ვინ ირჩევს მასწავლებლის პროფესიას? ამ კითხვამ გააჩინა იდეა – საზოგადოებას გავაცნოთ ახალგაზრდები, რომლებიც განათლების ფაკულტეტზე აბარებენ და მომავალს პედაგოგიურ საქმიანობას უკავშირებენ. გადავწყვიტეთ, პირველი წერილი იმ სტუდენტების გაცნობით დაგვეწყო, რომლებიც, წახალისების მიზნით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა თავის სტიპენდიანტებად აქცია. 6 რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 სტუდენტი, წარჩინებული სწავლისა და მასწავლებლის პროფესიის არჩევის გამო, ფონდის სტიპენდიანტი გახდა. კანდიდატ სტიპენდიანტებს, თავად უნივერსიტეტები არჩევენ და წარუდგენენ ფონდს, რომელთა შორის საუკეთესოებს ფონდი სტიპენდიას უნიშნავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სტუდენტების წარდგენისას გავითვალისწინეთ, გენდერული ნიშანია – დღეს მასწავლებლის პროფესიაში მამაკაცები უმცირესობაში არიან, არც მომავალ მასწავლებლებს შორის არიან ბევრნი – 60 სტიპენდიანტ სტუდენტს შორის მხოლოდ ორია.
ამ წერილში სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით. თუმცა, მანამდე, ფონდის დირექტორის, ზურა კერვალიშვილის მცირე ინტერვიუს შემოგთვაზებთ, თუ რატომ გადაწყვიტა ფონდმა განათლების ფაკულტეტის სტუდენტების – მომავალი მასწავლებლების – მხარდაჭერა.
☑️ბატონო ზურაბ, ფონდი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს, თუმცა, მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა, ვფიქრობ, განსაკუთრებული ინიციატივაა.
🔘 ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ჩვენი მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ განათლების ხარისხის დონის ამაღლებას და გაუმჯობესებას. როცა განათლების ხარისხზე ვსაუბრობთ, ცხადია, ამას ბევრი რამ განსაზღვრავს, თუმცა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი რგოლი აქ მასწავლებელია. ამიტომ, ჩვენი საქმიანობის პირველივე დღიდან, დავიწყეთ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდაჭერა, რომლის მიზანი, ერთი მხრივ, პროფესიის პოპულარიზებაა, მეორე მხრივ, ღირსეული და წარმატებული მასწავლებლების, რომლებიც საბედნიეროდ ბევრი გვყავს სისტემაში, წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა. აუცილებლად უნდა იცნობდნენ ჩვენი მოქალაქეები მათ, ამ ადამიანებს დაფასება და მადლობის თქმა სჭირდებათ. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ჯილდოს პროექტი. ამის გარდა, ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთი მსგავსი პროექტი დავაფინანსეთ, უკვე რეგიონულ დონეზე, როცა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების რეგიონული კონკურსი ჩატარდა. ესეც ზუსტად იმავე მიზანს ემსახურება, უბრალოდ, რეგიონულ დონეზე გვინდოდა წარმატებული მასწავლებლების წარმოჩენა.
ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა სისტემაში, მაგალითად, თუნდაც ის, რომ, დაახლოებით, 6 ათასი საპენსიო ასაკის მასწავლებელი წავიდა სისტემიდან, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მასწავლებელთა დიდი ნაწილის საშუალო ასაკი, სამწუხაროდ, ახლოსაა საპენსიო ასაკთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ სისტემა, შეიძლება, კადრების დეფიციტის პირისპირ აღმოჩნდეს. შესაბამისად, ამ პროფესიაში საუკეთესო ახალგაზრდა კადრები უნდა მოვიზიდოთ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მასწავლებლის პროფესიაში საკმაოდ დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეები მიდიან, ამ ყველაფერს კი, აუცილებლად სჭირდება შეცვლა და გაუმჯობესება. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, თანმიმდევრულები ვყოფილიყავით და, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებასთან ერთად, პროფესიაში უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მაღალი მოტივაციის ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი მასწავლებლების, მოზიდვისთვის შეგვეწყო ხელი. ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მომავალ მასწავლებლებად მოიაზრებიან თუ არა განათლების ფაკულტეტის სტუდენტები. ამიტომაც შევეცადეთ, მათთვის სტიპენდიების დანიშვნით, გარკვეული წამახალისებელი მექანიზმი და ინსტრუმენტი შემოგვეტანა. რეალურად, ამით სტუდენტები მართლა გახდნენ უფრო მონდომებულები, კარგად ისწავლონ და მიიღონ ჩვენი სტიპენდია.
ვფიქრობ, ეს ინიციატივა ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელი მოსწავლეებისთვისაც, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და ორჭოფობს წავიდეს თუ არა მასწავლებლის პროფესიაში. ერთგვარი ბიძგიც შეძლება აღმოჩნდეს ჩვენი სტიპენდია, რომ მათ მასწავლებლის პროფესია აირჩიონ. ამდენად, ჩვენი წახალისებით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებასაც ვუჭერთ მხარს, რასაც სხვა პროექტებიც ემსახურება და მეორე მხრივ, იმასაც, რომ მეტი კონკურენცია შეიქმნას განათლების ფაკულტეტზე და საუკეთესომ გადაწყვიტოს ამ პროფესიის არჩევა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასწავლებლის პროფესიის საერთო დონის ამაღლებას ემსახურება, რაც, თავის მხრივ, განათლების ხარისხზე იქონიებს გავლენას. ასე შევკარით ერთგვარი ჯაჭვი და თანმიმდევრულად დავინახეთ ეს პროცესი. ვფიქრობთ, ეს კონკრეტული ინიციატივა ხელს შეუწყობს მომავალი მასწავლებლების საუკეთესო ნაკადების გამოშვებას.
☑️ რამდენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ და გეგმავთ თუ არა პროექტის მასშტაბის ზრდას?
🔘 ეს პროექტი, 2020 წელს, სამ რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დავიწყეთ. შარშან კიდევ სამი უნივერსიტეტი დავამატეთ. დღეს, საერთო ჯამში, ჩვენს პროექტში 6 სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული და თითოეულში 10 სტიპენდიანტი სტუდენდი გვყავს. ჩვენი მომავალი მასწავლებელი სტუდენტები, თვეში, სტიპენდიის სახით, 150 ლარს იღებენ.
რაც შეეხება პროექტის მასშტაბის ზრდას, ვფიქრობთ, აქ უნივერსიტეტების აქტიურობაც მნიშვნელოვანია. ფონდი სიამოვნებით ითანამშრომლებს სხვა უნივერსიტეტებთანაც. მთავარი აქცენტი მაინც რეგიონებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გავაკეთეთ. ჩვენი აზრით, მათ მეტი ყურადღება და მოტივაცია სჭირდებათ.
☑️ აუცილებლად მინდა გკითხოთ, როგორ იმოქმედა ამ ინიციატივამ სტუდენტთა მოტივაციაზე, როგორი გამოხმაურებაა მათი მხრიდან?
🔘 ერთმნიშვნელოვნად, ძალიან პოზიტიური გამოხმაურებაა არა მხოლოდ სტუდენტებისგან, არამედ უნივერსიტეტებისგანაც – რექტორების, დეკანების მხრიდან. აღნიშნავენ, რომ მოთხოვნაც გაიზარდა ამ ფაკულტეტზე და ერთგვარი კონკურენციაც გაჩნდა სტუდენტებს შორის, თუნდაც იმის გამო, ვინ დაიმსახურებს სტიპენდიას – თავისთავად, სტუდენტი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ სტიპენდია დაენიშნოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ სტიპენდიის გარდა, სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საინტერესო აქტივობაც წამოვიწყეთ. ჩვენს ინიციატივას მხარი აუბეს იმ ორგანიზაციებმა, ვისთანაც ვთანამშრომლობთ: ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა მასწავლებლებმა – „ათეულთა კლუბის წევრებმა; „კოალიციამ – განათლება ყველასათვის“. სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, ანუ ფულადი წახალისების გარდა, მათ დამატებითი სიკეთეებიც მიიღეს. გამოცდილი და პროფესიონალი მასწავლებლების მიერ ჩატარებული ტრენინგები და ვორქშოპები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მომავალი მასწავლებლებისთვის. სამწუხაროდ, სკოლები, პანდემიის გამო, გარკვეულწილად, შეზღუდულები არიან, ადგილზე მიიღონ სტუდენტები, თორემ, ინიციატივაში ჩართვის მზადყოფნა ბევრმა სკოლამ გამოთქვა. მხარი დაგვიჭირეს ასევე „ლიდერობის კონკურსში“ ჩართულმა დირექტორებმა და რეგიონული კონკურსის გამარჯვებულმა მასწავლებლებმა, თუმცა, როგორც გითხარით, პანდემიის გამო, ჯერჯერობით, სტუდენტების სკოლებში შესვლა ვერ მოხერხდა. მასწავლებლებმა კი ძალიან ბევრი პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, სოხუმის უნივერსიტეტში, „ათეულთა კლუბის“ წევრმა, ლელა კოტორაშვილმა გაუზიარა სტუდენტებს საუკეთესო გამოცდილება; მაკა რაზმაძემ საინტერესო სემინარი შესთავაზა ჩვენს სტიპენდიანტებს, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტში გაიმართა სპეციალური ღონისძიებები და ტრენინგები. სასიამოვნოა, რომ ეს პროფესიული კვეთა და გამოცდილების გაზიარება ერთჯერადი არ არის და სისტემატურად იგეგმება სტუდენტებისთვის მათზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიებები. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მასწავლებლის სახლიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. უახლოეს მომავალში, ფონდის სტიპენდიანტებისთვის დაგეგმილი აქვთ მსგავსი ღონისძიებები. ბევრი საინტერესო რამ ხდება მათ ირგვლივ. დღეს სტიპენდიანტებს უკვე სტუდენტური კლუბიც აქვთ და საერთო სივრცეში განიხილავენ საინტერესო პროექტებს და ერთობლივად გეგმავენ ახალ ტრენინგებსა და სემინარებს. ახალი იდეების განხორციელებაში კი უნივერსიტეტებთან ერთად ჩვენი სხვა გრანტიორები და პარტნიორებიც ეხმარებიან.
როგორც გითხარით, ამჟამად, სულ 60 სტიპენდიანტი გვყავს და მათგან მხოლოდ ორია ბიჭი – ერთი გორის უნივერსიტეტში სწავლობს და მეორე — ბათუმში. ძალიან მონდომებული და მოტივირებული სტუდენტები არიან, დიდი სურვილი აქვთ, მომავალ პროფესიაში იყვნენ წარმატებულები. როცა ამას ვხედავთ, თავისთავად, ჩვენი მხრიდანაც უფრო იზრდება ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მოტივაცია.
♦♦♦
როგორც დასაწყისში გითხარით, ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმრები მომავალი მამაკაცი მასწავლებლები არიან, ბიჭები, რომლებმაც პროფესიად პედაგოგობა იმისთვის აირჩიეს, რომ სურთ წარმატებული იყვნენ და განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები მცირედით მაინც შეცვალონ, დაამსხვრიონ საზოგადოებაში არსებული მავნე სტერეოტიპები და სამყარო უკეთესი გახადონ.
გიორგი ელიაური – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
ოსური წარმომავლობის ქართველი სტუდენტი, რომელმაც პროფესია მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირა, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და სიბეჯითით, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასწავლებლობა ის პროფესიაა, რომლის შესწავლაც ნამდვილად ღირს. სწორედ ამ გამორჩეული დამოკიდებულების გამო გახდა იგი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი.
გვიყვება, რომ პედაგოგობისადმი ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. პატარაობაში მისი საყვარელი თამაში სწორედ „მასწავლებლობანა“ იყო. უყვარდა, როდესაც თავის ძმას და მეზობელ ბავშვებს სახალისო გაკვეთილებს უტარებდა, თუმცა სტერეოტიპულმა ხედვამ, რომ „მასწავლებლობა კაცების საქმე არაა“ და რჩევებმა, რომ ეს ძალიან დაუფასებელი პროფესიაა, გიორგიზე დიდი გავლენა მოახდინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საბოლოო არჩევანის მიღება გაუჭირდა. და მაინც, იმის გაცნობიერებამ, რომ ვერც ერთ სხვა პროფესიასთან მას ისეთი ძლიერი კავშირი ვერ ექნებოდა, როგორც მასწავლებლობასთან, აბიტურიენტი ბიჭის ცხოვრება მაინც პედაგოგობას დაუკავშირა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებამ კი, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ამ არჩევანს არასოდეს ინანებდა.
გიორგი ეთნიკურად ოსია, ცხინვალის რაიონის სოფელ ვილდადანაა, თუმცა, 2008 წლიდან მოყოლებული გორში ცხოვრობს. ცდილობს, ოსური ენა სხვებსაც ასწავლოს, რისთვისაც ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. პარალელურად კი, ჟურნალისტობასაც ითავსებს: „2008 წელს დედამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა მშობლიური სოფელი ვილდა და წამოვსულიყავით. ბევრმა რთულმა წელმა განვლო მას შემდეგ, უცხო მხარეში; თუმცა, აი, მე აქ ვარ. ვარ სტუდენტი, პარალელურად, ვმუშაობ ჟურნალისტად. შიდა ქართლში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის შესახებ ვიღებთ ოსურენოვან რეპორტაჟებს, რაც ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია, რადგან საქართველოში საჯაროდ ისმის ოსური საუბარი. ასევე, სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლი ოსურ ენას მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ოსური არ მისწავლია,“ – ამბობს გიორგი.
წარმატებული სტუდენტი თავისუფალ დროსაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობითაა დაკავებული – წერს მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებს; თარგმნის ქართველი მკითხველისთვის უცნობ ოსურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; ძალიან უყვარს კითხვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. მისი საყვარელი ფრაზაა: „არც ერთი დღე მეცადინეობის გარეშე“, რომელიც რომაული გამონათქვამიდან – „Nulla dies sine linea“ იღებს სათავეს და გიორგიც ცდილობს, ეს ფრაზა თავის ცხოვრებას მოარგოს.
მომავალი მასწავლებელი ამბობს, რომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტობამ კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ მასწავლებლობა საქართველოში დაფასებულია და ეს ფაქტორი მისთვის, როგორც მომავალი პედაგოგისთვის, მატერიალურ კეთილდღეობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
გიორგი მოსიძე – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სტუდენტი
გიორგი მოსიძე აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში არსებულ მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში გაიზარდა და სკოლის პირველი 9 წელი ამავე პანსიონში გაიარა. გულისტკივილით იხსენებს იმ სტერეოტიპულ ფრაზებსა და შეხედულებებს, რომელიც ხშირად მოუსმენია ადამიანებისგან, რომ ბავშვთა სახლში გაზრდილი სხვებივით წარმატებული და რეალიზებული ვერ იქნებოდა… ეს მისთვის ერთგვარი მოტივატორიც კი გახდა, თავისი წარმატებით დაემტკიცებინა ადამიანებისთვის, რომ სცდებოდნენ – უნივერსიტეტშიც ჩააბარა, წარმატებით სწავლობს და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტიც გახდა.
„ხშირად მსმენია ასეთი ფრაზები: „ეს ბავშვთა სახლშია გაზრდილი და არ იქნება ნორმალური“ ან „უი, რა სირცხვილია, ბავშვთა სახლში გაიზარდე?“ მინდა, ეს სტერეოტიპები დავარღვიო და ვთქვა, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სად გაიზრდები. ალბათ, ყველას აკლია ცხოვრებაში რაღაც. დამიჯერეთ, მე ბევრი რამ მაკლდა, მათ შორის ოჯახი, რომელიც ჩემგან შორს იყო, მაგრამ მადლიერი ვარ, რადგან იქ, სადაც გავიზარდე, ჩემი მეორე ოჯახია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულს ამისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადო. სრულყოფილი ცხოვრება არავის აქვს. ამიტომაც, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს,“ – ამბობს გიორგი.
მასწავლებლობა სულაც არ ყოფილა მისი ბავშვობის ოცნება, ყოველთვის სურდა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, ბავშვობაში, სწავლისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ისეთი მასწავლებლები გამოჩნდნენ, რომლებმაც მისი შეხედულებები რადიკალურად შეცვალეს და დიდი მოტივაციაც გაუჩინეს. საბოლოოდ, პროფესიის არჩევანიც ამან განაპირობა:
„მახსოვს იმ მასწავლებლების ერთგულება და მხარდაჭერა სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩემი მომავალი ბეწვის ხიდზე გადიოდა. სწორედ ეს დამრჩა მათგან და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც ჩემში დაინახა პერსპექტივის ნაპერწკალი, რომელიც არ ჩააქრო და იმათაც, ვინც ჩათვალა, რომ მომავალი არ მაქვს, რადგან ამ აზრმა მეტი გამბედაობა და შრომისადმი სიყვარული შემძინა“.
გიორგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელმაც აბიტურიენტობისას საკუთარი გზის პოვნა გაუადვილა: „ჩემი მთავარი მოტივატორი იყო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი ნინო სურმანიძე, რომელმაც უზომოდ შემაყვარა თავიც და მასწავლებლობაც.“
ახალგაზრდა სტიპენდიანტი სკოლებში დღემდე არსებულ ხარვეზებზე საუბარს თავს არ არიდებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც აირჩია მასწავლებლობა, სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების სურვილია:
„მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევი იყო, თანდათან გავიაზრე, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჩავაბარე განათლების ფაკულტეტზე, რადგან მინდა კარგად შევიცნო და შევისწავლო პედაგოგის პროფესია, სურვილი მაქვს, თუნდაც ოდნავ მაინც, უკეთესობისკენ შევცვალო არსებული სისტემა. ეს არის გზა, რომელშიც გეძლევა საშუალება, შენი თბილი დამოკიდებულება გაუზიარო მომავლის ადამიანებს, რომლებისგანაც იღებ უზომო სითბოს და მომავლის იმედს“.
მასწავლებლობის გარდა, გიორგის სხვა ინტერესიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დროის გამონახვა ხშირად უჭირს, ცდილობს ეს დრო დაუთმოს სიმღერას, ხატვას, ფილმებს. უკანასკნელ პერიოდში კი, განსაკუთრებით აინტერესებს ფილმები მასწავლებლობაზე. ამასთან ერთად, ცდილობს მეგობრებისთვისაც გამოძებნოს დრო.
მისთვისაც, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტობა დიდი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა – იყოს საუკეთესო სტუდენტი და, საბოლოოდ, გახდეს წარმატებული მასწავლებელი:
„ფონდის სტიპენდიანტობამ, მოტივაციის გარდა, ასევე, მომცა შესაძლებლობა, შევხვდე ქვეყნის წარმატებულ პედაგოგებს, რაც ჩვენთვის, მომავალი მასწავლებლებისთვის, ჰაერივით საჭიროა. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ ფონდის. ისიც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, რომ, ფონდთან ერთად, წინ კიდევ მრავალი პროექტი გველის.“
ლალი ჯელაძე