ნონა მაჭარაშვილი
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი
გარემოსდაცვითი განათლების ფონდი (FEE), მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად მოუწოდებს საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს, ჩაერთონ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გლობალური მოქმედების დღეების ათდღიან კამპანიაში. სთავაზობს მათ, განახორციელონ სასწავლო პრაქტიკული აქტივობები შერჩეული თემის შესაბამისად და ამით გადადგან ქმედითი ნაბიჯები დედამიწის ეკოსისტემების გადასარჩენად. 2025 წელს გლობალური მოქმედების დღეების კამპანიის (GAD2025) მთავარი თემა იყო: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა. შემოთავაზებული იყო 5 აქტივობა, რომელთაგან თითოეული გარემოსდაცვითი წიგნიერების, თაობათაშორისი დისკუსიის და ბუნებასთან კავშირის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. კამპანიაში მონაწილეობა მსოფლიოს 144-მა ქვეყანამ მიიღო. ჩვენი სკოლა, წელს უკვე მეოთხედ, აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში და შემოთავაზებული ყველა აქტივობა შეასრულა.
სარგებელი, რომელსაც მოსწავლეები აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართვით იღებენ, არის მთელი რიგი გარემოსდაცვითი საკითხების გაცნობიერება პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობით. მოსწავლეებს უვითარდებათ გარემოზე ზრუნვის, ეკოსისტემაში ცალკეული სახეობების მნიშვნელობის გააზრების, გარემოზე ადამიანის უარყოფითი და დადებითი ზემოქმედების შედეგების გაცნობიერების უნარი. სწავლობენ დაკვირვებებით, ცდებით, ექსპერიმენტებით, როლური თამაშებით; ავლენენ შემოქმედებით უნარებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესი არის სახალისო. მოსწავლეები აცნობიერებენ იმას, რომ მათი მცირე ქმედებები უკავშირდება გლობალურ სამყაროს და თავს მსოფლიოს ნაწილად აღიქვამენ.
როგორც აღვნიშნე, 2025 წლის გლობალური მოქმედების დღეების კამპანია ეხებოდა ბიომრავალფეროვნების დაცვას და პლანეტის ეკოსისტემების აღდგენას, თითოეული აქტივობა, ჭიაყელების საოცარი სამყაროს შესწავლიდან დაწყებული და ფოტოგრაფიით გადმოცემული ბუნების სილამაზისა და ბუნებით შთაგონებული წვეულებით დამთავრებული, პირდაპირ უჭერდა მხარს გაეროს ეკოსისტემის აღდგენის ათწლეულს. გლობალური მოქმედების დღეების მონაწილეებმა, ორი კვირის განმავლობაში, გაიაზრეს ჯანსაღი ნიადაგის, ტყეებისა და ფაუნის ცალკეული სახეობების მნიშვნელობა. თაობებს შორის ცოდნის გაზიარებისა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით განხორციელებული აქტივობების მეშვეობით იმსჯელეს გარემოს დაცვის ეკომეგობრულ ხერხებზე. მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ნაწილი.
პირველი აქტივობა იყო ჭიაყელების საოცარი სამყაროს გაცნობა. მოსწავლეებმა თეორიულად შეიტყვეს, რომ ჭიაყელები ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რაც მეტია ნიადაგში ჭიაყელა, მით მეტად ჯანსაღია ნიადაგი. ისინი ნიადაგს ამდიდრებენ სასარგებლო ნუტრიენტებით, კვებით ჯაჭვში კი მათი როლი იმით განისაზღვრება, რომ ამზადებენ საკვებს ზღარბების, ბაყაყებისა და ფრინველებისათვის. მათ მიიღეს ინფორმაცია დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ჭიაყელების ტიპების შესახებ. ამის შემდეგ კი განახორციელეს შემდეგი პრაქტიკული აქტივობა: სკოლის ეზოში, 1 კვადრატულ მეტრზე, მოძებნეს ჭიაყელები. დაითვალეს მათი რაოდენობა, დაკვირვებით დაადგინეს რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა, გაზომეს ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ჭიაყელას სიგრძე, ჩაინიშნეს მიღებული მონაცემები და სოციალურ ქსელში, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის ფეისბუქგვერდზე, განათავსეს ინფორმაცია, მონიშვნით soilsafari. ასე გაუწიეს დახმარება იმ ორგანიზაციას, რომელიც დედამიწაზე ჭიაყელების გავრცელების რუკას ადგენს.
მეორე აქტივობა იყო ექსპერიმენტი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა დაადგინეს კავშირი ტყეებსა და წყალს შორის, როგორ არეგულირებს ტყე წყალს ნიადაგში და როგორ გვიცავენ ხეები წყალდიდობისა და დაბინძურებისგან. ექსპერიმენტისთვის გამოიყენეს ორი ქოთანი. ერთი – მცენარით და მეორე ნიადაგით – მცენარის გარეშე. თითოეულ ქოთანს, ერთდროულად, დაასხეს 500 მლ წყალი და 2 წუთის განმავლობაში დაელოდნენ. 2 წუთის შემდეგ შეადარეს ჩამონადენის რაოდენობა ორივე ქოთნიდან და შეავსეს დაკვირვების ცხრილი:
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს:
- რატომ არის განსხვავება ორივე ქოთნიდან ჩამონადენის მოცულობას შორის?
იმიტომ, რომ ნიადაგში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმები და მცენარის ფესვები ქმნიან სივრცეებსა და ხვრელებს ნიადაგში, ეს კი ხელს უწყობს წყლის შენახვას.
- ახსენით, რატომ განსხვავდება ორივე ქოთნიდან ჩამონადენი წყალი ფერით ერთმანეთისგან?
შიშველი ნიადაგიდან ჩამონადენი წყალი უფრო მუქია და შეიცავს მეტ ნაწილაკებს იმიტომ, რომ მასში არ არის მცენარე, რომელიც ფესვებით შეაკავშირებს ნიადაგის ნაწილაკებს, რაც ხელს შეუშლის ნიადაგის დაკარგვას.
- შეუძლიათ თუ არა ხე-მცენარეებს თავიდან აგვაცილოს წყალდიდობა?
დიახ, ამას ხე-მცენარეები ახერხებენ ფესვებით.
- შეუძლიათ თუ არა ხეებს დაბინძურების თავიდან აცილება?
დიახ, ხის ფესვები აკავშირებს ნიადაგს და ეს ხელს უშლის ნიადაგისა და სხვა მასალების ნაწილაკებს, წყლის დინებაში შეაღწიონ. ისინი ახორციელებენ წყლის ფილტრაციას, ასუფთავებენ ნიადაგსა და წყალს.
მოსწავლეთათვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა „ბუნების თვალით ხედვა“. მოიმარჯვეს ფოტოაპარატები და სკოლის მიმდებარე ეკოსისტემაში დააფიქსირეს ადამიანის დაუდევარი ქმედებებით წლების წინ გადამწვარი ტყე გამხმარი ნაძვის ხეებით. მათ ასევე დააფიქსირეს ადამიანის სწორი მოქცევის შედეგი, კერძოდ, ფრინველების სახლები სკოლის ეზოში, რომლებიც გასულ წელს თვითონ დაამზადეს პროექტის ფარგლებში. მოსწავლეებმა გამხმარი ნაძვის ხეებისა და მადლიერი ფრინველების ფიქრები წერილობით გადმოსცეს და შესაბამისი ილუსტრაციაც შექმნეს.
გლობალური მოქმედების დღეების ბოლო აქტივობა „ბუნებისგან შთაგონებული წვეულება“, ორმაგად სახალისო და შემეცნებითი გამოდგა მოსწავლეთათვის. მათ მონაწილეობა მიიღეს ეკოწვეულებაში, სადაც ტყის ბინადრებისა და მწერების როლები განასახიერეს, გაიაზრეს თითოეული სახეობის მნიშვნელობა გარემოში. პერსონაჟების დეკორაციის მოსამზადებლად გადამუშავებადი ნარჩენები გამოიყენეს, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ის, რისი გამოყენებაც შეიძლება, არ შეიძლება ითვლებოდეს ნარჩენად და არ უნდა ხვდებოდეს ნაგავსაყრელზე, ამით თავიდან ავიცილებთ დაბინძურებას და დედამიწაც ამოისუნთქავს.
ამრიგად, გლობალური მოქმედების დღეების კამპანიაში მონაწილეობით მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწაზე ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. თითოეულ ადამიანს და ცოცხალ არსებას თავისი თვისებები აქვს. ჩვენ ყველას გვაქვს ადგილი ამ დედამიწაზე, ყველას გვჭირდება და გვმართებს ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ მას.