შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მე-8 კლასებში ჩატარდა სტატიების კონკურსი – „დედამიწას ატმოსფერო ლამაზ კაბად ჩაუცვამს“.
მოსწავლეებმა აღწერეს ატმოსფეროს მნიშვნელობა დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმებისა და ეკოსისტემისთვის. კონკურსი ჩატარდა ფიზიკის პედაგოგის, ცირა ასათიანის ორგანიზებით.
კონკურსში გაიმარჯვა ორმა მოსწავლემ: გიორგი დოხტურიშვილმა და ასმარ ნოვრუზოვამ.
ასმარ ნოვრუზოვა
VIII კლასის მოსწავლე
„დედამიწას ატმოსფერო ლამაზ კაბად ჩაუცვამს“
დედამიწის ატმოსფერული ფენები ჩვენ გარშემო მუდმივად არის, მაგრამ იშვიათად ვაღიარებთ მის მნიშვნელობას. თავიდან, თემის წაკითხვისას, ვიფიქრე, რომ ის უბრალოდ ჰაერის მასებზე იყო, თუმცა, შინაარსის გააზრებისას მივხვდი, ეს ჩვენი სიცოცხლისა და დედამიწაზე არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს მოიცავდა.
ატმოსფერო ხუთ ფენად იყოფა: ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო, თერმოსფერო და ეგზოსფერო. თითოეული ფენა რაღაც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ტროპოსფერო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიცავს ჰაერს და იქ ყალიბდება დედამიწის ჰავაც. სტრატოსფეროში კი ოზონის ფენაა, რომელიც მზის მავნე გამოსხივების შეჩერებაში მონაწილეობს.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ეს ფენები უცებ კოსმოსში გაიფანტებოდა.
ერთი მხრივ, ჩვენს პლანეტაზე ჰაერი და ჟანგბადი, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისათვის, უბრალოდ გაქრებოდა. მეორე მხრივ, დედამიწელებს მზე დაგვწვავდა, რადგან ვეღარაფერი დაგვიცავდა ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივებისაგან. მაღალ ტემპერატურაზე, ატმოსფერული წნევის გარეშე, წყალი მთლიანად აორთქლდებოდა, გახრიოკდებოდა და უდაბნოდ გადაიქცეოდა ჩვენი ცისფერი პლანეტა. დღისით მაღალი ტემპერატურა, ღამით კი ყინვა დაისადგურებდა, მეტეორებისა და ასტეროიდების წვიმა წამოვიდოდა და დედამიწა გადაიქცეოდა ისეთ ცივ, უსიცოცხლო ადგილად, როგორიც მარსი ან მთვარეა. აღწერილი გარემო, დამეთანხმებით, შემზარავია.
ვფიქრობ, ზემოთ აღწერილი სურათის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა:
⇒ ნივთიერება-ფრეონის გამოყენებისგან თავის შეკავება, რადგან ის აზიანებს ოზონის შრეს;
⇒ ავტომობილის გამონაბოლქვის მაქსიმალურად შემცირება, რადგან ის აზიანებს ატმოსფეროს;
⇒ ხეებისა და მცენარეების დარგვა და ტყის მოვლა, ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებისთვის.
რა საოცარია, რომ „ატმოსფერო, რომელიც დედამიწას ლამაზ კაბად ჩაუცვამს“, გვიცავს მზის მავნე გამოსხივებისგან, აყალიბებს კლიმატს დედამიწაზე და წყალს თხევად მდგომარეობაში ინახავს. ეს ქმნის დაცულ და მოსახერხებელ გარემოს სიცოცხლისა და ეკოსისტემისთვის.
გავუფრთხილდეთ დედამიწის „ლამაზ კაბას“ ჩვენივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ბიბლიოგრაფია:
♦ „ChatGPT“ ინფორმაციის მოძიებისთვის.
♦ ფიზიკის სახელმძღვანელო. ქ. ტატიშვილი. 2012 წელი.
გიორგი დოხტურიშვილი
VIII კლასის მოსწავლე
რა მოხდება, თუ ატმოსფერული ფენები კოსმოსში გაიფანტება?
დედამიწის ატმოსფერო მრავალშრიან სისტემას წარმოადგენს, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ფორმირდებოდა და ბუნებრივად მოერგო სიცოცხლის განვითარებას. ის არა მხოლოდ ჟანგბადით ამარაგებს ცოცხალ ორგანიზმებს, არამედ გვიცავს მზის გამოსხივებისგან, არეგულირებს ტემპერატურულ ბალანსს დედამიწაზე და ქმნის კლიმატურ სტაბილურობას. ატმოსფერო – ეს გახლავთ დედამიწის ირგვლივ მოქცეული აირის ფენათა სისტემა, რომელიც მრავალმხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიცოცხლის შენარჩუნებისა და ჩვენი პლანეტის სტაბილურობისათვის. ის შედგება რამდენიმე ფენისგან: ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო, თერმოსფერო და ეგზოსფერო. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს – დაწყებული კლიმატის რეგულირებიდან, მავნე კოსმოსური სხივებისგან დაცვით დასრულებული.
წარმოვიდგინოთ სცენარი, როცა ეს ფენები გაიფანტება ან სრულიად გაქრება. რას გამოიწვევს ეს? პირველ რიგში, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, აღარ იქნება ისეთი შედგენილობის, როგორიც სიცოცხლისთვის აუცილებელია. ატმოსფერული ფენების გაფანტვის შემთხვევაში, ჟანგბადი შესაძლოა გაფანტულიყო კოსმოსში, რის შედეგადაც ადამიანს სუნთქვა გაუძნელდებოდა ან სრულიად შეუძლებელი გახდებოდა, რადგან ცოცხალი ორგანიზმები უჟანგბადო არეში ვერ იარსებებენ. გარდა აღნიშნულისა, ფენების გაფანტვა გამოიწვევდა მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გაზრდას. როგორც ცნობილია, სტრატოსფეროში, დედამიწის ზედაპირიდან 20-25კმ-ის სიმაღლეზე არსებობს ოზონის შრე. ოზონი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სპეციფიკური და თავისებური სუნი აქვს. ატმოსფეროს ზედა ფენებში, მზის გამოსხივების გავლენით, ჟანგბადი გარდაიქმნება ოზონად. ამ რეაქციის პროცესში შთაინთქმება მზის გამოსხივების ულტრაიისფერი ნაწილი და ამგვარად, ულტრაიისფერი გამოსხივება პრაქტიკულად ვერ აღწევს ოზონის შრის ქვემოთ, დედამიწაზე. ამრიგად, ოზონის შრე გვიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების დამანგრეველი ზემოქმედებისგან. ფენების გაფანტვის შემთხვევაში კი, ატმოსფეროში ოზონის „ხვრელის“ პრობლემა უფრო მასშტაბური და საშიში გახდებოდა.
გარდა აღნიშნულისა, ატმოსფერო მნიშვნელოვანი რგოლია პლანეტის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მისი გაფანტვის შემთხვევაში, დღისით და ღამით, მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურა იქნებოდა – შესაძლოა დღისით აუტანლად ცხელი, ხოლო ღამით ყინვამდე გაცივებული ჰაერი ყოფილიყო. ასეთ პირობებში ადამიანისა და ცოცხალი ორგანიზმების არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდებოდა. ატმოსფეროს გარეშე, ასევე, ვერ მოხდებოდა ნალექის წარმოქმნა, რაც დედამიწაზე წყლის წრებრუნვის შეჩერებას გულისხმობს. წყლის გარეშე მცენარეები ვერ იარსებებდნენ, რაც საბოლოოდ მიგვიყვანდა საკვების დეფიციტამდე, საბოლოოდ კი სიცოცხლის ეკოლოგიური წრე დაიშლებოდა.
დედამიწას მზე ათბობს. მზის სხივების სითბური ენერგია დედამიწაზე რჩება, ნაწილი კი დედამიწის ზედაპირიდან აირეკლება და კოსმოსში ბრუნდება. ამ ორი პროცესის შედეგად დედამიწაზე მყარდება სითბური ბალანსი. ასეთი სითბური ბალანსის შედეგად, ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურა, საშუალოდ, 15oC-ია, რაც მასზე სიცოცხლის არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა მავნე, გამონაბოლქვი/საწარმოო აირების კონცენტრაციის გაზრდა საფრთხეს უქმნის პლანეტასა და კოსმოსს შორის არსებულ სითბურ ბალანსს. ყველა შემთხვევაში, სათბობის წვის შედეგად, ატმოსფეროში, სხვა აირებთან ერთად, ნახშირორჟანგიც გამოიყოფა.
ჩვეულებრივად, ნახშირორჟანგი მუდმივ წრებრუნვაშია – ორგანული ნივთიერებების წვის შედეგად წარმოქმნილი CO2 ზღვისა და ოკეანის წყალში იხსნება, ფოტოსინთეზის გავლენით კი ისევ ცოცხალ სამყაროს უბრუნდება. ნახშირორჟანგის გამოყოფისა და შთანთქმის პროცესებს შორის მყარდება დინამიკური წონასწორობა. დღევანდელ პირობებში ეს დინამიკური წონასწორობა დარღვეულია. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ადამიანური საქმიანობის შედეგად, სათბური აირები ზედმეტად იმატებს – ქვანახშირის წვა, ავტომობილების გამონაბოლქვი, ტყეების გაჩეხვა და მრეწველობა წარმოქმნის ჭარბ CO2-ს, რაც ბუნებრივ ბალანსს არღვევს. ყოველივე ამან კი, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დაგროვება და დედამიწაზე „სათბურის ეფექტი“ გამოიწვია.
სითბოს მიმოცვლა დედამიწასა და კოსმოსს შორის მუდმივად მიმდინარეობს: ნახშირორჟანგი ატარებს მზის სხივებს და ხელს არ უშლის დედამიწის ზედაპირის გათბობას. ამავე დროს, ის აკავებს სითბოს დედამიწაზე. ამ პროცესში ატმოსფერო ზემოქმედებს, როგორც სათბურის კედელი. რომ არა ნახშირორჟანგის ფენა, სითბო კოსმოსში გაიფანტებოდა. მაგრამ როდესაც ამ უკანასკნელის შემცველობა ატმოსფეროში ნორმაზე მეტია, ფერხდება სითბოს მიმოცვლა დედამიწასა და კოსმოსს შორის, რამაც შესაძლებელია პლანეტაზე კლიმატის სერიოზული შეცვლა გამოიწვიოს.
საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ატმოსფერული ფენების გაფანტვა გამოიწვევს: დედამიწაზე აზოტისა და ჟანგბადის გაქრობას, დაბალი წნევის გამო წყლის სწრაფ აორთქლებას, ულტრაიისფერი და კოსმოსური სხივების ინტენსივობის გაზრდას, ტემპერატურულ უკიდურესობებს და საბოლოოდ, ყველა ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვას.
ატმოსფერული ფენების გაფანტვა და გლობალური დათბობა არ წარმოადგენს ბუნებრივი პროცესების გარდაუვალ შედეგს – ეს, უმეტესად, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული პრობლემაა და შესაბამისად, მას გააჩნია გადაჭრის შესაძლო გზები, რომლებიც გლობალური დათბობის შეჩერებასა და ატმოსფერული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია.
- მნიშვნელოვანია, სათბურის აირების ემისიის შემცირება.
- განახლებადი ენერგიის წყაროების (მზის ენერგია, ქარის ენერგია, ჰიდროენერგია, ბირთვული ენერგია, გეოთერმული ენერგია, ზღვის მიქცევა-მოქცევის ენერგია) აქტიურად გამოყენება.
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ხელშეწყობა და საწვავზე მომუშავე ავტომანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლება.
- ტყეების დაცვა და ტყის გაშენება. ტყეების გაჩეხვის მკაცრი რეგულაცია, განადგურებული ტყეების აღდგენის სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების ხელშეწყობა/გაძლიერება.
- ოზონის შრის დაცვა და ფრეონების გამოყენების შემცირება. ეკოლოგიურად სუფთა ჰაერის გამაგრილებლებისა და სამაცივრე ტექნიკის პოპულარიზაცია.
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებში კლიმატის თემების ინტეგრირებას, სოციალურ კამპანიებს ეკოლოგიურ საკითხებზე და ახალგაზრდული ინიციატივების წახალისებას.
- მწვანე ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა.
- საერთაშორისო შეთანხმებებისა და პოლიტიკის გამკაცრება, რაც გულისხმობს გლობალურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ეფექტიან შესრულებას.
შეჯამებისას, შეიძლება ითქვას, რომ ატმოსფერული ფენების კოსმოსში გაფანტვა კატასტროფული შედეგებით დასრულდება არა მხოლოდ ადამიანისთვის, არამედ პლანეტაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. და რადგან დედამიწის ატმოსფერო არაგანახლებადი რესურსია, მას ზუსტად ისევე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც სიცოცხლეს. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯი შეიძლება ცალკე პატარა წვეთად მოგვეჩვენოს, მაგრამ როცა ის გლობალურად ხდება, შეიძლება უდიდესი ცვლილება გამოიწვიოს.
გამოყენებული ლიტერატურა
-
ქ. ტატიშვილი. ფიზიკა.VIII კლასის სახელმძღვანელო
-
მ. ვარდიაშვილი. ქიმია. IX კლასის სახელმძღვანელო, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2012 წელი.
-
ინტერნეტჟურნალი intermedia.ge. „გლობალური დათბობა და სათბურის ეფექტი“. 2013, 15 მაისი.
-
ი. აბაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი 7. 1975 წ.