ქართველი განმანათლებელი ქალები
თამარ გოგოლაშვილი-პაპავა
1888-1976
XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ბედუკუღმართობით უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებს შორის, თამარ გოგოლაშვილი ბევრი ნიშნითაა გამორჩეული. მისი ნიჭიერება და ინტერესების სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. მას მოიხსენიებენ, როგორც ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელს, მთარგმნელს, მსახიობს, საზოგადო მოღვაწეს, ქველმოქმედს…
თამარ გოგოლაშვილი დაიბადა 1888 წლის 24 მარტს, ქუთაისში, ცნობილი ქართველი მსახიობების – სიმონ გოგოლაშვილისა და ალექსანდრა გამრეკლიძის ოჯახში. თავადაც მსახიობთა იმ თაობას მიაკუთვნებენ, რომელთა პროფესიული დაოსტატება ძველ თეატრში დაიწყო. ემიგრაციაში წასვლამდე მან შექმნა თავისი აქტიორული მოღვაწეობის „ოქროს ფონდი“: ვერონიკა („ვიდრე ჰხვალ, უფალო“), აზა („ბოშა ქალი აზა“), ქრისტინე („ქრისტინე“) და სხვ. აღსანიშნავია, რომ 1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“, იმდროინდელ ქართველ სცენის მსახიობთა შორის, თამარ გოგოლაშვილიცაა მოხსენიებული. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა თბილისის, ქუთაისისა და თელავის თეატრებში. თელავის სცენის მოყვარულთა დასსაც ხელმძღვანელობდა და დიდი მონდომებით იბრძოდა თელავში თეატრის ასაშენებლად.
ნაყოფიერი და წარმატებული იყო თამარი სამწერლო ასპარეზზეც. ძალზე ახალგაზრდამ გამოაქვეყნა საბავშვო მოთხრობები, „ქოჩრიანი ტოროლას“ ფსევდონიმით; სისტემატურად ბეჭდავდა სტატიებს ქალთა ემანსიპაციის საკითხებზე; თანამშრომლობდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“; ქართველ ქალთა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალში „ალმანახი“… როგორც მთარგმნელმა კი თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ბონზელსის ცნობილი ნაშრომი „ფუტკარი და მაია“, მირბოსის ხუთმოქმედებიანი დრამა „ჟან და მადლენა“… ამის შემდეგ კი მისი ბედისა და ცხოვრების განმსაზღვრელი საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარება გახდა. წითელი ტერორისგან თავის დახსნის გზად მან და მისმა მეუღლემ, აკაკი პაპავამ, ემიგრაცია აირჩიეს. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი აკაკი 1922 წელს გაემგზავრა გერმანიაში, ხოლო ქალბატონმა თამარმა, ორ შვილთან ერთად, 1923 წლის 12 მაისს დატოვა თბილისი. ამ დროიდან დაიწყო მათი ემიგრანტული ცხოვრება და ერთობლივი ლიტერატურულ-მეცნიერული საქმიანობა ჯერ ბერლინში, შემდეგ – პარიზში, სადაც ჟურნალში „კავკასიონი“ დაიბეჭდა თამარის ესსეები; აქვე გამოსცა მან წიგნის „დიდი სახეები პატარა ჩარჩოში“ პირველი ნაწილი, ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით. წიგნში აღწერილია ქალის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში (ხელმეორედ გამოიცა 1953 წელს).
მეორე მსოფლიო ომის დროს თამარ გოგოლაშვილი-პაპავას ოჯახი ტიურინგიაში, ბავარიასა და ავსტრიაში ცხოვრობდა, ხოლო 1949 წლიდან ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადავიდა, სადაც თამარი ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი ინიციატივით აღინიშნებოდა ეროვნული დღესასწაულები, ორგანიზებას უკეთებდა ქართველი ემიგრანტების შეხვედრებს; იქ დაბადებული ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდების, გამორჩეული თარიღების მიწოდებასა და მათთვის ქართული ტრადიციების გაცნობას სხვადასხვა ღონისძიებით ახერხებდა; საკუთარი ხარჯებით აღნიშნავდა შობა-ახალ წელს, ნინოობას, თამარობას, 26 მაისს — დამოუკიდებლობის დღეს; მეგობრობდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან. აქვე გამოსცა წიგნის „დიდი სახეები პატარა ჩარჩოში“ II ნაწილი. საგულისხმოა, რომ ეს იყო პირველი ქართული ბეჭდური წიგნი სამხრეთ ამერიკაში. 1951 წელს, ბუენოს-აირესში, გამოიცა თამარ გოგოლაშვილი-პაპავას ისტორიული ნარკვევი დარეჯან დედოფლის შესახებ, ხოლო 1956 წელს – თამარ და აკაკი პაპავების ერთობლივი ნაშრომი „მარიამ — უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“. 1950-იან წლებში მათი წერილები იბეჭდებოდა ნიუ-იორკში გამომავალ ქართულ გაზეთში „ქართული აზრი“. ქალბატონი თამარის ბოლო წიგნი კი 1970 წელს გამოსული „გაბნეული საფლავები“ გახლავთ.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამარ და აკაკი პაპავების ღვაწლი უცხოეთში ბედუკუღმართობის გამო მოხვედრილი ძველი ქართული კულტურის ნიმუშების შეძენისა და დაცვის საქმეში. მხედველობაში გვაქვს ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლის შესყიდვა-გადარჩენა. „ამ 25 წლის წინ, ბერლინში ყოფნის დროს, ჩვენ ბედნიერი შემთხვევა მოგვეცა, სრულიად მოულოდნელად გვეპოვნა და შეგვეძინა „ტფილისის სიონის ტრაპეზის ძველი ფარდა“ – წერს თამარი. ექვთიმე თაყაიშვილი კი ასე პასუხობს მათ: „თქვენ მიერ ნაპოვნი სიონის ტრაპეზის ნაქარგი გადასაფარებელი ფრიად და ფრიად საყურადღებოა და მისი ხელიდან გაშვება შეუძლებელია“. არც პაპავებს უფიქრიათ სხვაგვარად.
ეს განძი იყო „ტფილისის სიონის“ ტრაპეზის ფარდა, დიდი ხელოვნებით შესრულებული 1773 წელს, ქსნის ერისთავის, იესე ყულარაღასის მეუღლის, ქეთევანის მიერ, რომელიც იყო ასული მეფე თეიმურაზ II-ის დის, მაკრინესი და მამიდაშვილი ჩვენი სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორესი.
პაპავებმა „ფარდა“, 1936 წელს, ბერლინში შეიძინეს. ამ საქმეში მათ დაეხმარა დოქტორ ხოპპი, რომელმაც პაპავებს აუწყა შემდეგი: „მისი პაციენტი ერთი მეზობელი, „კავკასიელი“ (სომეხი) გარდაიცვალა და მისი გერმანელი ქვრივი დარჩენილ „კავკასიურ“ ნივთებს ჰყიდისო. ჩვენ მას ვთხოვეთ, ფარდისათვის ფოტოგრაფიული სურათი გადაეღო. რამოდენიმე დღის შემდეგ დოქტორ ხოპპმა დაგვირეკა, რომ ორიოდე საათით ინათხოვრა ეს ფარდა და შეგვიძლია მის ბინაზე ვნახოთ და სურათიც გადავიღოთ. სურათი და ცალკე გადაღებული წარწერა პარიზში ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნეთ. დაგვიანებული პასუხით მან გვაცნობა, რომ ეს იყო უნიკუმი. ჩვენ ეს ფარდა შევიძინეთ იმ იმედით: „თუ ოდესმე ბედი გაგვიღიმებდა და განგება სამშობლოს ხილვას კვლავ გვაღირსებდა, – ეს განძი თბილისში თან ჩაგვეტანა და უკანვე დაგვებრუნებინა სიონისათვის“.
პაპავების ეს ანდერძი მათმა შთამომავლებმა შეასრულეს. ფარდა საქართველოში რეზო თაბუკაშვილმა ჩამოიტანა და დღეს იგი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ბოლოს, შემოგთავაზებთ ამონარიდს თამარ გოგოლაშვილი-პაპავას მოგონებიდან „ქაქუცა“. მისი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პორტრეტის შესაქმნელად, ვფქირობ ეს ბევრის მთქმელი შტრიხია.
♦♦♦
„მე თუმცა არასოდეს ვყოფილვარ დიდი მოლეკურე, მაგრამ შეყვარებული კი ვიყავი ამ ცეკვაზე და ვცეკვავდი ისე, როგორც ყველა ჩვენში. მაგრამ ვცეკვავდი მუდამ გატაცებით, იმიტომ, რომ ქართული ჰანგები მუდამ მაგიჟებდა; სადღაც შორს, გულის სიღრმეში სწვდებოდა მისი ხმა ჩემს აღტკინებასა და არ მასვენებდა და მეც, ამ იდუმალი ხმებით მოჯადოებული, ვუვლიდი და ვუვლიდი „ქართულს“…
აი, ასეთი გიჟური „ქართული“ მე და ქაქუცამ დავუარეთ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის სახელმწიფოებმა იცვნეს. დაუვიწყარია ის ნეტარი დღე მთელი ჩემი სიცოცხლის გზაზე…
ქართული კლუბის დიდ დარბაზში საზეიმო მეჯლისი იყო გამართული: მთელი საქართველოს წარჩინებულნი იყვნენ მაშინ იქ შეკრებილნი, რათა ენახათ და მოესმინათ საქართველოს ეს ისტორიული ამბავი მისი მკვდრეთით აღდგომისა.
ახ, ნეტავი იმ დღეს!
და აი, იმ ნადიმის ხელმძღვანელთა დავალებით უნდა წარმომეთქვა ქართველი ქალების სახელით სიტყვა.
მეტად ძნელი იყო ჩემთვის ეს დიდი და საპატიო დავალება, რომელიც წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოაცხადა ამ დარბაზობის ხელმძღვანელმა ბენია ჩხიკვიშვილმა, მაგრამ, აბა, უარი როგორ უნდა მეთქვა? მით უმეტეს, მთავრობა, პარლამენტის წევრები და უმალესი სტუმრები, ყველანი ერთბაშად შემომყურებდნენ და ქართველი ქალის თქმას ელოდნენ.
რა ვთქვი მე მაშინ? კარგად არ მახსოვს… ან რას იტყოდა ქართველი ქალი, მისი სამშობლოს მკვდრეთით აღდგენის დღეს!
და განა ეს ცხადია არაა?! თუ რას უკარნახებდა ქართველ ქალს ის დაუვიწყარი დღე, განა განმარტებას მოითხოვს? – გადმოვშალე ქართლის დედის გული და გადმოვღვარე მასში ნაგუბარი გრძნობა…
გავათავე ჩემი სიტყვა და ის იყო, მაგიდას ვუბრუნდებოდი, რომ გაისმა ციური ხმები: დოლმა და საზანდარმა „ქართული“ გააჩაღეს… და ამ დროს, როგორც არწივი მოსწყდება ხოლმე მთის ნაპრალს, ისე მოსწყდა ქაქუცა, ერთი დაუარა, ჩემკენ გამოეშურა და გამიწვია… მას სცვლიდნენ ჩვენი ახალგაზრდა ვაჟკაცები, შავ ჩოხაში გამოწყობილი ოფიცრები: ყარალაშვილი, ანტ. ცაგარელი, ყარანგოზაშვილი, წერეთელი და სხვანი.
ახ, რა იყო ის როკვა, გიჟური აღტაცება! ეს იყო გამარჯვებული საქართველოს ლაღობა და ნადიმი… და აქამდე ჩამრჩა გულში, როგორც უცხო მარგალიტის მარცვლები…“
♦♦♦
შეხვედრა ემიგრაციაში…
პარიზში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილს I მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობა გაეხსნა, რასაც ტუბერკულოზიც დაერთო. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქაქუცას მეგობრები ხშირად აკითხავდნენ, ანუგეშებდნენ, იგონებდნენ წარსულს, ერთობლივ ბრძოლებს.
თამარ პაპავა იგონებს მათ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას:
„თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა, ფრთამოტეხილ არწივს, ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერა – მორეულ ცრემლს უშრობდა.
– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? – მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი მთრთოლარე ხმით.
– გახსოვს, თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს, ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.
– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო?.. კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ?!
– ოღონდაც, მეგობარო!
ღრმა და უზომო იყო მაშინდელი შთაბეჭდილება – გულში ვეღარ ეტეოდა ვერც ნახული და ვერც გაგონილი… და ჩქარა სახლისკენ გავეშურე.
– ვერ გაგიმართლდა, მეგობარო, გარდატყდა ხმალი შენი, მაგრამ გაგრძელდნენ საქმენი შენნი…“
სამწუხაროდ, თამარ და აკაკი პაპავებმა თავიანთი ხანგრძლივი ცხოვრება, რომელიც მთლიანად საქართველოს ინტერესების დაცვას შეალიეს, ემიგრაციაში დაასრულეს — აკაკი პაპავა, 1964 წლის 27 ივლისს, არგენტინაში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ის საფრანგეთში გადაასვენეს და ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს. 1976 წლის 21 მარტს, არგენტინაში, გარდაიცვალა თამარ გოგოლაშვილი-პაპავაც, ისიც ლევილში, მეუღლის გვერდითაა დაკრძალული.
მასალა მომზადებულია ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის მიხედვით – „განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“