უკვე სამი თვეა, რაც კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა – ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო და გამიზნულია კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისკენ (აფხაზ და ოს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის ხიდების მშენებლობისკენ.
პროექტი გამოირჩევა მრავალკომპონენტიანობით და მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდებთან მუშაობის, სამედიცინო და ეკონომიკის მიმართულებებს. განსაკუთრებით ნიშანდობლივი კი ამ პროექტში ახალგაზრდებთან მუშაობის კომპონენტია. ამ ეტაპზე, პროექტის მონაწილე მოსწავლეებს უტარდებათ ტრენინგები თემაზე: აფხაზურ-ქართული კონფლიქტის ანალიზი, რომელსაც უძღვება მოწვეული ტრენერი, კონფლიქტოლოგი ქეთი ვასაძე. ტრენინგები უკვე ჩატარდა წყალტუბოს, წალენჯიხის, კოკისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ტრენინგებში, სვამენ კრიტიკულ და მნიშვნელოვან შეკითხვებს, ავლენენ აფხაზური პერსპექტივით საკითხების დანახვისა და გაანალიზების უნარს, გამოთქვამენ აფხაზ თანატოლებთან შეხვედრისა და კომუნიკაციის სურვილს.
რამდენად ღირებულია ტრენინგზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება და რაში დაეხმარება მომავალში, რას ფიქრობენ ტრენინგის მონაწილე მოსწავლეები აფხაზ და ოს თანატოლებზე, რას ეტყოდნენ მათ და, ზოგადად, რა შესძინათ პროექტმა. გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს:
⇒ „ამ ტრენინგმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს კომუნიკაცია თანატოლ აფხაზებთან და შევძლოთ ჩვენი შეხედულებების ერთმანეთისთვის გაზიარება.“
⇒ „დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის საკმაოდ ინფორმაციული იყო, საინტერესო იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტისწინა ისტორიის უფრო დეტალურად გაცნობა. ჩემი გზავნილი აფხაზ თანატოლებთან შემდეგია: ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ერთად, ძლიერები, როგორც ადრე. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ აღმოვფხვრათ დღეს არსებული გამოწვევები.“
⇒ „ამ პროექტმა ცოდნაც მომცა და გამოცდილებაც. სწორედ ასეთ პროექტებში ჩვენმა ჩართულობამ, უნდა შეძლოს ის, რაც უფროსებმა ვერ შეძლეს. ჩვენ უნდა დავათბოთ ურთიერთობები ერთმანეთთან და იმედი მაქვს, რომ ისევ ერთად ვიქნებით.
წერილი აფხაზ თანატოლებს: გამარჯობა, თანატოლო! მაქვს დიდი სურვილი შეგხვდე, დარწმუნებული ვარ, ბევრი საერთო გვექნება. მე არ მიყვარს მათემატიკა, მაგრამ მამაჩემი მათემატიკოსია და ტვინს მიბურღავს. შენ რა გაინტერესებს, რა არის შენი ჰობი?“
⇒ „ვარ დევნილი აფხაზეთიდან, მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებსა და მიმდინარეობაზე. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება, გამეგო მეტი.“
⇒ „ამ ტრენინგმა დიდი ცოდნა მომცა და უფრო კარგად გამაცნო ამჟამინდელი ვითარება. ჩემს აფხაზ თანატოლს ვეტყოდი, რომ მინდა მასთან კომუნიკაცია და ჩემი გამოცდილების გაზიარება.“
⇒ „ჩემს აფხაზ და ოს თანატოლებს, პირველ რიგში, ვუსურვებდი წარმატებას ყველა წამოწყებაში და დიდი სიხარულით გავუზიარებდი ჩემს გამოცდილებას თუ აზრებს, რა პრობლემებს ვაწყდებით და მოვისმენდი მათ პოზიციასა და შეხედულებებს. თუ ჩვენი მეგობარი წუხს, ჩვენც ვწუხვართ, ხოლო მათი ბედნიერება ჩვენც გვაბედნიერებს.“
⇒ „ჩემი გზავნილი აფხაზ თანატოლებთან იქნება ის, რომ ჩვენ საერთო ძალებით უნდა გადავლახოთ ის გამოწვევები და ბარიერები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი უკეთესი იყოს, ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები და მიდგომები.“
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „სოხუმს“ ასეთი საინტერესო იდეის განხორციელებისთვის. როგორც კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტი ვთვლი, რომ ყველა პროექტი, რომელიც კონფლიქტების კონსტრუქციულ ტრანსფორმაციას ემსახურება, მისასალმებელია. კიდევ უფრო მისასალმებელია ახალგაზრდების ჩართვა სამშვიდობო პროექტებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზების, მაშინდელი კონტექსტის შესახებ. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, აღნიშნულ საკითხზე დასვან კითხვები და გამოთქვან მოსაზრებები. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას ტრენინგში, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ აქტიურია. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც უფრო მეტადაა ხელშესახები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგები. ეს ეხება ე.წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებს, ასევე, იმ ადგილებს, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ. თუმცა, რაც ძალიან საინტერესო და იმედის მომცემია, ყველა ახალგაზრდა გამოთქვამს აფხაზ თანატოლებთან შეხვედრის და საუბრის სურვილს, მიუხედავა იმისა, აქვს თუ არა ყოველდღიური შეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგებთან. რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ახალგაზრდებს არ აქვთ მტრული განწყობა აფხაზი თანატოლებისადმი, უფრო მეტიც, ისინი ემპათიას იჩენენ და ფიქრობენ, რომ გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელშიც უწევთ ცხოვრება მათ თანატოლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათი მოლოდინი ოპტიმისტურია და, რაც მთავარია, აქვთ გახსნილობა და მზაობა, მოუსმინონ აფხაზ თანატოლებს და მათთან ერთად განიხილონ ის აქტუალური თემები, რომელიც აწუხებს როგორც ქართველ, ასევე აფხაზ ახალგაზრდებს,“ – ქეთი ვასაძე, ტრენერი, კონფლიქტოლოგი.
პროექტი „განხეთქილების დაძლევა – ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ქმედითი ინსტრუმენტია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გასაფართოებლად. ახალგაზრდებს კი, მისცემს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას, გაზრდის საერთო, სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისთვის თანამშრომლობას და შეიმუშავებს ერთობლივ გრძელვადიან ინიციატივებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და უნდობლობის შემცირებისთვის.