21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გმირობის სიმბოლოდ ქცეული სახელები

spot_img

1945 წლის 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომში ბევრი ქართველი დავკარგეთ, ბევრიც ომის შემდეგ დაბრუნდა, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა, დამკვიდრებულიყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ემიგრანტებს აეროპორტში ხვდებოდნენ „ტოლსტოის ფონდის“ წარმომადგენლები. მიუხედავად რთული გზისა, რომლის გავლაც მოუწიათ, ბოლომდე შეინარჩუნეს ქართველობა და მშობლიური ენა. მათი ამაგი და ერთგულება შეუფასებელია და ჩვენი მოვალეობაა, აღიარება მოვუპოვოთ, პერიოდულად მომავალ თაობებს შევახსენოთ მათი გვარები და სახელები, ვინც ჩვენთვის გმირობის სიმბოლოა. გავეცანი ჩემი უფროსი მეგობრების მიერ შეგროვებულ მასალებს ამერიკაში მცხოვრებ მეორე თაობის ემიგრანტთა შესახებ.

⇒ მამია ზაქრაძე 102 წლის ემიგრანტია, რომელიც დღემდე ამერიკაში ცხოვრობს და 31 წლის განმავლობაში უვლიდა, 1937 წელს კავკასიურ საზოგადოებად დაარსებულ, „ალავერდს“, რომელიც სხვა ქვეყანაში დამკვიდრებულ ქართველებს აერთიანებდა. მივხვდი, რომ სამშობლოს, მშობლებს, ჩემს ოჯახს სამუდამოდ მოშორებული მარტო აღარ ვიყავი. ალავერდისსახით დანატრებულ ქართულ გარემოს დავუბრუნდივერ წარმოიდგენთ, სამშობლოდან ძალით გადაკარგულ ქართველებს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ ვიყავით ერთმანეთის ძმები, დები, ბიძაშვილმამიდაშვილები და ნათესავები. ერთმანეთის გარდა, აბა, ვინ გვყავდა ამ უცხო მიწაზე,“ – იხსენებს მამია ზაქრაძე. შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ, ეწყობოდა საინტერესო საღამოები, რომლებიც ქართული სუფრით მთავრდებოდა. ამ საზოგადოების სულისჩამდგმელი სიკო ერისთავი იყო, რომელიც მას გარდაცვალებამდე პრეზიდენტობდა. მის შემდეგ კი სადავეები მამია ზაქრაძემ აიღო ხელში. მისი გადადგომისას ბალახის საჭრელი მანქანის ბორბლებისგან დამზადებული გვირგვინი და ნახატი „ალავერდი“ აჩუქეს. სამწუხაროდ, „ალავერდი“ 2003 წელს გაიყიდა.

⇒ გივი ფორაქიშვილი, რომელიც ქალაქ თბილისში, ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე, სოფიო და სიკო ფორაქიშვილების ისტორიულ დარბაზში დაიბადა, აშშ-ს ქართულ დიასპორაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა. მიუხედავად სამშობლოდან ამდენწლიანი მოცილებისა, წუთით არ დაურღვევია კავშირი საქართველოსთან. მუდამ დაინტერესებული იყო ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბლით და ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია აქ მომხდარი არც ერთი მოვლენა თუ ფაქტი. მის წერილს „კარაბადინი“ ჰქვია. მასში დიდი იუმორითაა აღწერილი უმძიმესი და უძნელესი ცხოვრება. 1940 ეელს ჯარში გაიწვიეს, სადაც ტყვედ ჩავარდა და არ დარჩენილა ევროპის სახელმწიფო, სადაც არ გადაეყვანათ. მოგვიანებით, აშშ-ში გადასახლდა, ქართული კოლონიის კრებაზე თითქმის მთელი ქართველობა გაიცნო, მათ შორის სიკო ერისთავი, მამია ზაქარაძე, სანდრო ბარათელი და გიორგი მორალიშვილი. ამ ორ უკანასკნელთან ერთად, 21 წლის განმავლობაში, საერთო ბიზნესი ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეგობრობდა. გივი ფორაქიშვილმა საკუთარი ქალიშვილის ქორწილი „ალავერდში“ გადაიხადა.

