ღირებულებაა, თავად ვაჟკაცისადმი პატივისცემა, შემწყნარებლობა სწორი დამოკიდებულებაა, სიტუაციის სათანადოდ გაანალიზება, კრიტიკული მიდგომა და შესაბამისი მყისიერი რეაგირება განსაკუთრებული უნარია. საკუთარი თავისა და სხვისი შეცნობა კი მიემართება ცოდნისა და კრიტიკული გააზრებისკენ.
საბოლოოდ, რეალურია იმის აღიარება, რომ არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, არამედ, ზოგადად, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა მდიდარია ზნეობრივი პარადიგმებით, რომლებიც საუკეთესო საშუალებაა, რათა მოსწავლეები აღვჭურვოთ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებით და აღვზარდოთ აქტიურნი, შემწყნარებელნი, თანამედროვე სამყაროს სრულფასოვანი წარმომადგენელნი.
გამოყენებული ლიტერატურა:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში, 2017 წლის ოქტომბერი, ქართული გამოცემა;
კლასიკა და თანამედროვეობა, ვაჟა ფშაველა, რჩეული, გამომცემლობა „ბაკმი“, 2008წ.