მაკა ქენქაძე
გორის №2 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური პედაგოგი
◊ პირველი ნაბიჯი
ინკლუზიური განათლებისკენ
ჩემს ცხოვრებაში ინკლუზიური განათლების მიმართ ინტერესი პირველად მაშინ გამიჩნდა, როდესაც ვესტუმრე სკოლას, სადაც ადრე თავად ვსწავლობდი. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, შემთხვევით, მომიწია დახმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთვის დავალების შესრულებაში. მასწავლებელმა ჩემი ჩართულობა დადებითად შეაფასა, თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად ჩამრჩა მეხსიერებაში, იყო იმ ბავშვის მადლიერებით სავსე თვალები. ეს პატარა ეპიზოდი ჩემთვის დიდი მოტივაცია გახდა – გამიღვიძა ინტერესი, გამეგო მეტი ინკლუზიური განათლების შესახებ.
საწყის ეტაპზე დავიწყე ფსიქოლოგიური ლიტერატურის გაცნობა, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკობრივ განვითარებაზე. ვესწრებოდი შეხვედრებსა და სემინარებს, რომლებიც ინკლუზიურ განათლებას ეხებოდა. 2015 წელს გადავდგი პირველი პრაქტიკული ნაბიჯი და დავიწყე მუშაობა სპეციალურ პედაგოგად. მაშინ ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში საზოგადოებაში საკმაოდ დაბალი იყო ცნობიერება ინკლუზიური განათლების მნიშვნელობის შესახებ.
თავდაპირველად, ჩემი სამუშაო წლები სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა ამან უფრო მეტი სტიმული მომცა. ვიცოდი, რომ საკუთარი თავის პროფესიულად განვითარება იყო ამ გზაზე მთავარი მოთხოვნა. ჩვენი პროფესია მუდმივ განვითარებას, კვლევასა და სიახლეებთან ადაპტაციას მოითხოვს – ამ პროცესში დღემდე აქტიურად ვარ ჩართული.
2017 წელს მივიღე მონაწილეობა „რეგიონულ ტურში სპეციალური მასწავლებლებისთვის“, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და ერთდროულად, დიდი გამოწვევაც იყო. ჩემი სუპერვიზორი ნანი ნათელაშვილი გახლდათ – ადამიანი, რომლისგანაც უამრავი რამ ვისწავლე. ამ ტურის ფარგლებში საშუალება მქონდა დავკვირვებოდი გამოცდილი პედაგოგების პრაქტიკას: როგორ რთავდნენ სსსმ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, როგორ ამყარებდნენ ეფექტურ კომუნიკაციას მშობლებთან, როგორ მუშაობდნენ ინდივიდუალურად რესურსოთახში და სხვა.
ყველა ამ გამოცდილებამ ჩემს პროფესიულ გზას მისცა სიღრმე, გაზარდა ინტერესი და გამიმყარა რწმენა, რომ ინკლუზიური განათლება არ არის მხოლოდ სწავლება – ეს არის ემპათია, ურთიერთგაგება და მუდმივი განვითარება.
2021 წელს ჩავაბარე სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მომენიჭა უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
◊ სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე
სპეციალური მასწავლებლის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე სინამდვილეში სავსეა სიახლეებითა და ყოველდღიური გამოწვევებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სკოლაში პირველად მოდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და საპასუხისმგებლო ეტაპია ტრანზიციის პროცესი – ის პერიოდი, როდესაც მოსწავლე საბავშვო ბაღიდან გადადის სკოლის გარემოში. ეს პროცესი არ იწყება პირველ სასწავლო დღეს – მე თვეებით ადრე ვიწყებ მუშაობას, რათა ეს პროცესი მოსწავლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და უმტკივნეულო იყოს.
ტრანზიციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები: მშობელი, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი, ბავშვთან მომუშავე სპეციალისტები (ქცევის თერაპევტი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვ.), მომავალი კლასის დამრიგებელი. მთელ ამ პროცესს ორგანიზებას სპეციალური პედაგოგი უწევს, ხოლო სკოლის დირექციის მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს წარმატებული ტრანზიციისთვის.
ჩემი სამუშაო დღე იწყება საკლასო ოთახებში მოსწავლეების მონახულებით. საჭიროების შემთხვევაში, ვესწრები გაკვეთილებს, რათა დავაკვირდე მოსწავლის ჩართულობას როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო აქტივობებში. ეს მაძლევს საშუალებას, დავინახო მოსწავლის პროგრესი, შევაფასო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და მივაწოდო შესაბამისი რეკომენდაციები.
მჭიდროდ ვთანამშრომლობ საგნის მასწავლებლებთან და დამრიგებლებთან – ერთად ვგეგმავთ სწავლების ადაპტირებულ სტრატეგიებს. საჭიროების შემთხვევაში, ვნიშნავ ი.ს.გ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, სადაც უკვე ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ძირითადი სირთულეები, რასაც სამუშაო პროცესში ვაწყდები: ახალ მოსწავლეებთან მუშაობის დაწყება და მათი გარემოსთან ადაპტაცია; მასწავლებლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების შესახებ; ინდივიდუალური გეგმის მუდმივი გადახედვა და მოდიფიცირება მოსწავლის პროგრესის მიხედვით; რესურსების (დამხმარე მასალის, დროის, სპეციალისტების) ნაკლებობა; ემოციური გადატვირთვა – ხშირად საჭიროა დიდი ენერგია, მოთმინება და ემპათია, რათა მოსწავლეს გაუწიო ეფექტური და გრძელვადიანი მხარდაჭერა.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ყოველი პატარა ნაბიჯი, რომელსაც მოსწავლე გადადგამს წინ – იქნება ეს პირველი ნათქვამი სიტყვა, გაკვეთილზე ხელის აწევა ან თანატოლთან თამაში – ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და პროფესიული კმაყოფილების წყაროა. ეს არის გზა, რომელიც მუდმივ განვითარებას, ძიებას და გულით შრომას მოითხოვს.
◊ გამოცდილებიდან – მოსწავლეებზე და მათთან მუშაობის მეთოდებზე
ამჟამად სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთისგან ინდივიდუალურობით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. თითოეული მათგანი თბილი, მოსიყვარულე, გულწრფელი და განსაკუთრებული ბავშვია, რის გამოც ყველა მათგანთან მუშაობას ინდივიდუალურად ვუდგები.
ვცდილობ, თითოეულს მივაწოდო მრავალფეროვანი, სახალისო და მათთვის საინტერესო სასწავლო რესურსები. ხშირ შემთხვევაში, მალე ბეზრდებათ ერთფეროვანი აქტივობები, ამიტომ, როცა მათი შესაძლებლობები (მათ შორის მოტორული უნარები) ამის საშუალებას მაძლევს, ერთად ვქმნით სხვადასხვა სახის რესურსს. ეს პროცესი მათთვის განსაკუთრებით სახალისო და შემოქმედებითია, რაც მოსწავლეებში ამაღლებს მოტივაციას და სასწავლო პროცესს უფრო შედეგიანს ხდის.
ვფიქრობ, წარმატებული პედაგოგიური ურთიერთობის საფუძველი მოსწავლის ნდობის მოპოვებაა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მასწავლებელი მათი მეგობარია – ადამიანი, რომელსაც შეუძლიათ ენდონ და რომელიც ყოველთვის მზად არის, გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს მათ განვითარების გზაზე.
◊ მიდგომა/აქტივობა, რომელმაც ყველაზე კარგად იმუშავა სსსმ მოსწავლეებთან
ჩემი გამოცდილებით, სსსმ მოსწავლეებთან მუშაობისას, ერთ კონკრეტულ მიდგომაზე საუბარი რთულია, რადგან წარმატება ყოველთვის „ჯაჭვური პროცესის“ შედეგია. ყველაფერი იწყება მოსწავლის სკოლაში შემოსვლით – სწორედ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გარემოს სწორად შეფასება და მოსწავლის საჭიროებების ამოცნობა. ამის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობელთან ეფექტურ კომუნიკაციას: მშობელი უნდა იყოს პროცესის აქტიური მონაწილე და ინფორმირებული ყველა იმ საკითხზე, რაც მის შვილს ეხება; მნიშვნელოვანია ასევე ინდივიდუალური სამუშაო ჯგუფების შექმნა და საგნის პედაგოგების აქტიური თანამშრომლობა სპეციალურ პედაგოგთან. მხოლოდ ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი მოსწავლის შესაძლებლობებისა და აქტუალური დონის ზუსტად განსაზღვრა.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა უნდა მოხდეს არა ფორმალურად ან შაბლონურად, არამედ სიღრმისეულად გაანალიზებული მონაცემების საფუძველზე, სადაც თითოეული მიზანი მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლის უნარებსა და საჭიროებებზე. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ბავშვის პროგრესს და ზრდის მოტივაციას სწავლის პროცესში.
ჩემს კოლეგებს ვურჩევდი: თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლე გყავთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, იმოქმედოთ გუნდური მუშაობის პრინციპით. ითანამშრომლეთ როგორც მშობელთან, ისე სპეციალურ პედაგოგთან, ერთად დაგეგმეთ და განახორციელეთ სასწავლო პროცესის ყველა ეტაპი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციული შეხვედრების გამართვას სხვა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ეს ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას, გაზრდის თანაგრძნობასა და ტოლერანტობას, ხოლო დისკომფორტისა და სტიგმის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
◊ არის თუ არა ქვეყანაში სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი?
სამწუხაროდ, დღესაც ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება ქვეყანაში სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი. ჩემი პირადი გამოცდილებით, დაახლოებით 10 წლის წინ, როცა მუშაობა დავიწყე, ხშირად ვგრძნობდი, რომ საზოგადოება სრულად ვერ აცნობიერებდა სპეციალური პედაგოგის როლსა და მნიშვნელობას. მაშინ ბევრს არ ჰქონდა წარმოდგენა, რა კონკრეტული ფუნქციები აკისრია სპეციალურ მასწავლებელს და რამდენად აუცილებელია მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში. ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იქნებოდა და საზოგადოების ცნობიერება თანდათან შეიცვლებოდა, თუმცა დღესაც ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა სპეციალური პედაგოგის საჭიროება ეჭვქვეშ დგება.
სპეცპედაგოგებს ხშირად გვესმის ასეთი შეკითხვა – „თუ ინდივიდუალურ გეგმას საგნის მასწავლებელი წერს, რაღა საჭიროა სპეციალური პედაგოგი?“ – რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ნაკლებად არის დანახული ჩვენი პროფესიის სიღრმე და მნიშვნელობა.
გულდასაწყვეტია, როცა ვერ აღიქმება ის ფაქტი, რომ სპეციალური პედაგოგის მთავარი ამოცანა მოსწავლის უნარების, საჭიროებებისა და განვითარების დონის სიღრმისეული გაანალიზება, ინდივიდუალური მიდგომების სწორად დაგეგმვა და საგნის პედაგოგებთან თანამშრომლობით, ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაა.
ვფიქრობ, აუცილებელია მეტი საინფორმაციო კამპანია, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული მაგალითების წარმოჩენა, რათა საზოგადოებამ, მშობლებმა და კოლეგებმაც უფრო მკაფიოდ დაინახონ სპეციალური პედაგოგის როლი ინკლუზიურ განათლებაში. ვფიქრობ, არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სპეციალური პედაგოგების პროფესიული მხარდაჭერა და მათი როლის მეტად წარმოჩენა საზოგადოებაში. საჭიროა რეგულარული ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება პროფესიული ზრდისთვის.
◊ შშმ და სსსმ მოსწავლეთა მიმართ სტიგმა ჯერ კიდევ ძლიერია
აქტიურად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მშობლები განათლებისთვის“. მათ გამოაქვეყნეს გამოწვევების ჩამონათვალი, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ექმნებოდათ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს. მათ შორის დასახელებული იყო შშმ და სსსმ მოსწავლეთა მიმართ არსებული სტიგმა. 2022 წელს ჩვენი სკოლაც ჩართული იყო ამ პროექტში. მივიღეთ მონაწილეობა ინტერაქტიულ ტრენინგში, რომელიც მიზნად ისახავდა მხარდამჭერი და ინკლუზიური სოციალური გარემოს ჩამოყალიბებას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შშმ ბავშვებისათვის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფას.
ორგანიზაციის წევრებმა, ინკლუზიური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვედრები ჩაატარეს სასკოლო საზოგადოებასთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ეს შეხვედრები ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების გაზრდაში. მიუხედავად უამრავი ტრენინგის და საინფორმაციო შეხვედრისა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც რჩება აღნიშნული პრობლემა სკოლებში…