„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“, ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს პროექტს „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის“, რომელიც 2020 წელს დაიწყო, მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო მალევე შეჩერდა. წელს განახლდა აქტივობები და, 23-29 იანვარს, პროექტში ჩართული პედაგოგები და ახალგაზრდული მუშაკები საქართველოდან ეწვივნენ ჩეხეთის რესპუბლიკას, სადაც, უცხოელ კოლეგებთან ერთად, 5-დღიან ტრენინგ-კურსში მიიღეს მონაწილეობა. ინტენსიური ტრენინგის ფარგლებში მათ გაიღრმავეს ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების თეორიულ/პრაქტიკულ დეტალებზე და ამ პროცესში ფორმალური და არაფორმალურ განათლების სინთეზზე.
საინტერესო დეტალი — ამ პროექტის ფარგლებში დამკვიდრდა ახალი ტერმინი „ახალგაზრდული მუშაკი“. ვინ არიან ახალგაზრდული მუშაკები და რა უფლება-მოვალეობები ეკისრება მათ? განმარტება ვთხოვეთ პროექტში ჩართულ ახალგაზრდულ მუშაკს, გვანცა დავითელაშვილს: „ახალგაზრდული მუშაკი“ კლასიფიცირდება ადამიანად, რომელიც ძირითადად არასამთავრობო სექტორში, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მუშაობს და სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დახმარებით ეწევა საქმიანობას, რომელიც, პირობითად, განისაზღვრება ადამიანის უფლებების ფასილიტირებით, თუნდაც დემოკრატიული ღირებულებების — თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის და სხვ. — მშენებლობით და ა.შ. საქართველოში ეს პროფესია ახლა იკიდებს ფეხს.“
თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი სოფიო ბაჩილავა, როგორც ახალგაზრდული მუშაკი, პროექტში 2020 წლიდანაა ჩართული: „იმ დროიდან მოყოლებული რამდენიმე საინტერესო აქტივობაში მივიღე მონაწილეობა, გავეცანი ადამიანის უფლებების სწავლების ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკას, სკოლაში დემოკრატიული კომპეტენციების გაღრმავებისთვის ჩავატარეთ კვლევა და დავგეგმეთ სასკოლო ღონისძიებები და ა.შ. ჩეხეთში ჩატარებული 5-დღიანი ტრენინგიც ამ პროექტის ნაწილი გახლდათ. ეს შესაძლებლობა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, გავეცანით ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების მეთოდებს, სტრატეგიებსა და შესაბამის რესურსებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების რაც შეიძლება მეტი ელემენტი შევიტანოთ. ამის გარდა, ჯგუფის წევრებთან ერთად, თავადაც შევქმენით რამდენიმე აქტივობა, რომელსაც უკვე ვიყენებ როგორც საკლასო ოთახში, ასევე საკლუბო მუშაობის დროს, შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტრენინგის მიზანი მიღწეულია.“
მარნეულის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თემო სუყაშვილი არაქართულენოვან სექტორზე ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას, ხოლო ქართულ სექტორზე სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიასა და ისტორიას. პროექტზე „1+1 დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის“ საუბრისას, ის ხაზს უსვამს მასწავლებლებისა და ახალგაზრდა მუშაკების თანამშრომლობის მნიშვნელობას, სკოლებში სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპის კომისიის მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვას ჩვენს სკოლებში. ისიც ტრენინგის მონაწილეა და გვიზიარებს შთაბეჭდილებებს: „ვიმყოფებოდით ჩეხეთის რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ კეშინში, უშუალოდ ტრენინგები პოლონურ მხარეს მიმდინარეობდა, მაგრამ მასპინძელი ორგანიზაცია იყო ჩეხური. საქართველოსთან ერთად, მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკა, ნორვეგია და ესპანეთი.
