ტერენტი გრანელი და მასათან დაკავშირებული ისტორიები მოსწავლეებმა ნაკლებად იციან, უფრორე მისი საფლავის მცველისა და ერთგული ჭირისუფლის, ბატონი გიორგი ბუნდოვანის თავგადასავალი. ერთხელ მოკლედ მოვუყევი ბავშვებს მის შესახებ. მათი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ინტერვიუ ჩაგვეწერა ამ მართლაც რომ უნიკალურ და პატივსაცემ პიროვნებასთან. ბატონმა გიორგიმ სიამოვნებით უპასუხა ჩემი და VIIა კლასის მოსწავლეების – ელენე ბუკიას, მართა ზარგინავასა და ანასტასია ლაბახუას შეკითხვებს.
მაია გვიჩია, სსიპ ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მაია გვიჩია: გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი და მისტიკური პოეტის, ტერენტი გრანელის საკრალური ურთიერთობა?
⇒ 1987 წლის დასაწყისში, ჩემი მეგობარი, კარის მეზობელი, აწ გარდაცვლილი პოეტი და არტისტი ზურაბ რთველიაშვილი შემოვარდა და აღფრთოვანებულმა მომახარა, რომ აღმოაჩინა საოცარი პოეტი, ვისი კრებულიც სტუმრად მყოფს უნახავს ერთ ოჯახში. მაშინ სულ ახალგაზრდები ვიყავით. ეს პოეტი ტერენტი გრანელი იყო. მასზე საერთოდ არაფერი მსმენოდა, ვიფიქრე მწერალთა კავშირის ყოფილი უნიჭო წევრია-მეთქი. მას ეს წიგნი ჩემთვის წამოუღია და დაჟინებით მთხოვდა მის წაკითხვას, მეც საჩვენებლად გადავშალე წიგნი და მას მერე გადაშლილი მიდევს, როგორც სამაგიდო წიგნი და როგორც სახარება. ამის შემდეგ ლერი ალიმონაკის ერთ-ერთი წიგნიდან მოვიძიეთ ინფორმაცია ტერენტის საფლავის შესახებ. ეს წიგნი მოვიპარე ბიბლიოთეკიდან, ცოდვა გამხელილი სჯობს. ალბათ მარტო მე არ ვარ მათ სიაში, ვინც ძვირფას წიგნებს იპარავდა ბიბლიოთეკიდან (მარტო არ ხართ, ბატონო გიორგი… მეც… მ.გ. :)) ) შემდეგ კი აღმოვაჩინეთ მისი მიგდებული, ფაქტობრივად, ნაგვით სავსე საფლავი, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. მერე ზურა ჯარში წაიყვანეს და საფლავის მოვლა-პატრონობა მე გავაგრძელე. აი, ასე დაიწყო ეს მართლაც რომ საკრალური ურთიერთობა ტერენტისთან.
♦ კიდევ ხომ არ გეგეულებათ მეორე „ბუნდოვანი“, ტერენტის გულშემატკივარი?
⇒ ასეთი ფსევდონიმით მე ერთი ვარ, ხოლო გრანელის გულშემატკივარი ალბათ ბევრია, მაგრამ მე რაც მაკავშირებს მასთან, ასეთი სხვას — არა. მის საფლავზეც ბევრი ჭეშმარიტი გულშემატკივარი გავიცანი, რომლებთანაც დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას. მაგრამ მაინც უმთავრესი ფიგურა ლერი ალიმონაკია, რომელმაც ტერენტი გრანელის ფენომენი გაგვიხსნა. ის არის მემატიანე, მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე, არაერთი ჯილდოს მფლობელი ტერენტის კვლევების საკითხში. ჩვენ მაშინ ძალიან დავახლოვდით, გაცილებით ადრე სხვებიც იკვლევდნენ გრანელის პიროვნებას, მაგალითად: ელიზბარ უბილავა, გივი ცქიტიშვილი… მაგრამ მათ შორის ლერი ალიმონაკი უმთავრესია.
♦ თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, თქვენი პოეზიის შესახებაც გვიამბეთ, განვითარების რომელ სტადიაშია ახლა ის: აღმართი,ზენიტი, პლატო, დაღმართი? რას უნდა ნიშნავდეს თქვენი სტატუსი „ნონკონფორმისტი“? რა განსხვავებაა გრანელისა და თქვენს პოეზიას შორის, წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, გვეთქმის ამ შემთხვევაში „ის ურჩევნია მამულსა…“?
⇒ ჩემი პოეზია თავიდან ჰგავდა ტერენტისას, საფლავზე ყოფნა, ტერენტის გარშემო ამბები… ერთხელ ასეთი მისტიკური ამბავი მოხდა: უცებ დავიწყე ლამის ზუსტად მისნაირად წერა. 50-60 ლექსი ზუსტად მისი სტილისაა, ვერ გაარჩევთ, თითქოს გრანელი ჩამისახლდა და ჩემი ხელით წერდა, ამას შეგნებულად ნამდვილად არ ვაკეთებდი! იგივე „მემენტო მორი“, „გაზაფხულის საღამო“, ლექსები ზოზიასადმი, „ექსკურსია ცისკენ“… დაიწერა ჩემი ხელიდან, ისინი ამ ლექსების პერიფრაზია, შინაარსი იგივეა, ოღონდ სხვა სიტყვებით გადმოცემული, არავინ დამიჯერებდა ამ ყოველივეს, რადგან პლაგიატობას მომაწერდნენ უმალ და არსად გამომიქვეყნებია, ცხრაკლიტულს იქით შევინახე… დღეს, რა თქმა უნდა, განსხვავება დიდია. მე, როგორც პოეტი, სულ სხვა ლიანდაგებზე ვდგავარ, სხვა მიზნები და მისწრაფებები მაქვს. რაც შეეხება შემდგომ ამბებს, 90-იან წლებში, მე და ზურა რთველიაშვილი ვაყალიბებთ ქართველ პოეტთა ორდენს „ქრონოფაგები“, მერე – პოეტურ საძმოს „ანომალიური პოეზია“ და ასე ვიწყებთ მე და ჩემი კოლეგები ავანგარდისტული, „ბუნტარული“, ნონკონფორმისტული სულისკვეთების ლექსების წერას. ფაქტობრივად, ეს მიდგომა მაქვს მე დღესაც. ნონკონფორმისტი ნიშნავს არამედროვეს, ცხოვრებასა და რეჟიმთან შეუგუებელს (როგორც ტერენტი). მთელი ცხოვრება ვარ ნონკონფორმისტი, მართალია, სულიერად ეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად უბედურებაცაა! ვერ ვეგუები ვერანაირ კლანს, არაჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აწერენ ხელს. ნონკონფორმისტი პოეტი, ზოგადად, ჩაკეტილი ადამიანია. ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაში ზენიტი უკვე იყო, დღეს კი უფრო დაღმართია.
♦ გიორგი ბუნდოვანი – მეამბოხე თუ განდეგილი?
⇒ ორივე, მაგრამ სადღეისოდ უკვე შევედი პოეტური „დაყუდების, განდეგილობის“ ფაზაში. თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ (ეს 9 წელი ეკლესიაში მორჩილი გახლდით, პატრიარქმა შემმოსა კაბით, ვემზადებოდი მღვდლობისთვის, პანდემიის პერიოდში, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წამოვედი ეკლესიიდან, რადგან არაფრით არ გამოვიდა მღვდლობა). ამ პაუზის მერე კი შეგნებულად და აქტიურად დავბრუნდი ხელოვნებაში. ვიყავი ლიტერატურულ ფესტივალებზე, დავიწყე ახალი ლექსების წერა, პერფორმანსების კეთება, გამოვეცი რიგით მეშვიდე წიგნი „კულტურის სანიტარი“. ახლა ისევ ჩავიკეტე და ბოლოს სრულ „დაყუდებაში“ გადავედი, თითქმის არავისთან ვურთიერთობ.
♦ პოეზია ზოგისთვის სამყაროს, უფლის შეცნობის გზაა. თქვენ შემთხვევაში როგორ არის, დაგეხმარათ თუ არა ის საკუთარი თავისა და ღვთის აღმოჩენაში?
⇒ ცხონებული მამაჩემის, ჩემთვის უდიდესი პოეტისა და პოეზიის მეტრის, რევაზ კახიძის ერთ-ერთი ლექსის სტრიქონით ვიტყვი: „პოეზია – უფლის კარზე მიწერილი წერილია“! მან გადმომცა და მასწავლა ლექსის წერა, თავიდანვე მისწორებდა, მიმითითებდა (აქვე ვიტყვი, რომ მამამ, კომუნისტების დროს, თავისი ლექსები მხოლოდ ერთ პატარა წიგნად გამოსცა; უნიჭიერესი პოეტი იყო, მაგრამ მრავალმხრივი ნიჭი ცხოვრებაში ვერ გამოიყენა, რადგან მეტისმეტად მორიდებული და ჩაკეტილი კაცი იყო! მეც მას დავემსგავსე…). მე, რა თქმა უნდა, პოეზია დამეხმარა ამ საკითხში, ქრისტეშიც პოეტს ვხედავ, მის ქადაგებებს, სახარებასაც ყველაზე მთავარ პოემად აღვიქვამდი. ქრისტე სამყაროში ხომ უმთავრესი ნონკონფორმისტი და რევოლუციონერი მებრძოლი პოეტია, განსაკუთრებით მისი ბოლო სამწლიანი ცხოვრებით, შესაბამისად, პოეზია ძალიან მეხმარება უფალთან ურთიერთობაში.
ელენე ბუკია: ბატონო გიორგი, გიფიქრიათ, რომ არა ტერენტი, ვინ იქნებოდა თქვენთვის გამორჩეული პოეტი?
⇒ ასე კონკრეტულად არ მიფიქრია, რადგან რეალისტი ვარ და რახან რეალობაა, ტერენტი რომ არსებობდა და არსებობს, მასზე წინ, ქართულ პოეზიაში, მე ვერავის დავაყენებ! (შოთა რუსთაველი რიგგარეშეა, რა თქმა უნდა!) ჩემთვის ტერენტი გალაკტიონზე დიდი პოეტია! ეს რომ მითქვამს საჯაროდ ან გარკვეულ წრეებში, ძალიან სერიოზული დავა, კამათი გამოუწვევია, ზოგჯერ უსიამოვნებითაც კი დამთავრებულა… მაგრამ მაინც, ტერენტი თუ არა ვინ? მეორე ადგილზე, ალბათ, გალაკტიონი იქნებოდა ისე, როგორც არის ახლა.
♦ გრანელის შემოქმედებიდან ყველაზე მეტად რომელი ნაწარმოები გიყვართ?
⇒ გრანელის შემოქმედებიდან რომელიმე გამორჩეული ლექსი არ მაქვს, რადგან მთელი მისი პოეზიაა ერთი მთლიანი ლექსი და აღსარება ღვთისა და ხალხის წინაშე. გრანელს მე ცალ-ცალკე ვერ ვკითხულობ, ის ჩემთვის ერთი მთლიანი პოემაა. თუმცა გამოვყოფ შედევრად „გაზაფხულის საღამოს“! ვინაიდან ის ყველაზე მარტივი, უბრალო და, ამავე დროს, ზეგენიალური ლექსია, ვფიქრობ, მსგავსი არავის შეუქმნია! ასევე შეიძლება დავასახელოთ: „მემენტო მორი“, „მწუხარე მელოდია“, ზოზიასადმი მიძღვნილი ცნობილი ლექსები… ყველას ჩამოთვლა შორს წამიყვანდა… და, მაინც – „გაზაფხულის საღამო“.
♦ რას იტყოდით ტერენტის არშემდგარ სიყვარულზე?
⇒ ტერენტი გრანელს უკავშირდება ერთი მართლაც საოცრად მისტიკური ისტორია, რომელზეც ღიად არ საუბრობენ და რომელიც 80-იანებში გამანდო ლერი ალიმონაკმა! ეს ისტორია არსად დაბეჭდილა, მხოლოდ ოჯახის წევრებმა, მე და ალიმონაკმა ვიცით, თუმცა ბევრი ადამიანი, ვინც ღრმადაა ჩახედული ტერენტის ცხოვრებაში, სულსა და შემოქმედებაში, ნაწილობრივ ხვდება ამას. მაგრამ ეს გასაიდუმლოებული ისტორიაა, გრანელის სულის ეზოთერიკაა! ამიტომ თავს ამჯერადაც შევიკავებ.
