სოფო ხოზრევანიძე აჭარიდანაა, სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის სპეციალობაზე. იგი ღიად საუბრობს ქართველი მუსლიმი გოგონების ყოველდღიური ცხოვრების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, იმ პრობლემებსა და დაბრკოლებებზე, რომელსაც, არსებული სტერეოტიპების გამო, ყოველდღიურად აწყდებიან. ამბობს, რომ მუსლიმ გოგონათა უმრავლესობისთვის რთულია ქართულ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. იმ სოციუმში, სადაც მათ უწევთ ცხოვრება, ხშირად დაბრკოლებებს თავსაფრის გამო უქმნიან. „რთულია იყო, ისლამის სახელით, ტრადიციებისა და ცრურწმენების მსხვერპლი, რაც რეალურად ისლამისთვის დამახასიათებელი არ არის“. სოფოს ოცნება მოგზაურობაა, სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ბევრი საინტერესო მეგობრის გაცნობა. უნდა, ყველას დაუმტკიცოს, რომ მუსლიმ ქალად ყოფნა ბედნიერებაა და არა ტყვეობა. ამბობს, რომ დროა, ამაღლდეს ცნობიერება ქართველი მუსლიმების მიმართ, საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს, რომ ისლამი არ არის ცუდი, ისეთი, როგორიც წარმოუდგენიათ.
✅ გვიამბე შენი წარმომავლობის შესახებ, რამდენად იქონია გავლენა რელიგიამ პროფესიის დამოუკიდებელ არჩევანზე?
მე სოფო ხოზრევანიძე ვარ, მაღალმთიანი აჭარიდან, დავიბადე ხულოში, ვიზრდებოდი წალკაში. ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის სპეციალობით. თავდაპირველად, სხვა პროფესიის არჩევას ვფიქრობდი, თუმცა გარკვეულ ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ინტერესის სფერო ისტორია იყო და ამჟამინდელი პროფესია დამოუკიდებლად ავირჩიე. ისტორიისადმი ინტერესი იმით იყო გამოწვეული, რომ მინდოდა სწორი და ზუსტი პასუხები მეპოვა ჩემს კითხვებზე. ისტორიის საგნის გაცნობამ ჩემს ცხოვრებაში თან მოიყოლა უამრავი კითხვა, რაც ძალიან მთრგუნავდა.
ჩემთვის მიუღებელი და ამაფორიაქებელი იყო ის, რომ ისლამი ფარ-ხანჯლით გავრცელებული რელიგიაა საქართველოში და ის, რომ ქართველთა დიდი ნაწილისთვის არის ტირანია, ტერორიზმი, თავისუფლების შეზღუდვა და ასე შემდეგ. მაღიზიანებდა იმის მოსმენა, რომ ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, თავიდანვე მქონდა ინტერესი და მინდოდა სიღრმისეულად მცოდნოდა როგორც ჩემი ქვეყნის, ასევე ჩემი რელიგიის წარსული და შემდგომში, რელიგიისა და სამშობლოს კავშირი ერთმანეთთან.
✅ რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი მუსლიმი გოგონები, რა ბარიერების გადალახვა უწევთ სამშობლოში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად?
საქართველოში, ქართველ მუსლიმ გოგონათა უმრავლესობისთვის, რთულია საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, ვინაიდან მათ იმ სტერეოტიპებთან და ნეგატიურ დამოკიდებულებებთან ბრძოლა უწევთ, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისგან მოდის. პირველი პრობლემა, რაც ჩემი მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია აღვნიშნო, ის არის, რომ ჩემში მძლავრადაა ფეხმოკიდებული შიში საზოგადოების დამოკიდებულების, ახალ გარემოში აღმოჩენის და მიუღებლობის, რაც მთელ რიგ კომპლექსებს მიქმნის, თუნდაც ახალი ადამიანების გაცნობის, საუბრის, აზრის გამოხატვის და ასე შემდეგ. მეორე პრობლემა, საზოგადოებისგან წამოსული წარმოდგენებია ისლამის შესახებ: ბევრი ფიქრობს, რომ ისლამში ქალი უუფლებო და თავისუფლება შეზღუდულია. ამ წარმოდგენას ემატება საქართველოს ისტორია და ისლამის გავრცელების საკითხი, რის გამოც, ხშირად, მუსლიმი მრევლის მიმართ მტრული დამოკიდებულებაა. ხშირად გვეუბნებიან, რომ მტრის რჯული გვაქვს და ქვეყნის მოღალატეები, თათრები ვართ. მუსლიმან გოგონებს ხშირად უჭირთ დასაქმება თავსაბურავის გამო, თუმცა ბოლო პერიოდში მსგავსი პრობლემები იშვიათად გვხვდება. ამ გამოწვევების მიუხედავად, დაუღალავად ვცდილობ, საზოგადოებას დავანახო, რომ მეც მისი ნაწილი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქმედებით შემიძლია ისლამი სხვებსაც შევაყვარო, დავარწმუნო ისინი, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორც მათ წარმოუდგენიათ.
✅ რწმენის გამო მეგობრობაზე თუ უთქვამთ უარი? რელიგიის ნიშნით თუ ყოფილხარ ონლაინ და კიბერ სივრცეში დისკრიმინაციის მსხვერპლი?
სანამ თავსაფრის ტარებას გადავწყვეტდი, ადამიანები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ მრწამსს, იმიტომ, რომ არ იცოდნენ მუსლიმანი თუ ვიყავი. როცა თავსაფარი დავიფარე, პირველი, რაც მათთვის შესამჩნევი გახდა, ჩემი გარეგნობა იყო, რადგან რელიგიური ატრიბუტი გამოიკვეთა და შესაბამისად, უფრო მეტი პროტესტიც გაჩნდა საზოგადოებაში. სახელსაც კი არ მეკითხებიან, პირდაპირ იწყებენ კითხვების დასმას ჩემს გარეგნობასა და რელიგიაზე. რა თქმა უნდა, ადამიანები, ჩემი რელიგიის ან ჩაცმულობის გამო, მეგობრობაზე უარს არ მეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონთ ჩემი არჩევანი, თუმცა დისკრიმინაციის მსხვერპლი ხშირად ვყოფილვარ. სრულიად უცხო ადამიანებს, ხშირად, მრწამსისა და ჰიჯაბის გამო, გავულანძღივარ, მაგალითად, გაჩერებაზე უცნობმა მამაკაცმა მითხრა: „რანაირი ქართველი ხარ, ვინ ხარ, რატომ ხარ ასე, შენ და შენნაირები აქცევთ ქვეყანას“.
დისკრიმინაციის მსხვერპლი ონლაინ სივრცეშიც ვყოფილვარ. მომსვლია კომენტარი თუ ესემესი, ასეთი შინაარსის: „მოღალატე ქართველებო, წადით თქვენს ქვეყანაში, თურქეთში წადით და იქ ილოცეთ, მეჩეთებიც იქ ააშენეთ, საქართველოში მუსლიმანების ადგილი არ არის“. ეს და სხვა მრავალი მსგავსი შინაარსის სიტყვები, სამწუხაროდ, ხშირად მომისმენია.
✅ როგორ ფიქრობ, რა უწყობს ხელს მუსლიმების მიმართ მცდარი წარმოდგენების შექმნასა და გავრცელებას? რა გზითაა შესაძლებელი ამ ცრურწმენების გადალახვა და როგორ წარმოგიდგენია სხვადასხვა კულტურის თანაცხოვრება?
ჩემი აზრით, ამის მიზეზია სხვა რელიგიების არცოდნა, ურთიერთობების ნაკლებობა, ისლამის დამახინჯებული სახით ჩვენება და სოციალური სივრცეებიდან მიღებული მცდარი, გაუმართავი ინფორმაცია; ასევე, ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქართველი მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს. ამგვარი დამოკიდებულების შესაცვლელად სხვადასხვა კულტურის გაცნობა და თანაცხოვრება, შეიძლება ითქვას, აუცილებელი პირობაა. ამასთანავე, საჭიროდ მივიჩნევ ინტერრელიგიური დიალოგის პერსპექტივებს, აუცილებელია გვქონდეს ცოდნა სხვადასხვა რელიგიის შესახებ, რათა უკეთ გავეცნოთ და გავუგოთ ერთმანეთს.
✅ რა არის მუსლიმი გოგონებისთვის ყველაზე რთული დასაძლევი და რას ურჩევ მათ?
მუსლიმი გოგონებისთვის ყველაზე რთული დასაძლევი, ალბათ, ახალ საზოგადოებაში მოხვედრის შიში და სტერეოტიპებია, ფიქრები: „ნეტავ თუ მიმიღებენ, ხომ არ დამცინებენ ან ისევ ხომ არ გამლანძღავენ იმის გამო, რომ ქართველი მუსლიმანი ვარ“. საზოგადოების აზრი ადამიანის ცხოვრებაში ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგჯერ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომელიც გვთრგუნავს. თუმცა, არიან პოზიტიურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც დიდ ძალასა და სტიმულს გვმატებენ. გოგონებს, რომლებსაც ბევრი სტერეოტიპი დაუგროვდათ, მინდა, ვუთხრა:
ნუ დაუთმობთ დროს იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენენ. არასდროს დაიღალოთ კითხვებზე პასუხების გაცემით, რადგან პასუხმა შეიძლება გააბათილოს მათი არასწორი წარმოდგენა ისლამზე.
✅ როგორია თქვენი თემის ტრადიციები და ადათები?
როგორც სხვა თემებში, ჩვენს თემშიც ბევრი ტრადიცია და ცრურწმენა არსებობს. სათემო ტრადიციების მიხედვით, ქალი მხოლოდ მამაკაცზე დამოკიდებული უნდა იყოს, არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს განათლება, იმუშაოს და იცხოვროს — ამ წარმოდგენების ისლამზე მიკუთვნებას ცდილობენ.
✅ ქართველი მუსლიმი გოგონა ზეინაბ შანთაძე ამბობს: „როდესაც ხარ გოგო, რთულია და როცა ხარ მუსლიმი გოგო, ესეც რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც ხარ ქართველი მუსლიმი გოგო“. რამდენად ეთანხმები მას და კერძოდ, რაში გამოიხატება ეს სირთულე?
ვფიქრობ, საქართველოში გოგოდ ყოფნა მართლაც რთულია, რადგან აქ თვლიან, რომ მამაკაცს, ქალთან შედარებით, უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობა შეუძლია. გოგონები ხშირად ხდებიან სხვადასხვა ტრადიციების მსხვერპლნი. მაგალითად,
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ჩაცმულობა და გარეგნობა. ბულინგის მსხვერპლი ხდებიან გოგონები, რომლებიც სხვადასხვა სტილის ტანისამოსს იცვამენ, ფერად თმებს, პირსინგს ან საყურეს ატარებენ, თავსაბურავით დადიან და ასე შემდეგ.
იმ სოციუმში, სადაც მუსლიმ გოგონებს გვიწევს ცხოვრება, ვაწყდებით ბარიერს, რომელსაც თავსაფრის გამო გვიქმნიან. ჩემი ბევრი მეგობრისგან მსმენია, რომ სამსახურში აყვანაზე მუსლიმი გოგონებისთვის თავსაფრის გამო უთქვამთ უარი და მიზეზად, გარეგნულად არაქართველის იერიც კი დაუსახელებიათ. მუსლიმ გოგონად ყოფნა რთული არ არის, რთულია იყო ისლამის სახელით ტრადიციებისა და ცრურწმენების მსხვერპლი, რაც რეალურად ისლამისთვის დამახასიათებელი არ არის.
✅ რა სჭირდება თქვენს თემს განვითარებისთვის, უკეთსობისკენ შეცვლისთვის?
თემს განვითარებისთვის და წინსვლისთვის უკეთესი რელიგიური განათლება სჭირდება, რადგან ის ცრურწმენები, რომელიც ისლამს არ ახასიათებს, არ უნდა გადაეცეს მომავალ თაობებს. ცრურწმენები იწვევს რელიგიის დამახინჯებას.
რელიგიის საფუძვლიანად არცოდნის გამო ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და ცრურწმენების შედეგად იქმნება საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება ისლამის მიმართ.
✅ შენი მიზნები და ოცნებები
მინდა, მუდმივად ვიყო ახალი გამოწვევებისა და შემეცნების პროცესში, რადგან ეს პიროვნულ ზრდაში მეხმარება. მინდა, ვიმოგზაურო და გავეცნო სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, გავიჩინო ბევრი საინტერესო მეგობარი და დავამტკიცო, რომ მუსლიმ ქალად ყოფნა ბედნიერებაა და არა ტყვეობა.