თამარ მახარაძე
ეძღვნება 107-ე სკოლის მასწავლებლის – ელისო გუჯეჯიანის ხსოვნას.
მე მოვკვდი!
არა, ეს არც მეტაფორაა, არც ჰიპერბოლა, არც ფრაზეოლოგიზმი და არც… მოკლედ, მხატვრულ ნათქვამთან არა გვაქვს საქმე – მე მართლა მოვკვდი! არ მეგონა, ასე ადვილად და მოულოდნელად თუ შეიძლებოდა სიკვდილი – ყოველგვარი წინათგრძნობის, ყოველგვარი შემზადების გარეშე. მოკლედ, უცებ ავდექი და მოვკვდი! მაგრამ სანამ მართლა მოვკვდებოდი, მანამ ერთი სიკვდილი კიდევ გავიარე. ეს კი ასე მოხდა.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა უნდა ჩამებარებინა. კარგა ხანს ვითრიე ფეხი – რაღა დროს ჩემი გამოცდაა, 55-ს გადავაბიჯე-მეთქი. თუმცა, გამოგიტყდებით, სინამდვილეში მეშინოდა, არ შევრცხვენილიყავი. ტანში მზარავდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ ჩავიჭერი. დავრეგისტრირდებოდი და გამოცდაზე აღარ გავდიოდი – ბოლო წუთებში მღალატობდა გამბედაობა. მაგრამ ბოლოს მეტი გზა აღარ იყო – ან უნდა ჩამებარებინა, ან უნდა წავსულიყავი სკოლიდან (ასე გვითხრეს ზე და კიდევ უფრო ზემდგომებმა). სკოლიდან წასვლა კი ჩემთვის ის განაჩენი იყო, რომელიც ბოლოს მომიღებდა. გამოგიტყდებით, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ბავშვები. მათაც ძალიან ვუყვარვარ. სახლში სულ მათზე ვლაპარაკობ. პატარები რომ იყვნენ ჩემი შვილები, ცოტათი ეჭვიანობდნენ კიდეც – შენ ჩვენზე მეტად შენი მოსწავლეები გიყვარსო. ახლა დიდები არიან და აღარ ეჭვიანობენ, მაგრამ სკოლასა და მოსწავლეებზე რომ დავიწყებ ლაპარაკს, ღიმილით მეუბნებიან, კარგი რა, დედა, ახლა შენებურად ნუ აუშვი აფრებიო. მეც ვჩუმდები. ჰო, მართლა – სასერტიფიკაციო გამოცდაზე გიყვებოდით. მოკლედ, ერთხელაც გავბედე და გავედი გამოცდაზე. ისეთი გადაღლილი ვიყავი, ისეთი… სასკოლო საქმეების მომთავრების შემდეგ ერთი კვირაც კი არ გვქონდა შუალედი დასვენებისა და წამეცადინებისთვის – ჩვენს სასკოლო ჭაპანწყვეტას პირდაპირ გადაება გამოცდა. გავედი და… არ ვიცი, როგორ და როდის გავიდა ამდენი დრო. თუმცა რა გასაკვირია – ზოგჯერ დავალების პირობის გაგებას მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე შესრულებას! ვერ გაიგებდი, რას გთხოვდნენ, რა უნდოდათ… როცა დამკვირვებელმა შეგვახსენა, ნახევარი საათიღა დარჩაო, თავი მაშინ ავწიე. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეღარაფერს ვხედავდი, მერე ნელ-ნელა გავარჩიე ზოგი მასწავლებლის შეშინებული, ზოგის გასავათებული, ზოგის, გამოგიტყდებით და, გამოქლიავებული (მაპატიეთ!) სახეები. ნეტა მე როგორი სახე მაქვს-მეთქი, გავიფიქრე და გამეცინა… მწარედ! ერთი წუთიღა იყო დარჩენილი, რომ დავამთავრე და გამოვედი. შედეგების ლოდინმა გამათავა. ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებდი. დასვენებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! წავიდოდი-წამოვიდოდი და თვალწინ ხან გამოცდა მედგა, ხან ჩემი მოსწავლეები, ხანაც მათი მშობლები, რომლებიც თითქოს ჩურჩულებდნენ ჩემ ზურგს უკან, გაიგეთ, ნატა მასწავლებელი გამოცდაზე ჩაჭრილაო (ჰო, მართლა, დამავიწყდა, მეთქვა, რომ ნატა მქვია).
ერთ დღეს თანამშრომელმა დამირეკა, გამოცდების შედეგები დაიდოო და… გგონიათ, კომპიუტერს ვეცი? არა, სავარძელში ჩავჯექი და კარგა ხანს ვიჯექი მდუმარედ. მერე ნელ-ნელა მივუახლოვდი კომპიუტერს, თან ვცდილობდი, ისეთი სახე მქონოდა, თითქოს სულ არ ვღელავდი. „მშვიდად“ შევედი „ნაეკჯიზე“ და დავიწყე ჩემი შედეგების ძებნა. ერთი ქულა მაკლდა, მხოლოდ ერთი! თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა – მაინც ჩაჭრილად ვითვლებოდი! კარგა ხანს ვიჯექი სავარძელში მდუმარედ, მანამ, სანამ შვილები არ მოვიდნენ. მერე წამოვდექი – ასე ყოფნა არ ივარგებდა. არ მინდოდა, იმათ ასე დათრგუნული ვენახე. თუმცა მაინც ვერ ვიმსახიობე. ყველაფერს მიხვდნენ. მომეფერნენ – კარგი რა, დედა, რა მოხდა, გაისად ჩააბარებო. მეუღლემ გახუმრება სცადა, ჩემი ოროსანა გოგოო! მაგრამ ჩემი სახის დანახვაზე საქციელი წაუხდა. ხმას ვეღარ ვიღებდი, თითქოს დავმუნჯდი. „ალბათ სკოლიდან გამიშვებენ!“ – გავიფიქრე. მერე ჩემი პატარების ღიმილიანი სახეები წამომელანდა და გული აუტანელი ტკივილით შემეკუმშა…
უფრო მეტი სირცხვილი მეორე დღეს მელოდა: ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მწვრთნელია და ტრენინგს მიტარებდა, დამირეკა, ნატა მასწავლებელო, როგორაა საქმეო. ერთი ქულა დამაკლდა-მეთქი, ამოვილუღლუღე. შეწუხდა ძალიან. მოდი გავასაჩივროთო. შენი ნამუშევარი გადმომიგზავნე, მე დაწვრილებით ვნახავ, იქნებ რომელიმე პასუხში ქულის მომატება შეიძლებოდესო. კარგი-მეთქი ვუთხარი, მაგრამ არ გამიგზავნია – ყველასი მრცხვენოდა, განსაკუთრებით კი მისი. კიდევ რამდენჯერმე დამირეკა, მერე თავი დამანება. მე კი ვიჯექი შინ და განაჩენივით ველოდებოდი სექტემბერს. ჯანდაბას, სკოლიდან თუ გამომიშვებენ, ჩემი მალხაზების ნახვას მაინც მოვასწრებ-მეთქი, – ვფიქრობდი და ეს ცოტათი მამშვიდებდა. როგორ ღამდებოდა და როგორ თენდებოდა, არ ვიცი. ძილი გამიტყდა. ათას რამეზე ვფიქრობდი. ათასჯერ გადავავლე თვალი ჩემი პასუხების ფურცელს. არა, გადავავლე კი არა, ლამის ზეპირად დავისწავლე! ვუკირკიტებდი იმ შეკითხვებს, რომლებშიც ნული ქულა მქონდა. ზოგიერთში ქულა მართლა არ მეკუთვნოდა (სირცხვილი მე!). მაგრამ ზოგიერთში რატომ მქონდა ნული ქულა, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი. მაგალითად, „წვიმამ მოიკლა ჟინი…“ – რატომ არაა გაპიროვნება? მე გაპიროვნება მეწერა და არ ჩამითვალეს. თურმე მეტაფორა უნდა დამეწერა! თქვენ მაინც მითხარით, რატომ არაა გაპიროვნება?! კი, ბატონო, მეტაფორაცაა, მაგრამ გაპიროვნება და მეტაფორა ხომ ხშირად თანამყოფობს?! ანდა „ღამემ შუადღის ციდან განდევნა დღე…“ – რატომ არაა გასულიერება? არ ვიცი, ვერაფერი გამიგია! ერთი სიტყვით, ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მექნა! იქნებ მართლა აჯობებდა, რომ გამესაჩივრებინა – იქნებ მოემატებინათ ის ოხერი ერთი ქულა! მაგრამ ასე მეგონა, გასაჩივრებით ვიღაცას შეურაცხყოფას მივაყენებდი – ე.ი. ეჭვი შემქონდა ვიღაცის პროფესიონალიზმში! ერთი სიტყვით, არ გავასაჩივრე!