1942 წელს გოგი მორალიშვილს ომში ჩაბმა მოუხდა. ის მალე ჩავარდა ტყვეობაში, სადაც საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება. 22 წლის ასაკში აღარც სიარული და აღარც ფეხზე დგომა შეეძლო, თუმცა, მეგობრების დახმარებით, გაქცევა შეძლო. 50 კაცი გაუდგა აპენინის მთებისკენ გზას, სადაც პარტიზანთა ბანაკი ეგულებოდათ. გზად ბევრი დაბრკოლება შეხვდათ, ბრძოლები თითქმის ყოველდღე უხდებოდათ. ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა 14 ქართველი, რომლებიც გოგიმ და მისმა მეგობრებმა სოფ. რიგატონში, ეკლესიის კაპელის კედელში, დაასაფლავეს. ომის დასრულებამ იტალიაში მოუსწრო, სამშობლოში ვერ დაბრუნდა, ამიტომ ემიგრაცია ამერიკაში გააგრძელა. თავისი ამბის მოყოლას, წიგნში „განვლილი გზა“, შემდეგი სიტყვებით ასრულებს:

 

„ვინ იცის კაცი სად მოკვდება,

სად მოწყდება თავის ტანსა,

სამახსოვროდ მაინც ვტოვებ

დაწერილსა სახელ გვარსა.“

⇒ ნიკო თოფურია ქართული ემიგრაციის ცოცხალი მატიანეა, რომლის თვალწინ მთელმა ეპოქამ გაიარა. მისი ემიგრანტული ცხოვრება მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ტყვეთა ბანაკში დაიწყო და ამერიკის შეერთებული შტატების ქართველთა სათვისტომოში გაგრძელდა. სტუდენტობის მეორე წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1941 წლის სექტემბერში ნიკო თოფურია ჯარში გაიწვიეს, დეკემბერში როსტოვის ფრონტზე გაიყვანეს, რომელსაც ცხრა თვე გაუძლო, შემდეგ კი ტყვედ ჩავარდა. ომი უკვე დამთავრებული იყო, გაქცეულმა თავი იტალიელი პარტიზანების ბანაკს რომ შეაფარა. ისევე, როგორც ქართველების უმეტესობამ, ნიკომაც გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება. მოგვიანებით, უკვე საშუალო ხელფასზე მყოფი კაცისთვის, სახლის შეძენა მიღწევა იყო. სახლის პირველი სართული მიტო სინჯიკაშვილს, გაზეთ „ქართული აზრის“ რედაქტორს დაუთმეს. ნიკო ამ გაზეთის ექსპედიტორი იყო. ამ გაზეთების ორიგინალები დღესაც ინახება ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის არქივსა თუ საჯარო ბიბლიოთეკაში. მიუხედავად საინტერესო ცხოვრებისა, ყველა ემიგრანტის ოცნება სამშობლოში დაბრუნება იყო. ბატონი ნიკო იმ ბედნიერთა შორის აღმოჩნდა, ვისაც სამშობლოში ჩამოსვლის ოცნება აუხდა. საქართველოში ქართულად მოსაუბრე ადამიანების ნახვა, საკუთარ ოჯახში დაბრუნება მისთვის ხელახლა დაბადების ტოლფასი იყო.

⇒ ვალერიან ძამიას მიერ განვლილი გზაც არ ყოფილა ადვილი. ტყვეობიდან – გერმანიაში, იქიდან კი ამერიკამდე რთულად მიაღწია, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს ქართველობა, კითხულობდა ჩვენი ლიტერატურის შედევრებს: დიდოსტატის მარჯვენას“, მთვარის მოტაცებას“, მიხეილ ჯავახიშვილის რომანებსა და მოთხრობებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი სამშობლოსადმი მიძღვნილი სიტყვები: ჩემი და ყველა ქართველი ემიგრანტის ვალი იყო და არის: მუდამ გვახსოვდეს, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვქართველობდეთ და რასაც უნდა ვაკეთებდეთსაქართველოს წარმოვადგენდეთ, მის სახელს ვუფრთხილდებოდეთ!.. პასპორტში და ანკეტაში ჩაწერილი უტყუარი ცნობების გარდა, არსებობს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი საქართველოსადმი კუთვნილებისასამშობლოს სიყვარული, მასთან განშორების ათეულ წლებში გამოტარებული და ცხრა მთას იქით სათუთად შენახული სიყვარულის გრძნობა“.

1939 წელს ჯარში გაწვეული პეტრე ხვედელიძე მალევე ტყვედ ჩავარდა. ომში ნანახმა ბევრ რამეზე აუხილა თვალი. ომის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში, საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის პირველი ცხენოსანთა პოლკი, რომელშიც იმყოფებოდა პეტრე ხვედელიძე, ყაზარმაში დაბრუნდა. ამავე პერიოდში ის მეგობრობდა ბატ. ლევან ზურაბიშვილთან, რომელიც ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული. ლევილი პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. 1956 წელს ბატონმა პეტრემ საფრანგეთი დატოვა და ემიგრაცია აშშ-ში გააგრძელა, სადაც, მისი აზრით, მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, დახმარებოდა სამშობლოს. 1974 წელს, ანზორ კავსაძის გასტროლების დროს, პეტრემ კონცერტის 50 ბილეთი იყიდა და „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები დაპატიჟა, რათა ეჩვენებინა განსხვავება ქართულ და რუსულ სიმღერას შორის. იმედი არ გაცრუებია, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. სწორედ ამ დროს ჩაწერეს „ჩაკრულო“ და, მსოფლიოს სხვა მუსიკალურ შედევრებთან ერთად, კოსმოსში გაუშვეს.

ერთხელ გრიგოლ რობაქიძეს უთქვამს აკაკი პაპავასთვის: ემიგრანტობა ტრამვაით მოგზაურობაა: ვინ იცისვისთან ზიხარ, ვისთან მგზავრობშეგხედავს ხანდისხან შუშის თვალით, უსულოდ და უგრძნობლად, და თუ მას შენს შესახებ რაიმე ფიქრი ჩაესახა, ეს მხოლოდ ისაა, რომ შენ ჩქარა ჩამოხტე და ის უფრო ფართოდ დაჯდეს…“ – ნაწყვეტი ილია კუჭუხიძის ჩანახატიდან „ემიგრაცია“. არც ბატონ ილიასთვის ყოფილა გამონაკლისი ემიგრანტობის წლები, მასაც ისევე განუცდია ტრამვაით მოგზაურობის სიმწარე, როგორც მრავალ ქართველს, თუმცა, მასაც, სხვების მსგავსად, არ დაუკარგავს იდენტობა და პატრიოტობა. ილია კუჭუხიძე, 1961 წელს, მიუნხენში, მინდია ლაშაურის ფსევდონიმით, გამოქვეყნებულ წიგნში „ქართული სული„ წერს: საქართველო ლამაზი ფერიებისა და პარნასელთა მუზის დაუშრეტელი ქვეყანაა. ქართული რასა მსოფლიოში მშვენიერი რასაა და ქართული პოეზიის აღლუმი ძველი რომის ტრიუმფს არ ჩამოუვარდებაქართული ენა იყო ქართველ ემიგრანტთა უმეტესობისთვის ის სულიერი საზრდო, რაც მათ სასიცოცხლო ძალას აძლევდა. სამშობლოსა და ოჯახებისგნ მოცილების ტკივილს უმსუბუქებდა.“

1941 წელს ვახტანგ საყვარელიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, სადაც ომის დაწყებამაც მოუსწრო. მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა და კონტაქტი დაკარგა ოჯახთან. ომის დამთავრების შემდეგ, ჯერ ზალცბურგში (ავსტრია), შემდეგ კი აშშ-ში ცხოვრობდა. სწორედ ნიუ-იორკში ცხოვრებისას გაიცნო ასევე ტყვედ ნამყოფი ირაკლი მენთეშაშვილი, რომელიც შორიდანაც კი მამობას უწევდა საკუთარ შვილებს, რჩევა-დარიგებას აძლევდა სწავლასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვისაც გასათვალისწინებელია: მთავარია, არა მარტო სურვილი, განზრახვა და დაგეგმვა, არამედ ნებისყოფა, წინააღმდეგობათა გადალახვა და განზრახულის ასრულებასაჭიროა ნიჭის სწორად გამოყენება, ამა თუ იმ პირის უნარისა და მისწრაფების მიხედვითძალიან გთხოვ, მეტი სერიოზულობით მოჰკიდო ხელი მეცადინეობას. ეხლა გაჭირვება და მოკლება სჯობს, მერე სინანულს.“

სწორედ ირაკლი მენთეშაშვილის დახმარებით შეძლო ბატონმა ვახტანგმა ოჯახთან დაკავშირება. ის სანტა-ბარბარაში მოინახულეს შვილებმა, ქალბატონმა ნელიმ და ბატონმა თენგიზმა, შვილიშვილთან, ნინოსთან და მის მეუღლესთან, დავით კახნიაშვილთან ერთად. ქალბატონ ნელიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამის ხელით გაშენებულმა ადესის ხეივანმა და „ოცნების ხიდმა“, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა ერთისა, მასში ქვეცნობიერად განხორციელდა გაუნელებელი სევდა, სამშობლოს დაუოკებელი სიყვარული და მასზე ოცნება. ქველმოქმედების სახით, ბატონმა ვახტანგმა „საქართველოს უცხოეთთან წარსული და თანამედროვე ურთიერთობების საზოგადოების ფონდში“, ქალბატონ ნელის დახმარებით, 500 მანეთი გადაირიცხა. ასევე, ფინანსური დახმარება გაუწია პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს, რონალდ რეიგანს, რომელმაც, გაპრეზიდენტების შემდეგ, მადლობის წერილი და ხელმოწერილი სურათი გაუგზავნა.

⇒ ვახტანგ ჯობაძე მედიევისტი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის დეპარტამენტის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი იყო. როგორც უნივერსიტეტის ასპირანტს, „ჯავშანი ჰქონდა“ და ფრონტზე გაწვევა არ ეხებოდა, მიუხედავად ამისა, მოხალისედ წავიდა, ტყვედ ჩავარდა და მრავალი დაბრკოლება გადაიტანა. მართალია, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ იძულებული იყო, უცხოეთში დარჩენილიყო. ამერიკაში დასახლდა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოვლენასა და შესწავლას შეალია მთელი თავისი ენერგია. ანტიოქიაში 13 ქართული მონასტერი მოიძია, გათხარა მხოლოდ სამი, მათ შორის წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის სავანე და ადრექრისტიანული ხანის წმინდა ბარლაამის მონასტერი. 1981 წელს, კუნძულ კვიპროსზე, აღმოაჩინა ღალიის მონასტრის ნანგრევები, რომლის გათხრებისას, კონსერვაციის მეორე ეტაპზე, 2006-2007 წლებში, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების ჯგუფი მუშაობდა. ვახტანგ ჯობაძემ არაერთგზის მოიარა არტანუჯი, ენირაბატის ეკლესია (რომელიც შეიძლება შატბერდი იყოს), აგრეთვე ბორჩხისა და იმერხევის ქართული დასახლებანი. სამწუხაროდ, არქეოლოგიური კვლევების ჩატარება ვერ შეძლო, რაც საწყენია, რადგან იქ უნიკალურ ძეგლთა საქართველოა.

1921 წელს, ოკუპაციის გამო, ამერიკაში წასულმა მიხეილ გრიგორაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ამერიკისა და კანადის ავიამრეწველობაში – სწრაფ საბრძოლო თვითმფრინავთა მთელი ოჯახის დამუშავებაში მონაწილეობდა, გახდა მთავარი კონსტრუქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი ფირმის „BED AIRCRAFT“. ასევე, შექმნა ბევრი მრავალფუნქციური კომერციული თვითმფრინავი, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. იგი ავტორია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიაგამანადგურებელ-ბიპლანისა „გრეგორ FDB-1“.

 

მის თანაშემწეს, ალექსანდრე ქართველიშვილს, ნასასა და ამერიკულ სამხედრო ელიტაში დღემდე დიდ ქართველს უწოდებენ. ის „Republic avia-corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, თავდაცვის სამინისტროს 1940 წლის კონტრაქტით, მან შექმნა გამანადგურებელი P-47 „მეხთამფრქვევი“, რომელიც უნივერსალურ დაპირისპირებაში მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. „გამანადგურებლის მეფის“ – ქართველიშვილის სახელი შეტანილი იყო წიგნში „Who is who“. მას თითქმის არ უცხოვრია საქართველოში, ამის მიუხედავად, მაინც მთელი ცხოვრება საქართველოს სიყვარულში გაატარა, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. მთელი ცხოვრება ქართული საზოგადოების წევრი იყო, რის გამოც, რამდენჯერმე, პრობლემაც შეექმნა, მაგრამ მაინც ბოლომდე ამ საზოგადოების წევრად დარჩა და საწევროსაც იხდიდა. თუმცა, როცა ბატონმა რამაზ ბლუაშვილმა იპოვა და მოინახულა ქართველებისგან მიტოვებული მისი საფლავი, მესაფლავისგან გაკვირვება დაიმსახურა: თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მოხვედით აქ“.

ნინო კაპანაძე

სკოლალიცეუმმწიგნობართუხუცესის“ X კლასის მოსწავლე

 

P.S. აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიერ გადმოცემულმა არქივებმა ასოციაცია „კვალის“ დამაარსებელისა და პრეზიდენტის, შოთა ვაშაკიძის, პროექტის ხელმძღვანელის, ქეთევან ქიქოძისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის, გიორგი კეკელიძისა და ლევან თაქთაქიშვილის საერთო ძალისხმევით, ბინა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის კაბინეტში დაიდო.

♦ ვრცელი ინფორმაცია თითოეულ ემიგრანტზე შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.emigrantebi.weebly.com და გაზეთ „ახალი განათლების“ ნომრებში (2011, 12, 13, 14, 17, 19)

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები