უხილავი ვირუსის მიმართ საზოგადოების ინტერესი კვლავ აქტუალურია. COVID-19 ჯერ კიდევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. არავინ იცის, რა გამოწვევების წინაშე დააყენებს ახალი ვირუსი კაცობრიობას, რა იქნება ხვალ, პროგნოზები ნაადრევია. ფაქტი ერთია – ვირუსმა სამყარო შეცვალა.
რაზე დაგაფიქრათ კოვიდ-19-მა? – ამ ერთადერთ შეკითხვას პასუხობს ჩვენი რესპონდენტი – კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი.
კორონავირუსი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას შეეხო და ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. შოკირებული მსოფლიო გააჩერა. დედამიწა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანმა ძალიან შეაწუხა – გაუმაძღრობით, განუწყვეტელი მოთხოვნილებებით, გაუაზრებელი ქმედებებით, ბოროტებით… მისი წიაღიდან განუწყვეტელი ნავთობის ამოქაჩვა, გაზის ამოტუმბვა, წიაღისეულის მოპოვება -მეტისმეტია, რადგან ეს ყველაფერი აქვს დედამიწას, ე.ი. ეს მას სჭირდება. ჩვენ კი, ამ ყველაფერს ისე ხარბად ვიყენებთ და მოვიხმართ, რომ არც კი ვფიქრობთ მომავალზე, არ ვუფრთხილდებით გარემოს, ატმოსფეროს, ჰაერს, რომელიც სასიცოცხლოდ ასე გვჭირდება… ჩვენივე გაუფრთხილებლობით ვწამლავთ და ვაბინძურებთ სამყაროს, ჩვენივე დაუდევრობით ვავაადებთ მილიონობით ადამიანს, უდიდეს დანაშაულს ჩავდივართ დედამიწის და კაცობრიობის წინაშე.
100 წლის წინ, ნიკოლა ტესლას შემოთავაზებული გზით რომ წასულიყო კაცობრიობა და ყველაფერი შიდაწვის ძრავაზე არ გადასულიყო, გარემო ასე არ დაბინძურდებოდა და არ აღმოვჩნდებოდით ამ საშინელი რეალობის წინაშე. მზის და ქარის ენერგიის მოხმარება-გამოყენება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო კარგ შედეგებს მოგვცემდა. აუცილებლად უნდ ჩანაცვლდეს ნავთობი და გაზი მზის ენერგიით. კაცობრიობა ელექტრომობილების მოხმარებაზე უნდა გადავიდეს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მზის და ქარის ენერგია.
მაფიქრებს ის, რომ დედამიწაზე სამართლიანობა არ არის, ყველაფრის არასწორი გადანაწილებაა. დაუფასებელია ადამიანების შრომა. ვიღაცას უფასდება იმაზე მეტად, ვიდრე იმსახურებს, ვიღაცას კი, ის მცირედიც არ აქვს, რისი ღირსიც არის. ადამიანები ისწრაფვიან გამდიდრებისკენ, განდიდებისკენ… არადა, მნიშვნელობა აღარ აქვს არც შენს სტატუსს და არც ქონებას. ადამიანებს ნაკლები მატერიალური მოთხოვნილებები რომ ჰქონდეთ და მეტი სულიერება, ბუნება ასე არ დაგვსჯიდა. ბევრი რამ გადასახედი და შესაცვლელია.
ჩვენი ქვეყნისთვის მიწათმოქმედების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ხილის, ბოსტნეულის მოყვანა და წარმოებაა შესაძლებელი. საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გვაქვს უმაღლესი ხარისხის მინერალური თუ წყაროს წყლები, რასაც სათანადოდ დაცვა, მოვლა-პატრონობა და გამოყენება სჭირდება. საქართველოს ყველა კუთხე, მისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებითა და მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა – სვანეთი, არაგვისხეობა, რაჭა, აჭარა… მდიდარია სასარგებლო ბუნებრივი რესურსებით. ამ უმძიმეს პერიოდში, ხედავთ, რა მოხდა, ხალხი თავის მამულებს დაუბრუნდა. სოფლებში მრავალი წლის წინ დაკეტილი კარი გაიღო. ადამიანებმა თოხი და ბარი აიღეს ხელში და მიწის ხვნა-დამუშავებას მიჰყვეს ხელი. არამც და არამც, სოფელი არ უნდა დავაკნინოთ, პირიქით, მეტი ხელშეწყობაა საჭირო.
ყოველ წუთს გვესმის, რომ ჩვენ ვართ ცეკვის, სიმღერის, ტაშ-ფანდურისა და ჰარი-ჰარალეს ერი – დიახ, ვართ! მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, გვყავს ძალიან კარგი, მსოფლიო დონის ექიმები, მეცნიერები, ისტორიკოსები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები… სიტუაციამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენმა ექიმებმა შეძლეს ის, რაც სხვა, ჩვენზე ბევრად განვითარებულმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს. ძალიან მიხარია, ქართველი ექიმების წარმატება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მათ ჩვენი ერი გადაარჩინეს. მეტი დაფასება და პატივისცემა სჭირდებათ ქართველ ექიმებს.
ყველაზე მთავარი, მორალური მიდგომაა. ადამიანმა არ უნდა იფიქროს და მით უმეტეს არ იტრაბახოს, რომ მსოფლიოს ბატონ-პატრონია, სამყაროს მბრძანებელი, რომელსაც კოსმოსის დაპყრობა შეუძლია, არაფრის ეშინია… და აი, ხედავთ, გამოჩნდა ერთი პატარა ვირუსი და მთელი კაცობრიობა შეშინებული შეძვრა სოროში. ე.ი. რა გამოდის? შენ არაფერიც არ ხარ! დამოკიდებული ხარ ბუნებაზე და, პირველ რიგში, ღმერთზე. თუ კი შენ ღირსეულად მოიქცევი, გეყვარება შენი მიწა, სამშობლო, ადამიანები… და თუ არ იქნები აგრესიული, ბოროტი და ბილწსიტყვაობას ამოიღებ საკუთარი ლექსიკონიდან, სამყარო იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ბილწსიტყვაობა, ანუ სკაბრეზი არის შხამი, იგივე ვირუსი, ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ნებისმიერი ბოროტი ინფექცია. მოზარდებზე დიდ გავლენას ახდენს აგრესიული ფილმები, მულტფილმები, სადაც არის ჩაგვრა, აგრესია, დაცინვა, ბილწსიტყვაობა. არ შეიძლება ხელოვნების ასე დამახინჯება, ის როგორც კი სცდება თავის დანიშნულებას, მაშინვე ვიღებთ უკუშედეგს.
ანუ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, მეწაღემ წაღები შეკეროს… ყველამ თავისი საქმე აკეთოს და დაფასდეს. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, რომ ზნეობის გარეშე არ არსებობს საზოგადოება, ვერ ვითარდება – იღუპება.
დედამიწა ძალიან შეწუხდა ადამიანებით. დაპაუზდა. დაასვენა საკუთარი თავი. დამშვიდდა. რესტარტი აიღო და დაგვანახა, რომ უჩვენოდაც კარგად არის. ის მშვიდად აგრძელებს ბრუნვას. განიწმინდა იმ ნაგვისგან, რომელიც ადამიანებმა დავაგროვეთ – ჰაერში, ტბებში, მდინარეებში… დედამიწამ ალიყური წამოგვარტყა – გონს უნდა მოვეგოთ.
დაბოლოს, მინდა, იმედი ვიქონიო, როცა დავიწყებთ ახალ ცხოვრებას, ყველას ექნება გათავისებული რა და როგორ უნდა ვაკეთოთ, რას უნდა გავუფრთხილდეთ, რა უნდა დავაფასოთ. მსოფლიოში მთავრობები უნდა მიხვდნენ, რომ ისინი არ არიან დედამიწის ბატონ-პატრონები. მათ არ ხელეწიფებად სამყაროს შეცვლა თითის ქნევით და ბრძანებებით.
თუმცა, მაფიქრებს ისიც, რომ უბედურებაში მყოფი წესიერი ადამიანები უფრო კეთილშობილდებიან, ბოროტები კი, პირიქით, უფრო მეტად ბოროტდებიან.
ესაუბრა მაკა ყიფიანი