მიილია აგვისტო და სკოლაში გამოვცხადდით. ვერ აგიწერთ ჩემს განცდებს იმ დღეს – მწერალი ხომ არა ვარ! ვცდილობდი, ყოჩაღად ვყოფილიყავი, მაგრამ როცა დირექტორმა „უწყინარი“ ხმით მკითხა, ნატა, შენც ვერ ჩააბარეო, ისე დავპატარავდი, ჩემს თავს მე თვითონ დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე… მერე თითქოს შორიდან, ძალიან შორიდან გავიგონე, შენს ადგილზე ორი სერტიფიცირებული მასწავლებლის განცხადებაა შემოსული და არ ვიცი, როგორ მოვიქცეო. როგორც საქმისთვის აჯობებს-მეთქი, – ვუპასუხე და ძლივს ავდექი სკამიდან. ჩემს საკლასო ოთახში შევედი და მეც არ ვიცი, რატომ, ჩემი მოსწავლეების ნაწერები და ნახატები გადმოვალაგე. ვიჯექი და ვკითხულობდი, თან ნახატებს ვათვალიერებდი. ცოტა ხანში სულ დამავიწყდა ყველაფერი – გამოცდაც, ჩაჭრაც, დირექტორის სიტყვებიც… უცებ რაღაც პატარა ფურცელი შევნიშნე, ზედ წითელი ფანქრით გულები ეხატა, შუაში – ნინოს ჯვარი. მეორე მხარეს გადმოვაბრუნე – წერილი იყო, ოღონდ სახელი არ ეწერა. თუმცა სახელის მიწერა რად მინდოდა – ჩემთვის ერთი დახედვაც საკმარისი იყო, ამომეცნო მისი დამწერი. მეორეკლასელი, სიფრიფანა და ლამაზთვალება ნინია, მწერდა: „ნატა მასწავლებელო, ახლა მალე დაიწყება ზაფხულის არდადეგები. მე ძაან მიყვარს არდადეგები, რადგან სოფელში მივყავარ ხოლმე ჩემს მშობლებს და იქ ძაან კარგად ვერთობი. მაგრამ ახლა არ მინდა არდადეგები დაიწყოს, რადგან ზაფხულში მასწავლებლებს გამოცდები აქვთ და რომ ვერ ჩააბაროთ, მაშვინ რა მოხდება? დედიკო ამბობს, არასერტიფიცირებულ მასწავლებლებს სკოლიდან გაუშვებენო. მე მეშინია, რო ძაან ძნელი გამოცდა იყოს. მე ძაან მიყვარხართ და მინდა, რომ გამოცდა ჩააბაროთ და ისევ ჩვენი მასწავლებელი იყოთ. მე ეკლესიაში ვიყავი და ღმერთს შევეხვეწე, რომ დაგეხმაროთ…“ კიდევ ეწერა რაღაც, მაგრამ თვალებში მოწოლილმა ცრემლებმა საშუალება არ მომცა, წერილი ბოლომდე წამეკითხა. ვაი სირცხვილო! პატარა მეოცნებე გოგოს (და მასთან ერთად, ალბათ, ბევრ სხვას) თავისმა საყვარელმა მასწავლებელმა ვერ გაუმართლა იმედი! აუტანელი ტკივილით შემეკუმშა გული. მერე ნელ-ნელა ბურუსში ჩაიძირა ყველაფერი, ჰაერი მეცოტავა და ფანჯრისკენ წავედი… წავედი და… გავფრინდი! ჰო, გავფრინდი. არ ყოფილა მართალი, როცა ადამიანი კვდება, რაღაც გვირაბში გადისო. არავითარი გვირაბი არ ყოფილა, პირდაპირ ავფრინდი – ჯერ ცოტა მძიმედ, მერე უფრო და უფრო მსუბუქად და ლაღად. მხოლოდ ერთხელ მოვხედე ჩემს საცოდავ სხეულს, რომელიც ფანჯრის რაფას იყო ჩაბღაუჭებული და სახე წაშლოდა ტკივილისაგან…
მაგრამ მთავარი ახლა უნდა გიამბოთ. როგორც უკვე გითხარით, ლაღად და მსუბუქად მივფრინავდი. რა კარგი ყოფილა ფრენა! ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიამოვნებაა – ვეღარც სხეულის სიმძიმეს გრძნობ და ვეღარც… თუმცა სადღა მქონდა სხეული! ბუმბულივით მსუბუქად მივფრინავდი, ოღონდ არ ვიცოდი, საით. უცებ აქეთ-იქიდან ორი ანგელოზი ამომიდგა მხრებში და უფრო სწრაფად გამაქროლეს. თან ისე მიღიმოდნენ, როგორც… როგორც ჩემი ბავშვები მიღიმიან ხოლმე – წრფელად, ალალად, თბილად, სიყვარულით. მათ მივენდე. მალე ფუმფულა ღრუბლის ქულებზე დამსვეს და მითხრეს, ახლა მოისვენე და ხვალ უფალთან წარგადგენთო. შვებით ჩავიძირე ღრუბლებში – აღარაფერი მტკიოდა, აღარაფერი მაწუხებდა. მერე, მგონი, ჩავთვლიმე კიდეც, თუ ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. თვალი რომ გავახილე, ქათქათა ღრუბლები ამომავალი მზის სხივებით იყო გაჩახჩახებული. ისეთი სილამაზე იყო ირგვლივ… ღმერთო დიდებულო! ამას ენა ვერ აღწერს. პირჯვარი გადავიწერე და ნეტარებით გავირინდე. საოცარია, ყველა და ყველაფერი მიყვარდა, მაგრამ არავინ და არაფერი მენატრებოდა, რადგან ახლა თითქოს ჩემში იყო ყველა და ყველაფერი. მე კი ყველგან ვიყავი, საოცარი სიმშვიდითა და სიყვარულით სავსე. მაგრამ უცებ ამ გასაოცარ სიმშვიდეშიც (არ ვიცი, როგორ) შემოაღწია, შემოჟონა ფიქრმა, რომელმაც ამაფორიაქა: „დღეს ხომ სწავლა იწყება! – გამიელვა უცებ თავში, – დღეს ხომ სწავლა იწყება, მე კი აქ ვარ! ჩემი მოსწავლეები მელოდებიან, ჩემი ჩიტუნიები, ჩემი ნინია, ჩემი ლუკა, მათე, თეკლა… ვინ იცის, ახლა უპატრონოდ დგანან სკოლის ეზოში, მე კი აქ ვნეტარებ…“ რაღაც ძალამ წამომაგდო ჩემი მყუდრო სამყოფელიდან, ღრუბლები გაიხსნა და მე ნელ-ნელა დავეშვი ქვევით. არ ვიცი, როგორ გავიკვლიე გზა. ამაზე არ ვფიქრობდი. რაღაც ძალა თავისით მიმაქანებდა იქით, საითაც მინდოდა წასვლა. მალე ჩვენი სკოლის ეზოში აღმოვჩნდი. ეზო მოსწავლეებით იყო სავსე. ყველას თავისი მასწავლებელი ედგა გვერდით. ისმოდა მუსიკის ხმა. ყვავილებითა და ფერად-ფერადი ბუშტებით მოერთოთ იქაურობა. ჩვენი სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავდა. თვალებით ჩემს პატარებს დავუწყე ძებნა. უცებ დავინახე – ერთ ადგილას მოქუჩებულიყვნენ, ხელში ყვავილები ეჭირათ და გაუბედავად იცქირებოდნენ აქეთ-იქით – თითქოს ვიღაცას ელოდნენ (მე?). ხელი დავუქნიე, აქ ვარ-მეთქი – ვერ დამინახეს! ახლოს მივედი და მოფერება დავუწყე – ვერ იგრძნეს! მერე, მათი ყურადღება რომ მიმეპყრო, ფრთებიც ავაფათქუნე (ეს ფრთები როდის გამომესხა, თვითონაც არ ვიცი!). უცებ ჩემ გვერდით ჩემი ნაცნობი ორი ანგელოზი დაეშვა და …უცებ გამახსენდა: „დღეს ხომ უფალთან უნდა წარვმდგარიყავი, მე კი გამოვიპარე (ასე გამოვიდა!)“. შემრცხვა… შემრცხვა… დავიწვი! თავი დავხარე და წავილუღლუღე: „მასწავლებელი ვარ, ამ დღეს ყოველთვის სკოლაში ვხვდებოდი… თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა… აქ რომ ვარ…“ არაფერი უთქვამთ, კეთილად გამიღიმეს და ცაში ერთად ავიჭერით.
უფალთან ახალმისულების მიღება უკვე დამთავრებული იყო. მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი. აქ მოგვიცადეო, მითხრეს ანგელოზებმა და რაღაც თვალშეუდგამ სინათლეში შეაბიჯეს (ალბათ იქ იყო უფალი). მესმოდა, ანგელოზები როგორ უამბობდნენ უფალს ჩემი დაკარგვისა და შემდეგ პოვნის ამბავს. ისიც უთხრეს, როგორ ვიმართლე თავი. უფალს გაეღიმა (არა, მე არ დამინახავს – უბრალო მოკვდავი როგორ შევძლებდი მის ხილვას! მე მხოლოდ ვიგრძენი!). მერე მისი ხმაც გავიგონე: „დააბრუნეთ!“
დამაბრუნეს.
თვალები რომ გავახილე, რეანიმაციაში ვიყავი, თავზე ექიმები მედგნენ და მიღიმოდნენ, ბედი გქონია, უკვე გაღმა იყავი გასული და გამოგაბრუნეთო. არაფერი მითქვამს. ვაფასებ მათ ძალისხმევას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რამ დამაბრუნა: სიყვარულმა დამაბრუნა; ჩემი პატარა მოსწავლის ლოცვამ დამაბრუნა („მე ეკლესიაში ვიყავი და ღმერთს შევეხვეწე, რომ დაგეხმაროთ…“); უფლის ნებამ დამაბრუნა… საოცარი ის იყო, რომ არაფერი მტკიოდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც არაფერი მაწუხებდა. სასაცილოდ მეჩვენებოდა ჩემი ღელვა გამოცდის გამო, ჩაჭრის გამო, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების გამო… ისეთივე სიმშვიდესა და ნეტარებას ვგრძნობდი, როგორსაც იქ, ზეცაში, ყოფნისას… რა ბედნიერებაა – ცოცხალი ვარ… მიყვარს… ვუყვარვარ… საჭირო ვარ… მელოდებიან… მე მასწავლებელი ვარ და, თუნდაც გამომიშვან სკოლიდან, მაინც მასწავლებლად დავრჩები… ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლის.