საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების მოსაზრებები, დამოკიდებულებები, აღქმები და მოლოდინები ფრიდრიხ ებერტის ფონდმა (FES) იკვლია. ნაშრომი, რომელიც ფონდმა გამოაქვეყნა, ასახავს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობას, დემოკრატიულ ჩართულობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას, დამოკიდებულებას საგარეო პოლიტიკის მიმართ, იდენტობის, ღირებულებებისა და უახლესი ისტორიის აღქმის საკითხებს, დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ, სამომავლო გეგმებსა და მისწრაფებებს. კვლევის მიზანი იყო საქართველოში (14-29 წლის) ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების ყოვლისმომცველი სურათის წარმოდგენა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ, 2016 წელს ჩატარებული კვლევის – „თაობა გარდამავალ პერიოდში“ შედეგებზე დაყრდნობით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მომავალი ათწლეულის პოლიტიკის პრიორიტეტად ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება დაასახელა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, განათლებისა და დასაქმების სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის ამჟამინდელი დონე საგანგაშოდ დაბალია. მთლიანობაში, 14-29 წლის ახალგაზრდების 57%, ანუ უმრავლესობა არ იღებს განათლებას, მხოლოდ გამოკითხულთა 43% სწავლობს ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. განსხვავებები შეინიშნება ასაკისა და სქესის მიხედვით – სკოლებში, ახალგაზრდა მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი სწავლობს. გარდა ამისა, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად იღებენ განათლებას, ვიდრე სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტესტების რეიტინგი ირიბად მიანიშნებს საქართველოს სასკოლო განათლების ხარისხის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაზე და საქართველოს არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ არის გლობალურ 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში, გასაკვირია, რომ საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა, როგორც ჩანს, ქვეყანაში მიღებული განათლების ხარისხით კმაყოფილია. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ კმაყოფილია იმ განათლებით, რომელსაც ახლა იღებს ან მიიღო სკოლაში. რესპონდენტების მხოლოდ მეოთხედი იყო უკმაყოფილო მიღებული განათლების ხარისხით.“
აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 72%, თითქმის სამი მეოთხედი, კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია საქართველოში მიღებული განათლების ხარისხით. სწავლის პროცესში მყოფ გამოკითხულთა ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება მათ შრომის ბაზრისთვის სათანადოდ ამზადებს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად დასაქმებული არაა. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ახალგაზრდების უმეტესობა (58%) არ არის დასაქმებული, თითქმის ყოველი მეხუთე (21%) კი, აქტიურად ეძებს სამსახურს; დანარჩენი ნაწილი სწავლობს ან რაიმე სხვა მიზეზითაა უმუშევარი. როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები და შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები. კვლევის შედეგები სხვადასხვა ადმინისტრაციულ მონაცემსაც ამყარებს – უმუშევარია უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი, ვიდრე მამაკაცი. ქორწინება ასევე განსაზღვრავს დასაქმების აუცილებლობას, ოჯახების შენახვის მიზეზიდან გამომდინარე.
უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა მაინც მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება კარგად ამზადებს მას შრომის ბაზრისთვის. მიღებული შედეგი ასევე წინააღმდეგობაში მოდის კვლევებთან, რომლებიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ძალიან დიდი სხვაობაა, ერთი მხრივ, სამუშაო ძალის ცოდნასა და უნარებს, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლის მოთხოვნებს შორის. თუმცა, როცა ახალგაზრდები რეალურად აღმოჩნდებიან დამსაქმებლის მოთხოვნების წინაშე, მათი აზრი იცვლება: ისინი, ვინც ამჟამად იღებს განათლებას და დასაქმებულებია, ნაკლებად კმაყოფილია იმით, თუ როგორ ამზადებს განათლების სისტემა შრომის ბაზრისთვის, ვიდრე უმუშევარი ახალგაზრდები. დასაქმებისა და განათლების სტატუსთან ერთად, კვლევამ ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობაც შეისწავლა. მთლიანობაში, ახალგაზრდების მხოლოდ მეოთხედს (24%) აქვს, ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, მოხალისეობის გამოცდილება. ძირითადად, ესენი დასაქმებული და დაუოჯახებელი ახალგაზრდები არიან.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, მეტწილად, გარშემომყოფებისა და, ზოგადად, ქვეყნის მატერიალური მდგომარეობის მსგავსია. გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ მათ ოჯახს საკმარისი ფული აქვს საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად. რაც შეეხება შემოსავლის წყაროებს, ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე, მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე არიან დამოკიდებულნი, ხოლო 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ – ხელფასი, სესხი, ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი. ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს (24 წლამდე), ვინც თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს.
როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ დემოკრატიას ახალგაზრდა ადამიანები სახელმწიფოს მართვის საუკეთესო სისტემად მიიჩნევენ და გამოკითხულთა 44% საქართველოში დემოკრატიის ამჟამინდელ დონეს დადებითად აფასებს. თბილისთან შედარებით (33%), სადაც ნაკლებად დადებითად აფასებენ, საქართველოში დემოკრატიის დონის დადებითი შეფასებები უფრო მეტად იკვეთება სხვა ქალაქებსა (47%) და სოფლებში (50%). ახალგაზრდები დემოკრატიას უფრო მეტად უკავშირებენ პიროვნულ და სიტყვის თავისუფლებას და ხალხის მმართველობას. თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებად ითვლება. გარდა ამისა, დემოკრატიას აიგივებენ პოლიტიკაში ჩართულობასა და აქტიურ მოქალაქეობასთან, ასევე, ხალხის მმართველობასთან და სხვისი აზრის პატივისცემასთან. დემოკრატიის მაგალითებად ახალგაზრდები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს ასახელებენ.
კვლევის შედეგად ვიგებთ, რომ საქართველოში ახალგაზრდების უმეტესობა პოლიტიკით არ ინტერესდება. მათგან, დაახლოებით, 38% აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად დაინტერესებულია პოლიტიკით. რესპონდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ, უფრო არიან დაინტერესებული პოლიტიკით, ვიდრე საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ახალგაზრდები. თუმცა, პოლიტიკის მიმართ დაფიქსირებული აპათიის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ინფორმირებულია პოლიტიკური მოვლენების შესახებ; გამოკითხულთა ერთი მესამედი (34%) პოლიტიკურ მოვლენებს ყოველდღიურად ეცნობა; ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (22%), კვირაში ერთხელ მაინც, ეცნობა პოლიტიკურ მოვლენებს. ეთნიკური ქართველები, თბილისს გარეთ მცხოვრები, დასაქმებული და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები პოლიტიკურ ახალ ამბებს უფრო ხშირად ეცნობიან. გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ინტერესები მწირად ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ეროვნულ პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა (80%) ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში სავარაუდოდ არ (62%) ან საერთოდ არ (18%) ჩაერთვებოდა. დაბალია ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელიც, მინიმუმ, 75% ამბობს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკურ აქტივობაში. კვლევის მონაწილეები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას, მზარდ ფასებსა და განათლების საკითხებს ასახელებენ. ამას ნაწილობრივ ადასტურებს ფოკუს-ჯგუფის შედეგებიც, ეკონომიკურ პრობლემებსა და განათლების დაბალ დონესთან ერთად, ახალგაზრდები ყველაზე მნიშვნელოვნად კოვიდ 19-ის პანდემიას, ჯანდაცვის სისტემისა და მიგრაციის პრობლემებს ასახელებენ.
ახალგაზრდების 45% ევროპას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან აიგივებს, 38% კი – კულტურულ და სამეცნიერო მიღწევებთან. ევროპა გამოკითხულთა, დაახლოებით, ერთი მესამედისთვის (35%) ეკონომიკური კეთილდღეობისა და სიმდიდრის სივრცეა, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აკავშირებს მას ისეთ უარყოფით სენტიმენტებთან, როგორიცაა არაკეთილგანწყობა (3%), დემორალიზაცია და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა (5%) ან საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება (3%). ყოველი მეხუთე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს უახლოესი მეგობარი ქვეყანა არ ჰყავს. ახალგაზრდები, რომლებიც ასეთ ქვეყანას იხსენებდნენ, ყველაზე ხშირად ასახელებდნენ უკრაინას (28%), ამერიკის შეერთებულ შტატებს (18%) და თურქეთს (11%), ხოლო რუსეთი აღიქმება ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის (84%), ეროვნული უსაფრთხოებისთვის (78%), ეკონომიკური სისტემისთვის (74%) და ეროვნული ღირებულებებისთვის (72%). აღსანიშნავია, რომ ამგვარად, უფრო ხშირად, ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდები ფიქრობენ, ხოლო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ სისტემას (40%), სახელმწიფოებრიობას (41%), ეროვნულ უსაფრთხოებას (34%) და ღირებულებებს (36%). ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დადებით როლს თამაშობს ევროკავშირი (79%), საერთაშორისო ორგანიზაციები (75%), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (73%) და ნატო (73%). ფოკუსჯგუფის მონაწილეებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ფინანსურ და სხვა უპირატესობებთან ასოცირდება.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალგაზრდების მხოლოდ 63% პროცენტი მიიჩნევს საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის დადებით მოვლენად. ამ აზრს უფრო მეტად ეთანხმებიან თბილისში მცხოვრები და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები, ვიდრე სხვა ქალაქებში მცხოვრები, ან საშუალო განათლების მქონე მათი თანატოლები. ეთნიკური ქართველებისგან განსხვავებით (64%), ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები (44%) საბჭოთა კავშირის დაშლას ნაკლებად აფასებენ დადებითად.
ახალგაზრდების, დაახლოებით, ერთი მესამედი საზღვარგარეთ, ერთიდან ხუთ წლამდე, წასვლის სურვილს გამოთქვამს. ისინი საზღვარგარეთ ცხოვრების სურვილს ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან: უფრო მაღალი ხელფასი (57%) და უკეთესი განათლება (45%). როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის დროს, რესპონდენტებმა ემიგრაცია ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდები ქვეყანას, ძირითადად, არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებენ. სხვა მიზეზებს შორის დასახელდა განათლების დაბალი დონე და პიროვნული განვითარების ან რაიმეს მიღწევის შესაძლებლობების სიმწირე. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ საქართველოდან წასვლა უკეთესი განათლების მიღებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის სურთ.
დაახლოებით 40% აცხადებს, რომ საზღვარგარეთ უმოგზაურია. იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იმყოფებოდა, 62% ამბობს, რომ საზღვარგარეთ მუშაობდა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ემიგრაციისთვის ყველაზე სასურველი მიმართულებებია ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები. თუ შევაჯამებთ, ახალგაზრდების 52%-ისთვის ევროპა ემიგრაციის ყველაზე სასურველი მიმართულებაა. ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მცირედით უფრო მეტად სურთ ისეთ მეზობელ ქვეყნებში გადასვლა, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი ან რუსეთი.
რომელი ინსტიტუტებია ახალგაზრდებისთვის ყველაზე სანდო? გამოკითხულთა აზრი პროცენტულად ასე ნაწილდება: პირველ ადგილს იკავებს ჯარი – 74%, ეკლესია/რელიგიური ინსტიტუტები – 67%, ამას მოსდევს პოლიცია 48%-ით და სასამართლო 39%-ით; ყველაზე ნაკლებად სანდო ინსტიტუტებია: პოლიტიკური პარტიები (79% უნდობლობა), მედია (74% უნდობლობა), პრეზიდენტი (71% უნდობლობა), პროფკავშირები (67% უნდობლობა) და ეროვნული მთავრობა (66% უნდობლობა). სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდების მხოლოდ 30% ენდობა, დაახლოებით 60% უნდობლობას უცხადებს (ზოგადად, თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად ენდობიან ინსტიტუციებს), ახალგაზრდა ქალები ოდნავ უფრო მეტად ენდობიან ინსტიტუციებს, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცები.
კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად ადამიანების სამ კატეგორიას უარყოფენ. ეს კატეგორიებია: ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები (61%), ქვიარ ადამიანები (46%) და ადამიანები რუსეთიდან (44%), რომელთაც, მათი ნება რომ იყოს, საქართველოში შესვლას აუკრძალავდნენ; მეორე მხრივ, ყველაზე ტოლერანტულები არიან ადამიანთა ისეთი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა: მრავალშვილიანი დედები, ძალიან რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და ლტოლვილები.
ახალგაზრდები, უმეტესად, დადებითად აფასებენ ევროპას – თითქმის ორი მესამედი (62%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. ამ მოსაზრებას შედარებით ნაკლებად ეთანხმებიან 25 წლის და უფრო უფროსი, ასევე, საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები. ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის მონაწილეები, რომლებიც არ გრძნობენ თავს ევროპის ნაწილად, აცხადებდნენ, რომ ქართული კულტურა სრულიად განსხვავდება ევროპული კულტურისგან. ზოგიერთი ახალგაზრდისთვის საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროპის ნაწილი, რადგან მას ჯერ კიდევ აკლია თვითშეგნება და მრავალ სფეროში განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობა ჩვენს ქვეყანას ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს, უფრო ფასეული და პრიორიტეტული მაინც ეროვნული ღირებულებებია. ერთი მხრივ, უმცირესობა (41%) ემხრობა მოსაზრებას, რომ სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის შერწყმა საქართველოსთვის უმჯობესია, უმრავლესობა (66%) კი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ იმიგრანტები უნდა მოერგონ საქართველოს კულტურულ ტრადიციებს. ამ უკანასკნელ მოსაზრებას უფრო სოფლისა (70%) და ქალაქის ტიპის დასახლებებში (67%) ემხრობიან, ვიდრე დედაქალაქში (58%).
53% ეთანხმება და 47% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ქვეყნისთვის უმჯობესია, თუ თითქმის ყველა ერთნაირ წეს-ჩვეულებებს მისდევს, ხოლო 51% ეთანხმება და 49% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ საქართველოს ბევრ სხვა ქვეყანასთან საერთო კულტურული მახასიათებლები აქვს და მათი გავლენის მიმართ ღიაა.
საინტერესოა ახალგაზრდების დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი უმრავლესობა არასოდეს ამართლებს ფიზიკურ (76%) ან სიტყვიერ (69%) აგრესიას ან ძალადობას ქვიარ ადამიანების მიმართ – მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითია. უფრო მეტიც, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სექსუალურ უმცირესობებს, თავიანთი ორიენტაციის გამო, მკურნალობა სჭირდებათ. ახალგაზრდა ქალები და თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად ტოლერანტულები არიან: ქვიარ ადამიანების მიმართ ფიზიკურ აგრესიას არასოდეს ამართლებს ქალების 82%, მამაკაცების 71%-თან შედარებით.
ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად მიაჩნიათ კლიმატის ცვლილება – კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია (48%), ზოგს კი სჯერა კლიმატის ცვლილებაში ადამიანის წვლილის (49%).
კვლევაში მოყვანილი პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, დამოუკიდებელი საქართველოს თაობის უმრავლესობა მომავალს დადებითად უყურებს. თუმცა, ამავე დროს ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ამის მიუხედავად, 59% მაინც ფიქრობს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, გაუმჯობესდება.