სატრენინგო კურსი ადამიანის უფლებების სწავლებას ეხებოდა. ტრენინგის მიმდინარეობისას მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ისეთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით, განსაკუთრებით, არაფორმალურ გარემოში. ასევე, არაფორმალურ გარემოში ტრენინგის ფასილიტაციის გარკვეული უნარები შევიძინეთ, ვინაიდან ეს ტრენინგის პროგრამით იყო გაწერილი — კონკრეტული აქტივობის მომზადება და შემდეგ მისი დატესტვა დანარჩენ მონაწილეებთან ერთად.“
მომავალში, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ერთგვარი სტაჟირება სამი ქვეყნიდან — ჩეხეთი, ესპანეთი, ნორვეგია — ერთ-ერთში, გაეცნონ თუ რას აკეთებენ ადგილობრივი ორგანიზაციები არაფორმალურ გარემოში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის კუთხით, რა აქტივობებს მიმართავენ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით; იქნება სასწავლო სემინარებიც და პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეები ახალგაზრდულ ბანაკებში გაემგზავრებიან. საქართველოდან, ამ ეტაპზე, 6 სკოლაა ჩართული, შესაბამისად, სამოქალაქო განათლების 6 მასწავლებელი და მათ მოსწავლეებს ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ, ამ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში.
თემო სუყაშვილის აზრით, „თვითონ პროექტი ძალიან საინტერესოა, რადგან მულტიკორპორაციულია და საქართველოდან სხვადასხვა ორგანიზაციები არიან ჩართული. ერთ-ერთია „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“, ასევე კონსორციუმის ნაწილია ორგანიზაცია „ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის“. ეს არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.“ რაც შეეხება ახალგაზრდულ მუშაკებს, ამბობს, რომ ზოგადად საქართველოში ახალგაზრდული მუშაკების პროფესია ნელ-ნელა ხდება პოპულარული და ახლა მისი აღიარების პროცესი მიმდინარეობს. „ამ დიდი პროექტის მთავარი სიახლე სწორედ სასკოლო სივრცეში ახალგაზრდული მუშაკების ინტეგრირება გახლავთ. ისინი მოსწავლეებს გამოიყვანენ ფორმალური განათლებიდან და, არაფორმალური განათლების გარკვეული ელემენტებით, უფრო განავითარებენ. ახალგაზრდული მუშაკების ფუნქცია-მოვალეობები ამ პროექტში სწორედ მასწავლებლების თანადგომა და დახმარებაა. მათი საქმიანობის დაწყებისთვის პანდემია იყო ხელშემშლელი ფაქტორი, რამაც ეს პროექტი საკმაოდ დიდი ხნით გადადო. ახლა განახლდა მუშაობა და ისინიც დაიწყებენ ვიზიტებს, განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, ალბათ, უფრო გაზაფხულიდან, როდესაც შედარებით უკეთესი ვითარება გვექნება, კოვიდ პანდემიის მხრივ.
ახალგაზრდული მუშაკებისთვის აუცილებელი არ იყო პედაგოგიური განათლება, ისინი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, ზოგი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ სამსახურში მუშაობს, ზოგი თვითდასაქმებულია, განსხვავებული პროფესიების ადამიანები არიან და სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ მოეთხოვებოდათ. მათი შერჩევისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ენის ცოდნა იყო, რადგან პროექტის ფარგლებში ტრენინგები ინგლისურ ენაზე ტარდება,“ — გვითხრა თემო სუყაშვილმა.