♦ როგორც ვიცით, ტერენტი, თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, ორ რამეს ეთაყვანებოდა – პოეზიასა და თბილისს. თუ საიდუმლო არ არის, თქვენ რას ეთაყვანებით?
⇒ ბევრ რამეს ვეთაყვანებოდი ცხოვრებაში, ახლაც – გარკვეულ ვიღაცებსა და რაღაცებს, მაგრამ ეკლესიურმა ცხოვრებამ მასწავლა, რომ ნუ შეიქმნი კერპს… ერთადერთი ზეკერპი ქრისტეა – ყველასა და ყველაფერზე აღმატებული! რაც შეეხება თბილისს, მას არასოდეს ვეთაყვანებოდი. თბილისი, სავალალოდ, იყო და რჩება ზოგადად ნიჭიერი, პატიოსანი და ალალი ადამიანების სასაკლაოდ: „თბილისი წმინდა თავშესაფარი, თბილისი მინდა, როგორც საფლავი…“ /ტერენტი/. არც ვმალავ, რომ არ ვარ პატრიოტი, არ მიმაჩნია თავი ქართველად, შემთხვევით დავიბადე აქ. პოეზია კი ჩემთვის, როგორც ზემოთ ვახსენე – „უფლის კარზე მიწერილი წერილია!..“ ამიტომ სათაყვანებელი ობიექტები აქ მუდამ არის და იქნება.
მართა ზარგინავა: რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ტერენტის ნაწარმოებებს კითხულობთ?
⇒ ახლა უკვე არანაირი, წლებია, აღარც ვკითხულობ (თუ შემთხვევით ინტერნეტში არ გადავეყარე…). ტერენტი გრანელის შემოქმედებითა და მისი ცხოვრებით ცხოვრება ჩემთვის განვლილი ეტაპია. ახლა სულ სხვა ინტერესები მაქვს, ადრე, ახალგაზრდობაში, როცა ვკითხულობდი, ეს ჩემთვის ყველაფერი იყო! მაშინ რწმენაში არ ვიყავი, არ ვიცნობდი სახარებას, ქრისტეს. ამიტომ ტერენტი ჩემთვის ლამის ღმერთის დონეზე იყო აყვანილი. ვკითხულობდი მის მისტიკურ ლექსებს, მუდმივად დავდიოდი მის საფლავზე, ადგილზე შექმნილ ლექსებს მისი საფლავის ქვის ქვეშ ვინახავდი, ეს იყო ჩემთვის მართლაც ზიარება დიდი მგოსნის სულთან და „ექსკურსია ცისკენ“ (როგორც ტერენტის ერთ-ერთ ცნობილ ლექსს ჰქვია), თითქოს მართლა ცაში ავდიოდი მისი ლექსების კითხვისას და მის ზემისტიკურ სამყაროს მივეახლებოდი.
♦ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება პოეზიის გარეშე, სხვა პროფესიაზე ხომ არ ოცნებობდით?
⇒ ვოცნებობდი ქირურგობაზე, მაგრამ შემთხვევით გავხდი ფილოლოგი, რაც ჩემი მოწოდება არ იყო. მაშინდელი პუშკინის ინსტიტუტი დავამთავრე, დიპლომით პედაგოგი ვარ – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თუმცა ამ კუთხით მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე მარნეულში, პუშკინის ინსტიტუტის ფილიალში, აზერბაიჯანელებს ვასწავლიდი ქართულს. არაფერი გამომივიდა, რადგან მათ ქართული და რუსული არ იცოდნენ, მე – აზერბაიჯანული და დავანებე თავი მუშაობას. ქირურგობისთვის კი მართლაც ბევრი რამ გავაკეთე, ფაქტობრივად, უდიპლომო ქირურგი ვიყავი. ეს საინტერესო და ცაკლე ისტორიაა… პოეზიის გარეშე ჩემი ცხოვრების ნახევარი არ იქნებოდა. მე ყველაფერ დადებითში პოეზიას ვხედავ, თავად ქრისტეც ხომ პოეტია ჩემს თვალში! ბოროტებაში ვერა, ნეგატიურის გარდა, ყველაფერში: სიყვარულში, სიკეთეში სულ პოეზიაა!..
♦ თქვენ გრანელის საფლავს იცავდით, გვიამბეთ ეს ისტორია
⇒ 1987 წელს მოგვტაცეს ტერენტის ნეშტი, მანამდე ორჯერ ამოთხარეს და ჩემი ხელით ორჯერ დავაყარე მიწა. არ ვატანდი ცხედარს მაშინდელ მწერალთა კავშირსა და უშიშროებას, ამიტომაც მავიწროებდნენ. როცა ნეშტის წასაღებად მოვიდნენ, საფლავზე დავწექი და მთელი ღამე ვდარაჯობდი. შეიძლება ეს ვინმეს სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ რაც იყო, იმას ვამბობ. ბოლოს, მალულად, გამთენიისას მაინც გადაასვენეს ცხედარი. შემდეგ დღის წესრიგში დადგა ტერენტის ნასაფლავარის გაყიდვის საკითხი. ისევ ავტეხე ერთი ამბავი, იქ ხომ იგი 54 წელი განისვენებდა. მაშინდელი პეტრე-პავლეს სასაფლაოს დირექტორი ტერენტის თაყვანისმცემელი და განათლებული ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც მალევე, ჩემი და ჩემი უამრავი თანამოაზრის თხოვნით, ეს პროცესი შეაჩერა. სხვადასხვა ორგანიზაციას მივმართეთ წერილობით, მაგრამ უშედეგოდ, საბოლოოდ, პუშკინის ინსტიტუტში დავდგი ყულაბა წარწერით – „ტერენტი გრანელის ნასაფლავარის გადასარჩენად“. სტუდენტთა შემოწირულობით შეგროვდა 300 რუსული მანეთი, 300 კი პირადად მე დავამატე, სულ 600 მანეთი შეგროვდა, რითაც შევუკვეთე შავი მარმარილოს ქვა, რომელზეც დავაწერინე: „აქ განისვენებდა /ამა და ამ წლიდან ამა და ამ წლამდე/ დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტი ტერენტი გრანელი“ და ციტატა, რომელიც ეწერა ზოზიას მიერ შეკვეთილ ძველ ქვაზე – „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა…“. ძველ ცნობილ ოვალურ სურათს (ტერენტი ზეცისკენ რომ იყურება) რაც შეეხება, ის დიდუბის პანთეონში ახალ ქვას მიამაგრეს. მე ამ სურათის ზუსტი ანალოგი შევუკვეთე და 1993 წელს მემორიალი დავდგი გრანელის ნასაფლავარზე, ასე გადავარჩინე ტერენტის ყოფილი საფლავი, არაფრით არ შეიძლებოდა, რომ აქ ვინმე რიგითი ადამიანი დასაფლავებულიყო! როგორც დიდუბის პანთეონშია შემონახული ვაჟა-ფშაველას ყოფილი საფლავი წარწერით — „აქ განისვენებდა ლუკა რაზიკაშვილი“, ასევეა ტერენტი გრანელის შემთხვევაშიც. მისი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, გადასვენების შემდეგ, 1987 წლიდან, მაინც ძველ საფლავთან ვიკრიბებით, რადგან იქ განსხვავებული გარემო და აურაა, რაც, სამწუხაროდ, არ იგრძნობა დიდუბის პანთეონში…
ანასტასია ლაბახუა: განგვიმარტეთ თქვენი ლიტერატურული ფსევდონიმი „ბუნდოვანი“ და, თუ შეიძლება, ფეისბუქგვერდის სახელი – „კულტურის სანიტარი“
⇒ ფსევდონიმი – ბუნდოვანი დავირქვი იმიტომ, რომ ბევრისთვის ბუნდოვანი ხასიათის ვარ, ვინც არ იცოდა სიტყვა „ბუნდოვანი“, მეკითხებოდა კიდეც – სვანი ვარ თუ სომეხი? რახან დაბოლოება აქვს ასეთი (იცინის!). ეს პოეტური ფსევდონიმი კარგა ხანია შემესისხლხორცა, თუმცა გრანელის პერიოდში მქონდა სხვა ფსევდონიმები, მაგალითად: გიორგი დაბრედილი, გიორგი კუბოგვამური… (იცინის!) ჩემს კოლეგებს იმ დროიდან არ შერჩათ თავიანთი ფსევდონიმები, აი, მე კი დღემდე ვატარებ მას. რაც შეეხება „კულტურის სანიტარს“, 2022 ში მე-7 წიგნი გამოვეცი ამ სათაურით, შესაბამისად, მეც არტისტული სახე შევიქმენი და დავირქვი იგივე სახელი, ახლა უკვე წელიწადზე მეტია, რაც „კულტურის სანიტრის“ სახელით დავდივარ და ნაკლებად – „ბუნდოვანის“. ფეისბუქზე ხშირად ვიცვლი სახელებს, დაახლოებით 70-ჯერ შევიცვალე. ამ უკანასკნელსაც შევცვლი უახლოეს მომავალში, ეს სახელი ეპატაჟურია, თავისი მეამბოხე და ანარქისტული ბუნებით უპირისპირდება, ებრძვის ფსევდოკულტურას.
♦ ყველამ ვიცით „გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია“. თქვენ რას ფიქრობთ, გალაკტიონი თუ ტერენტი?
⇒ ამაზე ზემოთაც ვთქვი, რომ, რა თქმა უნდა, ტერენტი! მხოლოდ მის მერე გალაკტიონი! ამის დამადასტურებლად ერთი არგუმენტიც კმარა, ვინაიდან ტერენტი გრანელს არასოდეს არც ერთი რეჟიმისა და მთავრობისთვის არ უმღერია, ლექსი არ მიუძღვნია, ხოლო გალაკტიონს უხვად აქვს ასეთი ლექსები ლენინისადმი, კომუნისტური პარტიისადმი, ის ლენინის ორდენსაც ატარებდა მკერდზე. ამით არ განვიკითხავ, მაგრამ ვამბობ ფაქტს, ისეთი ეპოქა იყო, სხვაგვარად არ გამოვიდოდა, სახალხო პოეტი იყო, მას ხელით ატარებდნენ… ტერენტი გრანელს კი ამ დროს მილიცია იჭერდა, სცემდა, საგიჟეთში ამწყვდევდნენ, საპატიმროში აგდებდნენ… ამიტომ ტერენტი გრანელი დარჩა ასეთ მისტიკურ, ანგელოზებრივ პოეტად, გმირ რევოლუციონერად! ფრაზა „გალაკტიონში არის დემონი…“, ვფიქრობ, ტერენტისგან დასმული ზუსტი „დიაგნოზია“…
♦ დაბოლოს, რას გვეტყოდით ახალგაზრდებს?
⇒ მე ვის რა უნდა ვასწავლო?.. მაგრამ მაინც გეტყვით, რომ გიყვარდეთ ქრისტე! პოეზია და ერთმანეთი! ვინც ცდილობთ პოეზიაში პირველი ნაბიჯების გადადგმას, ეცადეთ, ისევ დაუბრუნდეთ ფურცელსა და კალამს. ჩემზე ძალიან იმოქმედა ელექტრონულმა სივრცემ, გადაგვარება მოახდინა. კალამსა და ფურცელს საერთოდ აღარ ვიყენებ, ფეისბუქზე პირდაპირ „ლაივში“ ვწერ ლექსებს და მერე ვინახავ „ვორდის ფაილში“. არადა ვერანაირი ინტერნეტი ვერ შეცვლის იმ მადლს, რასაც ფურცლითა და კალმით საკუთარ თავზე მუშაობა ჰქვია! ფრიად სამწუხაროა, რომ ამ დიდებულ წესს დავიწყება უწერია. იყავით ღირსეული ადამიანები, სულით სუფთანი, აკეთეთ მეტი სიკეთე და გაუფრთხილდით ერთმანეთს. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის!