ინფორმაციის გრაფიკული სტრუქტურირება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მოსწავლეებს თვალსაჩინოდ წარუდგინოს სასწავლო მასალა ცალკეული თემის მიხედვით და, ამავე დროს, შეამციროს ინფორმაციის მოცულობა მხოლოდ ძირითადი ცნებებისა და მათ შორის ლოგიკური კავშირების გადმოცემის გზით. გრაფიკული მაორგანიზებელი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკითხი უფრო მკაფიოდ და ნათლად გაიაზრონ. სწავლა-სწავლების საკითხში უამრავ გრაფიკულ მაორგანიზებელს ვხვდებით. ერთ-ერთია „ფიშბოუნის“ მეთოდი. მოსწავლეებს წინასწარ დაბეჭდილ მასალას ვთავაზობთ და ვუთითებთ დროს. აღნიშნულ დროში, მოსწავლე ცდილობს, საკითხი თვალსაჩინოდ გადმოსცეს.
⇒ რა არის „ფიშბოუნი“?
მეთოდი „ფიშბოუნი“ სწორედ გრაფიკული ორგანიზატორის ერთ-ერთი ფორმაა. თვითონ სიტყვა, თარგმანში, „თევზის ფხას“ ან „თევზის ჩონჩხს“ ნიშნავს და მიმართულია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისაკენ, თვალსაჩინოებრივ-შინაარსობრივი ფორმით. ამ მეთოდის არსი, გასაანალიზებელ ობიექტსა და მასზე მოქმედ ფაქტორებს შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და არგუმენტირებული არჩევანის გაკეთებაა. მეთოდი ასევე ავითარებს ინფორმაციაზე მუშაობის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიების უნარებს.
ფიშბოუნის საფუძველი თევზის ჩონჩხის ფორმის სქემატური დიაგრამაა. ბევრ ქვეყანაში ეს დიაგრამა ცნობილია იაპონელი პროფესორის – იშიკავის (ისიკავის) სახელით, რომელიც მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სტრუქტურული ანალიზის მეთოდის ავტორია. ფიშბოუნის სქემა გრაფიკული გამოსახულებაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ და დავინახოთ ამა თუ იმ კონკრეტული მოვლენის, პრობლემის ანალიზის პროცესი, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი შედეგები.
აღნიშნული მეთოდი ჩემს გაკვეთილზე გამოვიყენე როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილში სამუშაოდ. ფიშბოუნი წინასწარ ამოვბეჭდე თაბახის ფურცელზე და დავურიგე მოსწავლეებს. ასევე შეგვიძლია წინასწარ დავამზადოთ დიდ ფორმატზე და დაფაზე გავაკრათ, სათითაოდ ვთხოვოთ მოსწავლეებს საკუთარი აზრის დაფიქსირება. დაბოლოს, როდესაც მაორგანიზებელი შეივსება, პრეზენტაცია ჩავატაროთ და საბოლოო შედეგი შევაჯამოთ.
სქემა 4 ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია: თევზის თავი, კუდი, ზედა და ქვედა (ან მარჯვენა და მარცხენა) ფხები. დამაკავშირებელი რგოლია თევზის ხერხემალი. თავი – პრობლემა, კითხვა, თემა, რომლის განხილვა-ანალიზია საჭირო.
გამოყენების მაგალითი:
⇒ გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილზე „ფიშბოუნის“ გამოყენების ნიმუშს:
⇒ თემა: ბუნებრივი რესურსები
წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს, შეავსეთ „ფიშბოუნის“ სქემა.
♦ რა მოჰყვება ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივ მოპოვებას და მოხმარებას?
♦ რა მიზეზების გამო წარმოიქმნება ეს პრობლემა?
♦ რა ეკოლოგიური პრობლემები წარმოიქმნება ბუნებრივი რესურსების ამოწურვის შედეგად?
♦ მოიყვანეთ მაგალითები.
♦ რა ღონისძიებები ტარდება ამ პრობლემების გადასაჭრელად?
მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები ავსებენ სქემას და ინფორმაციას, პრეზენტაციის სახით, წარმოადგენენ.
ვლადიმერ გორგიშელი – სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი