თამარ კურცხალია
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის პედაგოგი, პირველი კლასის დამრიგებელი
√ დამრიგებლის უპირველესი მოვალეობაა ჯანსაღი, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ბავშვის შესაძლებლობა, სწავლა წარიმართება მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე, მოხერხდება პრობლემების მოგვარება. დამრიგებელი დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით, I-IV კლასებში, ნამდვილად მეორე დედა უნდა იყოს, ის უნდა შეიყვაროს მოსწავლემ, რაც, თავისთავად, სკოლის შეყვარებაში დაეხმარება.
√ დამრიგებელი, როგორც განსაკუთრებულად მზრუნველი
34 წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ, ძალიან ბევრი პრობლემური სიტუაცია მქონია. პირველ რიგში, ვხვდები მშობელს, ვახერხებ მასთან გულახდილ საუბარს, კარგად გამოვკვეთ პრობლემას და მერე ვახდენ რეაგირებას. მქონდა შემთხვევა, როცა ოჯახური პრობლემების გამო, მოსწავლე ვერ ახერხებდა მეცადინეობას. მშობელთან შეთანხმებით, სისტემატურად ვრჩებოდით სკოლაში, ვმეცადინეობდით, ვთამაშობდით ერთად, რაც შემეძლო, საჭმელიც კი მომქონდა სახლიდან მისთვის. წლებია ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. ახლაც კი, თუ რამე პრობლემის წინაშეა, მირეკავს, ვსაუბრობთ. ჩვენი მეგობრობა მისი მეოთხე კლასის მოსწავლეობიდან დაიწყო. მოსწავლეების განვითარებას ვცდილობ ინდივიდუალურად მორგებული დავალებებით.
√ მშობელთა კრება
სასურველია, მშობელთა კრება მარტო ცუდი შედეგების, არასასიამოვნო სიტუაციების განხილვისთვის არ იყოს დაგეგმილი. ჩემი აზრით, არც ისაა კარგი, კრებაზე ვაქოთ და ვადიდოთ მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე. ყველა მშობელს უნდა, მისი შვილი განსაკუთრებული იყოს, მით უმეტეს დაწყებით საფეხურზე. კრებების დაგეგმვა საჭიროა საერთო საქმის განხილვის დროს, იქნება ეს ექსკურსია, ღონისძიება, პროექტებში ჩართულობა თუ პროექტების შეჯამება. პირველ კლასში, პირველი მშობელთა კრება აუცილებელია სწავლის დასაწყისშივე, მშობლების გასაცნობად, სადაც ნაწილობრივ მაინც გამოიკვეთება მათი ხასიათი, სურვილები, რასაც ვითვალისწინებ მუშაობის პროცესში. მშობლებს აუცილებლად ვავსებინებ კითხვარს, რაც ჩემთვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებაში მეხმარება. კრებაზე მათ იმ თემების ჩამონათვალს ვაცნობ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებ სასწავლო წლის მანძილზე და ვთხოვ, აღნიშნონ თუ ვის რომელ საკითხში შეუძლია დახმარება. ვაძლევ საშუალებას, თავად აირჩიონ რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენთვის.
√ მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში
სკოლა, ოჯახი, საზოგადოება ერთმანეთისგან განუყოფელია. ჩართულობა იწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, სწავლის დონის გაუმჯობესებას. ვერ წარმომიდგენია მუშაობა მშობელთა ჩართულობის გარეშე. ვცდილობ, ვიმეგობრო ყველა მშობელთან. მათ მხოლოდ პრობლემებზე არ ვესაუბრები, ხშირად, მათთვის მადლობის სიგელიც გამიგზავნია შვილის მიღწევების გამო. ეს კი ჩვენს ურთიერთობას სითბოს და სიყვარულს მატებს. გავიხსენებ ერთ შემთხვევას, ემიგრანტი მშობელი მყავდა, რომელიც თავიდან ნაკლებად კონტაქტური იყო. ყველა გაკვეთილზე ვუღებდი მის შვილს ფოტოებს, ვუგზავნიდი მის ნამუშევრებს, ნაწერებს, ნახატებს. ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ შაბათ-კვირას მოუთმენლად ელოდა ორშაბათის დადგომას, ახალი ამბების მოლოდინში.
ყველა პროექტი მშობელთა ჩართულობით განვახორციელე. წიგნიერების დონის ამაღლებისათვის, ჩემს სადამრიგებლო კლასში, დავგეგმე პროექტი მამების ჩართულობით. მოგეხსენებათ, მამები იშვიათად დადიან ხოლმე სკოლაში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მამების მოწვევა. გაამართლა. საუცხოო პროექტი გამოვიდა. მამებს დიდი სურვილი გაუჩნდათ, ხშირად მიეღოთ მონაწილეობა მსგავს პროექტებში. ყველა ღონისძიებაზე ვითვალისწინებ მშობელთა სურვილებს. ხშირად მყავს სტუმრად ბებია-ბაბუები – ეს კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესია, გახარებულები და ბედნიერები ბრუნდებიან სახლში.
ვერც კი წარმომიდგენია, როდესაც კლასში 10-12 მოსწავლე გყავს, სამი წელია დამრიგებელი ხარ და მათი ოჯახების შესახებ ყველაფერი არ იცოდე, რა უჭირს, რა ულხინს და როგორი პირობები აქვს. მე ხომ მათი მეგობარი ვარ.
ჩვენი ურთიერთობა სიყვარულით გრძელდება. მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგაც ვიკრიბებით დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე. მყოლია პრობლემური მშობლებიც, ყოველთვის ვცდილობდი, ექსკურსიაზე, მათთან მეტი კომუნიკაცია მქონოდა, რაც კარგ შედეგს მაძლევდა ურთიერთობისთვის.
ჩემი აზრით, მშობელთა ჩართულობით, მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, თვითშეფასება, უვითარდება სოციალური უნარები, მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. მშობელი და მასწავლებელი, ერთიანი ძალისხმევით უწყობს ხელს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
√ ფსიქოსოციალური პრობლემები
პრობლემები, მეტ-ნაკლებად, მშობელთა ემიგრანტობის ფონზეა გამოკვეთილი. სოციალიზაციის, აღზრდის, განვითარებისა და რეალიზაციისთვის, ყოველი დღით, ყველა აქტივობით, მინდა შევუწყო ხელი მოსწავლეთა აქტიურ, ნაყოფიერ ჩართულობას სასკოლო თუ თემის ცხოვრებაში. ჩემი პირადული მიზანიც ხომ ესაა – აღვზარდო კარგი მოქალაქე, რომელიც ღირსეული იქნება თავისი საქციელით ერისა და ქვეყნის წინაშე.
√ დამრიგებლის ანაზღაურება მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის
ოჰ, ანაზღაურება ნამდვილად პრობლემური თემაა. პირადად ჩემთვის, ეს თანხა ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, რაც მჭირდება წლიდან-წლამდე. ყოფილა შემთხვევა, როცა საკლასო პროექტი მთლიანად მე დამიფინანსებია. ჩემი ხელფასით წამიყვანია მოსწავლეები სასწავლო ექსკურსია-გაკვეთილებზე. ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ სკოლაში, რომლის დირექტორი ყველა ჩვენს ნაბიჯს ხედავს, აფასებს, გვერდში გვიდგას. ის ჩვენი მამოძრავებელი ძალაა.
√ მაგალითი სადამრიგებლო პრაქტიკიდან კოლეგებისთვის
მქონდა ასეთი შემთხვევა, მესამე კლასის დამრიგებელი ვიყავი, ამავე კლასს მათემატიკას ვასწავლიდი. ერთმა მოსწავლემ უარი განაცხადა სკოლაში სიარულზე. მიზეზი მათემატიკის ამოცანები იყო. პრობლემის წინაშე დავდექი მეც და ოჯახიც. აი, აქ დამეხმარა ჩემი დამრიგებლობა. რამდენიმე დღის წინ, კლასის საათზე ვისაუბრეთ, რისი გაკეთება სურდათ სკოლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად, ამ ბავშვს თევზაობა უყვარდა და ოცნებობდა, დაეჭირა ბევრი თევზი. სკოლაში დედასთან ერთად დადიოდა. ყველა ამოცანა თევზებზე, ანკესებსა და ამ თემატიკაზე შევადგინე. კარგა ხანი ასე გავაგრძელე, ბავშვი სიამოვნებით დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს. ეს მაგალითი ჩემი მუშაობის პრინციპი გახდა – დამედგინა ინტერესის სფერო, გამომეყენებინა ინდივიდუალური სწავლების მიდგომები, დამემზადებინა სასურველ თემებზე სხვადასხვა სირთულის აქტივობები.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა – უნდა გვიყვარდეს ბავშვი ისეთი, როგორიცაა, გვიყვარდეს უპირობოდ, წრფელი სიყვარულით. არ მოვახდინოთ მოსწავლეების დაყოფა ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. ვიყოთ გულწრფელნი ურთიერთობაში.
√ არაფორმალური განათლება
სასწავლო პროექტები არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რა დროსაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ხდება. ამ მიზნით, განვახორციელე პროექტი „პურის გზა“. დიდი იყო პროექტში მშობელთა ჩართულობა, ასევე გამოიკვეთა საზოგადოების ჩართულობაც. ეს პროექტი პროფესიების შერჩევაშიც კი ეხმარება ბავშვებს.
არაფორმალური განათლების კუთხით, ხშირად ვაწყობ გასვლით ღონისძიებებს – შემეცნებით ექსკურსიებს მუზეუმებში, ისტორიულ ადგილებში, რაც ხელს უწყობს კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებას, ვიზუალური წიგნიერების განვითარებას, სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას. ამ მიზნით, განვახორციელე პროექტი „ჩემი სოფლის ტაძრები“. აქაც დიდი იყო სოფლის მოსახლეობასთან კავშირი და ჩართულობა. საკმაოდ კარგი პროექტები გამოგვივიდა – „სტუმრად სოფლის ბიბლიოთეკაში“, „ერთი დღე სოფლის საკრებულოში“.
ხშირად ვაწყობთ გარემოს დაცვითი-დასუფთავების ღონისძიებებს. მწვანე ნარგავების აქციაში დიდი სიხარულით დაგვეხმარნენ მამები და სკოლის ეზოში დავრგეთ ტუიები. ჩვენი წვლილი შევიტანეთ საქველმოქმედო აქციაში, ვესტუმრეთ საჩხერის მოხუცთა პანსიონატს. მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებით მოეფერნენ მოხუცებს. მშობელთა თანადგომით სურსათი, ტკბილეული მივიტანეთ პანსიონატში. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს პატარების უცნობ სიტუაციაში მარტივად ინტეგრირებას, თვითდამკვიდრებას, ლიდერობის, საკომუნიკაციო და კვლევითი უნარების, გლობალური ცნობიერების, დამოუკიდებლობის უნარების განვითარებას.
√ როცა კლასში ბავშვები პატარ-პატარა ჯგუფებად ყალიბდებიან
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის პრობლემა ხშირად გამოიკვეთება დაწყებით კლასებში, მაგალითად, შენთან დაჯდომა არ მინდა, ან პირიქით – შენთან მეგობრობა მინდა, ან შენ არ გათამაშებთ… ამ პრობლემის აღმოჩენისთანავე, ყოველთვის, უსიტყვოდ ვცდილობ საკითხის მოგვარებას. მაგალითად, თამაშის დროს ვხდები ე.წ. „დაწუნებული“ ბავშვის მეწყვილე, ვცდილობ წარმოვაჩინო მისი შესაძლებლობა, ვთამაშობ მასთან ერთად, ასე გრძელდება ცოტა ხანი, ყველას უჩნდება სურვილი, რომ იყოს ჯერ ჩემი, შემდეგ კი ამ ბავშვის მეწყვილე, თანდათანობით იკვრება ურთიერთობა და ლაგდება ყველაფერი.
√ დამრიგებლის როლი ინკლუზიურ განათლებაში
ინკლუზიური განათლების პროცესში უმთავრესი ფიგურაა დამრიგებელი, მისი როლი ნამდვილად განუსაზღვრელია ამ დროს; ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სიტუაციისთვის, უნდა შევძლოთ, რომ ეს ბავშვები ბედნიერები გახდნენ, ჩვენთან ერთად. ზოგადად, ინკლუზიური განათლება რთული, შრომატევადი, საპასუხისმგებლო პროცესია.
√ სახელმძღვანელოები და თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნები
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ჩემი აზრით, განათლების სისტემაში ეს საკითხი პრობლემად რჩება. პირადად მე, საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის ძალიან ბევრი დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენება მიხდება. რამდენად პასუხობს სახელმძღვანელოები თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებს, სადავო საკითხია, ამავდროულად – საჭირბოროტო.
ესაუბრა მაკა ყიფიანი