ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, გია ხუბუამ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტოვებს პოსტს. მიზეზად მან პირადი გეგმები დაასახელა და სურვილი, დრო დაუთმოს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.
წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში.“ – წერს ის.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. 2007-2010 წლებში, იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ამ პოსტის დატოვების მიზეზად, მაშინაც, აკადემიურ საქმიანობაში პირადი გეგმები დაასახელა.