ახალგაზრდული მუშაკი გვანცა დავითელაშვილი, პროექტზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისათვის“ გრძელვადიანი პროექტია, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს, მათ შორის, სასწავლო ვიზიტებს, კვლევის ნაწილს, ასევე, დანერგვის ნაწილს, კვლევის შედეგების გათვალისწინებით და ა.შ. ამბობს, რომ 1+1 ფორმატი — მასწავლებლისა და ახალგაზრდული მუშაკის კოლაბორაცია, სწორედ იმისათვის შემუშავდა, რომ მათ ერთობლივად შეძლონ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განხორციელება სასკოლო საზოგადოებაში, ზოგადად, საქართველოს იმ სკოლებში, რომლებიც წარმოდგენილი არიან, მასწავლებლების სახით, პროექტში. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები არის ჩარჩო, რომელიც ევროპის საბჭოს მიერაა შექმნილი. თუ, ვთქვათ, დაგუგლავ, პირობითად, „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს“, ქართულად თუ ინგლისურად, აუცილებლად ამოგიგდებს „პეპელას ჩარჩოს“, რომელიც 4 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი: ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები, ცოდნა და კრიტიკული გააზრება. თუ გვინდა, რომ სკოლა იყოს დემოკრატიული ორგანო, მაშინ ამ 4 ძირითად ღირებულებას უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კატეგორიებს თავისი ინდიკატორები აქვს, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია.“
როგორც უკვე ითქვა, ეს პროექტი არის 1+1, ანუ მასწავლებელი + ახალგაზრდული მუშაკი. ვინ არის ეს ახალგაზრდული მუშაკი და რატომ გახდა საჭირო მისი ინტეგრირება მასწავლებლის საქმიანობაში? გვანცა დავითელაშვილი გვიყვება, რომ ახალგაზრდული მუშაკი არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მუშაობს ახალგაზრდებთან და, არაფორმალური განათლების აქტივობების დახმარებით, ცდილობს მათი კომპეტენციების ამაღლებას და სამომავლოდ, შრომის ბაზარზე დასაქმებულობის გაზრდას, ზოგადად სამოქალაქო ღირებულებების წინ წამოწევას. „ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობა, არაფორმალური განათლების მიდგომებით, განსხვავდება მასწავლებლების საქმიანობისგან, რადგან მასწავლებელი, სწავლა-სწავლების პროცესში, ფორმალური განათლების პრინციპებით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირების საჭიროება, რათა ის შედეგები იქნეს მიღწეული, რომელიც დასახული აქვს პროექტს.“
გვანცა დავითელაშვილი ახალგაზრდულ მუშაკად მუშაობს ვეკუას სკოლაში, სადაც, ეს ფუნქცია, უკვე მრავალი წელია, ინტეგრირებულია სწავლების პროცესში. ვინაიდან ეს სკოლა ჩართული იყო პროექტში, გვანცაც, როგორც სკოლის ახალგაზრდული მუშაკი, ჩაერთო პროცესში. „გამოცხადდა აპლიკაციების მიღება და პროექტში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა შეავსეს აპლიკაციები, გადააგზავნეს, შემდეგ გამოცხადდა გასაუბრება და მონაწილეები მის საფუძველზე შეირჩნენ. იგივე პროცედურა გავიარეთ ახალგაზრდულმა მუშაკებმა — ჩვენც გავაგზავნეთ აპლიკაციები, შემდეგ იყო გასაუბრება და მერე მოხდა ჩვენი დაწყვილება მასწავლებლებთან. მე, როგორც ვეკუას სკოლაში მომუშავე ახალგაზრდული მუშაკი, ჩემივე სკოლის მასწავლებელთან დამაწყვილეს, რომელიც, ასევე გახდა პროექტის მონაწილე.“
გვანცა გვიყვება, რომ ჩეხეთში ტრენინგ-კურსის მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ საქართველოდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან და ნორვეგიიდან, მაგრამ ნორვეგიიდან ვერ ჩავიდნენ, კოვიდის გამო. ტრენინგ-კურსი მოიცავდა ადამიანის უფლებების სწავლების ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, რა არის ადამიანის უფლებების შესახებ განათლება, სად იღებ მას, რაში მდგომარეობს და ა.შ., შემდეგ, იყო საუბრები ტექნიკურ დეტალებზე — როგორ ხდება ადამიანის უფლებების სწავლების ფასილიტაცია, რა უნდა იცოდეს ფასილიტატორმა, როდესაც ამაზე ესაუბრება როგორც მოსწავლეებს, ასევე ზოგადად ახალგაზრდებს; სად შეიძლება ამ მიდგომებისა და რესურსების მოძიება, როგორ უნდა დაიგეგმოს აქტივობები და მეთოდოლოგია, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების სწავლებაზე და ა.შ. „პირველი ნაწილი უფრო საგანმანათლებლო იყო, მეორე კი — პრაქტიკული. წყვილებმა — მასწავლებელი + ახალგაზრდული მუშაკი — თავად დავგეგმეთ სესიები განათლების თემაზე, რომლებიც შემდგომში ჩვენივე პროექტის წევრებისთვის ჩავატარეთ. ამგვარად, ამ მიმართულებით, ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება შევიძინეთ. მართალია, გარკვეული გამოცდილება მასწავლებლებს ჰქონდათ, მაგრამ იქ უშუალოდ კონკრეტული თემის ირგვლივ ვკონცენტრირდით — ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ჩეხეთში სტუმრობა იმ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ კოვიდის გამო, რამდენიმე წლის შემდეგ, პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო და ამან დამატებითი ღირებულება შესძინა მასწავლებლების მოტივაციას, აკეთონ მეტი თავიანთი მოსწავლეებისათვის. უფრო გაძლიერდა გუნდის მშენებლობა, დაწყვილებულ მასწავლებელსა და ახალგაზრდულ მუშაკს შორის, ასევე, გავიაზრეთ და გავიგეთ უფრო მეტი ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით განსახორციელებელი პრაქტიკული აქტივობების შესახებ, რაც მომავალში კიდევ მეტად თავდაჯერებულს გაგვხდის ამ თემაზე მოსწავლეებთან საუბრისას ან ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში.“ — ამბობს გვანცა დავითელაშვილი.
პროექტის თანაავტორი და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ეკატერინე გოგობერიშვილი ასე აფასებს პროექტის მნიშვნელობას და მასში, მასწავლებლებთან ერთად, ახალგაზრდული მუშაკების ჩართვას: „პროექტი მასწავლებლების გაძლიერებასა და სკოლის ზოგადი კლიმატის განვითარებაზეა მიმართული და აგებულია ევროსაბჭოს მიერ შექმნილი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოზე. ეს ჩარჩო განათლების სხვადასხვა აქტორების ჩართვას მოიაზრებს სკოლის განვითარებაში, შესაბამისად, მასწავლებლების გარდა, პროექტში ახალგაზრდა განმანათლებლები/ახალგაზრდული მუშაკები მონაწილეობენ. მასწავლებლებისა და ახალგაზრდა მუშაკების ერთად მუშაობის იდეა დაფუძნებულია არაფორმალური და ფორმალური სწავლების თანხვედრაზე, რაც დემოკრატიული კულტურის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
პროექტი მნიშვნელოვანია მაწავლებლებისთვის იმ კუთხით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, შეაფასონ არსებული სწავლების პრაქტიკა და გააუმჯობესონ სხვებთან თანამშრომლობით და იმ სქემის ფარგლებში, რომელსაც პროექტი სთავაზობთ. პროექტის სქემა მოიცავს სხვადასხვა საერთშორისო სასწავლო ვიზიტს, ტრენინგ-კურსს, სამუშაო შეხვედრასა და სემინარს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის ხანგრძლივობა თითქმის 19 თვეს შეადგენს, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ რეფლექსია, შეცვალონ და გააუმჯობესონ არსებული სწავლების პრაქტიკა, სკოლის კლიმატი და ხელი შეუწყონ დემოკრატიული სწავლებისა და კომპეტენციების განვითარებას, სკოლის და საკლასო ოთახის დონეზე.“
♦♦♦
პროექტი „1+1 დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის“ ხორციელდება „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ და ორგანიზაცია „ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისათვის“ პარტნიორობით, ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის Erasmus+ მხარდაჭირით.
ლალი თვალაბეიშვილი