მაკა ბუდაღაშვილი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი მასწავლებლებს არაერთი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. რა თქმა უნდა, სწავლების სხვადასხვა საფეხურზე გამოწვევები განსხვავებულია, თუმცა წლების დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მოსწავლის შემდგომი აკადემიური უნარების განვითარება და, ზოგადად, სწავლისა და წიგნიერებისადმი დამოკიდებულება მკვეთრად განსაზღვრულია დაწყებით საფეხურზე გამომუშავებული ისეთი უნარ-ჩვევით, როგორიცაა გაწაფული კითხვა. სწორედ, კითხვის უნარები ეხმარება მოსწავლეს მომდევნო საფეხურზე სხვადასხვა დისციპლინის აღქმა-გაგება-გააზრებაში. ამდენად, გამართული კითხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომელზედაც უნდა დაშენდეს არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის მიღწევები, არამედ სხვა საგნების შედეგებიც.
„კითხვა გამართულია, როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადეკვატური ტემპით, გაბმულად (უადგილო წყვეტების გარეშე) და გამომსახველობით (ინტონაციითა და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით). გამართული კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის სწრაფად, ძალისხმევის გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას და ერთმანეთზე თანამიმდევრულად გადაბმას. გაუმართავი კითხვისთვის დამახასიათებელია ე.წ. „რობოტული კითხვა“, არაბუნებრივი წყვეტები, ხშირი გამეორება და თვითშესწორება, წერტილებისა და სხვა სასვენი ნიშნების იგნორირება კითხვისას,“ – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
სწორედ, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ რა ხერხებითა და მეთოდებით ვცდილობ დაწყებით საფეხურზე კითხვის უნარების პრობლემის იდენტიფიცირებას და შემდგომ – მის მოგვარებას.
გაწაფული კითხვის უნარის განვითარებისთვის ხშირად მივმართავ დიაგნოსტირებისა და პროგრესის ამსახველ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა „დაკვირვების სააღრიცხვო ცხრილი“, რომელსაც ვიყენებ შემდეგნაირად:
მაქვს წინასწარ გამზადებული დაკვირვების სააღრიცხვო ცხრილი, რომელშიც განსაზღვრულია მიზანი და მიზნის შესაბამისი შეფასების კომპონენტები, რომლითაც (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით) ვაკვირდები ყოველ მეოთხე მოსწავლეს, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
♦ ახალ ტექსტს კითხულობს თუ არა სწორად და გარკვევით;
♦ ითვალისწინებს თუ არა სასვენ ნიშნებსა და შესაბამის ინტონაციას;
♦ კითხულობს თუ არა ტემპში;
♦ კითხულობს თუ არა ხმამაღლა.
დაკვირვების სააღრიცხვო ცხრილი
მასწავლებელი – მ.ბ.
თარიღი – 12.10.2022
აქტივობა, რომელზეც ჩატარდა დაკვირვება: გაწაფული კითხვა ამგვარი დაკვირვების შედეგად დავადგინე , რომ შერჩეული 4 მოსწავლიდან, თითო კრიტერიუმში, ყველას ჰქონდა ხარვეზი, კერძოდ, ვინც კითხულობდა სწორად, ინტონაციის დაცვითა და ტემპში, უჭირდა ხმამაღლა კითხვა. ვინც კითხულობდა ხმამაღლა, სწორად და იცავდა სასვენ ნიშნებს, ჰქონდა ზედმეტად შენელებული ტემპი, ვინც კითხულობდა ტემპში, სასვენი ნიშნების დაცვით, ის ხშირად სიტყვებს არასწორად, შეცდომით კითხულობდა. ხოლო ვინც კითხულობდა სწორად, ტემპში და ხმამაღლა, არ ითვალისწინებდა სასვენ ნიშნებს. პრობლემის გამოკვეთისა და დადგენის შემდეგ, მივხვდი, რომ ოთხივე კომპონენტის მიხედვით უნდა გამეძლიერებინა კლასში მუშაობა, ამიტომ შევარჩიე შემდეგი ინტერვენციები:
⇔ მოსწავლესთან, რომელსაც მხოლოდ ხმამაღალ კითხვაში ჰქონდა ხარვეზი, მივმართე აქტივობას „აუდიოჩანაწერები“. დავავალე, სახლში (მშობლის დახმარებით) ჩაეწერა თავისი წაკითხული, მოესმინა და ეს გაემეორებინა რამდენჯერმე საკუთარი შეფასების თანხლებით. ამის შემდეგ კი ვითამაშეთ „მასწავლებლობანა“. კლასში შევიტანე მოსწავლეთათვის უცხო ტექსტი. ხმადაბლა მკითხველ მოსწავლეს ვუთხარი, რომ დღეს ის იქნებოდა მასწავლებელი და ახალ ტექსტს ისე წაუკითხავდა მოსწავლეებს, რომ ყველას კარგად გაეგო წაკითხული, განსაკუთრებით ბოლო რიგებში მსხდომთ და შემდეგ შინაარსიც გადმოეცათ. ამ აქტივობებით აღმოჩნდა, რომ მოსწავლეს შეეძლო მაღალ ტონალობაში კითხვა და მას, უბრალოდ, ჩვევა არ ჰქონდა ამის. აღნიშნული აქტივობების ხშირი გამოყენებით მას განუვითარდა როგორც ხმამაღლა წაკითხვის სხვადასხვა ასპექტზე ყურადღების გამახვილების, ისე საკუთარი წაკითხულის შეფასების უნარი.
⇔ იმ მოსწავლეს, რომელიც სასვენ ნიშნებსა და ინტონაციას არ იცავდა, ხშირად ვაყენებდი როლურ თამაშში, რაც „აიძულებდა“ მეტი ყურადღება მიექცია სასვენი ნიშნებისთვის.
⇔ ხოლო იმ მოსწავლესთან, რომელსაც ტემპი უნდა აეჩქარებინა, გამოვიყენე აქტივობა – „სუპერსიჩქარე“ – წყვილებში მუშაობით, მოსწავლეებს დავუნიშნე დრო (1 წუთი) და მივეცი წინასწარ ჩამოწერილი სიტყვების ნუსხა. ისინი ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ სიტყვას წაიკითხავდა ერთ წუთში. ამ აქტივობას კვირაში რამდენჯერმე ვიყენებდი და ბავშვები ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ წინა ჯერზე მიღწეული შედეგები. ამ მეთოდით მათ განუვითარდათ სიტყვების მყისიერად ცნობის უნარი, დაამახსოვრდათ ხშირი/ცნობადი სიტყვების გრაფიკული ხატი.
⇔ მოსწავლეს, რომელიც სიტყვებს არასწორად კითხულობდა, ხშირად ვაყენებდი „კითხვის მატარებელში“. ამ აქტივობის მიხედვით, მოსწავლეები მატარებლის მსგავსად დგებიან ერთ რიგად, თითოეულს უჭირავს ერთი და იგივე ტექსტი. მასწავლებლის მითითებით (სასტვენით), პირველი მოსწავლე იწყებს ტექსტის ხმამაღლა კითხვას, დანარჩენები ყურადღებით უსმენენ და თვალს ადევნებენ ტექსტს. მასწავლებლის შემდეგ სიგნალზე მკითხველი წყვეტს კითხვას, გადადის რიგის ბოლოს და კითხვას მეორე მოსწავლე განაგრძობს. თუ მოსწავლე ვერ შეძლებს ტექსტის სათანადო ადგილიდან გაგრძელებას ან შეცდომით ამოიკითხავს სიტყვას, ეთიშება თამაშს. ასე გრძელდება მანამ, სანამ მატარებელში მხოლოდ უშეცდომოდ მკითხველი მოსწავლეები არ დარჩებიან. ამ მეთოდის ხშირი გამოყენებით, მოსწავლეებს გამოუმუშავდათ მოსმენის, ყურადღების კონცენტრირებისა და უშეცდომოდ კითხვის უნარები.
აღნიშნულ აქტივობებს თითქმის სისტემატურად ვიყენებდი 2 თვის განმავლობაში და განმეორებით დაკვირვებისას, როდესაც გადავამოწმე იმავე კრიტერიუმებით სააღრიცხვო ცხრილი, მოსწავლეთა შედეგი აშკარა იყო. მათ კითხვისას აღნიშნული ხარვეზები აღარ ჰქონდათ.
განმეორებითი დაკვირვების სააღრიცხვო ცხრილი
მასწავლებელი – მ.ბ.
თარიღი – 20.12.2022
აქტივობა, რომელზეც ჩატარდა დაკვირვება: გაწაფული კითხვა ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დავრწმუნდი, რომ დაკვირვების ფურცელი, გაწაფული კითხვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლეთა დიაგნოსტირებისა და მათი პროგრესის გასაზომად. ეს კი არის გზა, მასწავლებელმა სწორად დაგეგმოს განმავითარებელი აქტივობები, ნახოს შედეგი როგორც საკუთარი პრაქტიკის, ისე მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესების.
გამოყენებული ლიტერატურა:
◊ სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, თბ. 2015;
◊ თ. ისაკაძე, ნ. ლომიძე, გზამკვლევი მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, თბ. 2020;
◊ მ.ხუნძაყიშვილი, ს. ბივერი, განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება, თბ. 2018;
◊ საგნობრივი გზამკვლევი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მესამე თაობის ესგ-ის მიხედვით, თბ. 2022.