2021 წლის სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ საუბრობს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა
– ქალბატონო მარიამ, როგორ წარიმართა წელს გრიფირების პროცესი და რა ხარვეზებმა იჩინა თავი?
– ვერ ვიტყვი, რომ წლევანდელი გრიფირების პროცესი შარშანდელისგან რადიკალურად განსხვავებული იყო, მაგრამ ყოველი განვლილი წლის შეფასების საფუძველზე, ჩნდება უმნიშვნელო დეტალები, რომლის გათვალისწინებაც გვიწევს. თუმცა, არსებითი ხასიათის ცვლილება წელს არ გვქონია.
სახელმძღვანელოების შეფასება მხოლოდ შეფასების პროცესით არ იწყება, ზოგადად, პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ მთელი წელი მიმდინარეობს – გამოცხადებიდან გრიფის მინიჭებამდე.
გრიფირების გამოცხადებისთანავე, ვიწყებთ კომუნიკაციას ავტორ-გამომცემლებთან, ინფორმაციის მიწოდებით იმ საკონსულტაციო დღეების შესახებ, რომელსაც ჩვენი საგნობრივი ექსპერტები წარმართავენ, წიგნის წერის პროცესის პარალელურად. ეს კომუნიკაცია ნებაყოფლობითია – ვისაც სურვილი აქვს. დგება გრაფიკი და წიგნების ჩაბარებამდე მუდმივ კონტაქტში ვართ ავტორებთან. მეორე მხრივ, ასეთივე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს თვითონ შემფასებლებთან. მართალია, წელს სტანდარტში ცვლილება არ შესულა, მაგრამ გარკვეული ცვლილება შეეხო შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმებს, ამიტომ შემფასებლებთან გვქონდა შეხვედრები, რომ ეს ცვლილება მათთვის რაც შეიძლება კარგად აღქმადი და გასაგები ყოფილიყო. ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, თუ როგორ გამოიყენებდნენ შეფასების პროცესში ამ კრიტერიუმებს.
როგორც მოგეხსენებათ, სახელმძღვანელო არ ფასდება მხოლოდ საგნობრივი კუთხით, მას აფასებს ასევე ფსიქოლოგი, ფილოლოგი (ენობრივი თვალსაზრისით) და სხვა სპეციალისტები. სწორედ სხვა სპეციალისტების ეფექტიანად ჩართულობის მიზნით ვაგრძელებთ თანამშრომლობას სახალხო დამცველის აპარატთან. მათ მიერ შერჩეული პირი შემფასებლების ჯგუფთან ერთად მუშაობს და ჩართულია ყველა საგნის სახელმძღვანელოს შეფასების პროცესში. წელს, ასევე, ვითანამშრომლეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. მათ ჩაატარეს ტრენინგი საგნობრივი შემფასებლებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაცია, სტიგმა, თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები და ა.შ.. შეფასების ჯგუფი გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს და თანხმობას უფრო მარტივად რომ მიაღწიონ, ჩავთვალეთ, რომ ამ ტიპის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მათთვის ძალიან საჭირო და ეფექტიანი იქნებოდა.
– რა დრო ეთმობა სახელმძღვანელოს დაწერას, მთლიანად გრიფირების პროცესს — რა ეტაპებს გადის სახელმძღვანელო?
– დაახლოებით, ოთხ თვე-ნახევარი იყო განკუთვნილი სახელმძღვანელოების დასაწერად. ვცდილობთ, რომ მეტი დრო მივცეთ შემფასებლებსაც. პირველი ეტაპის შეფასება ორი თვე გრძელდება. ეს არის შეფასების ძირითადი ეტაპი, რომელიც გამოავლენს, ვინ გადალახა 90%-იანი ბარიერი და რომელი სახელმძღვანელო გადავიდა შემდეგ ეტაპზე. შემდეგი კი, იწყება შენიშვნების გაცნობა — ავტორთა ჯგუფსა და შემფასებლებს შორის, უკვე ანონიმურობაც იხსნება, რადგან უშუალო კომუნიკაციის დროს უფრო კარგად არის შესაძლებელი შენიშვნებისა თუ რეკომენდაციების ახსნა და დაზუსტება. ამის მიზანი ის არის, რომ ავტორებმა ისე გაასწორონ შენიშვნები და გაითვალისწინონ გაცემული რეკომენდაცია, როგორც შემფასებლებმა მოიაზრეს. თუ ავტორებს საწინააღმდეგო არგუმენტირებული მოსაზრება ექნებათ, შეიძლება, შემფასებლებმაც გადახედონ თავიანთ პოზიციას და მოხსნან ესა თუ ის შენიშვნა ან რეკომენდაცია. ამისთვის, დაახლოებით, ოთხკვირიანი სამუშაო პროცესია განკუთვნილი, რომლის შემდეგ ავტორ-გამომცემელი საბოლოოდ გასწორებულ სახელმძღვანელოს აბარებს. თუმცა, პროცესი ამით არ სრულდება, გრიფის მინიჭებამდე, წიგნი კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს.
რაც შეეხება ეტაპებს, როგორც უკვე გითხარით, გრიფირების პროცესი ოთხ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე შემოდის განაცხადი. ჩვენ ვამოწმებთ გამართულია თუ არა დოკუმენტები (მთელი რიგი იურიდიული დოკუმენტები ახლავს პროცესს). შემდეგ იწყება მეორე, ორთვიანი, ძირითადი ეტაპი. ფაქტობრივად, ამ დროს ხდება სახელმძღვანელოს ძირითადი შეფასება და პროცესში ჩართულია ყველა შემფასებელი – საგნის კურიკულუმის ექსპერტი, მოქმედი მასწავლებელი, აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფილოლოგი, ფსიქოლოგი, სხვა სპეციალისტი. ამის შემდეგ დგება სია ვინ გადალახა 90%-იანი ბარიერი და მათთვის იწყება მესამე, ოთხკვირიანი ეტაპი – შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. ბოლო, მეოთხე ეტაპი, უკვე გრიფის მინიჭების პროცესია.
– ძირითადად, რა სახის შენიშვნების გამოსწორება უწევთ ავტორებს, რა ტენდენციაა ამ თვალსაზრისით?
– უფრო მეთოდიკური ხასიათის შენიშვნებია, შინაარსობრივად – ნაკლები, რადგან არ გვყავს ისეთი ავტორები, რომლებმაც არ იციან საგანი. გამორიცხულია, მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოს ავტორმა არ იცოდეს ფიზიკა ან გეოგრაფიის ავტორმა – გეოგრაფია. ყველაზე მეტი მუშაობა მეთოდიკის ნაწილზე მოდის – როგორ არის გადმოცემული სახელმძღვანელოში შინაარსი, რამდენად დაეხმარება მოსწავლეს საკითხის გაგება-გააზრებაში, არის თუ არა სათანადო ინსტრუქციები მიწოდებული, გასაგებია თუ არა მოსწავლისთვის ტექსტები, გათვალისწინებულია თუ არა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, რამდენად საინტერესო დავალებაა და ა.შ. ყველაზე მეტი შენიშვნა თუ რეკომენდაცია სწორედ ამ მიმართულებით გაიცემა და შემდგომი პერიოდიც სწორედ მის გამოსწორებას ეთმობა. შინაარსობრივი თვალსაზრისით კი, იშვიათია შეცდომები, შეიძლება ლაფსუსი ამ მიმართულებითაც გაიპაროს, მაგრამ ეს იოლად გამოსასწორებელია.
– აპელაციის უფლება ავტორებს ეტაპების მიხედვით აქვთ თუ მხოლოდ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ? ყოფილა შემთხვევები, როცა სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებას ავტორის სასარგებლოდ იღებს?
– გასაჩივრების რამდენიმე ეტაპია. ავტორს გასაჩივრების უფლება ორთვიანი პირველადი შეფასების შემდეგაც აქვს, ავთენტურობის დადასტურება/არდადასტურების შემდეგაც და გრიფის გამოცხადების შემდეგაც (უკვე სასამართლოში). როგორც კი ეცნობება ავტორს გადალახა თუ არა 90%-იანი ბარიერი, მას შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. საჩივარს მინისტრის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია განიხილავს. გარდა ამისა, არის აპელაციის მეორე ეტაპიც — როგორც გითხარით, შესწორებულ წიგნს შემფასებელთა ჯგუფი ისევ ამოწმებს და წერს დასკვნას — ან არის ავთენტური და ნამდვილად ყველაფერი შესწორდა, ან არაავთენტურია და ის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა. ამ დროსაც შეიძლება ავტორმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ასეთი შემთხვევები გვქონია. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე გადალახული სახელმძღვანელოების ავტორებსაც გაუსაჩივრებიათ, რადგან გარკვეულ კომპონენტებში არ ეთანხმებოდნენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.
რა თქმა უნდა, აპელაციის პროცესი ხან ავტორების სასარგებლოდ სრულდება და ხან — არა. წელს ისეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ წიგნმა, შემფასებლების გადაწყვეტილებით, მეორე ეტაპი ვერ გადალახა და შემდეგ სააპელაციო კომისიამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. შარშან ორი ასეთი შემთხვევა იყო, როცა შემფასებლებმა უარყოფითი დასკვნა დაწერეს წიგნების შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე, მაგრამ სააპელაციო კომისიამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და სახელმძღვანელოები პროცესში დააბრუნა.
– დარჩა თუ არა წელს რომელიმე საგანი გრიფირებული სახელმძღვანელოს გარეშე?
– დიახ, წელს მეცხრე კლასის რუსული ენისა და ლიტერატურის და მეცხრე კლასის ქართულის, როგორც მეორე ენის საგნები დაგვრჩა გრიფირებული სახელმძღვანელოების გარეშე.
– აუცილებლად მინდა გკითხოთ აფხაზური ენის სახელმძღვანელოზეც. წელს პირველად გაჩნდა გრიფირებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალში აფხაზური ენის სახელმძღვანელო
– დიახ, ეს სიახლეა. ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან პირველად შეიქმნა აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა გამომცემელმა („ინტელექტი“) გააკეთა. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდით, თავისთავად, სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად. აფხაზური ენის სახელმძღვანელო I-IV კლასებისთვის მომზადდა და იმედია, სერია დანარჩენი კლასებისთვისაც გაგრძელდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს აფხაზური საზოგადოების ყურადღებასაც მიიქცევს და გაჩნდება ინტერესი ამ სახელმძღვანელოსადმი.
– აფხაზური ენის სახელმძღვანელოს შექმნა ნიშნავს თუ არა, რომ სკოლებში შეიძლება ამ საგნის სწავლება აირჩიონ. ამ შემთხვევაში, გვყავს თუ არა მასწავლებლები, რომლებმაც უნდა ასწავლონ აფხაზური ენა?
– რა თქმა უნდა, სკოლებს არჩევანის უფლება აქვთ, ხოლო რაც შეეხება მასწავლებლებს, თითზე ჩამოსათვლელი არიან. თუმცა, ეს ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებაა და ამიტომ, ვალდებულები ვართ სახელმძღვანელოების მომზადებაზე ვიზრუნოთ. საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ტერიტორიაზე კი, ქართულთან ერთად, აფხაზურიც. ამიტომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის შეიქმნა ეს რესურსი და თუ ამით აფხაზური საზოგადოება დაინტერესდება, ძალიან სასიხარულო იქნება.
– გრიფირების პროცესი დასრულებულია და ახლა არჩევანის დრო დგება, მასწავლებლებს ეძლევათ გარკვეული დრო იმისთვის, რომ სახელმძღვანელო აირჩიონ – ირჩევს მასწავლებელი და არა სკოლა.
– დიახ, ველოდებით არჩევანს, მასწავლებლებს, 21 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, მივეცით დრო. ვნახოთ, რა სურათი იქნება. ორკვირიან პერიოდში, არჩევანს აკეთებს მასწავლებელი და არა დირექტორი და ერთმნიშვნელოვნად, მასწავლებლის გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომელი სახელმძღვანელოთი ასწავლის სექტემბრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მან უნდა გამოიყენოს სახელმძღვანელო სწავლა-სწავლების პროცესში და არა მაგალითად დირექტორმა, ან მოადგილემ. ამიტომ, მივმართავ თითოეულ მასწავლებელს, გაეცნოს სახელმძღვანელოებს და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს.
– აუცილებლად მინდა გკითხოთ, პანდემიის პერიოდი აღმოჩნდა თუ არა ხელის შემშლელი გრიფირების პროცესისთვის?
– აბსოლუტურად არაფერში შეგვშლია ხელი, რადგან ეს პროცესი ისედაც ელექტრონულად მიმდინარეობს – სახელმძღვანელოების მიწოდება/ჩაბარება, შემფასებლებისთვის გადაგზავნაც. შეფასების პროცესიც ძალიან მოქნილია – ჯერ აფასებენ, გარკვეულ ვადებში ამ შეფასებებს აბარებენ, შემდეგ უნდა შეიკრიბონ და ერთად განიხილონ. ადრე თუ პირისპირ იკრიბებოდნენ, ახლა ეს შეხვედრები ონლაინ ფორმატში გადავიდა, ამიტომ, ამ მხრივ, არანაირი ხელშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, უფრო მოსახერხებელიც კი იყო ონლაინ მუშაობა. მაგალითად, წელს, ზოგიერთი საგნის შემფასებლები უცხოეთში მოღვაწე ადამიანები იყვნენ და იქიდან მიიღეს მონაწილეობა პროცესებში.
– დაბოლოს, ხომ არ იგეგმება ცვლილებები მომავალი წლის გრიფირების პროცესში?
– რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან უკვე ახალი საფეხურისთვის – საშუალო საფეხურისთვის – უნდა გამოვაცხადოთ გრიფირება. შესაბამისად, ამ საფეხურის სტანდარტიც იცვლება, რადგან ამ საფეხურზე ჯერ კიდევ ძველი ეროვნული სასწავლო გეგმა მოქმედებს. ახალ სტანდარტებზე და ზოგადად საშუალო საფეხურის ახალ მოდელზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, ამიტომ, შემოდგომაზე გამოვაცხადებთ მეათე კლასის სახელმძღვანელოებზე გრიფირებას, სწორედ ახალი სტანდარტის გათვალისწინებით. ამისთვის კი გადამუშავდება და შეიცვლება შეფასების კრიტერიუმებიც. რაც მთავარია, შემფასებლების შესარჩევად გამოცხადდება ღია კონკურსი, რადგან საშუალო საფეხურისთვის ახალი სამწლიანი ციკლი იწყება. აქვე გეტყვით, რომ, ისევე როგორც სახალხო დამცველთან, თანამშრომლობა დაგეგმილი გვაქვს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან. ენობრივი თვალსაზრისით სახელმძღვანელოების შესაფასებლად, ალბათ, უმჯობესია ამ ინსტიტუციასთან გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია და მათი ექსპერტები მოვიწვიოთ. მოლაპარაკებები გვაქვს ტერმინების დადგენასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, მათთან თანამშრომლობა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე