თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, ისევე როგორც ყველა სხვა სფერო, რეაგირებს 21-ე საუკუნის გამოწვევებზე. ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გლობალიზაციის დინამიკა ბადებს კითხვას: რა უნარებია საჭირო, რომ ადამიანი იყოს კონკურენტუნარიანი, მობილური და ფსიქოლოგიურად მდგრადი ჩვენს სწრაფადცვალებად ეპოქაში? მაშინ როდესაც ტექნოლოგიური რევოლუცია და სწრაფი განვითარება გარდაუვალ გავლენას ახდენს პროფესიებისა თუ სფეროების ტრანსფორმაციაზე, ეგრეთწოდებული ტექნიკური უნარების (hard skills) ფლობის აუცილებლობა კვლავ აქტუალურია, რაც ცხადია, ცვლის ჩვენი მუშაობის, სწავლის, ურთიერთობების წესებს. ამ ყველაფრის ფონზე კი უფრო მეტად იკვეთება ადამიანის, როგორც უნიკალური არსების როლი და მნიშვნელობა; არსების – რომელსაც აქვს უნარი იგრძნოს და იმოქმედოს.
იმის ფონზე, რომ ტექნიკური კომპეტენციები კვლავ რჩება შრომის ბაზრის მთავარ მოთხოვნად, უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად იზრდება რბილი უნარების (soft skills)-კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ემპათიისა თუ ემოციური ინტელექტის როლი. ეს უნარები გარდაიქმნება არამხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ ინდივიდუალური თვითგამორკვევისა და სოციალური ინტეგრაციის ძირითად წინაპირობად.
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განვითარებას და ხარისხიან განათლებას წლებია ემსახურება დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, რომელიც წარმატებულ საქმიანობას ადასტურებს განსაკუთრებული საგანმანათლებლო პროექტით „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ და ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული უნიკალური კვლევით. ამ კვლევამ ზუსტად გაზომა თუ როგორ ცვლის საგანმანათლებლო დებატების პრაქტიკა მოზარდებში ქცევას და ამყარებს მთლიან პიროვნულ სტრუქტურას. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებშიც არის გამოქვეყნებული და მის მიგნებებს ეფუძნება დებატების საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილებები ესპანეთის, გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების რამდენიმე სკოლასა და უნივერსიტეტში.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით 2020 წლიდან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომელიც ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ხელმისაწვდომობას. პროექტის ძირითადი მიზანი არის მოსწავლეთა თავისუფალ და დამოუკიდებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც მოიცავს ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება არგუმენტირებული და კონსტრუქციული მსჯელობა, ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ეფექტიანი კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა, გუნდურობა, ეთიკის დაცვა და სხვ.
პროექტის ფარგლებში, ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებელთა ინტენსიური გადამზადება დებატების ტექნიკის სწავლებასა და დებატების კლუბების მართვაში. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები, მოხდა საგანგებო სერტიფიცირება, რის საფუძველზეც მასწავლებლებს დებატების კლუბების გახსნისა და ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მიეცათ. სწავლების პარალელურად დაიწყო პედაგოგთა ინდივიდუალური ქოუჩინგი, მეცადინეობების სუპერვიზირებების სახით. ამავდროულად დებატების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International Debate Educational Association) პარტნიორობით შეიქმნა დებატების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამა მომავალი პედაგოგებისათვის.
კოვიდ-პანდემიის დროს კი მოხდა მთელი პროექტის სწრაფი ტრანსპორმაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. აღსანიშნავია ონლაინ აქტივობების მაღალი ხარისხი, რომელიც აღიარებულ იქნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
საბოლოო ჯამში, მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის ხელშესახები შედეგები, რასაც პროექტმა „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ განხორციელების შედეგად მიაღწია:
♦ პროექტი უწყვეტად მიმდინარეობდა 5 წლის განმავლობაში და მუდმივად აძლევდა შესაძლებლობას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჩართულიყვნენ შესაბამის სასწავლო-საგანმანათლებლო აქტივობებში;
♦ პროექტმა დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი. მის ფარგლებში შეიქმნა 100-ზე მეტი დებატების კლუბი მთელი საქართველოს მასშტაბით;
♦ პროექტის მიმდინარეობისას დაფუძნდა „თბილისის დებატების სკოლა“, რომელიც დღემდე აძლევს შესაძლებლობას მთელი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას, როგორც მოსწავლეს ასევე სტუდენტს, მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ კონკუსში, მოხვდეს შესაბამის ჯგუფში და გაიაროს საგანგებო სწავლება თავად ინსტიტუტის საერთაშორისო ტრენერებისა და სხვა წარმომადგენლების მიერ;
♦ მიღებულმა შედეგებმა და სწავლების წარმატებამ, პროექტის მეორე ეტაპზე, შესაძლებელი გახადა დებატების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არჩევითი საგნის სახითაც დანერგილიყო, რამაც პროექტი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა;
♦ პროექტის ფარგლებში მომზადებული, გადამზადებული და სხვადახვა აქტოვობებში ჩართული პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა 5500-ზე მეტი გახდა, რაც გულისხმობს, რომ პროექტის შესახებ დეტალურად ინფორმირებული იყო და გულშემატკვირობდა თითოეული მონაწილის წარმატებას მინუმუმ 22000 -ზე მეტი ადამიანი;
♦ პროექტის ფარგლებში შეიქმნა უნიკალური სასწავლო პროგრამა მომავალი მასწავლებლებისათვის, რომლის იმპლიმენტაციის საშუალება მიეცა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ 5 უმაღლეს სასწავლებელს;
♦ პროექტის ფარგლებში 2000-ზე მეტ პირზე ჩატარებულმა რაოდენობრივმა და თვისებრივმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა არსებული სასწავლო პროგრამის ეფექტიანობა, როგორც მოზარდებზე პიროვნული განვითარებისა და აკადემიური წინსვლის მიმართლებით, ასევე პედაგოგებში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაკამყოფილების კუთხით;
♦ პროექტის ფარგლებში, დებატების საერთაშორისო ღონისძიებებში წარმატებული მონაწილეობა მიიღო და სრული დაფინანსება მოიპოვა 28 ახალგაზრდამ;
♦ პროექტის ფარგლებში, საგანგებოდ მომზადებული ახალგაზრდების ჩართულობით, ჩატარდა 220 საჯარო დებატი, დებატების 30 რეგიონული ტურნირი, 10 ეროვნული დებატების ტურნირი და საჯარო გამოსვლების 5 კონკურსი;
♦ საჯარო დებატებში, მოდებატეების გარდა, აქტიურად ერთვებოდა ადგილობრივი თემი, თვითმმართველობები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ხდებოდა მნიშვნელოვანი საკითხების კონსტრუქციული განხილვა ადგილებზე;
♦ პროექტის აქტივობებმა მიიღო 100-ზე მეტი მედიაგაშუქება ცენტრალურ და რეგიონალურ ტელევიზიებში;
♦ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 30-ზე მეტი ვიდეორგოლი ბენეფიციარების წარმატებული ისტორიების შესახებ;
♦ პროექტს 5 წლის განმავლობაში ჰყავდა 50 როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორი და თანადამფინანსებელი;
♦ პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა განავითარეს თავიანთი მიღწევები ფორმალურ განათლებაში და გააუმჯობესეს აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები;
♦ დებატების კლუბების ხელმძღვანელებს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც გასცდა პროექტის აქტივობებს. შეიქმნა დებატების ერთიანი თემი და ჩაეყარა საფუძველი ახალ ინიციატივებსა და აქტივობებს;
♦ პროექტში ჩართული მოსწავლეების მშობლები და საგანამანათლებო დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველთვის პოზიტიურად აფასებდნენ პროექტს და პოზიტიურად ახასიათებდნენ დებატების აქტივობებს გარე აუდიტორიასთან.