8 სექტემბერი, კვირა, 2024

დავით ქართველიშვილის „უფლისწული“ – დიდი ისტორია მცირე პროზაში

spot_img

 

ქეთევან გარაყანიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურის მასწავლებელი

 

ლიტერატურული ტექსტი რეალობის ერთგვარი ანარეკლია.

ანარეკლები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როცა პროზაში წარსული და აწმყო იკვეთება. დავით ქართველიშვილის ნოველაში მოვლენათა პარალელური განვითარების სურათი მკითხველს უჩვეულო განწყობას უქმნის – ერთი ამბავი, რომელიც ორ დროში ვითარდება.

მთხრობელი გმირი უსახელო უფლისწულია, რომელიც თავისი შინაგანი ვნებებით ძალიან ჰგავს ალექსანდრე მაკედონელს (ალუზიები ალექსანდრეს ეპოქის შესახებ მასწავლებლის, არისტოტელეს, მსგავს სახელდებაშიც ჩანს – ნოველაში აღმზრდელს არისტოტე ჰქვია).

⇑⇓ სიუჟეტისთვის ისტორიაში დაბრუნება მწერლის საიტერესო ჩანაფიქრია.

იმისთვის, რომ აწმყოზე ილაპარაკო, წარსულის შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაა, რომ კითხულობ ნოველას და, მიუხედავად დისტოპიური პროზის ნიშნების არსებობისა, მაინც სხვა განწყობა გეუფლება. აქ აღწერილია წარსული, რომელშიც ძალადობა, თავისუფლების ხელყოფა, პიროვნების დამცირება და კიდევ მრავალი დაუშვებელი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ასეთია ეპოქა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს პარალელურ აწმყოშიც ასეა, რადგან ჩანს, რომ წარსულის გააზრებაზე საუბრით არაფერი იცვლება და ყოველთვის, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო.

⇑⇓ რა არ იცვლება?

ის ფაქტი, რომ კაცობრიობამ ვრცელი გზა გამოიარა და ბევრი რამ ისწავლა, დიდი გულუბრყვილობაა. ამაზე მსოფლიო ლიტერატურული გამოცდილება მეტყველებს.

ნოველის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია, თუ როგორ გასცქერის უფლისწული „ახალ მიწებს“ და როგორ გეგმავს ამ მიწებზე მდებარე სახლებში არსებული შიდა კედლების დანგრევას, რაც დაკვირვებულ მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს თანამედროვე გლობალური იდეოლოგიის ძირითად მიზანზე – ყველაფერი, რაც გაერთიანებას ხელს უშლის, უნდა დაინგრეს.

⇑⇓ რას მოიტანს გაერთიანება?

დასანგრევად განწირულ კედლებში სიღარიბის სუნი ტრიალებს და, როგორც უფლისწული ამბობს, ამ სუნისადმი სიძულვილი მამამ ასწავლა.

სუნი მკითხველისთვის მეტაფორაა, იდენტობის მეტაფორა, რომელიც კედლების მორღვევასთან ერთად გაქრება. ამის დაჯერება უფლისწულისთვის მარტივია, რადგან მას უკვე აქვს სიღარიბის სუნისგან თავისუფალი სივრცე – სასახლე და ბაღი ოქროს ვაშლებით, მაგრამ როგორი იქნება ინდივიდუალური სივრცის მქონეთა ცხოვრება კედლების მოშლის შემდეგ საერთო სივრცეში, ამაზე უფლისწული არაფერს ამბობს, ალბათ, არც ფიქრობს, რადგან რაც მას მოსწონს, მეფეთა განზრახვის მიხედვით, ყველასთვის კარგია.

მთავარ კითხვაზე პასუხი არ ასებობს, რადგან იდეაფიქსით შეპყრობილმა მბრძანებელმა არასოდეს იცის, რას უქადის ხვალინდელი დღე.

⇑⇓ მასწავლებელი

არისტოტე, აღწერის მიხედვით, ღმერთივით უსხეულო კაცია, დანის ერთი დარტყმით რომ შეიძლება გაანადგურო, ყოველ შემთხვევაში უფლისწული ასე ახასიათებს.

პირველ დღეს, როცა მასწავლებლის წინაშე წარადგინეს, მეფის ძემ გადაწყვიტა, არისტოტე, ეს ქედმაღლური განწყობის მდაბიო, ოდესმე აუცილებლად ჩამოახრჩოს.

მსოფლიო ლიტერატურა იცნობს შეგირდებს, რომლებსაც მასწავლებლის მოკვლა ცხოვრების ვნებად გადაექცათ, მაგალითად, ჰერმან ჰესეს გმირი ჰან ფოოკო, რომელიც ფიქრობს, რომ ამ კაცმა (მასწავლებელმა) დრო და ცხოვრება მოპარა, უნდა, თავიდან მოიშოროს და გათავისუფლდეს, მაგრამ ჰან ფოოკი, უბრალოდ, მდიდარი მემკვიდრეა და არა სამყაროს მბრძანებელი, ამიტომ სურვილი სისრულეში ვერ მოჰყავს. რაც შეეხება უფლისწულს, მას მზემ (რომლის ძალასაც, მამის სწავლების მიხედვით, ვერ შეეწინააღმდეგება) წაართვა ეს ფიქრი, არისტოტე იმ კანონმა იმსხვერპლა, რომელსაც ადამიანი წინ ვერ აღუდგება.

მასწავლებელი იმ ცოდნის მეტაფორაა, რომელსაც ადამიანი „მინდასა“ და „შეუძლებელიას“ შორის ზღვართან მიჰყავს. მას, ვინც „მინდას“ გემო უკვე გაუსინჯა, ცოდნა „შეუძლებელიას“ შესახებ თავს აკარგინებს, ყველაფრის მიმართ მტრულად განაწყობს. სწორედ ესაა უფლისწულის მღელვარების მაპროვოცირებელი; ის ინტუიციით გრძნობს, ვისთან ექნება ცხოვრების მთავარი ომი.

⇑⇓ თვითგანადგურება (მამა კლავს შვილს)

მოთხრობის მეთორმეტე თავში დრო იცვლება. მოქმედება აწმყოში გადადის. სივრცე სამეცნიერო ლაბორატორიაა.

მეფესა და პროფესორს შორის საინტერესო დიალოგი იმართება. უცნაურ სტუმარს საკუთარი შვილის მეცნიერულად დაგეგმილი, კარგად აწონილდაწონილი სიკვდილი სურს, მაგრამ მოტივი ხელისუფლების დაკარგვის შიში კი არა, შვილის მიერ შეცდომების დაშვებისაგან დაცვის სურვილია.

ვფიქრობთ, მოთხრობაში აქცენტირებული თემა კულტუროლოგიურ კონფლიქტს ასახავს, კონფლიქტს თაობათა შორის.

კაცობრიობის არსებობა განახლების პრინციპს ემყარება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს; წარსული ვერ შეცვლის მომავლის ხედვასა და სტრატეგიებს, თუმცა მოთხრობაში თავიდანვე ითქვა, რომ ერთადერთი კანონი, რომელსაც ადამიანი ვერ შეეწინააღმდეგება, ბუნების კანონზომიერებაა, სხვა ყველაფერი ცვალებადია.

თვითგანადგურების პროცესი, რომელიც მოთხრობაში მშობლის მიერ შვილის „გაქრობის“ მცდელობით არის გამოხატული, რეალური საფრთხეა, რომელსაც შეუიარაღებელი თვალი ვერასოდეს ამჩნევს, თუმცა ლიტერატურა, რომელიც ფიქრს აღძრავს, საფრხის შემჩნევისა და პრობლემის აღიარების აუცილებლობის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

⇑⇓ სიკვდილი მამის ხელებში

ცოცხალი უფლისწული, უკანასკნელად, მკითხველმა უზარმაზარ ფილოსოფიურ ტყეში ნახა, ჯადოქარს რომ ესაუბრებოდა. ჯადოქარი ოდესღაც ადამიანი იყო, თუმცა მისი ნების თავისუფლება ურჩობას შეეწირა (მეფემ ამ ტყეში გადასახლებით დასაჯა).

ტყე, რომელიც რეალური არ არის, საკვებსა და სიცოცხლეს სთავაზობს ჯადოქარს, რომელიც არც მთლად გრძნეულია და არც მთლად კაცი.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯადოსნური ტყე პერსპექტივაა, რომელშიც სიკვდილმისჯილი იდეურად აგრძელებს არსებობას, რადგან ის, ვინც ეწინააღმდეგება მბრძანებელთა არასწორ მოქმედებებს, აუცილებლად კვდება, მაგრამ ასევე აუცილებელია, იდეა გადარჩეს. ამგვარ სიმბოლოებს უძველეს ლიტერატურულ ტექსტებშიც ვხვდებით, მაგალითად, „ავესტა“, სადაც გმირის დაბადების საიდუმლოს ტბა „კონსაოსა“ ფარავს, ლეგენდის მიხედვით: თუ ოდესმე იქ ქალწული იბანავებს, სამყაროს მხსნელი მოევლინება. ამავე იდეის ერთგვარ გამოძახილს ვხვდებით ქართულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში „ნინოს ცხოვრება“ – ქალწულის ფარავნის ტბასთან მოსვლა. შეიძლება, ითქვას, რომ ლიტერატურა იდეების ერთგვარი ლაბორატორიაა, რომელიც გამქრალი (რეალური) გმირების იდეებს აგროვებს და ინახავს.

⇑⇓ რეზიუმე

ჰემინგუეი ამბობდა, რომ მცირე ტექსტებსაც შეუძლიათ ადამიანთა ვნებათაღელვის გამოწვევა და თავად, როგორც მწერალი, ნამდვილად იყო ამგვარი ლიტერატურის დიდოსტატი.

დავით ქართველიშვილს ქართველი მკითხველი ვრცელი ტექსტებითა და ესეებით იცნობს, თუმცა ნოველა „უფლისწულმა“ დაგვარწმუნა, რომ დიდი ისტორია მცირე ტექსტშიც შეიძლება ისე მოთავსდეს, რომ მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები