დავით პეტრიაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის IV კურსის სტუდენტია. სკოლა რუსთავში დაამთავრა. სწავლის პერიოდში ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური მოსწონდა, ასევე, აინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები. თუმცა, მისი ინტერესის მთავარ ობიექტს კომპიუტერი და ციფრული სამყარო წარმოადგენდა.
დავით პეტრიაშვილი
ბავშვობიდანვე კომპიუტერთან მქონდა შეხება. დამაინტერესა, როგორ იყო ციფრული სამყარო შექმნილი. ვიდეო თამაშებმა მიბიძგა, დავინტერესებულიყავი პროგრამირებითა და პროგრამული ინჟინერიით. თავს ბედნიერად ვთვლი, რადგან მიყვარს ჩემი საქმე, ვიცი როგორ გავხდე პროფესიონალი და რას დავუკავშირო ჩემი მომავალი.
დავითი სტუდენტების იმ ნაკადს წარმოადგენს, რომელმაც პირველმა შეაბიჯა 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. როგორ მიიღო ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ საკუთარი განათლება და მომავალი KIU-სთვის დაეკავშირებინა, ამბობს, რომ: „ზოგჯერ, ცხოვრებაში კამათელს აგორებ და ბედს უნდა მიენდო. მაგრამ ეს კამათელი ალბათობითიც არ ყოფილა. იმ ფაქტმა, რომ KIU პარტნიორობდა კომპიუტერული მეცნიერების სფეროში წამყვან უნივერსიტეტთან (TUM) და მექნებოდა შანსი, უცხოელი ლექტორებისგან მესწავლა, მაშინვე მაფიქრებინა, რომ ეს იქნებოდა იდეალური გადაწყვეტილება. ასევე ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადი 2250 ლარი იყო, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა კონკურენტებთან მიმართებაში“.
აქტიური და ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა დავითისთვის KIU-ში გატარებული ოთხი წელი: არის KIU Visual Math Fest 2021-ის გამარჯვებული; NASA Space Apps Hackathon-ში წარმატებით შექმნა თამაში 48 საათში, გუნდთან ერთად; გაიმარჯვა KIU-GITA Startup Summer School 2022-ში. ამბობს, რომ სტარტაპებზე მუშაობის გამოცდილება ახლის აღმოჩენა იყო მისთვის: „მინდოდა მეცადა თუ რა არის და როგორია სტარტაპერობის გამოცდილება. ამან მასწავლა და დავაფასე გუნდური მუშაობა.“
დავით პეტრიაშვილი SICK საერთაშორისო ჰაკათონის 2023 წლის გამარჯვებულია და ამჟამად თამაშების პროგრამული ინჟინერის სტატუსითაა ჩართული სტარტაპ FrozenFang Studio-ს საქმიანობაში.
KIU-ში სწავლის პერიოდში დავითმა საზღვარგარეთ ცხოვრების და სწავლის გამოცდილებაც მიიღო, ის გახდა DAAD-ის რჩეული და 2 კვირა გერმანიაში გაატარა, უნივერსიტეტში ლექციებს დაესწრო, იმოგზაურა და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა.
საკუთარ პროფესიაზე დაუფლების გარდა დავითმა აკადემიურ სფეროშიც გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები, დამხმარე მასწავლებლის და სტუდენტ-ასისტენტის როლში რამდენიმე საგნის შესწავლაში ეხმარება თანაკურსელებს.
სტუდენტისთვის კამპუსზე ცხოვრებაც თავისებური გამოწვევაა, სადაც დამოუკიდებელ ცხოვრებასთან ერთად, სწავლობს დროის მენეჯმენტს, სირთულეების გადალახვას, დასვენებისა და გართობის სწავლასთან შეთავსებას, მეგობრობას.
სწავლის გარდა წარმატებული სტუდენტი თავისუფალ დროს საყვარელ საქმიანობასაც უთმობს და ძველ ფიზიკური ფორმატის მასალებს აციფრულებს „რეალური ობიექტის სკანირება, მისი სამ განზომილებაში შენახვა და ძველი ვიდეო თამაშების დაარქივება ერთგვარი ჰობია. საერთაშორისო დეფაქტო გუნდის წევრი ვარ და საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს, ჩვენზე სტატიებიც იწერება ამერიკაში; იაპონიაშიც გვაქვს მიღწევები. ჩვენ შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიამ, 2 დღეში, 700 ათასი ნახვა დააგროვა“, – ამბობს დავითი.
წარმატებულ სტუდენტს კონკრეტული და მკაფიო სამომავლო გეგმები აქვს. სურს, დიდ ასპარეზზე გავიდეს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს თამაშის ინდუსტრიაში, ამაში უნივერსიტეტის როლსაც განსაკუთრებით გამოყოფს: „KIU-მ მომცა საშუალება, გამეცნო ადამიანები, რომლებიც დამეხმარებოდნენ შემეძინა ცოდნა, რაც ჩემი მიზნების მისაღწევად გამომადგება.“